გია ვოლსკი: რუსეთის აგრესიული სამიზნიდან ჩვენი ხელისუფლება რატომ გამოთიშეთ?!
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი გამორიცხავს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე ტელეკომპანია “TV პირველის” მფლობელისა და მისი მამის გარშემო ატეხილი ამბები პოლიტიკურად მოტივირებულია.
“რადგან ასეთი პოლიტიკური მოტივაციებისკენ მიჰყავთ საქმე მედიასა და საზოგადოებას, ისევ იმ საზოგადოებისთვის უცნობ პირებზე ვიკითხავ, მათაც არასწორად აქვთ ბრალი წაყენებული? უბრალოდ, სკანდალის მოთხოვნილება ბევრად მეტია, ვიდრე ჭეშმარიტების. ანაკლიის პორტი სახელმწიფო პროექტია და არა კერძო პირის, მამუკა ხაზარაძის კერძო შეკვეთა”, -აცხადებს გია ვოლსკი.
მისი თქმით, თუ ხაზარაძეს დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგოს.
“თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთის ინტერესები ანაკლიის პორტს ეხება, რატომ გამორიცხავენ, რომ მას საქართველოს ხელისუფლების მიმართაც ჰქონდეს ინტერესები, რუსეთის აგრესიული სამიზნიდან ჩვენი ხელისუფლება რატომ გამოთიშეთ? ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთის ინტერესებში მხოლოდ ხაზარაძის მოცილება შედის?.. ჩვენ ამას საერთაშორისო დონეზე, თანამიმდევრული ნაბიჯებით უნდა ვუპასუხოთ. ანაკლიის პორტს გრძელვადიანი მუშაობა სჭირდება. როგორ ფიქრობთ, ხაზარაძე რომ ყოფილიყო, პორტი უცებ აშენდებოდა?! მე არ მინდა ვინმეს უდანაშაულოდ დასჯა და დაპატიმრება, მაგრამ თუ ხაზარაძეს დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგოს. პარტია და მედია ასეთი ადამიანებისთვის თავშესაფარი ვერ იქნება”, – აცხადებს ვოლსკი.
წყარო: “კვირის პალიტრა”