ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფაში ბრალდებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში იკითხება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფაში ბრალდებული, ვახტანგ რობაქიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში იკითხება.

რობაქიძე უწყებაში მისივე განცხადების და მიმართვის საფუძველზე დაიბარეს.

რობაქიძის თქმით, მისი უფლებები ყველა ეტაპზე დაირღვა.

“რამდენჯერმე ვცადე ნარკო ტესტის აპარატში ჩაბერვა, ვერ მოხდა შკალების შევსება. ამისგან გაღიზიანებულმა პიროვნებამ ხელი მუცლის არეში დამარტყა, ჩემს უკან იყო ტახტი და მასზე დავეცი. იზოლატორში შესვლის დროს მქონდა სისხლდენა, რომელიც მუცლის ღრუდან იყო გამოწვეული. ამასთან დაკავშირებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟსაც ვაცნობე, არ მოხდა სამედიცინო დაწესებულებაში ჩემი გადაყვანა. დაირღვა ჩემი უფლებები, დაკავების დროს არ მომეცა საშუალება, რომ ადვოკატი ამეყვანა, დავკავშირებოდი ოჯახის წევრებს. ბევრი ადამიანი ცდილობდა ჩემზე ზეწოლის მოხდენას, აღიარებას რომ ძალადობა მოვახდინე ანრი ოხანაშვილის ოჯახზე. ანრი ოხანაშვილმა გასვლისას მომაძახა: “მე შენ გაჩვენებ მე ვინ ვარ და რას გაგიკეთებ”. მან მე 6 დღე ფაქტიურად მაწამა საკანში, 6 დღე უჭმელი ვიჯექი საკანში”, – განაცხადა რობაქიძემ.

ცნობისთვის, ანრი ოხანაშვილსა და ვახტანგ რობაქიძეს შორის ინციდენტი 14 იანვარს მოხდა. ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ბაკურიანში ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობის დროს ვახტანგ რობაქიძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მასსა და მის ოჯახის წევრებს დაემუქრა. ვახტანგ რობაქიძემ ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორი 7000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები