„სიჩუმე, რომელსაც ვდარაჯობ“… – მარგალიტის სამაჯურის ამბავი
დაიბადა და გაიზარდა ქალაქ ზუგდიდში. წარჩინებით სწავლობდა ზუგდიდის №9 საშუალო სკოლაში. თბილისის სულხან–საბას სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი წითელ დიპლომზე დაამთავრა.
რამდენიმე წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ზუგდიდის №6 საშუალო სკოლაში.
ურთულესმა პერიოდმა, აფხაზეთის ომმა და მასთან დაკავშირებულმა სოციალურმა პრობლემებმა მისი ოჯახიც, იძულებით სამშობლოს მოაშორა. ასე ცხოვრობს დღემდე რუსეთში და ამბობს, რომ არ ეგონა, თუ ასე დიდხანს შემორჩებოდნენ ცივ ქვეყანას…
პირველი კრებული – „ღიმილი ჩემი ავტოგრაფია“ შარშან გამოიცა, მალე მეორე კრებულსაც წარუდგენს მკითხველს. – პოეტ ნანა კვაშილავას პერსონა.
– ბავშვობა მქონდა ლაღი და უდარდელი, ვიზრდებოდი თბილ ოჯახურ გარემოში, თუმცა მერე და მერე თანატოლებთან ურთიერთობა გამიჭირდა. იმის მიუხედავად, რომ წარჩინებული მოსწავლე ვიყავი და ვუყვარდით, სკოლაში მაინც მარტოსულად ვგრძნობდი თავს. წიგნი გახდა ჩემი საუკეთესო მეგობარი, და კიდევ იყო ერთი უხილავი არსება, ვისაც ხშირად ვესაუბრებოდი, ზეცისკენ მზერააპყრობილი… მაშინ მე მისი სახელიც კი არ ვიცოდი.
– ზუგდიდის №9 საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, იმავე წელს, გახდით ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.… რამ განაპირობა პროფესიის არჩევანი?
– ჰუმანიტარული საგნები უფრო მიზიდავდა და პროფესიის არჩევანი ამან განაპირობა. რატომ რუსული ენა და ლიტერატურა? იმიტომ, რომ მამამ კარგად იცოდა რუსული და როცა რუსულად ვიწყებდით საუბარს, თითქოს ეს ჩვენი საიდუმლო ენა იყო, ამ შემთხვევაში თანასწორუფლებიანი ვხდებოდი და ეს ძალიან მომწონდა. პედაგოგობა კი იმითაა გამორჩეული პროფესია, რომ ბავშვებთან ურთიერთობა ცოცხალი ენერგიის ორმხრივი გაცვლა- გაზიარებაა.
– თბილისის სულხან–საბას სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტი ძნელ 90-იანებში დაამთავრეთ. სტუდენტობის წლები, ალბათ, ინახავს საინტერესო მოგონებებს…
– ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტიდან თბილისის სულხან – საბა ორბელიანის პედაგოგიურ ინსტიტუტში გადასვლის მიზეზი ჩემი გათხოვება იყო. მეუღლე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახლდათ. მალე პირველი შვილი, თამარი შეგვეძინა. სტუდქალაქში მოკრძალებულად, მაგრამ ბედნიერად ვცხოვრობდით. და როცა ეროვნული მოძრაობის ტალღამ გადაუარა საქართველოს, მახსოვს, მთელი ოჯახი დავდიოდით მიტინგებზე, ის ერთობის და სიხარულის განცდა დღემდე მახსოვს, ერთი დიდი ოჯახივით იყო საქართველო, ჩემს თამუნას ყველა ეფერებოდა „პატარა პატრიოტიც“ მოსულაო. 9 აპრილის ტკივილი და ტრაგედია არ მინდა გავიხსენო. არდედეგები დაგვეწყო და ზუგდიდში წავედით… მაგრამ სულით და გულით მათთან დავრჩით, ვინც თავისუფლებისთვის ბოლომდე, სიცოცხლის ფასად იბრძოლა.
– პირველი ლექსები…
– წერა ადრე დავიწყე, ვწერდი ფიფქებზე „ფანტელები ცაში ერთურთს დაეძებენ“, ფანჯრიდან დანახულ სამყაროზე, „ჩემი ფანჯრიდან სამყარო ჩანს, სამყარო ვრცელი და ფანჯრის რაფა მევიწროება“, ჭადრის ფოთლებზე, „მე ფოთოლი ვარ“ და, რა თქმა უნდა – სიყვარულზე.
– შთაგონება…
– წერის პროცესი ჩემთვის დღემდე დაკვირვების საგანია. ზოგჯერ ფრაზა მოდის და ლექსად იქცევა, ზოგჯერ აწყობილი ლექსი გადმოდის ფურცელზე ზოგჯერ შეიძლება ლექსმა ჩემი ნაფიქრალი თავის ჭკუაზე ისე მოაგვირისტოს რომ თვითონვე გამაოცოს. ყველაზე მეტად თავისუფალი ვარ წერისას, რადგან რაღაც უხილავ ძალას ვარ მინდობილი..
– პირველი კრებულის – „ღიმილი ჩემი ავტოგრაფია“ წარდგენა ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში შედგა…
– ჩემი პირველი „პოეტური ავტოგრაფი“ ჩემს მშობლიურ ქალაქს დავუტოვე. ძველი თუ ახალი ლექსებით შემოვირბინე ჩემი ბავშვობის ადგილები, ძვირფასი ადამიანები, ტკივილები და სიხარულები, ყველა და ყველაფერი, რაც ჩემში სიყვარულად იქცა და დღემდე ცოცხლობს.
***
მე თითქმის არ მაქვს ბიოგრაფია,
გული სამყარის უბეში მიცემს,
და ყველაფერი, რაც მაბადია,
მინდა სიყვარულს საჩუქრად მივცე.
დასაწყისსა და დასასრულს შორის,
სულს და სულს შორის რწმენის ძაფია,
და თუ ცხოვრება არის ტკივილი,
ღიმილი ჩემი ავტოგრაფია…
ეს დღე ულამაზეს მოგონებად დამრჩა და თან ვიგრძენი, წიგნად აკინძულმა ლექსებმა სულში ადგილი გაანთავისუფლეს ახალი შთაგონებისთვის.
– პედაგოგიურ მოღვაწეობას ზუგდიდის №6 საშუალო სკოლაში ეწეოდით…
– პედაგოგიური მოღვაწეობა იმ სკოლაში დავიწყე, სადაც ადრე ჩემი მეუღლე სწავლობდა. ძალიან კარგად მახსენდება ის წლები, კოლეგები, მოსწავლეები, ღია გაკვეთილები, ღონისძიებები. ყველაფერი ეს ძალიან მაბედნიერებდა, რადგან უზომოდ მიყვარს ჩემი პროფესია და ახლაც, როცა სკოლასთან გავივლი, ბავშვების ჟრიამულზე გული უცნაურად მეკუმშება.
ოთხი წელი მოსკოვის ქართულ სკოლაში ვიმუშავე, მაგრამ ქართველების დევნის პოლიტიკის შედეგად, სკოლა დაიხურა და ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობაც ამით დასრულდა.
– აფხაზეთის ომმა, სხვა თანამემამულეების მსგავსად, გაიძულათ ოჯახით რუსეთში გადასახლება… გყავთ სამი შვილი… როგორია თქვენი თითოეული დღე სამშობლოსგან მოშორებით?
– სამშობლოს თემა ჩემს შემოქმედებაში ნოსტალგიური განცდებითაა დატვირთული, რადგან სწორედ ამ ტკივილის გამაყუჩებელ საშუალებად იქცა ლექსი. ოჯახი, ქართული ტრადიციები, მართლმადიდებლური რწმენა და სამშობლო ჩემთვის ერთი დიდი მცნებაა და მას სიყვარული ჰქვია სახელად. რაც მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლი გავხდი, უფრო მეტი სიმძაფრით შევიგრძენი ამ პრინციპით ცხოვრების აუცილებლობა.
– ოჯახი, მეუღლე, შვილები…
– მყავს მეუღლე და სამი შვილი: თამარი, გიორგი, ნინო. ვაჟი დაოჯახებულია და შეგვემატა თეა ( რძალი) ნიკოლოზი და დემეტრე (შვილიშვილები). პატარების სიყვარულმა ახალი ბიძგი მისცა ჩემს შემოქმედებას, დავიწყე საბავშვო ლექსების წერა, ასე შეიქმნა ლექსების ციკლი „ბავშვის დღიურიდან“.
– თარგმნით რუსულ პოეზიას, რომელი ავტორები თარგმნეთ?
– ჩემს კრებულში ცნობილი რუსი ავტორების თითო თარგმანია შესული: ლერმონტოვი, პუშკინი, ცვეტაევა, ახმატოვა, ახმადულინა, პასტერნაკი, ევტუშენკო და სხვ. თარგმანების რაოდენობა გაცილებით მეტია და მრავალფეროვანი, ამიტომ ცალკე ვაპირებ მათ გამოცემას. მთარგმნელთა კლუბი ბატონი ალექსანდრე ელერდაშვილის ხელმძღვანელობით, რომლის წევრიც ვარ, ძალიან მეხმარება გამოცდილების გაზიარებით თარგმანების დახვეწაში.
– ორიგინალურია ლექსი სამაჯურზე, რომლითაც ტკივილ-სიხარული იმარცვლება და მერე, „ლოცვას ლოცვაზე როცა დაითვლის, იქცევა სკვნილად“… რამდენიმე სტრიქონში დიდი ადამიანური განცდაა ჩატეული…
– ეს შეკითხვა განსაკუთრებით მომეწონა, რადგან საშუალებას მაძლევს, მოგიყვეთ ამ ლექსის შექმნის ისტორია. მარგალიტისგან აკინძული ერთი სამაჯური მქონდა, თითქმის არ ვიშორებდი, მერე, განსაცდელის ჟამს, ლოცვის ათვლა დავიწყე და მალე ის ჩემთვის სკვნილად იქცა… თვალშისაცემი არ იყო და ამიტომ კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ჩემს გარეგნულ მდგომარეობას სილამაზით უხდებოდა, შინაგანს კი – ლოცვის აღსრულებით. მერე ვეღარ გაუძლო და გაწყდა… ძალიან მაკლია, მსგავსი კი ჯერ ვერ ვიშოვე.
– რას ნიშნავს თქვენთვის სიყვარული?
– სიყვარული მარადისობასთან მიახლებაა, სიყვარული სიჩქარეა, რომელიც ზრდის და სრულყოფს სულს. მთელი ცხოვრება ვსწავლობ სიყვარულს და მაოცებს მისი სიდიადე… სიყვარული სისუსტე კი არ არის, ჩემში ის ყოველთვის ძალაა…
– თქვენი ლექსი…
***
ფურცელი არ ითხოვს, მოვფარჩო,
მეყოფა გვირგვინი გვირილის,
და მაინც სურვილი დამახრჩობს,
და ამიჯანყდება ყვირილით
სიჩუმე, რომელსაც ვდარაჯობ,
სიტყვები, რომელსაც მივტირი,
ხან საბადებელი და სარჩო,
ხან დილის უბრალო მოტივი…
რა ვწერო? – კითხვაა მარტივი.
პასუხი – მოწვეთავს ყაყაჩო…
– შორიდან დანახული საქართველო…
– ზოგჯერ შორიდან უნდა შეხედო ნახატს, რომ უკეთესად აღიქვა. სადღაც ამომიკითხავს: „ჭეშმარიტება ისაა, რასაც სიყვარულით უმზერ“.
ჩემი გზა ჭეშმარიტებისკენ სამშობლოზე გადის.
– სამომავლოდ რას გეგმავთ?
– 21 მაისს, ქალბატონი ინგა გოგიბერიძის მოწვევით, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში მექნება შეხვედრა მკითხველთან. ვმუშაობ მეორე კრებულზე „გამოღებული კარი“, რომლის რედაქტორი გახლავთ ბატონი ლაშა გვასალია და მოძღვრის კურთხევით ვთარგმნი ტიხონ შევკუნოვის გახმაურებულ წიგნს -„არაწმინდანი წმინდანები“..
თამარ შაიშმელაშვილი