“სამუშაო შეხვედრები სახალხო დამცველსა და სხვადასხვა ჩართულ უწყებასთან ერთად, ძალიან ნაყოფიერი ფორმატია”
„ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა“ და სახალხო დამცველის ოფისის ორდღიანი, გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
როგორც “კვირას” პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშით გათვალისწინებული თემები და მოისმინეს ადრესატი სახელმწიფო უწყებების პოზიციები. განსახილველ საკითხთა შორის იყო ბავშვთა, შშმ პირთა და ქალთა უფლებები, არასათანადო მოპყრობა, მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობა, საკუთრების უფლება და შრომითი უფლებები, ჯანსაღი გარემოთი სარგებლობის უფლება და სხვა. „ვფიქრობთ, რომ სამუშაო შეხვედრები სახალხო დამცველსა და სხვადასხვა ჩართულ უწყებასთან ერთად არის ძალიან ნაყოფიერი ფორმატი იმისათვის, რომ სახალხო დამცველის მეტი რეკომენდაციის გაზიარება და შესრულება მოხდეს. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების უფრო მეტად დაცვას საქართველოში. ასეთი შეხვედრა წელს პირველად მოეწყო და ვფიქრობ, მომავალ წლებშიც გაგრძელდება”, – განაცხადა სოფო კილაძემ. შეხვედრა განხორციელდა სახალხო დამცველის ოფისის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში”(PROLOG) მიერ.