“30 წლის განმავლობაში რუსეთმა საქართველოს 400 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა”

“ზარალი, რომელიც საქართველოს რუსული პოლიტიკის გამო დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე მიადგა, დაახლოებით, 400 მილიარდი დოლარის ფარგლებშია”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ეკონომიური ვარდნა გაცილებით დიდი იყო, ვიდრე – პოსტსაბჭოთა ნებისმიერ ქვეყანაში.
“ციფრი ციფრია, მაგრამ რომ წარმოვიდგინოთ, საქართველოს ეკონომიკა წუთში 27 ათას დოლარზე მეტს კარგავს, ანუ ჩვენ, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო, რომელიც ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ვლინდებოდა, ვერ ვაწარმოებთ 27 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქტს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ეკონომიური ვარდნა გაცილებით დიდი იყო, ვიდრე – პოსტსაბჭოთა ნებისმიერ ქვეყანაში. არადა, ვერავინ იტყვის, რომ ქართველებს სხვებზე ნაკლებად აქვთ ბიზნესის წარმოების უნარი. პირიქით, მთელი საბჭოთა კავშირი რომ დემონსტრაციებზე დადიოდა და ხოტბას – დიდებას ასხამდა კომუნიზმს, საქართველოში იატაკქვეშა წარმოება, ე.წ. ცეხავიკობა საკმაოდ განვითარებული იყო. მიუხედავად ამისა, როცა საბაზრო ეკონომიკა ოფიციალურად გამოცხადდა, საქართველოს უმთავრესი ეკონომიკური მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა. ეს სწორედ რუსეთის პოლიტიკის შედეგია. დღეს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ეკონომიკური განვითარების დონით ჯერ კიდევ ვერ გავიდნენ 1989 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. არადა, ყველა სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკამ ეს დონე დაძლია. სხვათა შორის, რუსი პოლიტიკოსები გულწრფელად აღიარებდნენ ქართველ კოლეგებთან საუბარში, ჩვენ იმაზე ვმუშაობთ, რომ თქვენ კარგად არ იცხოვროთო. თუ საქართველო განვითარდება, ეს იქნება ცუდი მაგალითი რუსეთის ფედერაციული წარმონაქმნებისათვის და მათაც გაუჩნდებათ დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილი”, – აცხადებს არჩვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები