საფრანგეთის შს მინისტრი: საქართველო არის დინამიკური ქვეყანა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საქართველოდან ერთგვარი ანომალიაა
“არ არის ნორმალური, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყოს თავშესაფრის მოთხოვნათა თვალსაზრისით. საქართველოში არსებული ვითარება ამ მოთხოვნას არანაირად ამართლებს – საქართველოში ომი არ არის”, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფერ კასტანერმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო არის დინამიკური ქვეყანა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საქართველოდან ერთგვარი ანომალიაა.
„მადლობა თბილისში ასეთი დახვედრისთვის. ვფიქრობ, რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა განსაკუთრებულად ხაზს უსვამს საქართველოს, საფრანგეთისა და ევროკავშირის თანამშრომლობას. ჩემი დელეგაცია და მე დიდ ინტერესს გამოვხატავთ თანამშრომლობისათვის. ეს ძლიერი კავშირი, რომელიც არსებობს, კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ ჩვენ ვართ თქვენ გვერდით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიმოქმედოთ 3 გამოწვევაზე, რომელიც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ისმის, იქნება ეს საქართველოს თუ საფრანგეთის მოქალაქეები. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა – ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა. პირველ ყოვლისა, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში გვაქვს კარგი თანამშრომლობა, ვებრძოლოთ მაფიოზურ ორგანიზაციებს, რომლებიც ორგანიზაციებს აყალიბებენ და არ სცემენ პატივს არც სამართალს და, ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ინფორმაციების გაცვლები. კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ამ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანია, ასევე, მსოფლიოს მასშტაბით ტერორიზმთან ბრძოლა, ურთიერთობები, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს, რათა ვებრძოლოთ იმ დანაშაულებს, რომელიც ჩვენს თავისუფლებას და ჩვენს ქვეყნებს ებრძვის. ნება მომეცით, განსაკუთრებით აღვნიშნო არაკანონიერი ემიგრაციის საკითხი იმიტომ, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, სადაც არ არის ომი და მიიჩნევა, როგორც მშვიდობიანი ქვეყანა. პრინციპში, არის კონკრეტული შემთხვევები და ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ქართველებს შეუძლიათ, იმოგზაურონ ყველგან, მათ შორის – საფრანგეთში. არ არის ნორმალური, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყოს თავშესაფრის მოთხოვნათა თვალსაზრისით. საქართველოში არსებული ვითარება ამ მოთხოვნას არანაირად ამართლებს – საქართველოში ომი არ არის. ის ევროპელი და ფრანგი საზოგადოების მხრიდან აღიქმება საიმედო მიმართულებად. საქართველო არის დინამიკური ქვეყანა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა ამ ქვეყნიდან ერთგვარი ანომალიაა და ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა ამ მიმართულებით. საფრანგეთს, პრაქტიკულად, არ შეუძლია, რეალურად მიიღოს ყველა, ვისაც სჭირდება დაცვა. ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ ამ საკითხზე, მოხდეს ამ ადამიანებს დაბრუნება თავიანთ სამშობლოში. ზოგიერთი ადამიანი სამედიცინო თვალსაზრისით ჩამოდის სამკურნალოდ საფრანგეთში, თუმცა საქართველოშიც არსებობს საშუალება, მიიღონ შესაბამისი მკურნალობა. ამიერიდან უშუალოდ ისინი იქნებიან მიღებული, ვისაც რეალურად სჭირდება ამ თვალსაზრისით საფრანგეთის დახმარება და თავშესაფრის მომთხოვნთა დოსიეების განხილვა ამ ჩვენი თანამშრომლობის პროცესს კიდევ უფრო გააღრმავებს. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ შორის ასეთი ნაყოფიერი თანამშრომლობა და საუბარი მიმდინარეობს. ჩვენ ერთად უნდა ვებრძოლოთ ამ არაკანონიერ ემიგრაციას. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ყოველთვიურად მოხდეს ჩვენ შორის ურთიერთგაცვლა, მათ შორის – თანამშრომლობის საკითხზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთპატივისცემას ამ თანამშრომლობაში. კიდევ უფრო მეტად უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ურთიერთობები და გავაღრმავოთ ისინი. ჩვენ შორის უკვე არსებობს ძალიან კარგი ურთიერთობები და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ მასპინძლობისა და ნაყოფიერი მუშაობისათვის“, – განაცხადა კრისტოფ კასტანერმა.