ზვიად გამსახურდიას მრჩეველი: საპატრიარქოში ყოფილი პრეზიდენტის ცოდვა გასკდა

საქართველოს საპატრიარქოში ზვიად გამსახურდიას ცოდვა გასკდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მრჩეველი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და “სტუ”-ს პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი იგორ კვესელავა ეკლესიის ირგვლივ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში საუბრობს.

“ვფიქრობ, ილია მეორემ, ამ დიდმა დიპლომატმა დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს და პატრიარქის ტახტი, გვირგვინი და კვერთხი მეუფე შიოს დაუთმოს. თუ ეს მოხდება, რაღაც დოზით ერიც და ბერიც ჩამოიწმენდს იმ სირცხვილს, რაც ზვიად გამსახურდიას ჯერ დამხობით და შემდეგ მკვლელობით მოგვადგა. მე სიღრმეში არ შევდივარ და აღარაფერს ვამბობ 1992 წლის 7 იანვარზე, როცა ვიღაც-ვიღაცებმა ზვიადის დამხობა და ქვეყნიდან განდევნა დიდი ნადიმითა და ცეკვა-სიმღერით აღნიშნეს. აი, სწორედ ეს ცოდვა ტრიალებს ეკლესიაშიც, ინტელიგენციაშიც და, საერთოდ, საქართველოშიც. ზვიადი ასეთ სამარცხვინო მოპყრობას არ იმსახურებდა, რადგან მას საქართველოსთვის არასოდეს უღალატია. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და სათქმელი ითქვას-რაც დღეს ეკლესიაში ხდება, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს საპატრიარქოში ზვიად გამსახურდიას ცოდვა გასკდა. ზვიადის ცოდვა არამარტო ეკლესიაში, არამედ მთელ საქართველოში, ე.წ. ელიტარულ ინტელიგენციასა და იმ ძალებში ტრიალებს, რომლებსაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა იმ ავბედით დღეებში მოუწოდა- მოდით და საქართველო დავიცვათო,”- აღნიშნა კვესელავამ.

მისივე თქმით, ზვიად გამსახურდია, როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, სამშობლოს გადასარჩენად უფრო მეტს გააკეთებდა, ვიდრე პრეზიდენტის რანგში გააკეთა.

“არ წყდება ხმები იმის შესახებ, რომ ზვიად გამსახურდიას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობა სურდა, ამის დამადასტურებლად უტყუარი საბუთი არ არსებობს, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, რომ ზვიად გამსახურდია, როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უფრო მეტს გააკეთებდა ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად, ვიდრე პრეზიდენტის რანგში გააკეთა. მაგრამ ზვიად გამსახურდიას არ უფიქრია არც პრეზიდენტობაზე და, მითუმეტეს არც პატრიარქობაზე”, – განმარტა კვესელავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები