„გენერალი ნაირაშვილი და სარდალი თელია სპეცოპერაციაში უშუალოდ მონაწილეობდნენ“
მუხროვანის ამბოხის სპეცოპერაციის კადრებში თავდაცვის სამინისტროს მოქმედი მაღალჩინოსნებიც ფიგურირებენ. იქ იყო გენერალი დავით ნაირაშვილი, სახმელეთო ჯარების სარდალი თელია და მთელი სამხედრო გენერალიტეტი, – ამის შესახებ „მუხროვანის ამბოხის“ საქმეზე გასამართლებულმა ლევან ამირიძემ „კვირასთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა.
ამირიძის განცხადებით, ყველამ ყველაფერი იცოდა, თუ რა და როგორ მოხდა მუხროვანში, თუმცა ამ ადამიანებს დღემდე ვიღაც მფარველობს.
„განაჩენი უნდა დადგეს იმ ადამიანების, ვინც ამაში მონაწილეობას იღებდა. იქ იყო გენერალი დავით ნაირაშვილიც, იყო სახმელეთო ჯარების სარდალი თელია და მთელი სამხედრო გენერალიტეტი. ვიღაცა მფარველობს ამ ხალხს, ყველამ ყველაფერი იცის რა მოხდა და როგორ მოხდა, მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ ეს არ აინტერესებთ. მოკლული გენერლის კრიალაშვილის ოჯახმა ერთი წლის წინ შეიტანა განცხადება საქმის მკვლელობის მუხლით აღძვრის მოთხოვნით. 250 კაცია ქუჩაში ჩვენნაირად დახვრეტილი“,- აღნიშნა ლევან ამირიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, გენერალი დავით ნაირაშვილი, რომელიც დიდ ბრიტანეთში სამხედრო ატაშეა, თავის დროზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მიერ არის დანიშნული.
აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად „კვირა“ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ბაჩო ახალაიას მიერ ნაირაშვილის დანიშვნის ფაქტი არ დაადასტურა.
„ყველაფერს ბაჩოს ნუ დავაბრალებთ ახლა, გენერალი დავით ნაირაშვილი 1992 წლიდან მსახურობს თავდაცვის სისტემაში“,- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა. სააგენტო „გურია ნიუსი“ გენერალ დავით ნაირაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავა, თუმცა არაოფიციალურად მან მუხროვანის სპეცოპერაციის დღე გაიხსენა.
„არაფერი არ ხდება. ეს არის მუხროვანის ამბოხება. მე ვხელმძღვანელობდი შტაბს. მაგის “სასტავი” რომ გაიქცნენ, სამი 2 კაცი რომ იყვნენ, გახსოვთ?! უბრალოდ, ისინი გაიქცნენ და ვანო გაღიზიანდა ამ კონკრეტულ საკითხზე. იგულისხმა ან დაიჭირეთ, ან რაღაცა ქენით, მომიყვანეთ ეს ხალხიო. მეტი არაფერი. არაფერი არ უნდა დაწერო. მე თქვენ უბრალოდ გეუბნებით ამ ინფორმაციას. მაგრამ, არაოფიციალურად. კანონის თანახმად, მე არ მაქვს უფლება, მივცე კომენტარი. რა ვქნ, ჩემო კარგო, კანონი არსებობს. არ მაქვს უფლება ნებისმიერ ამბავზე გავცე კომენტარი. უბრალოდ გეუბნებით: ის იდიოტური აჟიოტაჟი, რომელიც არსებობს, რამენაირად მოიხსნას. მეტი არაფერი. თითიდან გამოწოვილი ვითომ რაღაც ამბავია.ჩემი გვარი და თანამდებობა არსად არ ახსენოთ“, – განაცხადა დავით ნაირაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ზე გუშინ გვიან ღამით, ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, სადაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, სოდისა და კუდის ყოფილი უფროსები – დათა ახალაია და ირაკლი კოდუა, ასევე საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციაზე ჩანან. სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის. “მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია”, – მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.