„შემიძლია დოკუმენტურად დავამტკიცო, რომ წინა ხელისუფლება იარაღით უკანონოდ ვაჭრობდა“

  წინა ხელისუფლება იარაღს ვითომ საქართველოს საჭიროებისთვის ყიდულობდა, სინამდვილეში კი სირიასა და აფრიკის ქვეყნებზე ყიდდა, – ამის შესახებ „კვირას“, ექსკლუზიურად, ბელგიაში მყოფმა სამხედრო – საზღვაო ძალების სარდლის პირველმა მოადგილემ ვიქტორ ჭელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ყოფილი ხელისუფლება იარაღის ვაჭრობით დიდ ფულს შოულობდა. როგორც ჭელიძე აცხადებს, თუკი მას საქართველოში თავისუფლად გადაადგილების და გამოძიების საშუალება მიეცემა, დოკუმენტურად დაამტკიცებს იარაღით ვაჭრობაში საქართველოს ყოფილი ხელისუფლების ბრალეულობას. როგორც სამხედრო – საზღვაო ძალების სარდლის პირველმა მოადგილემ განმარტა, მან პირადად შეადგინა 2005 წელს უკრაინაში საქართველოსთვის შესასყიდი იარაღების ნუსხა, რომლებიც საქართველოში არ ჩამოუტანიათ და მესამე ქვეყანაზე გასხვისდა.
„2005 წლის მაისში უკრაინაში საჭირო გახდა „სოცექსპორტთან“ შეიარაღების შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულების დადება. გამომიძახეს თავდაცვის სამინისტროში და დამავალეს, რომ უკრაინაში წავსულიყავი საზღვაო შეიარაღებასთან და გემებთან დაკავშირებით ხელშეკრულების გასაფორმებლად. გავფრინდით პრეზიდენტის თვითმფრინავით. იქ იყო ირაკლი ოქრუაშვილიც, პრეზიდენტიც და ლევან ვარშალომიძეც. რაც შევუკვეთეთ, საზღვაო ძალებს სჭირდებოდა. მე დავწერე ის ნუსხა, რა იარაღზეც გაფორმდა ხელშეკრულება, ის შეიარაღება საზღვაო ძალებს არ მიუღია. 100 პროცენტით გეუბნებით, რომ ამ გზით ხელისუფლება სხვადასხვა ქვეყანაში იარაღის გადაყიდვას აწარმოებდა. მე რომ მქონდეს შესყიდვების დოკუმენტების დადების საშუალება და დღეს მაგაზე მიმიწვდებოდეს ხელი, დოკუმენტურად დავამტკიცებდი ამას. ის შესყიდული იარაღი არ იყო საჭირო საქართველოსთვის. რატომ ყიდულობდნენ? ან თუ მაინც ყიდულობდნენ, რატომ გაქრა და ვერ შემოვიდა. თვალით არავის უნახავს შესყიდული იარაღი. ადგენდნენ ყალბ დოკუმენტებს, ვითომდა, ეს იარაღი საქართველოს სჭირდება, სინამდვილეში არ სჭირდებოდა და ყიდდნენ. ერთ-ერთი ქვეყანა, ვისზეც ყიდდნენ, სირია იყო, იყო ასევე აფრიკის ქვეყნები. ძალიან დიდი ბაზარი იყო და სერიოზული ფული იშოვეს“,- განაცხადა ვიქტორ ჭელიძემ „კვირასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები