დავით დვალი: უარი რომ მიიღეს, ადეიშვილმა და მერაბიშვილმა დაიწყეს თვალთვალი, მოსმენები…
“2004 წლის 29 მაისს ზურაბ ადეიშვილმა და ვანო მერაბიშვილმა ჩვენთან შეხვედრა მოითხოვეს… გამოგვიცხადეს, “რუსთავი2″ უნდა დათმოთო. უარი რომ მიიღეს, დაიწყეს თვალთვალი, მოსმენები”, – ამის შესახებ “რუსთავი 2 -ის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით დვალი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” აცხადებს.
დვალი იმ პერიოდში განვითარებულ პროცესებს იხსენებს.
“2004 წლის 29 მაისს ზურაბ ადეიშვილმა და ვანო მერაბიშვილმა ჩვენთან შეხვედრა მოითხოვეს… გამოგვიცხადეს, “რუსთავი2” უნდა დათმოთო. უარი რომ მიიღეს, დაიწყეს თვალთვალი, მოსმენები… მოგვიანებით, დაინიშნა მორიგი შეხვედრა. გვითხრეს, რომ თუ მოლაპარაკებებს განვაახლებდით, თვალთვალს შეწყვეტდნენ. საბოლოოდ, ეროსი კიწმარიშვილთან შეთანხმებით დავბრუნდით… შემდეგ ეროსის ხელით კომპანია გაკოტრებულად გამოაცხადეს – სასამართლოში შეიტანეს მოთხოვნა და არხს დროებითი მმართველი დაუნიშნეს. ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ “რუსთავი2 -ზე” ზემოქმედების ყველა ბერკეტი დაგვეკარგა. ტელეკომპანიის სახელზე კრედიტი გვქონდა აღებული, გრანტად კი ჩადებული იყო კომპანია “ჯორჯიან ონლაინი”, ასევე, ჩემი და ჯარჯის პირადი ქონება. კრედიტის გამცემ ორგანიზაციაში გადაგზავნეს ინფორმაცია, რომ ტელევიზია გაკოტრებულია, ამიტომ მათგან მოგვივიდა სასწრაფო ფაქსი, რომ კრედიტი შეწყდა და იმ დღესვე უნდა დაგვეფარა მილიონ ორასი ათასი დოლარი -ამხელა თანხა არ გაგვაჩნდა. შემდეგ კიდევ დაგვიბარეს – ან დატოვებთ “რუსთავი 2-ს” ან გაკოტრებულ ტელევიზიასთან ერთად კარგავთ “ჯორჯიან ონლაინს” და რჩებით, ვციტირებ, “საცვლების ანაბარაო”. ასე გვაიძულეს ხელის მოწერა. რამდენიმე დღეში იმავე მოსამართლემ აღმოაჩინა, რომ გასაკოტრებელი არაფერი ყოფილა და საქმე დახურა”, – აცხადებს დავით დვალი.