„როცა გარგარი ყვავის“… – ფერწერა, კოსმოსი და… კატა „მარგალიტა“…
მესხეთში დაიბადა და გაიზარდა. ხატვა ბავშვობიდან უყვარდა. იყო დრო, ჰერბარიუმით ქმნიდა ნახატებს, გამოუყენებელი მასალით კოლაჟებს აწყობდა…
პირველი პროფესია მედიცინას უკავშირდება, რადგან ოჯახში და მის ირგვლივ უმეტესობა პედაგოგი და ექიმი იყო. 90-იან წლებში რუსეთში აღმოჩნდა, სადაც, ერთხანს, ქირურგიაში იმუშავა მედდად.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტზე…
მხატვარი, დიზაინერის პროფესიით, ამჟამად ულამაზეს ფერწერულ ნამუშევრებს ქმნის. ამბობს, რომ ყველა ნამუშევარში სულის ნაწილი დებს და ყოველ მათგანს თავისი ისტორია აქვს.
ჰყავს ერთი შვილი და კატა „მარგალიტა“. ამჟამად შვილთან ერთად დროებით ცხოვრობს ერევანში.
– დავიბადე 1970 წელს, მესხეთში (ადიგენის რაიონი სოფელი უდე), ერთ-ერთ ქართულ ტრადიციულ ოჯახში. დედა – პედაგოგი იყო, მამა – ეკონომისტი. რადგან იმ დროს მშობლები სტუდენტები იყვნენ, უმეტესად, ბებიასთან ვიზრდებოდი (დედის მხრიდან).
როგორც დედამ მითხრა, ხატვა ადრეულ ასაკში დამიწყია და სულ იმას გავიძახოდი – „დავხაკო“-მეთქი.
ვხატავდი ყველგან და ყველაფერზე (სახლში ხელმეორედ რემონტიც კი გაუკეთებიათ, რადგან ჩემს სიმაღლეზე სულ მიხატული იყო). სხეულზე ვახატავდი ბებიას, რომელიც არასდროს მაწყვეტინებდა… ბოდიარტშიც მომისინჯავს თავი.
ბებიასთან განსაკუთრებით მიყვარდა ერთი ოთახი, სადაც ხშირად მაძინებდნენ. ამ ოთახში ფანჯრიდან კედელზე ირეკლებოდა აივანზე განათებული ნათურით წარმოქმნილი ვაზის ფოთლების ჩრდილები და როცა მათ ნიავიც არხევდა, ისინი მოძრაობდნენ, ათასგვარ ფორმებს იღებდნენ… ერთი სიტყვით, საკუთარი ,,ჩრდილების თეატრი“ მქონდა.
მაჩუქეს მოსკოვიდან ჩამოტანილი დიდი წითელი ფანქარი, რომელიც ძალიან მიყვარდა და დიდი სიამოვნებით ვხატავდი.
რაც თავი მახსოვს, ბავშვური თამაშები არ მითამაშია, ერთადერთი, რაც მიყვარდა, დახუჭობანა იყო და აქაც დამალვა უფრო მიყვარდა. სულმოუთქმელად ველოდი, ვინ მიპოვიდა.
მახსენდება, როცა თოჯინებს მჩუქნიდნენ, იმათაც კი პლასტილინით მკერდს, ქუსლიან ფეხსაცმელს ვუძერწავდი, ვაცმევდი საკუთარი ფანტაზიით და ვაჭრიდი თმებს… ფაქტობრივად, „ბარბის“ თოჯინებს ჰგავდა, რომელიც მაშინ არ არსებობდა.
ჩემი ბავშვური წარმოსახვიდან გავიხსენებდი პაპაჩემის საოჯახო ბიბლიოთეკას, სადაც ძალიან მიყვარდა შესვლა და გამადიდებელი შუშით იმდროინდელ საბჭოთა ენციკლოპედიებში ნახატების და არქიტექტურული ნაგებობების დათვალიერება… გამადიდებელი შუშით ახლოდან ვაკვირდებოდი და ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, თითქოს მეც იქ, ამ უზარმაზარ შესასვლელ კართან ვიდექი…
ახლა რომ ვაანალიზებ, თურმე იმ დროს ჩემებური 3D მქონია, სადაც ვირტუალურად ვმოგზაურობდი. ძალიან მომწონდა აივაზოვსკის ნამუშევრები და რას წარმოვიდგენდი იმ დროს, თუ ოდესმე მის ქვეყანაში მომიწევდა ცხოვრება და მისი ორიგინალური ნამუშევრების რეალურად ნახვა.
კიდევ ერთს გავიხსენებდი ჩემი წარმოსახვიდან… მახსოვს, როგორ გული დამწყდა, როცა გავიგე, ვერმიშელი და მაკარონი ქარხნულად მზადდებოდა, არადა ჩემს წარმოსახვაში იმდენად დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერმიშელი პატარა ბუჩქებზე და მაკარონი ოდნავ მოზრდილ ხეებზე იზრდებოდა, რომ კითხვაც არ გამჩენია მათ შესახებ (ოდესღაც დავხატავ ალბათ).
ბავშვობაში, რაღაც პერიოდის განმავლობაში, სპექტაკლების დადგმით ვიყავი დაკავებული, სადაც რეჟისორი, სცენარისტი, კოსტიუმების მხატვარი და გამფორმებელიც მე ვიყავი და და-ძმა მსახიობები. ერთ-ერთი უსაყვარლესი სპექტაკლი „კომბლე“ იყო.
იყო დრო, როცა ჩემი ხელით შეკერილი თოჯინებით ბავშვებს თოჯინების თეატრს ვუტარებდი, სამწუხაროდ, უმეტესი რამ ჩემი ბავშვობიდან არ შემომრჩა, არც ფოტო, არც ეს თოჯინები, მაგრამ მყავს ცოცხალი მოწმეები, ბავშვები, თანაკლასელები, მეზობლები და დარწმუნებული ვარ, მათ დღესაც ახსოვთ.
ოჯახში, სადაც ვიზრდებოდი, ფაქტობრივად არაფერი არ მაკლდა, მაგრამ ბავშვობიდან არ მასვენებდა ეს შეგრძნება… ვეძებდი და მხოლოდ მაშინ, როცა მთლიანად თავი ხელოვნებას დავუთმე, მივხვდი, რაც მაკლდა… თითქოს ვიპოვე ჩემი ადგილი.
– ნახატებს ჰერბარიუმით ქმნიდით…
– კი, ჰერბარიუმითაც ვქმნიდი ნამუშევრებს როგორც ადრეულ ასაკში, ისე მოგვიანებითაც. საკმაოდ საინტერესო და შრომატევადი პროცესია. საგულდაგულოდ შერჩეულ მცენარეებს ვახმობდი ისე, რომ არ დაჰკარგოდათ ფერი და ფორმა. მერე კი პინცეტით გადამქონდა ფურცელზე და ვქმნიდი ნამუშევარს.
– თქვენს ოჯახში პედაგოგები და ექიმები იყვნენ. ერთხანს ქირურგიაშიც მოგიწიათ მუშაობამ…
– იქ, სადაც ვიზრდებოდი, ოჯახისა და ახლო ნათესავების გარემოცვაში, პედაგოგები და ექიმები დომინირებდნენ. ამან, რა თქმა უნდა, ზეგავლენა მოახდინა ჩემზე. მხატვარი არავინ გვყოლია და მაშინ ამ დონეზე არც ექცეოდა ყურადღება ხელოვნებას. სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიად მედიცინა ავირჩიე, ხატვა კი მაინც ჩემს უსაყვარლეს საქმედ რჩებოდა.
რაღაც პერიოდი მედდად ვიმუშავე ქირურგიაში.
რა მომცა იმ წლებმა? – მახსენდება ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებიდან“ ამონარიდი – „ოთხი წელიწადი იყო“…
ეს ის პერიოდი იყო, 90-იანი წლები, ჩვენს თაობას განსაკუთრებით მწვავედ შეეხო. ამ დროს ყველა სადღაც მიდიოდა (ისე როგორც დღეს, სამწუხაროდ). ასე მოვხვდი რუსეთში, მცირეწლოვან შვილთან და ყოფილ მეუღლესთან ერთად. ეს წლები განსაკუთრებული აღმოჩნდა, ამ დროს ვიმუშავე მცირე დროით ქირურგიაშიც, ჩემზე ძალიან მოქმედებდა პაციენტების მდგომარეობა, მეც იგივე სიმპტომები მქონდა რამდენიმე დღე. ზუსტად ამ წლებში ვიპოვე ჩემი თავი და სიღმისეულად ჩავწვდი ჭავჭავაძის ციტატის სიღრმესაც…
– ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრეთ, მხატვარ-დიზაინერის პროფესიით. რა დაგამახსოვრდათ სტუდენტობიდან?
– საქართველოში დაბრუნებისთანავე, გადავწყვიტე ჩემი საყვარელი საქმიანობა პროფესიად გადამექცია და ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მესხეთის ფილიალში), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტზე, მხატვარი-დიზაინერის პროფესიაზე. ჩემი სტუდენტობიდან ყველაზე მეტად ჩემი ლექტორების თანადგომა დამამახსოვრდა, ჩემდა საბედნიეროდ, გარშემო უაღრესად კარგი ადამიანები აღმოჩნდნენ. ყოველთვის ვგრძნობდი მათგან მორალურ მხარდაჭერას და შემოქმედებაში სრულ თავისუფლებას.
სტუდენტობას დაემთხვა პირადი პრობლემები, ქვეყანაშიც უმძიმესი მდგომარეობა იყო… ამას დაერთო განქორწინება და რომ მეგონა, ეს იყო დასასრული, თურმე დასაწყისი ყოფილა.
კარგად მახსენდება პირველი კურსი, მაშინ პერსონალური გამოფენა მომიწყეს უნივერსიტეტშივე, რომელიც ძალიან დიდი სტიმული იყო ჩემთვის. ასევე მონაწილეობა მივიღე მოდების ჩვენებაზე, სადაც უნდა წარმოდმეგინა საკუთარი ფანტაზიით შექმნილი, გამოუყენებელი მასალით გაკეთებული ჩასაცმელები, ავანგარდულ სტილში.
– ულამაზესი ფერწერული ნამუშევრების ავტორი ხართ… რომელ ნამუშევრებს გამოყოფდით?
– ნამდვილად მიჭირს რომელიმე ნამუშევრის გამოცალკევება, რადგან ყველა ნამუშევარში ჩემი სულის ნაწილი დევს, ყოველ მათგანს თავის საკუთარი ისტორია აქვს და რადგან მაინც არჩევანის გაკეთება მომიწევს, გამოვყოფდი: „სულთა ნაირსახეობას“…
იმდენი სულია, რამდენიც ადამიანია ამ ქვეყნად, მაგრამ მე აქ ხუთ სახეობაზე შევჩერდი…
სულისთვის ადამიანის სხეული იგივე ჭურჭელია და მასში არსებული შიგთავსი კი სულია… პატარა ბურთულები კი ამ შემთხვევაში ასოცირდება პატარა ბავშვების სულებთან, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ ფირმა… მრგვალი და სრულყოფილები არიან… ხოლო შემდეგ ცხოვრება ძერწავს… აძლევს ამა თუ იმ ფორმას და მასში სულიც შესაბამისად ფორმულირდება.
ასევე გამოვყოფდი ნამუშევარს „ღილი“… მართლაც, რომ ადამიანის ცხოვრება ღილის შეკვრას ჰგავს… საკმარისია, თავიდანვე არასწორად შეიკრა და ასე წაჰყვება დანარჩენიც. მაქვს კიდევ ნამუშევრები: „თავისუფლების ილუზია“, „ცნობისმოყვარეობა“…
– შთაგონება როგორ მოდის?
– ვხატავ სხვადასხვა ტექნიკით, ძირითადად კი, შერეული ტექნიკით … ზეთებით და აკრილით ტილოზე. ხატვის პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მაგ დროს მე უკვე ადგილზე აღარ ვიმყოფები… მითუმეტეს, თუ მუსიკის ფონზე ვხატავ… ეს ენით აუწერელი მდგომარეობაა. მუსიკიდან უპირატესობას კლასიკას ვანიჭებ, თუმცა განწყობის მიხედვით ვუსმენ სხვა ჟანრის მუსიკასაც, ხან კი განწყობის შესაქმნელად.
შთაგონების წყარო უამრავი რამ შეიძლება გახდეს, პაწაწინა ლექსიდან დაწყებული, ძლიერი ემოციური ფონით დამთავრებული… უსულო თუ სულიერი საგნები… მუსიკა, კარგი წიგნი, ფილმი, ყოველდღიურ ყოფაში მომხდარი რაიმე სიტუაცია… მაგრამ ყველაზე მეტად შთაგონების წყარო სიჩუმეა… მიყვარს განმარტოება, საკუთარ თავთან დარჩენა… ამ დროს ბევრი რამის გადაფასება მიწევს, რაც შემდეგ ჩემს შემოქმედებაშიც აისახება.
– ისტორიები, რომელიც ნამუშევრების შექმნას უკავშირდება…
– ასეთი შემთხვევები მრავლად მაქვს. იყო შემთხვევა, მეზობელთან შევედი სტუმრად და ლარნაკი დავინახე, ძალიან მომეწონა… ნატურმორტი დავხატე და დანარჩენი მის გარშემო ჩემი წარმოსახვით მივახატე. მახსოვს მისი რეაქცია.
ერთხელ მეზობლად მაღაზიაში გამყიდველი მსხლებით გამიმასპინძლდა. ეს მსხლები იმდენად სახასიათო ფორმის იყო, რომ ვერ შევჭამე და შინ მიტანისთანავე ხატვა დავიწყე.
ასევე მაქვს ნახატი „ქაოსი“… – პატარა ზომის ტილოა, მაგრამ იმდენად უცნაური ნახატია, რომ დღემდე არ შრება… თითქოს სულ მოძრაობაშია, ქაოსშია.
– გამოფენები…
– ფერწერასა და გრაფიკაში პერსონალური გამოფენა არასდროს მქონია. თუმცა არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა ჯგუფურ გამოფენებში.
ბოლოს, 2015-16 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა კონკურსი, რომელიც მთელი წელი მიმდინარეობდა, სადაც მეც გავხდი გამარჯვებული.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ამჟამად ვიმყოფები ერევანში, აქ საკმაოდ მეტი დრო მაქვს ხატვისთვის. ახლა, როცა გარგარი ყვავის, ულამაზესი სანახაობაა… ამჟამად ზუსტად პეიზაჟზე ვმუშაობ… მინდა, ტილოზე ავსახო ეს პერიოდი.
– კატას მარგალიტა ჰქვია…
– სიმართლე გითხრათ, პირველ ადგილს ძაღლებს ვანიჭებ, მაგრამ დღეს კატა გვყავს, საკმაოდ ჭკვიანი, ზოგჯერ ადამიანი მგონია კატის ტყავში… ზუსტად 3 წლის წინ მეზობელთან ერთად ქუჩაში მივდიოდი… ტროტუარზე პატარა კნუტი ბავშვებს ეთამაშებოდა… როგორც კი დამინახა, შეწყვიტა თამაში და ჩემკენ გამოიქცა… რომ მომიახლოვდა, ორ თათზე აიწია და ხელში აყვანა მთხოვა…
ზუსტად ისე იხედებოდა, როგორც ქართულ ფილმ „შერეკილებში“ მარგალიტა – „მეც წამიყვანეო“… ერთაოზს რომ სთხოვდა…. და სანამ ავიყვანდი, სახელიც სპონტალურად გაჩნდა, მარგალიტა… მადლობის ნიშნად ხელი ამილოკა და სახლამდე ხელიდან არ ჩამოსულა…
მას შემდეგ ჩვენი უსაყვარლესი კატა გახდა და ჩვენთან ერთად „მომთაბარე“ ცხოვრებას ეწევა. მის თვალწინ იქმნება ჩემი ნახატები, ცოცხალი მოწმეა.
– ერთ ნამუშევარს „ყველაფერი დროებითია“ ჰქვია..
– კი, ნამდვილად ბევრს მოიცავს ეს სათაური – „ყველაფერი დროებითია“… აქ აქცენტი დროზე მაქვს გაკეთებული… მართლაც რომ დროებითია ირგვლივ ყველაფერი – სილამაზე, მწუხარება, სიხარული, კარგიც, ცუდიც… ჩვენი სიცოცხლეც კი დროებითია… და რომ არ გვაქვს დასაკარგი დრო.
– შვილი…
– ალბათ ყველა დედა დამეთანხმება, რომ არაფერი შეედრება შვილის წარმატებებით მიღებული სიხარულის განცდას. შვილი ჩემთვის ყველაფერია, თუკი ყველაზე დიდი სიხარული განმიცდია, მას უკავშირდება. მახარებს იმის გააზრება, რომ დროს, რომელიც ჩემს შვილს დავუთმე, ფუჭად არ ჩაუვლია.
ამქვეყნად ყველა ბავშვი ნიჭიერია, ყველას რაღაცისკენ აქვს მიდრეკილება და თუ ადრეულ ასაკში იქნება სწორად შემჩნეული, აუცილებლად ის ბავშვი წარმატებას მიაღწევს. ჩემს შვილსაც ვამჩნევდი მრავალმხრივ ნიჭს, მაგრამ რთული იყო ზუსტად ამოცნობა, ამიტომ დამყავდა მუსიკაში, ცეკვაზე, თეატრში… მინდოდა, დროზე ეპოვა საკუთარი თავი… ბავშვობაში საკმაოდ წარმატებებს მიაღწია… თითქოს ემბრიონივით გაიარა ყველა სტადია… ადრეულ ასაკში ხატავდა, მერე წერით ჩაანაცვლა ხატვა, მერე ცეკვავდა, თეატრში, საბავშვო სპექტაკლებში გამოდიოდა… ახლა კი სპორტითაა დაკავებული და დროდადრო სხვადასხვა ჟანრის ფილმში ეპიზოდურ როლებს ასრულებს.
რამდენიმე თვის წინ ერევანში ჰქონდა მორიგი გადაღება, ნახევრად მისტიკურ სათავგადასავლო ფილმში. კინოსტუდია ამერიკის შეერთებული შტატებიდან იყო და სომხურ-ამერიკული ერთობლივი გადაღება ჰქონდათ. სათაური აქვს „ეშმაკის შეხება“ – ნახევრად მისტიკური, 6-სერიანი სათავგადასავლო ფილმია.
– რა არის ხელოვნება თქვენთვის?
– ხელოვნება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, უმისოდ ვერც კი წარმომიდგენია თავი. რა აღარ თქმულა ხელოვნებაზე… მაგრამ მე მაინც კოსმოსს შევადარებდი… ხელოვნება კოსმოსივითაა… უკიდეგანო და უძირო, ხოლო ხელოვანები ამ კოსმოსის სულის ჩამდგმელები. მოხარული ვარ, რომ მეც მხვდა წილად, სხვა უამრავ ნიჭიერ ხელოვანთან ერთად, ვიყო ამ „კოსმოსის” ნაწილი.
თამარ შაიშმელაშვილი