ანრი ოხანაშვილი: ძალადობის და მუქარის დრო არ არის, საკუთარ ქმედებაზე პასუხი ყველამ უნდა აგოს
საზოგადოებაში ძალადობის და მუქარის დრო არ არის, საკუთარ ქმედებაზე პასუხი ყველამ უნდა აგოს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მის მიმართ განხორციელებულ მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
ოხანაშვილმა გუშინ, ბაკურიანში მომხდარი ინციდენტი დეტალურად გაიხსენა.
“მეუღლესთან და ჩემს სამ შვილთან ერთად ვიმყოფებოდი ბაკურიანში, ორი დღით. გავედით ოჯახი და ბავშვების თხილამურებით სრიალის შემდგომ, შევედით იქვე კაფეში, სადაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია და ყველა ადამიანი შედის იმისთვის, რომ ბავშვებს ეჭამათ. შევნიშნეთ ადამიანი, რომელიც გვაკვირდებოდა, განსაკუთრებით აგრესიულად ჩემს მიმართ. ეს ადამიანი, როგორც ჩანს დაჟინებული მზერით გვაკვირდებოდა, ჩვენი მაგიდის ირგვლივ ტრიალებდა, შემდგომ დაიწყო გარეთ გასვლა, თუმცა რამდენიმე წუთში დაბრუნდა ისევ უკან. დაბრუნებისთანავე ისევ დაჟინებული მზერის შემდეგ დაჯდა გვერდითა მაგიდასთან და დაიწყო ძალიან ბინძური, შეურაცხმყოფელი სიტყვებით ხმამაღლა საუბარი. პირადად ჩემი პოლიტიკური საქმიანობის გამო და ჩემი ოჯახის წევრების, ბავშვების მიმართ. იყო მუქარაც ბავშვებთან დაკავშირებით. ჩემი მთავარი ამოცანა რაც გახლდათ ის, რომ მეუღლე და შვილები გამერიდებინა სიტუაციას. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ამ ადამიანთან არ შევსულიყავი ფიზიკურ შემხებლობაში ან დაპირისპირებაში. ხალხის ნაწილი გარბოდა იმიტომ, რომ ეს ადამიანი ძალიან აგრესიული იყო, იგინებოდა, ილანძღებოდა, ხალხის ნაწილმა სცადა მის შეჩერება. ვინაიდან, ფაქტიურად კაფის მუშაობა პარალიზებული გახდა. რაც არ უნდა იყოს ეს ფაქტი აღიკვეთა. ეს პიროვნება ჩემი ინფორმაციით დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის და არა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, მე გამოვიკითხე, მივეცი ჩვენება, ჩემმა მეუღლემაც მისცა ჩვენება. შესაბამისად, ამ საკითხს ვუყურებ სამართლებრივად. ჩემი თმენის ვალდებულება არ მაძლევს მეტის უფლებას პოლიტიკურ შეფასებაში შევიდე. ეს ადამიანი ცდილობდა პოლიტიკურად ანგარიშსწორებას. ჩვენს საზოგადოებაში არ არის დრო არც ძალადობის, არც მუქარის და არც იძულების. ყველამ უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებაზე”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ანრი ოხანაშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ბრალდებულ ვახტანგ რობაქიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით სამ დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებული ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს, საქმე კი მომხდარ ფაქტზე სსკ-ის 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს.