„სულ ვგრძნობდი სიტყვას, ლიტერატურას, სადღაც აქ, ჩემს სულში, გულთან ახლოს, სისხლში“…
ბავშვობა სიღნაღში გაატარა, „პატარა პარიზში“, რომლის სურნელი დღემდე მოჰყვება… ლექსებს მაშინვე წერდა, „ნორჩი ლენინელში“ კი მისი პატარა პუბლიკაციები ქვეყნდებოდა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა. მოგვიანებით კი – სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის ქართულ–ფრანგული ფილოლოგიის სპეციალობა.
ამჟამად სკოლა „ოქროს აკვანში“ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად მუშაობს. ამბობს, რომ დღემდე ვერ გამიჯნა ურთიერთისგან ფილოლოგია და ჟურნალისტიკა.
სულ იცოდა, რომ სიტყვა და კალამი იყო მისი სამყარო… პუბლიცისტიკას და ფილოლოგიას დაემატა თარგმანი. პირველი მცდელობა 25-ოდე წლის წინ ჰქონდა. მას შემდეგ რუსული და ფრანგული ლიტერატურის მრავალი ნიმუში თარგმნა. თარგმნა, რომელსაც უწინ ჰობად მიიჩნევდა, უკვე ძირითადი საქმიანობაა მისთვის. ამბობს, რომ მარინა ცვეტაევამ სხვაგვარი ფიქრი ასწავლა.
მალე გამოიცემა პაატა ამონაშვილის რომანის „მარკუს ფაბიუს კვინტილიანეს“ მისეული თარგმანი. – ჟურნალისტის, პედაგოგისა და მთარგმნელის, მარინა გოგოლაშვილის პერსონა.
– სიღნაღს მაშინ სიყვარულის ქალაქი არ ერქვა, პატარა პარიზს უწოდებდნენ. აქ დავიბადე და გავიზარდე, თუმცა, მოგვიანებით, ოჯახური მდგომარეობის გამო, დედულეთში, ანაგაში, მოგვიწია ცხოვრებამ. ჩემი პატარა პარიზი კი ზღაპრად შემორჩა მეხსიერებას იქამდე, სანამ კვლავ არ დავბრუნდი „შინ“. ამ პატარა პარიზში, რაკი ყველა ერთმანეთს იცნობდა, საოცარი სითბო ტრიალებდა, რომლის ტკბილი სურნელი დღემდე მახსოვს. განსაკუთრებით სანუკვარი ზაფხულის საღამოები იყო. მთელი ქალაქი ულამაზეს, ამწვანებულ ბულვარში იყრიდა თავს და ტკბებოდა უფლის ნაბოძები სილამაზით.
მახსოვს №2 საბავშვო ბაღი. უტკბილესი ანაიდა მასწავლებელი… მახსოვს სიღნაღის სკოლაში შესვლის ჯადოსნური პირველი დღე, რომლის აღსანიშნავად, გაკვეთილების დასრულების შემდეგ მე და დედამ ერთად ჩამოვიარეთ ბულვარი, შევედით „გასტრონომში“, სადაც დედამ ტკბილეულობა შეიძინა და ჩაის საღამო მომიწყო – მოიწვია ნათესავები, ახლობლები, მეზობლები და მომილოცა „უკვე დიდი ბავშვობა“… მოგვიანებით სასკოლო ცხოვრება ჩვეულებრივი სოციალისტური დღეების განუყოფელი ნაწილი გახდა, ზუსტად ისეთი, როგორიც იყო ყველა ჩემი თანატოლისთვის – ძირითადად, ერთფეროვანი, შავ-თეთრი, შიგდაშიგ ტკბილ-მწარეც.
არ ვიცი, შეიძლება იმიტომ, რომ ეს იყო დაუნდობელ ცინიზმთან, ტყუილსა და გულგრილობასთან პირველი შეჯახება, დღემდე სევდით მაგონდება ერთი ამბავი, რომელიც უკვე ანაგის სკოლაში სწავლის დროს გადამხდა: ჩემმა ქართულის მასწავლებელმა (გვარს, რა თქმა უნდა, შეგნებულად არ დავასახელებ) დამიბარა და დამავალა დამეწერა ლიტერატურული კვლევა მოსწავლეთა რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე წარსადგენად. მაშინ უკვე გაცნობიერებული მქონდა ჩემი ჰუმანიტარული მიდრეკილებები და სიამოვნებით დავთანხმდი. იმხანად გატაცებული ვიყავი „ღიმილის ბიჭების“ – სამამულო ომში დაღუპული პოეტების: მირზა გელოვანის, ალექსანდრე საჯაიასა და გიორგი ნაფეტვარიძის პოეზიით და სწორედ ამ თემას ჩავუჯექი.
ცოტა ხანში მხვდება ჩემივე სკოლელი გოგონა, ჩემზე ერთი წლით უფროსი, და ინტერესდება, დავასრულე თუ არა თემაზე მუშაობა. ძალიან გამიკვირდა, შენ ეს საიდან იცი-მეთქი? – ვკითხე. ჩემთვის წერო… არ ვიცი, გულუბრყვილობით დაემართა თუ ცინიკურმა ქედმაღლობამ სძლია. ძალიან მეტკინა გული. დედაჩემმა, რა თქმა უნდა, უყურადღებოდ არ დატოვა ეს განუკითხაობა და განათლების განყოფილებაში გაარკვია ყოველივე. ისე შევეცოდე ერთ-ერთ თანამშრომელს (როგორ შემდეგ გავარკვიე, მერი გოგაშვილს), რომელიც უშუალოდ ამ ოლიმპიადას კურირებდა, რომ შემომთავაზა: ახალი თემის დაწყება ძალიან გვიანია და თუ თავად რამეს წერ, ის გავაგზავნოთო.
ცოდვა გამხელილი სჯობს, მე მაშინ ლექსებს ვწერდი და ათიოდე ლექსი გავაგზავნეთ ოლიმპიადაზე, საიდანაც მომივიდა მე-2 ხარისხის დიპლომი უთბილესი კომენტარით, რომლის ავტორიც აღმოჩნდა პოეტი ლაშა გახარია, რომელიც დღეს აღარ არის ამ სამზეოში. ჯერ ერთი, ვის და რატომ უნდა დაავიწყდეს ეს არაჩვეულებრივი პიროვნება და პოეტი, მაგრამ ვისაც არ უნდა დაავიწყდეს ეს სახელი და გვარი, მე არასოდეს დამავიწყდება, რადგან მისი უდიდესი დამსახურებაა, რომ მე ბედნიერი ვარ ჩემი სპეციალობებთ, ჩემი საქმიანობით, რომ ვეკუთვნი ლიტერატურასა და ჟურნალისტიკას…
სიმართლე გითხრათ, ეს ამბავიც სწორედ ლაშას გამო გავიხსენე. მინდოდა მეთქვა, როგორი ფრთხილი უნდა იყოს პედაგოგი, მოსწავლეს სული რომ არ დაუსახიჩროს. მე ამისგან არა პედაგოგმა, არამედ სრულიად უცხო ადამიანმა, მაშინ მხოლოდ ვიწრო ახალგაზრდული წრეებისთვის ცნობილმა პოეტმა მიხსნა.
ზოგადად კი, ბავშვობის მოგონებებს რა დალევს, ჩვენ, ყველა, ხომ იქიდან მოვდივართ.
– მომავალი პროფესია – ჟურნალისტობა სკოლიდან აირჩიეთ?
– თუ გულწრფელი ვიქნები, მეორე კლასიდან, რადგან სასკოლო კედლის გაზეთში უკვე „ბეჭდავდნენ“ ჩემს „სტატიებს“… ეს ისეთი სტიმული იყო… მერე, მეშვიდე კლასში „ნორჩ ლენინელში“ (ასე ერქვა საყმაწვილო გაზეთს, რომელშიც არაჩვეულებრივი ადამიანები მუშაობდნენ და ლენინთან და მის იდეებთან საერთოდ არავითარი კავშირი არ ჰქონდათ) დამიბეჭდეს პატარ-პატარა პუბლიკაციები, რედაქციიდან უსათნოესი ქალბატონი (მაშინ დიდი მეგონა) და დღეს საინტერესო პოეტი, მარინა თექთუმანიძე წერილებით მეხმიანებოდა. რომ იცოდეთ, რა ამაყი ვიყავი! აბა, ჩემ გარშემო რომელ მეშვიდეკლასელს მისდიოდა წერილები ნამდვილი რედაქციის ნამდვილი ჟურნალისტისაგან?!.. მართალი გითხრათ, ვერასოდეს მოვახერხე გამემიჯნა ჟურნალისტიკა და ფილოლოგია, ამიტომ ჯერ ერთ სპეციალობას დავეუფლე, მერე – მეორეს.
– ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრეთ… სტუდენტობა…
– სტუდენტობის მოსაგონარს რა დალევს? მაგრამ, ალბათ, ყველაზე ფასეული ჩვენი არაჩვეულებრივი ლექტორების ლექციები და ამ ლექციათა მიღმა დამოკიდებულებები იყო. ნოდარ ტაბიძე, დავით გამეზარდაშვილი, დალი ჩიკვილაძე, ლეო კავილაძე, სანდრო მამასახლისი, მერი ქრისტესაშვილი, ლეილა კაჭარავა, ქეთევან ცხადაძე, ნია აბესაძე, რეზო მიშველაძე… ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ის პიროვნებები იყვნენ, რომელთა გვერდით უბრალოდ ყოფნაც კი საოცრად გვზრდიდა, ცხოვრებას გვასწავლიდა და ჩვენში სულიერ ტრანსფორმაციას ახდენდა. თავად სტუდენტურ ცხოვრებას რაც შეეხება, ბოჰემური, გამცდენი, ზარმაცი, ამკლები სტუდენტი არასოდეს ვყოფილვარ, ჩემი ინტერესების არეალი ახალგაზრდა მწერალთა წრით, პირველი კორპუსის სამკითხველო დარბაზით, საჯარო ბიბლიოთეკით, კაფე „სტუდენტურითა“და „ჩაის სახლით“ შემოიფარგლებოდა, თუმცა ხანდახან ახალგაზრდულად მეც გადავირეოდი ხოლმე. მახსოვს, ერთხელ ბიძაჩემმა ნადირობიდან ხოხობი მოიტანა. ულამაზესი ფრთები ჰქონდა. ერთი, ყველაზე ჯადოსნური ბუმბული, ამოვარჩიე და მხართან მივიმაგრე კაბაზე. ასე დავდიოდი მთელი დღე. ერთ ნაცნობს მოუკრავს თვალი ჩემთვის და ჩვენი საერთო მეგობრისთვის დაურეკავს: „ეს გოგოლაშვილი სულ გადაირია, დღეს ავტობუსიდან დავინახე „აჭარის “ წინ ხოხბის ფრთებით „დაფრინავსო“…ძალიან დიდი სევდანარევი სიტკბოთი მახსენდება პრაქტიკა ცხინვალის საოლქო გაზეთში. სევდით იმიტომ, რომ მაშინ ვერაფრით ვიფიქრებდი, თუ ქართველისთვის ცხინვალში სტუმრობა ანდა ცხოვრება ფანტასტიკის სფეროდ იქცეოდა. თუმცა მაშინ წასასვლელად ფეხს ვითრევდით მე და ჩემი კიდევ სხვა ოთხი კურსელი, მაგრამ ბატონი ნოდარის თვალს სად გავექცეოდით? „სტუდენტურში“ მოგვკრა თვალი. გაჭიმული, ფართე ნაბიჯებით მიმავალი (როგორც იცოდა) უცებ შედგა, კაფეში შემობრუნდა და ცალწარბაწეულმა თავის კაბინეტში გვიხმო: „ამოდით ჩემთან!“…
მეორე დღესვე მორჩილად გავემგზავრეთ ცხინვალში და სასტუმრო „აილა“ თუ „იალაში“ (ან შესაძლოა, საერთოდ მეშლება სახელი) დავბინავდით. იმავე საღამოს „გამოცხვა“ ჩემი პაროდია: „იყო მეოთხესა წელსა კურსისასა ოვსთა რედაქციისასა კარად შიოსასა (რედაქტორი იყო ბატონი შიო ლარცულიანი) წარემართნენ ოთხნი მრწემნი ასულნი ტაბიძეისნი…“ ძალიან ტკბილად მახსოვს კითხვა-კითხვით სარედაქციო მასალებზე გასვლა და ნებისმიერი ადგილმდებარეობის ასე მინიშნება ადგილობრივების მხრიდან: „ფრიამა“. და ეს „პირდაპირ“ იმიტომ, რომ ამ დალოცვილ ქალაქში, საიდან სადაც არ უნდა წასულიყავი, მაინც ცენტრში მოგიყვანდა ქალაქის დაგეგმარება. იქ კი კაფე „ფატიმა“ გველოდა, სადაც უგემრიელეს ყავას ხარშავდნენ ქვიშაზე და სადაც მთელ საღამოებს ახალგაზრდულ„ფილასოფოსობაში“ ვატარებდით.
– მოგვიანებით დაამთავრეთ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის ქართულ–ფრანგული ფილოლოგიის სპეციალობა….
– რატომ ქართულ-ფრანგული? ქართული ფილოლოგია, ალბათ, გასაგებია. ასეთი დავიბადე – ქართულზე შეყვარებული! სულ ვიცოდი, რომ სიტყვა და კალამი იყო ჩემი სამყარო. თუ მკრეხელობაში არ ჩამომართმევთ, ისეთი ჩემეულია, ისე მესმის მარინა ცვეტაევას ცნობილი სტრიქონების ქვეტექსტი: „Моим стихам, написанным так рано,Что и не знала я, что я – поэт…“ მეც სულ ვგრძნობდი სიტყვას, ლიტერატურას სადღაც აქ, ჩემს სულში, გულთან ახლოს, სისხლში… აქ რაიმე ლოგიკური ახსნა არ მაქვს, სავარაუდოდ, რაღაც ქვეცნობიერიდან მოდის, ისევე, როგორც ფრანგული ენის, ლიტერატურისა და მთელი მისი ცივილიზაციის სიყვარული.
– ჟურნალისტი და ფილოლოგი ხართ. ამბობთ, რომ სკოლაში რედაქცია გენატრებათ, რედაქციაში –სკოლა… და მაინც რომელს ანიჭებთ უპირატესობას?
– მართალი გითხრათ, ვერასოდეს მოვახერხე, გამემიჯნა ჟურნალისტიკა და ფილოლოგია, ამიტომ ჯერ ერთ სპეციალობას დავეუფლე, მერე – მეორეს. ვფიქრობ, ჟურნალისტიკაში (სადღა აღარ, მაგრამ აქ განსაკუთრებით) ძალიან მოიკიდა ფეხი დილეტანტიზმმა, ზედაპირულობამ, არაპროფესიონალიზმმა, მერკანტილურ მიზნებზე გათვლილმა საქმიანობამ, გაუნათლებლობამ, უნიჭობამ. დღეს საერთოდ არავის სჭირდება ილიას, სერგეი მესხის, ნიკო ნიკოლაძის პუბლიცისტური გამოცდილების ცოდნა. არც ქართულად გამართული მეტყველებაა საჭირო, მთავარია, გქონდეს სკანდალის აგორებისა და ინტრიგის შექმნის ამაზრზენი ნიჭი (მე, რა თქმა უნდა, ბოდიშს ვუხდი თითებზე ჩამოსათვლელ რამდენიმე ნიჭიერ და მაღალპროფესიონალ ჟურნალისტს, რომელთა შორის ჩემი მეგობრებიც მეგულებიან, და რომლებიც დღემდე შემორჩნენ და, ამ პროფესიის სიყვარულის გამო, ვერ ელევიან პუბლიცისტის საქმეს, მაგრამ ცხადია, ერთეულები ვერ ცვლიან ზოგად სიტუაციას).
ამიტომ გადაწონა, ალბათ, ლიტერატურის სიყვარულმა. ბავშვებს გრამატიკას მაინც ასწავლი, გემოვნებას დაუხვეწავ, ურჩევ, რომ არ დაიჯერონ, თუ ვინმე ლექსს აუგად მოიხსენიებს და ლექსის ზეპირად მსწავლელს „თუთიყუშობას“ დააბრალებს; აუხსნი, რომ ლექსი ჯერ უნდა გაისიგრძეგანო, დააგემოვნო, როგორც საუკეთესო შოკოლადი (ტკბილიც და მწარეც) და მერე ისე შეგიყვარდება, რომ თავად შემოგესწავლება. ეს კი აუცილებელია, რათა ტვინში ის კონსტრუქციები ჩაილექოს, რომელთა გარეშეც ვერასოდეს შეძლებს მოზარდი, ერთდროულად ღრმად და ლამაზად იაზროვნოს, „მაგარი“ თემა დაწეროს… თავადაც მაქვს მეტი საშუალება, ჩავუღრმავდე ლიტერატურას, რაც დიდ სიამოვნებას მგვრის. მოკლედ, აქეთ დაიბუდა გულმა და ხომ გახსოვთ, შოთა რას გვეუბნება: „გული, ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან, / რა გული წავა იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან…“
– მუშაობდით თელავისა და სიღნაღის რაიონულ გაზეთებში, „ვერსიასა“ და „დილის გაზეთში“, ჟურნალ „გზაში“- კორექტორიდან რედაქტორის მოვალეობამდე. იყავით სიღნაღის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის უფროსი… რას გაიხსენებთ ჟურნალისტური წარსულიდან?
– უჰ! უამრავია მოსაგონარი. სახალისოს გავიხსენებ: გაზეთ „თბილისში“ წინასადიპლომო პრაქტიკას გავდიოდი, როდესაც ეკრანზე ალეკო ცაბაძის „ლაქა“ გამოვიდა. რედაქციაში მთავარი როლის შემსრულებელ ქიშო გლუნჩაძესთან ინტერვიუს ჩაწერა დამავალეს და ტელეფონის ნომერიც მომცეს. გავიკითხე და ერთმა მეგობარმა შეშინებულმა მირჩია: „ეგ, გოგო, ჩემი მეზობელია. გადარეული ბიჭია და სახლში რომ ბრუნდება, ხალხი კორპუსებში ადის. თან ჟურნალისტებს ვერ იტანს და შანსი არ არის, ინტერვიუზე დაგთანხმდესო“.
არადა, ნოდარ ტაბიძის მოძღვრების ერთი დებულება ასეთი იყო: თუ კარიდან გაგდებენ, შედით ფანჯრიდან“.
ბევრჯერ დავრეკე, მაგრამ ერთი ქალბატონი სულ ერთსა და იმავე პასუხობდა: სახლში არ არისო. მერე, ეტყობა, ამ ქალსაც დაამახსოვრდა ჩემი ხმა და მორიგი დარეკვისას მითხრა: შვილო, მე დედა ვარ ქიშოსი. ის სახლში მოდის ღამის 2-ზე და დილის 6-ზე ისევ გადის. თუ აუცილებელი საქმე გაქვს, მაგ დროს დარეკეო. ცხადია, იმავე ღამეს დავრეკე. მიპასუხა, როგორც იქნა. მე, რა თქმა უნდა, გაზეთი და ჟურნალისტი არ მიხსენებია. შევთხზე „ამბავი“, რომ ვსწავლობ თეატრალურის კინომცოდნეობაზე და სადიპლომოდ ვმუშაობ თანამედროვე ქართულ კინოზე. მორიდებით შევთხოვე, ეგებ, „ლაქაზე“ ვისაუბროთ-მეთქი. კარგიო, დამთანხმდა, თუმცა, უცნაური ულტიმატუმით: საღამოს 7 საათზე მარიონეტების წინ, კონკასთან მოდი, თუ დააგვიანებ, ერთ წუთსაც არ მოგიცდიო… ამ შეთანხმებას კი მივაღწიე, მაგრამ მაგრად შევფიქრიანდი. ამდენი ხნის მერე, უნდა ვაღიარო, ცოტა არ იყოს შემეშინდა და დღეს ცნობილ ადვოკატს, ლია მუხაშავრიას, რომელთანაც სტუდენტობის დროინდელი მეგობრობა მაკავშირებს, ვუთხარი ამის შესახებ. მეც წამოვალ, ძალიან დავინტერესდიო,-შემპირდა.
ნოემბრის ცივი, ნისლიანი და წვიმიანი საღამო იდგა. უკვე ისე ბნელოდა, ლამპიონებიდან შუქი ძლივს ბჟუტავდა. მე და ლია 7-ის ნახევარზე უკვე კონკაში ვისხედით. გარშემო არავინ ჩანდა… ასეთი ცარიელი ქალაქი თითქმის არასოდეს მახსოვს… უცებ, ქვევიდან ვიღაც ყაბალახიანმა ახალგაზრდამ ამოუხვია. ჩვენ დაძაბულები ვაკვირდებოდით: „ის არის?“ „ის არ არის?“. ბოლოს ლიამ მის ქამარზე ჩამოკიდებულ ბოქლომს მოჰკრა თვალი და ჩამჩურჩულა: „ისაა, ბოქლომიანი შარვლით სხვა ვინ დადის თბილისშიო!“ (ახლაც გიჟივით მეცინება, ამას რომ ვიხსენებ).
თუმცა თავად ქიშოს ჩვენკენ არც გამოუხედავს, ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა გზა განაგრძო და ჩვენც სხვა რაღა დაგვრჩენოდა, სირბილით გავყევით. მან ერთ მოკირწყლული მოკლე ქუჩაზე გადაუხვია და აქ კი შევჩერდით… ის მოგვიბრუნდა, ხელით გვანიშნა და გარკვევით დაგვიძახა: „წავედით!“. მექანიკურად მივყევით, მაგრამ უეცრად ძირს რომ დაიხარა და პატარა კენჭი აიღო, ევფიქრიანდით და გასაქცევად მოვემზადეთ, მან კი ძველთბილისური აივნიანი სახლის ფანჯარაში ისროლა. იქიდან ხანში შესულმა კაცმა გამოიხედა და „ამოდით, ქიშოო“… ქიშომ კიდევ ერთხელ ხელით გვანიშნა, გავყოლოდით და ჩვენ მუხლების კანკალითა და რისკის განცდით ავუყევით ხის ხვეულ კიბეს…
უეცრად თავი ამოვყავით გემბანივით მოქანავე სამხატვრო სახელოსნოში, რომელიც ეკუთვნოდა, არც მეტი, არც ნაკლები, უდიდეს აბსტრაქციონისტ მხატვარს – ბატონ ლევან მაღალაშვილს. სხვა რომ არაფერი, მარტო ამ ჯადოსნური თავგადასავლის გამო ვარ მადლიერი ჩემი პირველი პროფესიის – ჟურნალისტიკისა. ნუ, იქ რაზეც ვისაუბრეთ, ეს ყველაფერი გაზეთ „თბილისში“ დაიბეჭდა. ამიტომ აქ ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ. საინტერესო ჟურნალისტურ კულისებს მიღმა დარჩენილი ნაწილია.
თავად ქიშო ათას წელს არ წაიკითხავდა გაზეთს, ამ მხრივ მშვიდად ვიყავი, მაგრამ ჩვენ აღმოგვაჩნდა საერთო ნაცნობი, რომელსაც უნახავს ეს ინტერვიუ და ნიშნისმოგებით უთქვამს ქიშოსთვის, აკი ჟურნალისტებს ვერ ვიტანო?… ქიშომ კი მას ჩემი ტელეფონის ნომერი გამოართვა და დამირეკა : „გოგოლაშვილო, თბილისიდან გაქრი, თორემ სადაც გადაგეყერები, იქ გცემო…“
ახლა მეღიმება, მაგრამ მაშინ ისეთი შეშინებული ვიყავი, მახსოვს ერთხელ ვერიდან უნივერსიტეტისკენ ფეხით მივდიოდი და თვალი მოვკარი ჩემ მოპირდაპირედ მომავალ ქიშოს, რომელსაც ბუდეში გამოხვეული კონტრაბასი მოჰქონდა. ძალიან საშიშ იარაღად ჩავთვალე და იქვე გაჩერებულ ტროლეიბუსს შევახტი, ოღონდ ისევ რუსთაველზე დავეშვი… კარგა ხანს ვემალებოდი, მხოლოდ მას შემდეგ მომეხსნა დაძაბულობა, რაც გავიგე, რომ იმ საშინელ 90-იანებში ისრაელში წასულა საცხოვრებლად. ახლა იმდენი დრო გავიდა, ამ მონათხრობს კიდეც რომ წააწყდეს, თავადაც კარგად იცინებს, ალბათ…
მართლა ძალიან ბევრი რამ მახსოვს, მნიშვნელოვანი, საინტერესო, სევდიანი, მხიარული, კურიოზული… აი, ამ წამს იდეაც დამებადა – ნამდვილად ღირს მემუარების დაწერა… ცხადია, ამ ერთ ინტერვიუში ყველაფერს ვერ ჩავატევ, მაგრამ არ შემიძლია ხაზგასმით არ აღვნიშნო ყველაზე მთავრი – ჟურნალისტიკამ მე დიდ ოთარ ჭილაძესთან პირადი ნაცნობობა მაჩუქა. ეს ჩემი წარსულის უმთავრესი და უწმინდესი რელიკვიაა და ამაზეც ბევრი მაქვს საწერი.
– ვიყავი მიწვეული ლექტორი თსუ–ს სიღნაღის ფილიალში. დღეს სიღნაღის ფილიალი აღარ არსებობს… არადა, საჭიროება ვფიქრობ, რომ არის…
– დიახ, ჩემს პედაგოგიურ ცხოვრებაში იყო ნათელზე ნათელი წლები, როდესაც მე ურთიერთობა მქონდა თსუ-ს სიღნაღის ფილიალის სტუდენტებთან. ვისაც იმ დროს ამ საოცარ სამყაროსთან შეხება ჰქონია, ყველა დამეთანხმება, რომ სიღნაღში მისი გაუქმება, რბილად რომ ვთქვათ, ახალგაზრდების სულის უპუროდ დატოვება იყო. არ ვფიქრობ, რომ ტურიზმმა უფრო მეტი განვითარება მოუტანა ამ პაწია, კოპწია ქალაქს, ვიდრე საუნივერსიტეტო განათლებას მოჰქონდა, რადგან სიღნაღი ოდითგან იყო კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრი, ჯერ მარტო მისი თეატრალური და მუსიკალური წარსული რად ღირს, რომ არაფერი ვთქვათ ჟურნალისტიკის გარიჟრაჟზე… და ეგეც რომ არ იყოს, ორივე ერთად უფრო მეტად გააძლიერებდა სიღნაღს, ერთი კი მეორეს ხელს არ შეუშლიდა.
მახსოვს აბსოლუტურად მიყრუებული სიღნაღი, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ არტეფაქტს რომ დაემსგავსა ბნელ 90-იანებში და მერე სწორედ თსუ-ს ფილიალის გახსნამ გადაარჩინა ის საბოლოო გაქრობას…
– ამჟამად მუშაობთ სკოლა „ოქროს აკვანში“. რა არის უმთავრესი პრობლემა ქართულის მასწავლებლისთვის? ზოგადად, რამდენად მოგწონთ პროგრამა და რა ცვლილებას შეიტანდით, თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული?
– უნდა ვაღიარო, ეს ყველაზე მტკივნეული საფიქრალია ჩემთვის. აქვე ღიმილით ვიტყვი: ფილოლოგები ყველაზე უპრეტენზიო ხალხი ვართ – კოლბები ჩვენ არ გვჭირდება და სინჯარები; მიკროსკოპები და ტელესკოპები… ჩვენ გვჭირდება სრული თავისუფლება, რომელიც მომცემს საშუალებას, მოვაწყო არა საკლასო ოთახი, არამედ მყუდრო ლიტერატურული სალონი, სადაც ბავშვები იგრძნობენ არა ვალდებულებას, რომ უნდა წაიკითხონ, დაწერონ, იაზროვნონ, იფიქრონ, არამედ იგრძნობენ ყოველივე ამის მოთხოვნილებას. ამთავითვე ხაზგასმით უნდა ვთქვა: აუცილებელია, ქართული ენის გრამატიკას დაუბრუნდეს თავისი ღირსება, რადგან ძალიან უხერხულია საუკეთესო მასწავლებლით ვამაყობდეთ და „ამგენი“- „იმგენით“ „შეკმაზული“ მეტყველებით ვისმენდეთ მის ინტერვიუს ჩვენც და მისი საკუთარი მოსწავლეებიც.
პედაგოგებს, რა საგნის სპეციალისტიც არ უნდა იყოს ის, სტუდენტობისას უნდა ეკითხებოდეთ ლექციები მეტყველების კულტურაში, იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ისინი საუბრობენ მოსწავლეებთან და ჩვენმა გოგო-ბიჭებმაც მათგან უნდა შეითვისონ სწორმეტყველების ფორმები. აგრეთვე, სკოლებში გრამატიკის მაღალ დონეზე სწავლება კი ისეთ უხერხულობას (მინიმუმ) აგვარიდებს თავიდან, როგორებიცაა სტილისტურ-მორფილოგიური კაზუსები: „კომისიამ მოახდინა დათვლა“, „ჩვენი ჯარისკაცები ამ ომში მოკვდნენ“, „მაღალ დონეზე სწარმოებს დასწრება…“ მოკლედ, რა მოთვლის?!
დღეს ნებისმიერ მომენტში ტელევიზიიდან გაიგონებთ მსგავს მეტყველებას ჟურნალისტთა და პოლიტიკოსთაგან, სამწუხაროდ! თითქოს არაფერი, მაგრამ ენისადმი ასეთი გულგრილი დამოკიდებულება ტრაგედიამდე მიგვიყვანს. ილიასგან დანატოვარი სამი მამაპაპეული საუნჯიდან, თუ ენა დამახინჯდა და მამული შაგრენის ტყავივით ხელებში ჩაგველია, მაშინ მარტო უფლის რწმენამ (ისიც, ვინ იცის, რამდენად მყარმა?!) რა ქნას?! … და თუ ვინმე ამას ტრაგედიად არ მიიჩნევს, ეს უკვე სულ სხვა პრობლემაა და პედაგოგის ზრუნვის კომპეტენციასაც ძალიან სცილდება.
რაც შეეხება ლიტერატურას, ვფიქრობ, მოცემული პროგრამის ფარგლებში პედაგოგს ლავირების უფლება უნდა მიეცეს, თორემ შეიძლება, ჭკუის სწავლების ნაცვლად მტრული დამოძღვრა გამოგვივიდეს (მავანი იტყვის, ეგ პედაგოგის ხელოვნებაზეცაა დამოკიდებულიო, მართალია, მაგრამ ასაკს რა ვუყოთ, რომელიც ყველა მოზარდს ერთნაირად არ გადააქვს)?!.
ხომ შეიძლება, ნუგზარ შატაიძის მართლაც საყურადღებო და საეტაპო „მოგზაურობა აფრიკაში“, სულ მცირე ადაპტირებით მიეწოდოს მოზარდებს, რათა წებოს ყნოსვის პროპაგანდა არ მივიღოთ უნებლიე შედეგად?!
რამდენიც უნდა უხსნა მოზარდს, რომ აი, რა შეიძლება დამართოს მას ომმა, რეჟიმების რყევამ, სიმშვიდედაკარგულმა ბავშვობამ, ის მაინც აფრიკას დაინახავს, თავისი თვალისმომჭრელი ველური სიჭრელით, რადგან მეშვიდე, მერვე, ან მეცხრე კლასშია. მახსოვს, ღრმა ბავშვობაში, ზუსტად მესამე კლასში, დედამ ამიკრძალა, მივკარებოდი ერთი პროლეტმწერლის, იაკინთე ლისაშვილის, რომან „ერთგულებას“, რომელიც ჩვენს საოჯახო ბიბლიოთეკაში ინახებოდა. უნდა გენახათ, რა კონსპირაციულად ვკითხულობდი და როგორ მომწონდა ერთი პერსონაჟი – ამორალური გოგონა, რომელიც დაუმეგობრდა წესიერი საბჭოთა სტუდენტს და დაღუპა იგი. ხვდებით, რა თქმა უნდა, აქ ზუსტადაც რომ საწინააღმდეგო რამ იკითხება, მაგრამ მე უკუღმა მინდოდა გამეგო, რადგან ასაკი „წაღმა“ აზროვნების საშუალებას არ მაძლევდა.
ჩემი აზრით, მოზარდთა სალიტერატურო პროგრამისთვის შესასწავლად უნდა შეირჩეს ყველაზე თბილი, კეთილი, ემოციურად დადებითად დამმუხტავი ნაწარმოებები, ხოლო მერე, რა თქმა უნდა, შეიძლება და საჭიროცაა, ლიტერატურული ტრაგედიებიც განიცადოს და აიტანოს ახალგაზრდის სულმა და აზროვნებამ.
ურიგო არ იქნება, გადავხედოთ ძველ ქართულ ლიტერატურას და ერთი ან ორი ნაწარმოები შევარჩიოთ ნიმუშად, რომლითაც დარწმუნდება მოსწავლე, რომ, დიახ, ჩვენ დიდებული ლიტერატურული წარსული გვაქვს. მხედველობაში მაქვს ჰაგიოგრაფიული მწერლობა. „ვეფხისტყაოსნის“ მეათე კლასში შესწავლაც ძალიან ნაადრევი მგონია. აი, მეთორმეტე კლასს თუ მთლიანად ამ ჩვენს ქართულ „ბიბლიას“ დავუთმობთ და მართლაც მთელი თავისი სიღრმით (და არა ზღაპრად, რომელშიც დევგმირი ტარიელი ხელით ახრჩობს ვეფხვს, ხოლო ავთანდილი ქუსლით ამხობს ხომალდს ზღვაში, რაც ძალიან მოსაწყენი და საღიმილოც კი ხდება 21-ე საუკუნის ახალგაზრდისთვის) შევამეცნებთ მას ახალგაზრდებს, ჩვენი ქვეყნის მომავლის ბედს, როგორც იტყვიან, „ძაღლი არ დაჰყეფს!“… მოკლედ, ეს უდიდესი თემაა და ერთი ინტერვიუ კი არა, მთლიანი კვლევის დაწერა დამჭირდება, რათა ჩემი მოსაზრებები ასე ფრაგმენტულად კი არ ჩამოვაყალიბო, არამედ, სისტემის ფორმა მივცე…
– ხშირად თარგმნით რუსულ პოეზიას, ასევე ფრანგულიდანაც… როდის დაიწყეთ თარგმნა და რომელ ავტორებს გამოყოფდი?
– აი, საკუთარი ლიტერატურული სამკუთხედიც სახეზეა, რომლის ორ ფუძეს- პუბლიცისტიკასა და ლიტერატურას აგვირგვინებს ჩემი შემოქმედებითი ვნების ნამდვილი მწვერვალი, მისი უდიდებულესობა – თარგმანი. პირველი მცდელობა 25-ოდე წლის წინ მქონდა. ერთმა საინტერესო პიროვნებამ შემომთავაზა ჟაკ პრევერის ლექსი – „ყავის ჭიქში დაასხა ყავა“… მეთარგმნა. ვთარგმნე, ვაჩვენე, ძალიან მოეწონა… ეს იყო და ეს! მაშინ განსაკუთრებული არაფერი მიგრძვნია, არც ეს საქმე შემყვარებია. ხანდახან, მოცლის ჟამს, ვესტუმრებოდი ხოლმე ფრანგულ პოეზიას. ორჯერ პროზაც ვთარგმნე – მოპასანის „ყელსაბამი“ და ფრანსუაზ საგანის „გამოსათხოვარი წერილი“…
ამ 6-7 წლის წინ (ზუსტი დროის დასახელება გამიჭირდება), ერთი ჩემი ექსმოსწავლე, რომელთანაც ახლა მეგობრობას ვაგრძელებ (აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ ეს ჩემი ცხოვრების წესია – მოსწავლეთა ნაწილი მოგვიანებით მეგობრებად მკვიდრდებიან ჩემს საახლობლოში), კობა ჯანიაშვილმა, დამირეკა და შემომთავაზა, არ გინდათ, ნახოთ, ცვეტაევას თარგმნას შეძლებთ თუ ვერაო? ეს რაღაცნაირ გამოწვევას ჰგავდა. სტუდენტობაში ხელნაწერებით გაცნობილი ცვეტაევას პოეზია საერთოდაც გადამავიწყდა… დავთანხმდი და კობამ სამესიჯოთი გამომიგზავნა „მონოლოგი“ – აი, კონკრეტულად ეს სცადეთ, ძალიან ძნელი სათარგმნელი მგონიაო… რასაც ჰქვია, შევეჭიდე და რომ გითხრათ, ადვილად მოვერიე-მეთქი, ცხადია, არც დამიჯერებთ… აი, ასე დაიწყო და გარდა იმ დიდი შემოქმედებითი სიამოვნებისა, რომელსაც თარგმანი მანიჭებს, კონკრეტულად, მარინა ცვეტაევამ, სულ სხვანაირი ფიქრი მასწავლა. დიახ, თარგმნის პროცესში სწავლობ ფიქრს – სხვისი ფიქრით ფიქრს და ეს ენით აღუწერელი მისტიკაა, რომელსაც, ვგრძნობ, ვეღარასოდეს შევეშვები.
– ჰობი?
– ხუთიოდე წლის წინ, შესაძლოა, მეთქვა, რომ სწორედ თარგმნაა ჩემი ჰობი, თუმცა, ახლა უპირველეს საქმიანობად მივიჩნევ. ამჟამად მოუთმენლად ველოდები საოცარი წიგნის გამოსვლას, რომლის ავტორია პაატა ამონაშვილი, რომელიც რუსულად უკვე გამოცემულია და რომლის ქართული თარგმანიც მე შევასრულე. ამ ბოლო დროს ასეთი კარგი, ღრმა შინაარსიანი და ლიტერატურულად დახვეწილი ფენტეზი არ წამიკითხავს. მე რომ მკითხოს ვინმემ, „მარკუს ფაბიუს კვინტილიანე“ პედაგოგთა სამაგიდო წიგნად უნდა გამოცხადდეს; მეტიც, ის სავალდებულო დასამუშავებელ სახელმძღვანელოდაც შეიძლება აირჩიონ ფსიქოლოგებმა, ტრენინგის სპეციალისტებმა, თავად პედაგოგებმა…
ასე, რომ თამამად შემიძლია ვთქვა, ჩემი ჰობი ჩემი ლიტერატურული საქმიანობაა – სასკოლოც და მთარგმნელობითიც.
– სამომავლო გეგმები…
– მომავლის მიზნებს რაც შეეხება, მოდით, ეს საიდუმლოდ დავტოვოთ, რადგან მიყვარს სიურპრიზები…
და კიდევ, ერთი: ცხოვრების გარკვეულ, არცთუ მცირე პერიოდში, კორესპონდენტის როლი მქონდა მორგებული და თავს კომფორტულად ვგრძნობდი. მინდა ვაღიარო, რესპონდენტობა უფრო ძნელი აღმოჩნდა…
თამარ შაიშმელაშვილი