„არც კი ვიცი, როგორ აღვწერო, რამხელა ბედნიერებას ვგრძნობ, როდესაც ბავშვი იბადება“…
ექიმების ოჯახიდან არ არის, მაგრამ მაინც ექიმობა გადაწყვიტა. სტუდენტობის წლები მძიმე 90–იანებს დაემთხვა… მარტივი არ იყო სასურველი მიზნის მიღწევა და პროფესიონალად ჩამოყალიბება, თუმცა ამბობს, რომ, სირთულის მიუხედავად, ეს მაინც შეძლო.
აცნობიერებს, რომ ექიმობა დიდი პასუხისმგებლობაა, მეან–გინეკოლოგობა კი – ორმაგად საპასუხისმგებლო საქმე.
რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური დატვირთვა და სწორი კვება ფეხმძიმობისას, როგორ უნდა დაიცვას თავი ორსულმა სხვადასხვა ვირუსული დაავადებისგან და რაც მთავარია, შეიკავოს თუ არა თავი საკეისრო კვეთისგან… – ამ და სხვა საკითხებზე სამშობიარო სახლის, „იმედის კლინიკის“ მეან – გინეკოლოგი თიკო გოთუა გვესაუბრა.
– ბავშვობა ყოველთვის კარგად მახსენდება. უდარდელი პერიოდი იყო. დედა პედაგოგია, მამა – მშენებელი. ისინი ყოველთვის ჩემი და ჩემი და-ძმის განათლებაზე იყვნენ ორიენტირებულნი. ექიმების ოჯახიდან არ ვარ, მაგრამ მაინც ექიმობა გადავწყვიტე.
ბავშვობიდან ვიცოდი, რა გზასაც ავირჩევდი. მაშინ, როდესაც თანატოლებში სამედიცინო ინსტრუმენტების ხმა შიშს იწვევდა, ჩემთვის ეს დიდი ინტერესის საგანი იყო, რომლისაც არასდროს შემშინებია. დღეს უსაზღვროდ მიყვარს ჩემი პროფესია. ვერც კი წარმომიდგენია, სხვა როგორ უნდა ამერჩია. სხვა სპეციალობაში საკუთარ თავს უბრალოდ ვერ ვხედავ.
– ლევან გოთუას შორეული ნათესავი ხართ…
– დიახ, ასეა. მახსოვს, მშობლებს სახლში დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდათ, სადაც ლევან გოთუას შემოქმედებას საპატიო ადგილი ეკავა. მამაჩემი ყოველთვის სიამაყით აღნიშნავდა, რამდენად ახლობელი ადამიანი იყო ის მისთვის. მეც და ჩემი და-ძმაც მის ნაწარმოებებზე გავიზარდეთ. „გმირთა ვარამი“ დღემდე ჩემი სამაგიდო წიგნია, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს. ვამაყობ, რომ მისი ნათესავი ვარ.
– სტუდენტობის წლები მძიმე 90–იანებს დაემთხვა…
– მედიცინა ამ დროს არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში იყო. კლინიკებში მხოლოდ დაჭრილი პაციენტები იწვნენ. ოპერაციებს კი ფანრის შუქზე აკეთებდნენ. მაშინ მარტივი არ იყო სასურველი მიზნის მიღწევა და კარგი განათლების მიღება – პროფესიონალად ჩამოყალიბება, თუმცა დღეს ვამაყობ, რომ, სირთულის მიუხედავად, მიზანს მაინც მივაღწიე.
– რამ განაპირობა პროფესიის არჩევანი?
– ალბათ დამეთანხმებით, რომ ექიმობა დიდი პასუხისმგებლობაა, მეან-გინეკოლოგობა კი ორმაგად საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან არც ერთ სხვა ექიმს არ აბარია ორი ადამიანის სიცოცხლე. მინდა ჩემს პაციენტებს დიდი მადლობა გადავუხადო ნდობისთვის. მარტივი არაა, განდონ საკუთარი და, ამასთანვე, მომავალი შვილის სიცოცხლე. ვაცნობიერებ ამ დიდ პასუხისმგებლობას და ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურად გავამართლო ნდობა.
ის, რომ დღეს შემდგარი ექიმი ვარ, ბატონ დავით კობეშავიძის დამსახურებაცაა. მან გამიკვალა ეს რთულად სავალი გზა.
– რას ნიშნავს თქვენთვის გინეკოლოგობა?
– გულწრფელად რომ გითხრათ, ეს არის საქმე, რომლითაც ვცხოვრობ. იცით, რომ მკითხონ, რომელია შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი – ოჯახი თუ სამსახურიო, შეიძლება პასუხის გაცემაც გამიჭირდეს…
– განცდა, როდესაც პატარა იბადება…
– ორსულობა, ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და, ამავდროულად, საპასუხისმგებლო პერიოდია. ახალი სიცოცხლის ჩასახვა, დიდ მოლოდინსა და სიხარულთან ერთად, გამოწვევასთანაა დაკავშირებული, რომელსაც ქალმა სათანადოდ უნდა უპასუხოს.
ბავშვის დაბადება ღვთიური საქმეა. ექიმი თავად მონაწილეობს ბავშვის ამქვეყნად მოვლინებაში. ეს იმდენად ამაღლებული გრძნობაა, რომ გამიჭირდება მისი სიტყვებით გადმოცემა. არც კი ვიცი, როგორ აღვწერო, რამხელა ბედნიერებას ვგრძნობ მაშინ, როდესაც ბავშვი იბადება.
– მართალია, ზამთრის ციებ-ცხელება დასრულდა, თუმცა ხშირია ისეთი ვირუსული თუ ინფექციური დაავადებები, რომლებიც გაზაფხულზეც იჩენს თავს. რა გავლენის მოხდენა შეუძლიათ მათ ნაყოფზე და როგორ დაიცვან თავი ორსულებმა?
– ორსულის იმუნური სისტემა ფეხმძიმობისას დათრგუნულია. ამიტომ, მისი ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა სეზონური ინფექციების მიმართ. ის უნდა მოერიდის ხალხმრავალ ადგილებს. რეკომენდებულია, ოთახების ხშირი განიავება, სახლი იქნება ეს თუ სამსახური. აუცილებელია ჰიგიენის წესების მკაცრად დაცვა. ხელების ხშირად დაბანა, საჭიროების შემთხვევაში ნიღბის ტარება. კვების გაძლიერება ისეთი პროდუქტებით, რომლებიც ამაღლებენ ორსულის იმუნურ სისტემას.
გართულების შემთხვევაში, დაუშვებელია თვითმკურნალობა და, მითუმეტეს, ანტიბიოტიკების მიღება. ასეთ დროს, ორსულმა როგორც საკუთარი თავის, ისე პატარის უსაფრთხოებისთვის აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
– რამდენად მნიშვნელოვანია ორსულისთვის აქტიური ცხოვრების წესი, რა როლი ენიჭება ფიზიკურ დატვირთვას?
– სანამ შეკითხვაზე პასუხს გაგცემდეთ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ორსულობა არ არის ავადმყოფობა. ეს მდგომარეობაა, რომელსაც ქალი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს. ფეხმძიმობისას, მთელი დატვირთვა ხერხემალზე და ძვლოვან სისტემაზე მოდის. სწორედ ამიტომ, დილის და საღამოს მსუბუქი გამამხნევებელი ვარჯიშები დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმზე – ამცირებს წელის და ზურგის ტკივილს, რაც ორსულებისთვის საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა.
მნიშვნელოვანია ასევე, ყოველ საღამოს სეირნობა, წყლის აბაზანები, ცურვა და იოგა, თუმცა, რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში. ჩვენს კლინიკაში არსებობს ორსულთა ვარჯიშების კლუბი, სადაც მუსიკის თანხლებით, სპეციალისტი პირად ექიმთან შეთანხმებით ატარებს კონკრეტულ ადამიანზე მორგებულ ვარჯიშებს, ასწავლის სწორ სუნთქვას, რაც ძალიან ეხმარება მას წარმატებით მშობიარობაში. ეს პროცედურები პაციენტებისთვის სრულიად უფასოა.
თუმცა არის საკითხები, სადაც სიფრთხილე გვმართებს. მაგალითისთვის, ორსულთათვის არ შეიძლება ცხენით ჯირითი, აერობიკა, ველოსიპედით სიარული ან ხტუნვა.
– საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრების თანახმად, საკეისრო კვეთას აუცილებლად ფიზიოლოგიური მშობიარობა სჯობს. ეს მითია თუ რეალობა?
– ახლავე განგიმარტავთ. ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს, ბავშვი თვითონაა ჩართული ქვეყნად მოვლინების პროცესში, რის გამოც, შემდგომ, გარემოსთან უფრო მარტივად ადაპტირდება. საკეისრო კვეთისას კი ბავშვი მძინარე პოზიციაშია და ეს გარკვეულწილად მისთვის სტრესია. მას გარემო პირობებთან შეგუებაც შეიძლება გაუჭირდეს. ნაყოფის თავზე რბილი სამშობიარო გზების, საშვილოსნოსა და საშოს კუნთების „მოჭერა“ იწვევს ნერვული სისტემის იმ უბნების აქტივაციას, რაც შემდგომი რეფლექსების განვითარების საწინდარია.
თუ რა გზით უნდა იმშობიაროს ფეხმძიმემ, ექიმმა უნდა დაადგინოს, რა თქმა უნდა, ფეხმძიმე ქალის მდგომარეობის გათვალისწინებით.
– რამდენად დასაშვებია ალკოჰოლის მიღება ან თამბაქოს მოწევა, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს თუნდაც თამბაქოს მოხმარებამ?
– თამბაქო და ალკოჰოლი ორივე მავნე ჩვევაა. ქალმა, რომელმაც დედობა გადაწყვიტა, უნდა გააცნობიეროს ორივე მავნე ჩვევის უარყოფითი შედეგები. მწეველ ორსულებში დიდია ნაადრევი მშობიარობის, მცირე მასის ახალშობილების გაჩენის რისკი, რადგან მთელი ოსულობის მანძილზე განიცდის ნაყოფი ჰიპოქსიას, ანუ უჟანგბადობას.
– ჰობი…
– სამზარეულოში ყოფნა და გემრიელი კერძების მომზადება ჩემი დიდი ხნის ჰობია. მართალია, დროის დეფიციტის გამო, ამ საქმეს მხოლოდ მოვალეობის დონეზე ვაკეთებ. თუმცა, როდესაც დრო მაქვს – თავს არ ვზოგავ. როგორც ჩემი მეგობრები ამბობენ, გამორჩეულ კერძებს ვამზადებ, ეს ძალიან მახარებს.
– მეუღლე, შვილები…
– ოჯახი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, ადამიანის ბედნიერება სრულყოფილი მაშინაა, როდესაც აქვს სამსახური, რომელიც უყვარს და ჰყავს ოჯახი, რომელიც ყველაფერში გვერდით უდგას. მეუღლე ყველაფერში გვერდით მიდგას და ხელს მიწყობს. არანაკლებ – ჩემი გოგონა, რომელიც ჯერ მხოლოდ 9 წლისაა.
ხშირად ყოფილა, როდესაც, ჩემი პატარა გოგონა, ღამით, მძინარე დამიტოვებია და პაციენტთან წავსულვარ. ხშირად ყოფილა, რომ ასეთ დროს მეუღლეც მორიგე ყოფილა. ის პოლიციელია და მასაც ხშირად უწევს მორიგეობა.
ჩემი პატარა გოგონასთვის წერილი დამიტოვებია. მეორე დღეს ის მარტო წასულა სკოლაში, მე კი ტელეფონით გამიცილებია.
– სამომავლო გეგმები?
– სამომავლო გეგმები, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს და პროფესიას უკავშირდება, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ჩემთვის, თუმცა, სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს სამომავლო გეგმებზე საუბარი. თუ არ მიწყენთ, ამ ნაწილს, ჯერჯერობით, საიდუმლოდ დავტოვებ…
თამარ შაიშმელაშვილი