ირაკლი სესიაშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაჰუმანურ პოლიტიკაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კრემლს, დანარჩენ მძიმე შედეგებზე – „ნაცმოძრაობას”

”ნაციონალურმა მოძრაობამ” თავისი მავნებლობით ქვეყანა დაღუპა. საუბარი ამაზეა, თორემ რუსეთი რომ ოკუპანტია, ეს ყველამ კარგად იცის”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
„მოსახლეობას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ის ხელისუფლება არის მავნებლური ძალა, რომელმაც საქმე ომამდე მიიყვანა, თუ არ მიიყვანა, თავი ვერ აარიდა ომს. რუსეთი არის ოკუპანტი, მაგრამ, ამასთანავე, ჩვენს მოსახლეობას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ის ხელისუფლება არის მავნებლური ძალა, რომელმაც საქმე ომამდე მიიყვანა. თუ არ მიიყვანა, თავი ვერ აარიდა ომს”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
სესიაშვილის თქმით, წინა ხელისუფლებამ ომის დროს მიატოვა მოსახლეობა, ჯარი და შემდეგ ვითომდა დეზერტირობისთვის დაიჭირა ოფიცრები და ჯარისკაცები.
„ეს ის ხელისუფლება და პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ჩვენი მოსახლეობა მიატოვა; რომელმაც ჯარი მიატოვა, მერე ადგა, დაერია ამ ჯარს და ჯარისკაცები და ოფიცრები ვითომდა დეზერტირობისთვის დაიჭირა – იმისთვის, რომ საკუთარი უუნარობა გადაეფარა. კრიზისის მართვის არანაირი უნარი ჰქონდათ. აი, ეს არის დღეს სათქმელი. სათქმელია იმიტომ, რომ, აი, ამ მავნებლურ პოლიტიკურ ძალას დღესაც ამბიცია აქვს, რომ პოლიტიკაში მოვიდეს და ძალაუფლება ხელში ჩაიგდოს. თორემ რუსეთი რომ ოკუპანტია, ეს ყველამ კარგად იცის. ყველა საერთაშორისო ლიდერი აფრთხილებდა, რომ არ ქნათ ისეთი რამ, რაც ომამდე მიგიყვანთ, თორემ მერე ვერავინ გიშველით. აი, ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ. ამ მავნებლური ძალისთვის 135 სოფლის დაკარგვა, იქ კოდორის ჩაბარება სამხედრო ტექნიკითა და ყველაფრით… ეს მავნებლური ძალა იყო საშიში, ამ თავისი მავნებლობით ქვეყანა დაღუპა და დღესაც სურვილი აქვთ, რომ მოვიდნენ ხელისულებაში. აი, ეს არის მთელი უბედურება და ეს საზოგადოებას სწორად უნდა ავუხსნათ”, – თქვა სესიაშვილმა.
“რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია”, – ამბობს სესიაშვილი.
„ვერ გეტყვით, რა როგორ იყო, უშუალოდ, სამხედრო ოპერატიულ ტაქტიკურ დონეზე, ამაზე სხვადასხვა კომისიამ სხვადასხვა დასკვა დადო. მე ერთი ვიცი, რომ რუსეთი ოკუპანტია და მას საერთაშორისო სამართლის უხეში ნორმების დარღვევით აქვს ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის ძირძველი და ისტორიული მიწები. რაც შეეხება შემდგომ საერთაშორისო შეფასებებს – ძალიან ვწუხვარ, რომ ცხინვალის დაბომბვის საკითხი ევროსაბჭოში რეზოლუციაში აისახა და ამას მხარი დაუჭირა ბაქრაძემ, დარჩიაშვილმა და ასე შემდეგ. ეს მართლა უსირცხვილო პოლიტიკური ძალა თითს ჩვენკენ იშვერს მაშინ, როცა თვითონ მხარი დაუჭირეს ასეთ რეზოლუციას. ჩემმა ქვეყანამ იცის, საერთაშორისო საზოგადოებამ იცის, რომ ჩემი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთმა მოახდინა და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, შევქმნათ ისეთი ვითარება ჩვენს ქვეყანაში, რომ იმ დროს, როცა გამოსაყენებელი იქნება, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დეოკუპაცია მოვახდინოთ მშვიდობიანად”, – განაცხადა უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.
სესიაშვილის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე, მთელს ამ არაჰუმანურ პოლიტიკაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება კრემლს, დანარჩენ მძიმე შედეგებზე – „ნაციონალურ მოძრაობას”.
„ოკუპაციასთან მიმართებით მთლიანი პასუხისმგებლობა დღეს არსებულ ვითარებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე, მთელს ამ არაჰუმანურ პოლიტიკაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება კრემლს, დანარჩენი ის მძიმე შედეგები, რაც დადგა, 135 სოფლის დანგრევა, ევაკუაციის დროული არგანხორციელება და მთელი ეს საშინელება, რაც მოხდა, ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მთლიანად ეკისრება „ნაციონალურ მოძრაობას” და ამის რამდენიმე ნაწილად დაყოფილ პოლიტიკურ ელემენტებს. ეს ყველფერი საზოგადოებამ უნდა გაიაზროს სწორად. ეს მავნებლური პოლიტიკური ძალა, როგორც “შავი ჭირი”, უნდა მოვიცილოთ – არა როგორც ჩვენი ოპონენტი, არამედ როგორც მავნებლური პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქვეყანა, აი, ასეთ მძიმე ვითარებაში ჩააგდო. ეს ხალხი დღეს კიდევ მავნებლობს და ცდილობს, ქვეყანას შეუქმნას ეკონომიკური პრობლემები. ეს არის რეალობა და ამ რეალობას საზოგადოებამ თვალი უნდა გაუსწოროს”, – აღნიშნავს ირაკლი სესიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები