თერჯოლაში არასრულწლოვანმა, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო – გახდა თუ არა მოზარდი “ლურჯი ვეშაპის” მსხვერპლი
თერჯოლის რაიონში, სოფელ ჭოგნარში არასრულწლოვანმა, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო. 14 წლის მოზარდი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში გარდაცვლილი, ოჯახის წევრებმა იპოვეს. როგორც მეზობლები “კვირასთან” საუბარში აღნიშნავენ, მოზარდი წყნარი და უკონფლიქტო იყო, თუმცა სავარაუდო თვითმკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად ინტერნეტთამაშ „ლურჯ ვეშაპსაც“ არ გამორიცხავენ.
ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ გარდაცვლილის ოჯახს სოციალური პრობლემები არ ჰქონია და მომხდარი მათთვის მოულოდნელი იყო.
“კვირა” სოფელ ჭოგნარის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელსაც დაუკავშირდა. ნესტან სვინტრაძე ამბობს, რომ გარდაცვლილი მოწესრიგებული მოზარდი იყო და რა გახდა სავარაუდო სუიციდის მიზეზი, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია.
“სანიმუშო ოჯახია. ლუკა მშობლებისთვის ერთადერთი შვილი იყო, ძალიან მოწესრიგებული და კარგი ბავშვი. გარდაცვალების მიზეზი არ ვიცი, რა შეიძლება იყოს, გაკვირვებული ვარ”,- განაცხადა ბესტან სვინტრაძემ.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.