გურამ ნიკოლაშვილი: ქვეყანამ სააკაშვილის მავნებლობა განსაკუთრებით მძაფრად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად იგრძნო
“ასობით დაღუპული, ათასობით დევნილი, დაკარგული ტერიტორიები და რუსეთის მიერ დაკანონებული სამხედრო ბაზები. ქვეყანამ სააკაშვილის მავნებლობა განსაკუთრებით მძაფრად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად იგრძნო”, – წერს ანალიტიკოსი გურამ ნიკოლაშვილი სტატიაში სათაურით – „ვინ „ამოისუნთქა“ 2008 წელს“.
„კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორი ეხმიანება შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, შოთა უტიაშვილის “ფეისბუქსტატუსს”, სადაც ის ამბობს – „აგვისტოს ომმა, თავისი ყველა პლუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, თითქმის ათი წელი, რუსეთი ვერ ახდენდა ჩვენზე, ფაქტობრივად, ვერანაირ ზეწოლას. იცოდნენ, რომ საქართველოს „დაჩმორება“ იოლი არ იქნებოდა“ – შოთა უტიაშვილი https://bit.ly/2Ys5Dtf
როგორც ავტორი წერს, ყოფილი მაღალჩინოსნის ამ სტატუსს მძაფრი რეაქცია მოჰყვა მედიაშიც და ქუჩაშიც.
„იდეაში შოთა რუსულ გავლენაზე წერს. წერს, რომ ომის შედეგად რუსული გავლენა შეჩერდა. ამის მიუხედავად, ძალიან საყურადღებოა მის მიერ გამოყენებული ფრაზა, რომ ომმა საქართველო ამოასუნთქა. უტიაშვილის მოსაზრება, თითქმის, ყველა წინადადებაში საკამათოა, მაგრამ პირველ ეტაპზე „ამოსუნთქვის“ თემას გავყვეთ. 2010 წელს სააკაშვილმა შეცვალა კონსტიტუცია და ქვეყანა საპრეზიდენტო მოდელიდან გადაიყვანა სუპერსაპრემიერო მოდელზე, რითაც გაიმზადა სამართლებრივი საფუძველი 2012 წლიდან ქვეყნის უვადოდ სამართავად. საქართველო იყო ასპარეზი მისი პერსონალური ვნებების სარეალიზაციოდ, რაც გულმოდგინედ იფუთებოდა ქვეყნის აღმშენებლობად, რისთვისაც გამოიყენებოდა პროპაგანდის ყველა ინსტრუმენტი. სააკაშვილის ტოტალიტარიზმი შეიფუთა დემოკრატიის მანტიით“, – ამბობს ავტორი.
მისივე თქმით, 9 წლის მანძილზე წარმოებული ეგრეთ წოდებული ინსტიტუციური რეფორმები ემსახურებოდა მთავარ მიზანს – ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას, რასაც უნდა უზრუნველეყო მისი ერთპიროვნული მმართველობა.
„კავკასიასთან დაკავშირებული რუსული გეოპოლიტიკური და სამხედრო ინტერესები ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენულ მისწრაფებას, აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა და იარსებოს კონსტიტუციურ საზღვრებში. რუსული ინტერესები 2008 წლის შედეგად პირდაპირ რეალიზდა ოკუპაციაში, რომლის შედეგადაც საქართველოს ორი მნიშვნელოვანი რეგიონი მის პირდაპირ მმართველობაშია. 2008 წლისთვის დღის წესრიგში უკვე იდგა მნიშვნელოვანი საკითხი – გაემყარებინა სამხედრო პოზიციები კავკასიაში და შური ეძია კოსოვოს აღიარებისთვის“, – წერს გურამ ნიკოლაშვილი.
სტატიის ბმული : https://www.kvirispalitra.ge/politic/55992-vin-qamoisunthqaq-2008-tsels.html