მაია ნიკოლეიშვილი: გახარია პოლიტიკური პროცესების მთავარსარდალი უნდა გახდეს, 30 წელი საქართველოს მსგავსი პოლიტიკოსი არ ჰყოლია

“დღეს ხელისუფლების ბედი გახარიას მინისტრობას უტოლდება, რადგან სწორედ გახარია გახლავთ ის რეალური პოლიტიკოსი, რომელსაც ცეცხლის ჩაქრობა შეუძლია”, – ამის შესახებ ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აცხადებს.
ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიამ პოსტი არ უნდა დატოვოს.
“დღეს ხელისუფლების ბედი გახარიას მინისტრობას უტოლდება, რადგან სწორედ გახარია გახლავთ ის რეალური პოლიტიკოსი, რომელსაც ცეცხლის ჩაქრობა შეუძლია. იგი ნატურით პოლიციელი არ არის, პოლიტიკოსია, საოცარი მოთმინების უნარი აქვს და ემოციების მართვა იცის. ცხადია, ასეთი ძლიერი ფიგურა ოპოზიციას არ სჭირდება, რადგან ყველგან ხელი შეუშალა. გახარიას წასვლა „ ქართული ოცნების“ დომინოს პრინციპით წაქცევას ნიშნავს . მომხრე ვარ, პოსტიც შეინარჩუნოს და კიდევ უფრო მეტი ძალაუფლება მიეცეს. მამუკა ბახტაძე მშვიდობიანი ქვეყნის პრემიერია, გიორგი გახარია კი, რეალურად, არის შიდა პოლიტიკური ომის პირობებში მყოფი ქვეყნის პრემიერი. ეს ორივე პროცესი დღეს ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს“, – აცხადებს ნიკოლეიშვილი.
კითხვაზე – იმ იარაღიდან, რომლითაც 20 ივნისის აქციის დარბევა მოხდა, დამიზნებით გასროლა შეიძლება თუ არა, ექსპერტი შემდეგნაირად პასუხობს:
“იმ იარაღს ოპტიკური სამიზნე არ აქვს, თვალში ვერ დაუმიზნებ, გამორიცხულია. როცა აქედან ისვრი, რეზინის დიდი ტყვია საფანტივით იშლება, სად მოხვდება, არავინ იცის. მთავარია დისტანცია, თორემ მიბჯენით გასროლის შემთხვევაში გაზის იარაღიც კლავს და საფანტიც. როდესაც აქციას შლიან და გაზს გაუშვებენ, უნდა გაიქცე. აქციის ორგანიზატორებს ქალები მაინც გაეყვანათ. გავოგნდი, წასვლის ნაცვლად, უკან ბრუნდებოდნენ, სიკვდილს ელოდნენ. ოპოზიციას პასუხიმგებლობა არ აუღია ( ესეც არ დაივიწყოთ, პროკურატურაში დღესაც ბევრი ადამიანია, ვინც ვანო მერაბიშვილის მზეს ფიცულობს). აქციის ორგანიზატორები სულაც არ გრძნობენ უხერხულობას, როცა თვალზე ხელს იფარებენ, ვითომ, იმ გოგონას პატივისცემის გამო, ვინც თვალი დაკარგა. თვალზე ხელი აიფარო და ეს ჟესტი გამოიყენო, არასწორია. ზაზა სარალიძემ ამასწინათ თქვა – თურმე, ესენი ჩემს ტკივილს იყენებდნენო. აქციები დღეს უკვე “შაპიტოს” შთაბეჭდილებას ტოვებს. ბულგაკოვის გმირივით, მეც არ მიყვარს ლიბერტარიანული პროლეტარიატი. მიზანმიმართულია ეს ყველაფერი – მიშა მშვილდაძემაც კარგად იცის, რას ღრიალებს და იმ მაქარაშვილმაც. ბოკერიასაც თავისი შლეიფი მოჰყვება – სამადაშვილი და სხვები, ძალიან კარგად იციან, რისთვის იბრძვიან. არ ვიცი, „ქართულ ოცნებას“ ნერვები გაუძლებს თუ არა, ამიტომ გახარია პოლიტიკური პროცესების მთავარსარდალი უნდა გახდეს, 30 წელი საქართველოს მსგავსი პოლიტიკოსი არ ჰყოლია!“, – აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები