ოქრომჭედელი, ვინც პირველმა დაამზადა ჭედური ხელოვნებით ყანწები…
მძიმე ბავშვობა გამოიარა. მამა სამხედრო იყო და გერმანელებთან ბრძოლის დროს დაიღუპა. ოჯახმა სოფლებს შეაფარა თავი… უჭირდათ, საჭმელი არ ჰქონდათ… კარგად ახსოვს მინსკის განთავისუფლების დღე – 1944 წლის 3 ივლისი…
საქართველოში რომ გადმოვიდნენ, თავიდან ქართულს კარგად ვერ ფლობდა, მერე ისე ისწავლა, მოთხრობებს და ლექსებს წერდა… იზიდავდა ხატვა, ხელოვნება, 16 წლის ასაკში არტელ „მხატვარის“ მიერ ჩატარებულ კონკურსში ათეულში მოხვდა და იმ დღეებიდან შეუდგა საოქრომჭედლო ხელოვნების შესწავლას.
1966 წელს, გრავირებული ყანწების დამზადება შეცვალა ჭედურობით, მანამდე ჭედურობით ყანწები არავის დაუმზადებია, მოსკოვის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე ოქროს მედალი მიიღო, მომდევნო წელს ეს მეთოდი გააუმჯობესა და თანაავტორ მარლენ შეროზიასთან ერთად ბრინჯაოს მედლით დააჯილდოვეს,
1968 წელს მიენიჭა საკავშირი ხალხური შემოქმედების ფესტივალის ლაურეატის წოდება. მრავალი სახის საიუველირო სამკაულის ავტორია, რომელსაც სერიულად ამზადებდნენ. პარალელურად მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო გამოფენაში. არის ფიროსმანის სახელობის საერთაშორისო შემოქმედებითი ასოციაციის პრეზიდენტი. – ჭედური ხელოვნების ოსტატის, ჯემალ გოგიშვილის პერსონა.
– მძიმე ბავშვობა გამოიარეთ… ბელორუსიაში ცხოვრობდნენ მშობლები. ომის წლები იყო… 4 წელი მინსკში მოგიწიათ ყოფნა… გვიამბეთ იმ წლებზე, მშობლებზე. რა დაგამახსოვრდათ?
– ომმა ჩვენ ოჯახს მინსკში მოუსწრო მაშინ 3 წლის ვიყავი. მამა სამხედრო იყო და მისი ოჯახი მასთან ერთად იყო. ჩვენი ნაწილები ბრძოლით უკან იხევდნენ. 24 ივნისს ოფიცრის 49 ოჯახი მანქანებით ზურგისკენ გამოემგზავრა. ცენტრალურ გზებს გერმანელები აკონტროლებდნენ, ჩვენ ტყეზე გამავალი გზით გამოვემგზავრეთ, ქ.ბორისოვიჩთან ტანკებმა გადაგვიჭრეს გზა და დაიწყეს ავტოკოლონის განადგურება. ჩემი ძმა 8 წლის გივი მანქანიდან გადახტა და ტყეს შეაფარა თავი. დედაჩემმა დიდი წვალებით გადმომიყვანა. იმ ღამეს დედამ ტყეში იმშობიარა, გადარჩენილი მძღოლი თავის სამხედრო ნაწილს დაეწია და მამაჩემს აცნობა კოლონის დაღუპვის ამბავი. ვინც გადარჩა და დაბრუნდა სამხედრო დასახლებაში, გერმანელებმა ყველა დახვრიტეს.
სექტემბრის დასაწყისამდე ბელორუსიის სოფლებში ვაფარებდით თავს. მინსკში დაბრუნებულებმა დავიკავეთ ებრაელების მიერ მირტოვებული ბინა.
დედაჩემი გესტაპომ აიყვანა. დედამ მოიშველია თავისი შეთხზული ლეგენდა, ვითომ მამაჩემმა დაამთავრა თბილისის რკინიგზის სასწავლებელი და განაწილებით მინსკში გამოაგზავნეს სამუშაოდ. ამ დროს, მინსკში რკინიგზის სამმართველო დაბომბილი იყო და მამხილებელი საბუთებიც აღარ იარსებებდა, 13 დღეში გაანთავისუფლეს.
მე და ჩემი ძმა მინსკის ბავშვთა კოლონიიდან დაგვაბრუნეს.
1942 წელს დაჭრილი მამაჩემი მოკლე შვებულებით თბილისში ჩამოვიდა, კიდევ ჰქონდა ჩვენი გადარჩენის იმედი, მაგრამ… ისევ დაუბრუნდა ფრონტს. მაშინ თბილისში დაიბეჭდა წიგნი „სამამულო ომის გამოჩენილი მებრძოლეები“, სადაც მოთხრობილია მამაჩემის შესახებ, ის წერს; ვიბრძოლებ მანამდე, სანამ საკადრისს არ მივუზღავ მტერს დედებისა და შვილების სისხლისათვის. დაიღუპა 1944 წლის 18 აპრილს სევასტოპოლიდან 15 კილომეტრის დაშორებით, სოფელ შტუტმავაიასთან (შულე), რაიონულ ცენტრში აღმართულია ობელისკი წარჭერით – გვარდიის პოდპოლკოვნიკი ივანე გოგიშვილი.
მისი დაღუპვის ამბავი – გერმანელები უტევდნენ, არტილერისტებს ყუმბარები გამოელიათ, ივანე სანგარიდან ამოვარდა ძახილით, რათა დროზე მიეწოდებინათ 76-კალიბრიანი ყუმბარები. სნაიპერმა სასიკვდილოდ დაჭრა თავში. გონზე მოსულმა მაჯიდან მოიხსნა ოქროს საათი და სოფელ ვაჩნაძიანელ მეომარს – გიორგი მაისურაძეს გადასცა – ეს დედაჩემს გადაეციო. სანგრებთან უკვე გერმანელები უტევდნენ, ტყვედ რომ არ ჩავარდნილიყო, ივანემ ორჯერ ესროლა უკვე სანგართან მყოფ გერმანელებს, მესამე ტყვიით მომაკვდავმა კომისარმა თავი მოიკლა.ისე დაიღუპა, რომ ჩვენი გადარჩენის ამბავი ვერ გაიგო.
შემდგომში გიორგი მაისურაძე იყო ვაჩნაძიანის სკოლის დირექტორი, მან გვაცნობა ივანეს დაღუპვის ამბავი. გიორგი ტყვეობიდან ინგლისელებმა იხსნეს. 1942 წლიდან მინსკში ყველა მოვლენა მახსოვს, ჩვენ, ბავშვები „საშოვარზე“ დავდიოდით. მე ჰოსპიტლიდან ხშირად მომქონდა კარტოფილის ნაფცქვენები, დედაჩემი კარგად გარეცხავდა ხოლმე, გაატარებდა ხორცის საკუწ მანქანაში, ტაფაზე მოუსვავდა „კასტორკას“, მგონი ტექნიკური ზეთია – რომ არ მიიწვას, დედაჩემს სასაკლაოდან მოჰქონდა საქონლის სისხლი, იმას ტაფაზე ვწვავდით… გუშინდელ დღესავით მახსოვს მინსკის განთავისუფლების დღე – 1944 წლის 3 ივლისი…
– 7 წლის ჩამოხვედით თბილისში. სკოლის პერიოდიდან რა იყო საინტერესო?
– ქართულ ენას ცუდად ვფლობდი, ამიტომ სოფელში დავიწყე სწავლა. მეორე კლასიდან თბილისში გავაგრძელე სწავლა. კარგად მახსოვს ჩემი მასწავლებლები, ახლაც ხშირად ვიხსენებ კლასის დამრიგებელს – ლიდა ოსაძეს, მეექვსე კლასიდან დამრიგებელს გუგული ქერქაძეს… ჩემს მოგონებებში დიდი სიყვარულით აღვნიშნე მათი ღვაწლი, ვწერდი და თან ვტიროდი, რომ ასეთი ადამიანები, მით უმეტეს -მასწავლებლები არ უნდა მიდიოდნენ ჩვენ ცხოვრებიდან.
– სკოლაში სწავლის დროს ოქრომჭედლებთან დადიოდით ლესელიძეზე… აქედან დაიწყო ხელოვნების ინტერესი… შემდეგ არტელ „მხატვარში“ მოხვდით…
– თავიდან სკოლაში მიჭირდა სწავლა, ოროსანი არ ვიყავი, სამაგიეროდ, გერმანულ ენაში, რუსულში, ისტორია – გეოგრაფიაში ვასწრებდი, სპორტში, სკოლის შემდეგაც მქონდა წარმატებები, ხელოვნება მიზიდავდა, ვხატავდი, ვძერწავდი, სამხატვრო სტუდიაში მხატვარ ვანო ლაღიძესთან დავდიოდი, 16 წლის ასაკში არტელ „მხატვარის” მიერ ჩატარებულ კონკურსში მოვხდი ათეულში და იმ დღეებიდან შევუდექი საოქრომჭედლო ხელოვნების შესწავლას.
ჩემი ოსტატები იყვნენ: ქართული ახალციხური ფილიგრანის დიდოსტატი აკოფ ვანციანი, საიუველირო ხელოვნების დიდოსტატი ამბროსი ჯიქია და უნიჭიერესი ახალგაზრდა ოსტატი კარლო (მარკლენ) ქუთათელაძე.
ჩემი პირველი სერიოზული ნამუშევარი – ვერცხლის კალათა ყვავილებით 1956 წელს გაიგზავნა ბრიუსელის საერთაშორისო გამოფენაზე, 1958 წელს ოკლაჰომაში, შემდეგ – მოსკოვში. ამჟამად ის კალათა ხალხური შემოქმედების მუზეუმშია. მას შემდეგ ჩემი და ოსტატ მარლენ შეროზიას ნამუშევრები გაიგზავნა პრაღაში, ამსტერდამში, იზმირში.
– თქვენს ჯარში გაწვევას კურიოზები დაჰყვა…
– 1957 წელს გამიწვიეს ჯარში, ვსწავლობდი კალინინგრადის სასაზღვრო სასწავლებელში და, როგორც არა სანდო პიროვნება, 1956 წელს თბილისის ცნობილი პოლიტიკური მოვლენების მონაწილე (სტალინის კულტთან დაკავშირებული გამოსვლები) სასწავლებლიდან დამითხოვეს და გამაგზავნეს თურქეთის საზღვარზე.
ვმსახურობდი და მქონდა ხელოვნებასთან ურთიერთობის საშუალება. ჩემი კრიპტოგრამები, წერილები, სტატიები იბეჭდებოდა ცენტრალურ ჟურნალ- გაზეთებში.
საზღვარზე სამსახურის პერიოდში შევძელი და წერილი გავაგზავნე საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების მინისტრთან, ვწერდი: სასწავლებელში სწავლა არ მენდეთ, აქ, საზღვარს როგორ მანდობთ-მეთქი, სამი თვის შემდეგ ატყდა ჩემზე წამოსული შეტევები – როგორ გაბედე ასეთი წერილის დაწერაო.
მესამე წელი უახლოვდებოდა ჩემს დემობლიზაციას, იმ პერიოდში ხრუშჩოვმა ჯარი მილიონ სამასი ათასით შეამცირა, გამომიძახეს და მაცნობეს, რომ სასწავლებელში გატარებული ერთი წლის გამო მომანიჭეს უმცროსი ლეიტენანტის წოდება. ეს იმას ნიშნავდა, რომ მე, როგორც ოფიცერს, კიდევ უნდა მემსახურა ოცი წელი. ამაზე განვაცხადე უარი, უარის ნიშნად მოსკოვში კვლავ გავაგზავნე წერილი. მოვიმიზეზე რაღაცა ავადმყოფობა, გავიკეთე ბრმა ნაწლავის ოპერაცია. საზღვარზე დაბრუნებულს კარგი ამბავი დამხვდა, გამიშვეს სახლში. დავუბრუნდი ჩემს ძველ სამსახურს, ისევ გამოფენები, ისევ წარმატებები.
– ჭედური ხელოვნებით პირველმა დაამზადეთ ყანწები…
– 1966 წელს გრავირებული ყანწების დამზადება შევცვალე ჭედურობით, მანამდე ჭედურობით ყანწები არავის დაუმზადებია, შედეგად, ერთ თვეში დაიზოგა 90 კილომდე ვერცხლი. მოსკოვში სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე მივიღე ოქროს მედალი, მომდევნო წელს ეს მეთოდი გავაუმჯობესე და ბრინჯაოს მედლით დამაჯილდოვეს, თანაავტორი იყო – მარლენ შეროზია.
– 1968 წელს მოგანიჭეს საკავშირი ხალხური შემოქმედების ფესტივალის ლაურეატის წოდება…
– სამსახურმა დამაწინაურა. გამაფორმეს საოქრომჭედლო ხელოვნების მხატვარ -მოდელიერად, შევქმენი მრავალი სახის საიუველირო სამკაული, რომელსაც სერიულად ამზადებდნენ ჩვენი ოსტატები. პარალელურად ვმონაწილეობდი მრავალ საერთაშორისო გამოფენაში.
1971 წელს მუშაობა გავაგრძელე სამხატვრო ფონდში, იქ მარლენ შეროზიამ და მე დავაარსეთ სუვენირების საამქრო, დავასაქმეთ 30-ზე მეტი ახალგაზრდა, შევასწავლეთ საოქრომჭედლო ხელოვნების თითქმის ყველა მიმართულება, ბევრ მათგანს გავუხსენით გზა საერთაშორისო გამოფენებისკენ. 1976 წელს ვასრულებდი სპეციალურ დავალებას – ისეთ ნამუშევრებს, რომელიც განკუთვნილი იყო საბჭოთა ხელმძღვანელებისათვის (არავის ვასახელებ, ისედაც მიხვდებით).
– შაშიანში ცხოვრობთ, გყავთ შვილები, შვილიშვილები…
– 23 წლის ასაკში დავოჯახდი. ცოლად შევირთე შაშიანელი 16 წლის გოგონა, გვყავს სამი ვაჟი, ოთხი შვილიშვილი გოგონა და ორი შვილთაშვილი – ბიჭები. ორი შვილიშვილი უკვე სტუდენტია, საშუალო შვილი – გია გოგიშვილი ატლანტაში ანტიკვარული ნამუშევრების სარესტავრაციო კომპანია – Estes Simmonsis პრეზიდენტია. იგი ატლანტის ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო პირველობის სუპერთასის და მრავალი საუკეთესო ნამუშევრის ავტორი და შემსრულებელია.
უფროსი შვილი ეკონომისტია, – უმცროსი გამოყენებითი ხელოვნების მხატვარი.
რაც შეეხება მეუღლეს, ახალგაზრდობაში, როგორც ხალხური ოსტატი, კარგად დაეუფლა საოქრომჭედლო ხელოვნებას. ბრწყინვალედ გავატარეთ ეს ცხოვრება, გვქონდა პატარ-პატარა ჩავარდნებიც, უამისოდ არ არსებობს ცხოვრება, მაგრამ დადებითმა მხარემ გადაფარა.
– 50 წლის ასაკში დაამთავრეთ მოსკოვის ხელოვნების ინსტიტუტი…
– მოსკოვის ხელოვნების უნივერსიტეტი მართლაც დავამთავრე, ახლა ვეკითხები ჩემს თავს, რისთვის მინდოდა? შემოქმედებითი საქმიანობა ხომ არასოდეს მიმიტოვებია.
ამერიკის შეერთებული შტატებიდან მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ ჩემი ჯორჯიის გარეშე მე ნოსტალგია მომკლავს…
– ძველ უბანში თათრის მოედანზე ცხოვრობდით… რას გაიხსენებთ? გექნებათ მოსაყოლი…
– კარგად მახსოვს ძველი მეიდანი, შეითან ბაზარი, მეჩეთი, ერთმალიანი ხიდი და სულიკოს გაზიანი წყლების მაღაზია. მეჩეთში ყოველ დღესასწაულზე მივირთმევდით ფლავს, მახსოვს იქვე, ნარიმანოვის სახელობის კლუბი, სადაც ბავშვობაში ვეუფლებოდი კინომექანიკოსობას. ჩემი ბელორუსული ბავშვობა მკვეთრად განსხვავდებოდა თბილისში გატარებული ბავშვობისგან, ახლა ძველი მეიდნიდან დარჩენილია მხოლოდ მოგონება. ბავშვობის ყველა მეიდნელი მეგობარი შემომეფანტა, ზოგი ამერიკაშია, ზოგი – ისრაელში, მათ ხშირად სიზმარში ვხედავ და ვართ მეიდანში. ნიჭიერი ბიჭები იყვნენ, ერთმა მათგანმა – კარლო ენუქიშვილმა ისრაელში მრავალი ნაშრომი გამოაქვეყნა და ყველა ნაშრომი საქართველოს მიუძღვნა.
– ასოციაცია „ფიროსმანი“ დააფუძნეთ…
– რაც შეეხება ასოციაცია „ფიროსმანს“, ერთმა ნაცნობმა – თემურ ჟორჟოლიანმა შემომთავაზა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, მე უარი ვუთხარი. აი, მაშინ დამებადა კარგი იდეა და დავიწყე შემოქმედებითი ასოციაციის წესდებაზე მუშაობა, იუსტიციის სამინისტროში მე და ჩემი ჯგუფი ვესწრებოდით ასოციაციის რეგისტრაციას, მინისტრმა დილარ ხაბულიანმა განაცხადა ჩვენს საყურადღებოდ – არ დავარეგისტრირებ ამ ასოციაციას, მაგრამ ნიკალა ფიროსმანიშვილის ხსოვნას რა პასუხი გავცეო.
პრობლემები ყოველთვის გვქონდა, მაგრამ მაშინ ჩვენ გარშემო ბევრი კეთილი ადამიანი იყო, გამოვიცვალეთ რამდენიმე ოფისი, ერთი წლის შემდეგ კრწანისის რაიონის პრეფექტმა, ბატონმა დავით ქობალიამ, ორთაჭალაში, აღმასკომის პირველ სართულზე უსასყიდლოდ გამოგვიყო ოფისი და საგამოფენო სივრცე. მისი დახმარებით მრავალ სასიკეთო საქმეს დავადგით თავი, გაგვიჩნდა თანხები – ვეხმარებოდით პენსიონერებს, თანხები გამოვყავით რაიონის სკოლების გასარემონტებლად, მრავალ მძიმედ დაავადებულებს ვურიცხავდით საჭირო თანხას, დავეხმარეთ მეოცე საბავშვო ბაღს, ასევე – მხატვრებს. იმ პერიოდში ეს იყო ერთადერთი შემოქმედებითი ასოციაცია.
მას შემდეგ, ოცდასამი წლის მანძილზე უოფისოდ ვახერხებთ მუშაობას. საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა შეძლებულ ორგანიზაციას ვთხოვთ მხარში ამოდგომას, მაგრამ როდესაც თვით კულტურის სამინისტრო დუმს, ვითომც არ არსებობს, იქნებ მართლა არ არსებობს?!
მე ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის არაფერი მითხოვია, ჩვენ მათ გასაკეთებელ საქმეს ვაკეთებთ, დიდი მადლობა მინდა გავუგზავნო ქალაქის მერიის კულტურული ღონისძიებების საქალაქო სამსახურს, გვეხმარებიან კატალოგების დაბეჭვდაში, რამდენჯერმე დააწესეს ფულადი პრიზები. უღრმესი მადლობა მათ!
– სამომავლო გეგმები…
– გვიან შემოდგომაზე წავალ ატლანტაში, მომენატრნენ შვილიშვილები და 90-იან წლებში ჩემ მიერ ჩატანილი ხეხილი. ჩემი შვილის ეზოში 38 ძირი ხეხილი და ვაზი დავრგე.
ვაზებს მივუძღვენი ლექსი, რომელიც დაიბეჭდა წიგნში „ჯორჯიიდან ჯორჯიამდე“.
დიდი სურვილი მაქვს, ღვინოსთან დაკავშირებული მრავალი საიუველირო ნიმუში შევქმნა, რომელიც, ამერიკაში რამდენიმე გამოფენაზე მქონდა. ამას შევძლებ, იქ ამის დიდი საშუალება მაქვს, ყველა ის ნამუშევარი ღვინოსთან ერთად იქნება სასაჩუქრე და საკოლექციო აქტრისა მარგარიტა დე სევრის გამოსახულებით.
გული მწყდება, რომ ხელოვნება საქართველოში ჩრდილში აღმოჩნდა, საქართველოში დარჩენილია ძალიან ცოტა ძლიერი ხელოვანი. ალბათ ისინიც გაიქცევიან… ამიტომ კულტურის სამინისტროს ან სახელი უნდა შევუცვალოთ, ან, ან..
თამარ შაიშმელაშვილი