როგორ მოქმედებს კრემლი საქართველოში ლევან ვასაძის ხელით და ვინ არიან მისი მეგობარ-პარტნიორები

როგორც ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ, ცხადად გვაჩვენა, კრემლი მუდმივად მრავალსვლიან თამაშს გვეთამაშება, ხან სანქციებით, ტურისტების წართმევით გვემუქრება და ხანაც „თაფლაკვერას“ ტაქტიკით ცდილობს ქართველების გულების მოგებას. რუსეთის ლიდერი ურცხვად ცდილობს საქართველოს ისტორიის გადაკეთებას, ამავე დროს კი მის მიერ მართული რბილი ძალის მოქმედებები უფრო ინტენსიური ხდება. სამწუხაროდ, სწორედ ამ რბილი ძალის მიერ შემუშავებული სხვადასხვაგვარი „საკენკი“ იმდენად კარგად არის შერჩეული, ისეთ ემოციურ წერტილებში გვირტყამს, რომ მისი მოგერიება სულ უფრო რთული ხდება. გავითვალისწინოთ, რომ რუსეთს თავისი ინტერესების დანერგვის, დემოკრატიული პროცესების შეფერხების, სამოქალაქო საზოგადოების ნების შთანთქმისა და დასავლური ღირებულებების გაშარჟების უზარმაზარი გამოცდილება აქვს. ეს მრავალჯერ დამტკიცდა. კრემლი თავისი დანაშაულებრივი საცეცებით დიდი ხანია გადაწვდა უკრაინას, სირიას, ევროპაში მდებარე მონტენეგროს, აფრიკის კონტინენტს და ვენესუელასაც კი. თავისი ინტერესების დასაკმაყოფილებლად რუსეთი არ თაკილობს არაფერს-ზოგან საომარ მოქმედებებში ერთვება, ზოგან დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ჩამოგდებას ან დისკრედიტაციას ცდილობს, ანდა ეკონომიკურ ბერკეტების იყენებს, ამ ყველაფერს კი მუდამ თან ახლავს კარგად გათვლილი და დაფინანსებული სქემა-სოციუმზე ზეგავლენის მოხდენა. ბუნებრივია, კრემლი საქართველოშიც ასე მოქმედებს-პოულობს იმ სენსიტიურ თემებს, რომელთა მიმართ საზოგადოება ძალიან მგრძნობიარეა და მათზე აპელირებით, ადამიანების ღირებულებების რუსეთისთვის სასურველი რაკურსით მოტრიალება ხდება. ბოლო პერიოდში კი კრემლმა თავისი მიზნების შესრულებაში აქტიურად დაიხმარა რუსული მართლმადიდებლური სამყარო, ოჯახური ტრადიციების დამცველის მანტიაც მოისხა და ამ კუთხით გააქტიურებას საჭიროებისამებრ განაგრძობს. როგორც აღმოჩნდა, ამ „გენიალურ“ ტაქტიკასთან უნისონში საქართველოშიც მოქმედებენ.
ქართულ საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას ტრადიციების, მართლმადიდებლობის და ოჯახური ღირებულებების გულმხურვალე დამცველად ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებით ლევან ვასაძე ცდილობს. ამასთანავე, რუსეთში მოღვაწე ეს ბიზნესმენი ღიად აფიქსირებს თავის ლოიალურობას რუსეთის მიმართ და მიაჩნია, რომ „ქრისტიანული რუსეთი ქრისტიანულ საქართველოს გადარჩენაში დაეხმარა.“ სურს კი მას რეალურად ქართული საზოგადოების დაცვა ლიბერალური საფრთხეებისგან, „მოძალადე დასავლეთისგან“ თუ ის მხოლოდ ერთი ჭანჭიკია იმ რუსულ ჰიბრიდულ ომში, რომლის ახალი სახეები-გავრილოვები, მალოფეევები და მსგავსები არც თუ ისე უმნიშვნელო როლს ასრულებენ?
საქმე იმაშია, რომ დიდი ხანია რუსეთში ჩამოყალიბდა ბიზნესმენთა და ხელისუფლების წარმომადგენელთა კასტა, რომლებიც სხვადასხვა ელიტარული სასულიერო სასწავლებლების დამფუძნებლები არიან, ქმნიან ოჯახური სიწმინდეების დაცვის ორგანიზაციებს, ფონდებს, არიან მეცენატები, სხვადასხვა წმინდანების სახელობის ორდენების მფლობელნი. მათი ორგანიზაციები არა მარტო რუსეთში, მსოფლიოს მასშტაბითაც საქმიანობენ, ატარებენ ევროპის ქალაქებში შეკრებებს, ხდება ისეც, რომ დამფუძნებლები დასავლური ქვეყნების მოქალაქეებიც არიან. ბოლო დროს, რუსი ნაციონალისტები, პრეზიდენტ პუტინის გარემოცვის წარმომადგენლები მართლმადიდებლობის და ოჯახური სიწმინდის დაცვის მედროშეები გახდნენ. გენიალურია!
რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა- რატომ გახდა რუსეთი ბოლო წლებში ქრისტიანობის და ტრადიციების განსაკუთრებული დამცველი და მეხოტბე? პასუხი ხელისგულზე დევს, მას თავადაც არ მალავენ-იმიტომ რომ ეს არის ის თემა, რომლით მანიპულირებაში კრემლის ადეპტები „დამხეცდნენ“, იმიტომ რომ ადამიანების გულწრფელ ემოციებზე თამაში „ჩეკისტების“ გზის გამგრძელებლებს ძალიან ეიოლებათ, იმიტომ რომ სხვა ვეღარაფრით მოხიბლავენ თავისუფლების ჰაერ შესუნთქულ ადამიანებს. სწორედ ამიტომაც დღეს სულიერებას, ტრადიციებს, ქრისტიანობას ამოფარებული პერსონაჟები საერთაშორისო კონფერენციებზე, ასამბლეებზე, ფორუმებზე, ცენტრებში და ვერის ბაღებში ქადაგებენ.

რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან, რუსული რბილი ძალის გავლენასთან ლევან ვასაძეს?


იქნებ, ვასაძე ისეთივე გულწრფელია თავის მოწოდებებში, ზრახვებში და ქმედებებში, როგორც საქართველოს უამრავი მოქალაქე, რომელსაც ლიბერალიზმი არ მოსწონს? ამ კითხვაზე პასუხი შესაძლოა მარტივი გზით მივიღოთ-ფართოდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლევან ვასაძეს ახლო კავშირები აქვს რუს ოლიგარქებთან, „სბერბანკის“ ხელმძღვანელთან ჰერმან გრეფთან და რუსული რბილი ძალის ნამდვილ კორიფედ წოდებულ კონსტანტინ მალოფეევთან. აგრეთვე მას რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პერსონასთან, ვლადიმირ იაკუნინთან აქვს ახლო ბიზნეს ურთიერთობა. ვასაძე არის იაკუნინის მეუღლის, ნატალია იაკუნინას პარტნიორი რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციაში. ლევან ვასაძე „მსოფლიო საოჯახო კონგრესის“ ქართველი მასპინძელია. კონგრესის შეკრებებში მუდამ აქტიურ მონაწილეობას იღებენ მალოფეევის და იაკუნინის მიერ დაფუძნებული რუსული მართლმადიდებლურ-ნაციონალისტური ორგანიზაციები. ვასაძე კი „კაპიროვკით“ გადახატულივით ჰგავს იმ რუსული ისტებლიშმენტის წარმომადგენლებს, რომლებიც ქრისტიანულ სიწმინდეებს გულმხურვალედ იცავენ და თან კრემლსაც უზადოდ ემსახურებიან.

ვინ არიან ვასაძის მეგობარ-პარტნიორები


ერთ-ერთი მათგანი- ვლადიმირ იაკუნინი წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციის რკინიგზის გაერთიანების ხელმძღვანელი, რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე წონიანი მაღალჩინოსანი იყო. ცნობილია, რომ 1977 წელს დაამთავრა ‘კაგებე“-ს უმაღლესი სკოლა, 80-იან წლებში უცხოელებთან მუშაობის განყოფილებებს ხელმძღვანელობდა, იყო კონტრდაზვერვის ოფიცერი. რუსი ანალიტიკოსები ერთ ხანს ფიქრობდნენ, რომ სწორედ ის გახდებოდა პუტინის მემკვიდრე პრეზიდენტის პოსტზე. ამჟამად მეუღლესთან ერთად ჟენევაში დაფუძნებული ფონდის „ცივილიზაციების დიალოგის“ საქმიანობით არის დაკავებული. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ეს ხალხთა შორის ურთიერთობის შემსწავლელი ფონდი უბრალოდ შირმაა, სინამდვილეში ორგანიზაცია მასშტაბურ სადაზვერვო საქმიანობას ეწევა. ასევე, 2010 წლიდან იაკუნინი ფონდ „რუსული სამყაროს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. ეს სახელმწიფო ფონდია, რომელსაც რუსული სპეცსამსახურების კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, მოლოტოვის შვილიშვილი ვიაჩესლავ ნიკონოვი ხელმძღვანელობს. ნატალია იაკუნინა მჭიდროდ არის დაკავშირებული ქმრის საქმიანობასთან. ის ასევე „ანდრია პირველწოდებულის სახელობის ფონდის“ დამფუძნებელია.. „ანდრია პირველწოდებულის ფონდის“ დირექტორი ვლადიმირ ბუშუევია… „კაგებე“-ს პოლკოვნიკი.
ვინ არის კონსტანტინე მალოფეევი-ის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტოპ-მენეჯერი და ტელეკომპანია „Царьград“-ის დამფუძნებელია. წლების განმავლობაში სწორედ ცარისტულ-ძერჟავნიკული ტელევიზია „Царьград“-ი იყო ხალხთა მოძულე ალექსანდრე დუგინის მთავარი რუპორი. ნაციონალისტი დუგინი ის არის, ასე მგზნებარედ რომ სურს საქართველოს დედაქალაქში რუსული ტანკების დანახვა. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ, ალექსანდრე დუგინმა თავის სოციალურ ქსელში ვასაძის მიერ, რუსთაველის გამზირზე ჩატარებული აქციის ერთ-ერთი ვიდეო სიხარულით გააზიარა. მოდით შევხედოთ სიმართლეს თვალებში და ვთქვათ, რომ კრემლის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი საკუთარ სოციალურ ქსელში აქტივობას პოპულარიზაციას „ლამაზი თვალების გამო“ ნამდვილად არ გაუწევდა.
დავუბრუნდეთ მალოფეევს- მას განუზომლად დიდი როლი გააჩნია უკრაინაში პრორუსული მოძრაობის და დეზინფორმაციის გავრცელების, ყირიმის ანექსიის და დონბასში „რუსული გაზაფხულის“ მოყვანის კუთხით. გავრცელებული ინფორმაციით, ბოევიკების მხარდაჭერას ის იდეებით, ფულით და კადრებით ახდენდა. მათ შორის, მისი კადრები არიან დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, “ФСБ”-ს ყოფილი პოლკოვნიკი იგორ გირკინ-სტრელკოვი და დნრ-ის ექს პრემიერ-მინისტრის ზახარჩენკოს მოადგილე ალექსანდრე ბოროდაი. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც წარსულში მალოფეევის სტრუქტურებში მუშაობდნენ. ბოროდაი მალოფეევის პიარ კონსულტანტი, ხოლო გირკინ-სტრელკოვი მის კომპანია „Marshall Capital Partners“-ში უსაფრთხოების დაცვის უფროსი იყო. ის, რომ მალოფეევს დიდი წვლილი აქვს შეტანილი უკრაინის ტერიტორიების „რუსიფიკაციასა“ და წარმთმევაში, ამას თავადაც სიამაყით ადასტურებს ხოლმე. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა, 2014 წელს დონბასში Boeing 777 ჩამოგდებაში ოთხ ეჭვმიტანილს შორის მალოფეევის პროტეჟე იგორ გირკინ-სტრელკოვიც დაასახელა. ასევე, როგორც ცნობილია, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ გირკინი მუდმივად კავშირზე იყო მალოფეევთანაც და ГРУ-ს თანამშრომლებთან, ნაღმტყორცნების მოწოდებასთან დაკავშირებით აწარმოებდა მოლაპარაკებებს, აწვდიდა ინფორმაციებს, 2014 წელს კი რუსულ დაზვერვასთან შეთანხმებით რუსული სააგენტო „Life News”-ის ჟურნალისტები უნდა მიეღო, თუმცა ისინი ტერორისტებისთვის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჯერ დააკავა, შემდეგ კი ქვეყნიდან გააძევა.
ამ ყველაფრის გარდა, კონსტანტინ მალოფეევი რუსული ისტორიული განმანათლებლობის „ორთავიანი არწივის“ თავმჯდომარე, მსოფლიოს რუსული ეროვნული სობოროს ხელმძღვანელის მოადგილეცაა. 2011 წელს მალოფეევის „წმინდა ბასილი დიდი ფონდის“ მიერ, მისსავე კომპანიის „Marshall Capital Partners“-ის ფინანსების მეშვეობით, შეიქმნა „უსაფრთხო ინტერნეტის ლიგა“. ლიგის მიერ მოფიქრებული კანონის შედეგად, რუსეთში ცენზურის გამო ვებსაიტების მასობრივი ბლოკირება მოხდა. 2014 წელს, ევროკავშირმა და აშშ-მ მალოფეევი სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანა, რადგან იგი დადასტურებულად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებებში. კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია იმაში მდგომარეობს, რომ მალოფეევის საქველმოქმედო ფონდების და ცენტრების აქტიური წევრია ვინმე ალექსანდრე კომოვი, რომელიც ამავდროულად „მსოფლიო საოჯახო კონგრესის“ რუსეთის წარმომადგენელია. ეს ის „მსოფლიო საოჯახო კონგრესია“, რომლის მთავარი ლობისტი საქართველოში ლევან ვასაძეა.
რაც შეეხება ჰერმან გრეფს, ის უკვე მრავალი წელია უცვლელად არის რუსეთის მთავარი ბანკის-„სბერბანკის“ ხელმღვანელი. მანამდე კი წლების განმავლობაში სხვადასხვა სახელისუფლებლო თანამდებობაზე მუშაობდა. 90-იანების ბოლოს, გრეფი და პუტინი პეტერბურგის მერიის ინიციატივით შექმნილი გერმანული საინვესტიციო კომპანიის კონსულტანტები იყვნენ. მოგვიანებით პუტინმა გრეფი ეკონომიკური განვითარების მინისტრად დანიშნა. რუსული „ფორბსი“ თვლის, რომ პუტინის შემდეგ მნიშვნელობით და გავლენით მეორე კაცი სწორედ ის არის.
ვასაძე ახლაც ინარჩუნებს რუსეთის მოქალაქეობას, ატარებს მნიშვნელოვნად დიდ დროს მოსკოვში და აქვს თბილი ურთიერთობა ბევრ პირთან, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს წინსვლასა და დამოუკიდებლობას. ამ ყველაფრიდან რა დასკვნის გაკეთება შეგვიძლია? დასკვნა ერთადერთია- ცოტა ხნის წინ თბილისში ჩამოსული დეპუტატი გავრილოვი იყო სამდღიანი დესანტი, ლევან ვასაძე კი არის ადამიანი, რომელიც საქართველოში რუსეთის მთავრობის მიერ დიდი ხნით არის გამოგზავნილი. შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ მისი ახლანდელი სიჩუმე „ჭიქაში ქარიშხლის“ ატეხვის შემდეგ მხოლოდ დროებითია და ის კვლავ აისხავს „რაინდის“ მანტიას საჭირო დროს და საჭირო ადგილას.
მართალია, შეიძლება მკითხველს გაუჩნდეს კითხვა- ნუთუ შეიძლება ასე მარტივად წაიშალოს ხოლმე ზღვარი სიცრუესა და სიმართლეს შორის? სამწუხაროდ ასეა, ეს შესაძლებელია, თუ კი გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომელშიც რუსი მღვდლები ბომბდამშენებს ნაკურთხ წყალს ასხამენ, ხოლო კომუნისტები გულმხურვალე მლოცველები არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები