ნათია თურნავა: მზად ვართ, ბიზნესს სტიმულირების კომპლექსური გეგმა შევთავაზოთ

“მზად ვართ, ბიზნესს სტიმულირების კომპლექსური გეგმა შევთავაზოთ”,  – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ბიზნესის სტიმულირების სამოქმედო გეგმა საჯარო რამდენიმე დღეში გახდება. მისი თქმით, გეგმაში ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი ტურიზმის ინდუსტრიას შეეხება.

პრემიერმინისტრმა დღეს ეკონომიკურ გუნდს დაგვავალა, დღის ბოლომდე შევიმუშაოთ ბიზნესის სტიმულირების ერთიანი კომპლექსური გეგმა. გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს და დღის ბოლომდე მას დავხვეწთ. ყველაფერი დაიწყო ტურიზმის ინდუსტრიის წახალისების ღონისძიებებზე მუშაობით, მაგრამ, კორონავირუსთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევიდან გამომდინარე, მზად ვართ, უფრო კომპლექსური გეგმა შევთავაზოთ ეკონომიკასა და ბიზნესს. გეგმა არ მოიცავს მხოლოდ ტურიზმს, არამედ შეეხება, ზოგადად, ბიზნესის სტიმულირებას.

ტურიზმი, ფაქტობრივად, ფრონტის ხაზზე მყოფი ინდუსტრიაა. ის ზარალდება სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ შეგნებულად მივმართავთ იზოლაციას, რათა დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა და, სხვათა შორის, მომავალი ტურისტებიც იმისგან, რომ საქართველო არ გახდეს ვირუსის საკმაოდ მაღალი გავრცელების კერა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კვლავ დავრჩეთ უსაფრთხო ქვეყნად და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც განვიმტკიცოთ უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი”, – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, მსოფლიო კონსოლიდირებულია კორონავირუსის გლობალური პრობლემის მოსაგვარებლად.

„დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივად ჩვენ გადავლახავთ ან შევარბილებთ ამ გამოწვევას. რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოხდება კორონავირუსთან დაკავშირებული გლობალური პრობლემის გადალახვა მთლიანად მსოფლიოში. საჭიროება გვიჩვენებს, რომ ჩვენ წინმსწრებად, სანამ სერიოზული ზეგავლენა მოხდება ჩვენს ეკონომიკაზე, დავიწყოთ ზრუნვა ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებებზე; ზრუნვა ბიზნესზე; ზრუნვა დასაქმებაზე. სწორედ ამ სულისკვეთებით იქნება განმსჭვალული გეგმა, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ საზოგადოებას და ბიზნესს”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები