„მინდა, ჩემი ქვეყანა ევროპის ღიმილიან ქვეყანას დაემსგავსოს“, – ქართველი მხატვარი მილანში
მეშვიდე წელია იტალიაში ცხოვრობს. სხვა თანამემამულეების მსგავსად, მასაც მოუწია სამშობლოს დატოვება, დროებით ჟურნალისტობასთან დამშვიდობება და უცხოეთის ცისქვეშ ახალი ცხოვრების დაწყება. ამ გზაზე მრავალი სიძნელე შეხვდა, მაგრამ მაინც მოახერხა მიზნის მიღწევა – ხელოვნებაში გზის გაკვალვა და შემოქმედებითი მუშაობა.
30 მარტს ვენეციაში, „Palazzo Zenobio“–ში, ქართველ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა – „ბიენალეში“ 4 ნამუშევრით მონაწილეობს…
ცხოვრობს მილანში, მუშაობს, როგორც ყველა ემიგრანტი. სწავლობს ხელოვნების სახელმწიფო უმაღლეს სკოლაში, ვიტრაჟების ტექნოლოგიაზე.
სამომავლოდ, საქართველოში აპირებს გამოფენის გამართვას. – ლალი დავითულიანის პერსონა.
– ბავშვობამ უდარდელად გაირა. ცხოვრებისეულ სირთულეებს ლამაზ ფერებში ვხედავდი. ასე მეგონა, ყველაფერს ადვილად მივაღწევდი, სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი, თუმცა ცოტა ზარმაციც ვიყავი, მაგრამ წიგნებს ბევრს ვკითხულობდი, რაც მერე ჩემს საქმიანობაში ძალიან გამომადგა. ეზოში ვთამაშობდით ბავშვები დაჭერობანას, წრეში ბურთი, გაფუჭებული ტელეფონი, კლასობანა, რეზინობანა… ჩვენი ჟრიამული ცას წვდებოდა. აივნებიდან გადმოგძახებდნენ მშობლები სახლში ასასვლელად, მაგრამ ვცდილობდით, უფრო დიდხანს დავრჩენილიყავით ეზოში სათამაშოდ.
თბილისში, თემქაზე, ჩემს კორპუსში ცხოვრობდა პატრიარქის, უწმინდესობისა და უნეტარესის ილია მეორის დისშვილი – ქეთინო, რომელთანაც ვმეგობრობდი. ხშირად ვსტუმრობდი სახლში. მისი სამოთახიანი სახლის ერთი ოთახი ეკავა წიგნებს, სადაც უძველესი გამოცემები ინახებოდა, მას სათუთად ვახლებდი ხოლმე ხელს. ამავე ოთახში, კედელზე, ეკიდა პატრიარქის მიერ დახატული თამარ მეფე, რომელიც ძალიან მომწონდა.
აქვე იდგა საოჯახო ორღანი. დაკვრა არ გვეკძალებოდა და ჩვენც ვუკრავდით. პატრიარქი ხშირად სტუმრობდა დეიდა ნინას, ასე ვეძახდი ქეთის დედას. როგორც კი შავი ვოლგა ეზოში შემოვიდოდა, ბავშვები მაშინვე მივუახლოვდებოდით და მივაცილებდით სადარბაზომდე. პატრიარქი გადმოვიდოდა მანქანიდან, თავზე ხელს გადაგვისვამდა, კანფეტებს უხვად დაგვირიგებდა და ისე შევიდოდა სახლში.
ერთხელ ქეთი მეუბნება: „ლალი, სასწაული მოხდა. ბიძაჩემი მთიდან ბრუნდებოდა, თან მირონი მოჰქონდათ. უცებ მანქანა სავალი გზიდან გადავიდა და ხრამში ჩავარდა, თანაც ჰაერში სამჯერ მაინც ამოტრიალდა. სასწაული ის არის, რომ ყველა უვნებლად გადარჩა, საბარგული რომ ნახეს, თავღია ჭურჭლიდან მირონის ერთი წვეთიც არ იყო დაღვრილი“.
„მირონი რა არის“? – ვკითხე ქეთის. მას რომ იცხებ, დაგიცავს უბედურებისაგან. ცოტა მომეცი -მეთქი, – ვთხოვე. რად გინდაო – მკითხა გაოცებულმა. „მაშინ წავისვამ, როცა გაკვეთილებს არ ვისწავლი, რომ მასწავლებელმა არ გამომიძახოს“. ქეთი დაფიქრდა და მიპასუხა: ამისთვის ვერ მოგცემ, რადგან შენი ბრალი იქნება, თუ გაკვეთილებს არ ისწავლი და ორიანს მიიღებო…
ასეთი უდარდელი ბავშვობა გვქონდა.
– როდის გადაწყვიტე, რომ ჟურნალისტი გამხდარიყავი?
– ჟურნალისტობაზე სკოლის პერიოდში არ მიფიქრია, მინდოდა ისეთი სამსახური მქონოდა, რომ მემოგზაურა. ამიტომაც ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პოლიტეკონუმიურ ფაკულტეტზე. შემთხვევით დავიწყე მუშაობა ტელევიზიაში და მას შემდეგ სულ მასმედიაში მოღვაწეობდი, როგორც ჟურნალისტი, რედაქტორი, გამომცემელი… სწორედ აქ გამომადგა ჩემი სიყვარული წიგნების მიმართ. საკმაოდ კარგად ვწერდი თავისუფალ თემებსაც.
– რას გაიხსენებთ ჟურნალისტური წარსულიდან?
– ჟურნალისტობა საინტერესო პროფესია იყო. მოღვაწეობის პერიოდში მრავალ საინტერესო ადამიანს შევხვდი, მეეზოვიდან დაწყებული პრეზიდენტებით დამთავრებული. ჟურნალისტი მაშინ უფრო თავისუფალი, უფრო დაფასებულიც იყო.
ერთხელაც ჟურნალ „თაბორის“ რედაქციაში ვარ (რომლის გამომცემელი და რედაქტორი ვიყავი), ოთახში ვართ მე და გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ნინო გოძიაშვილი, შემოდის მარიკა დავითაია (გამოცემა „სახეები და სახელების“ დირექტორი) და იძახის: როგორ გული მწყდება, რომ ვერ მივდივარ. არადა, ეს ლიტურგია საუკუნეში ერთხელ სრულდება. ნინომ მაშინვე დააყარა კითხვები… სად, რა ხდება, რა ლიტურგია… და მარიკამაც დაიწყო.
საუკუნეში ერთხელ მარტვილში გამოასვენებენ წმ. მარიამის ნივთს. ჩვენი სამრევლოდან დაიქირავეს „მარშრუტკა“ და 18 კაცამდე მიდიან, სამწუხაროდ, ამ შაბათ-კვირას ვერ მივდივარ… ნინომ მაშინვე უთხრა, მე წავალო. მეც ჩემი მეგობარი ჟურნალისტის ქეთი სესიაშვილის შვილის ქორწილში ვიყავი მიწვეული… ნინო მაშინვე გადავიდა თავის რედაქციაში და რედაქტორ ლაშა ნადარეიშვილს მოუყვა ყველაფერი. არ გავიდა ნახევარი საათი, უკან დაბრუნდა. ახლა ნინო გვიყვება მე და მარიკას… თურმე მარტვილში ერთ-ერთ ეკლესიაში ინახება ქვა, სადაც წარმართი დამყრობლები ღმერთის სადიდებლად წირავდნენ ახალგაზრდებს.
მას დაამატა თავისი აზრიც და განავრცო: ალბათ მონანიების მიზნით ხდება ღვთისმშობლის ნივთის გამოსვენებაო. ნინომ გადაწყვიტა წასვლა, მითუფრო რედაქცია აფინანსებდა. მარიკას გადავარეკინე ვორონცოვის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მედავითნესთან, აღმოჩნდა, რომ სამი ადგილი იყო „მარშრუტკაში“. ეს ხდება პარასკევ დღეს.
დავრეკე ქეთინოსთან. ქეთი, არ გეწყინოს, მარიკელას ქორწილში, მხოლოდ ჯვრისწერას დავესწრები, რადგან 4 საათზე მივემგზავრებით მარტვილში. მეორე დღეს, მართლაც, მარიკელას ჯვრისწერას დავესწარი და ვორონცოვზე ნინოს სახლში გავვარდი. გამოვიცვალე ტანსაცმელი, მოვიშორე მაკიაჟი და გავწიეთ ეკლესიისკენ. ერთი სიტყვით, დავიძარით. უცებ გაისმა გალობა, მედავითნემ ლოცვების კითხვა დაიწყო. მე წინ, მძღოლის გვერდით, მოვხვდი. მძღოლი კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა. მასწავლიდა გზებს და სხვადასხვა ამბავს მიყვებოდა. როცა გავცდით გორს, ვკითხე, მარტვილამდე ბევრი სავალი დაგვრჩა-მეთქი? იმანაც ამიხსნა, რომ როცა მიუახლოვდებოდა, მეტყოდა… და გავაგრძელეთ საუბარი.
გავცდით ხაშურს და – მალე იქნება მარტვილის გადასახვევი? – ვეკითხები მძღოლს. ხშირად ვეკითხებოდი… ბოლოს დაინტერესდა, რატომ ვეკითხებოდი, მეც ვუთხარი, როგორ, იქ არ მივდივართ-მეთქი? უცებ მანქანა დიდი მუხრუჭით გააჩერა და სასოწარკვეთილმა იყვირა; მითხარით, სად მივდივართ, მარტვილში თუ ზუგდიდშიო. ყველამ ერთხმად უპასუხა, ზუგდიდშიო. ჩვენ, რაღა უნდა გვექნა, ასე აღმოვჩნდი დადიანების სასახლეში და ვლაქერნობაზე.
– როდის დაიწყეთ ხატვა? პირველი ნახატები…
– დაახლოებით ათი წელია, რაც დავიწყე ხატვა მოულოდნელად. ერთ დიდ პროექტზე ვმუშაობდი, რომელსაც კურირებდა თბილისის მერია, და რომელიც არ განხორციელდა. მან სულიერი ტრავმა მომაყენა და ძალიან მომინდა ხატვა. თავისთავად მოვიდა ფერები, ფორმატის ფურცელზე გაიშალა და დაიწყო ჩემი განცდების გადმოცემა. ეს ფერები ჩემშია, ზეციდან მოდის, ისინი მხოლოდ გადმომაქვს ქაღალდზე და ნელ-ნელა ფერადდება ჩემი სამყარო.
– ამჟამად იტალიაში ცხოვრობთ. პროფესია შეიცვალეთ… ხატავთ, გამოფენაც გქონდათ… რამდენად იოლი იყო პროფესიის გამოცვლა?
– ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს, მას არ გამოვცვლი, არამედ ავიღე პრაიმტაიმი. ხელოვნება – მეორე პროფესიაა. აქამდე რომ მიმეღწია, ჯოჯოხეთის გზა გამოვიარე.…ემიგრანტობა იოლი არ არის… როცა თან სწავლობ, თან იბრძვი, რომ წინ წაიწიო. საქართველოდან – სახატავი ფუნჯები, საღებავები და ფურცლები წამოვიღე, მეტი არაფერი, თითქმის სამი წელი არანაირი შრომა არ მითაკილია, რომ მიზნისთვის მიმეღწია.
ახლა მილანში ვცხოვრობ. ვმუშაობ, როგორც ყველა ემიგრანტი, რადგან აქ ხელს არავინ გამოგიწვდის, ყველას თავისი თავი გასჭირვებია. აქ უფლის ამარად ხარ. ვსწავლობ ხელოვნების სახელმწიფო უმაღლეს სკოლაში, ვიტრაჟების ტექნოლოგიაზე.
– მილანში ვიტრაჟის ტექნოლოგიას სწავლობთ…
– ხელოვნების ეს დარგი ერთ-ერთი ძვირად ღირებულია მთელ მსოფლიოში. ჩემი ფერები ზუსტად მინაზე მუშაობისთვისაა საინტერესო. თანაც ძალიან მომწონს მასზე მუშაობა. პროფესორები ზედმეტსახელად სწორედ „არტისტას“ – ხელოვანს მეძახიან.
– იტალიური ხანა საინტერესო იქნება შემოქმედებითი თვალსაზრისით…
– როცა რეჯო კალაბრიაში ვცხოვრობდი, გავიცანი საკმაოდ ნიჭიერი მხატვრები – ალესანდრო ალეგრა, მასიმო, ასევე ჩემი კურსელები. რეჯოში სამჯერ მივიღე მონაწილეობა გამოფენებში იტალიელ მხატვრებთან ერთად. მილანში – ერთხელ. დაახლოებით 30 ნახატი გავყიდე. ერთი ნახატი რომში, იტალიელი ექიმების ოჯახშია, მეორე – ადვოკატების ოჯახში. ერთიც ამერიკელმა ბიზნესმენმა შეიძინა… დანარჩენები რეჯო კალაბრიაშია.
მონაწილეობა მივიღე საქველმოქმედო კონკურსშიც, ჩემი ნახატი გაიყიდა და თანხა ინვალიდი ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხა.
– 30 მარტს ვენეციაში ქართველ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენაში მონაწილებთ…
– ვენეციაში „Palazzo Zenobio“-ში გაიხსნება ქართველ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, „ბიენალე“. ჩემი 4 ნამუშევარი გამოიფინება.
როგორც ორგანიზატორები ამბობენ, გახსნაზე მიწვეულნი არიან იტალიაში საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს წარმომადგენლები, აგრეთვე – ვენეციის მერი და იტალიის ხელოვნებათმცოდნენი. გამოფენა ერთ თვეს გაგრძელდება.
– როგორ მუშაობთ?
– ძირითადად, ლაბორატორიაში, ასევე სახლში ზეთის ფლომასტერებით და გუაშით. სამწუხაროდ, დიდი დრო არ მაქვს მრავალი საინტერესო ნამუშევრის შესაქმნელად. ალბათ დადგება დრო, როცა მთელ დროს დავუთმობ ხელოვნებას..
– თქვენი მოხატული ღვთისმშობელი იტალიის მთებშია, ახლაც იხსენებენ იტალიელები, ქართველის მოხატულიაო…
– დია კალაბრიაში, ტრუნკაში მთხოვეს მოხატვა და მეც დიდი სიამოვნებით მოვხატე… მერე მთაში ააბრძანეს, მოძღვარმა აკურთხა და წყაროსთან დადგეს. დღესაც იხსენებენ, ჯორჯიანას გაკეთებულიაო…
– როგორია შორიდან დანახული საქართველო?
– აქედან დანახული საქართველო? საქართველო დიდი თემაა, გული გტკივა უფრო მეტად, რადგან უძლური ხარ. რა და ამ ეკონომიურმა და სოციალურმა სიდუხჭირემ უფრო ბევრი ჩვენი მოქალაქე გამოდევნა უცხოეთში სამუშაოდ… იტალია ქართველებით გაივსო. აქედან გადმოგზავნილი ფულით არსებობს ქვეყანა. სამწუხაროდ, ქვეყანაში ყველაფერი გაჩერებულია, თითქოს უძრაობის ხანაა. შეიძლება ვცდები, მაგრამ ფაქტები სახეზეა. მინდა ჩემი ქვეყანა ევროპის ღიმილიან ქვეყანას დაემსგავსოს.
– რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
-არაფერს… ბედნიერი ვარ, რომ ვცხოვრობ მილანში და მაქვს სწავლისა და მუშაობის საშუალება.
– სამომავლო გეგმები...
– წლის ბოლოს მინდა თბილისში პერსონალური გამოფენა მოეწყოს. რა თქმა უნდა, ვიტრაჟების. ვნახოთ, როგორ მოვახერხებ და დროს გამოვნახავ. ამაზე უკვე მაქვს შემოთავაზებები. ჩემი დიპლომით შევძლებ ხელოვნებაში მოღვაწეობას, ჩემი შემოსავლის წყაროც ეს გახდება.
დავიწყე წიგნის წერაც და აპრილში ნაწილ-ნაწილ, ანუ თავებად გამოქვეყნებას ვფიქრობ. ვნახოთ, როგორი გამოვა.…
წიგნი ემიგრაციაზე და ჩემს მხრებზე გადატანილ სიძნელეებზეა, ასევე ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე, კულტურაზე, ცხოვრებისეულ პრობლემებზე…
ჩვენ დავბრუნდებით საქართველოში, ქართული ფესვები ძლიერია და მის ამოძირკვას, ვფიქრობ, ვერ შეძლებენ. ემიგრანტები დიდი ძალაა საქართველოსთვის… ჩვენ, როგორც ერს, ევროპაში დამკვიდრება გვიწევს, ამიტომ მჯერა, ერთმანეთის იმედით ყველა სირთულეს ერთად გადავლახავთ.
თამარ შაიშმელაშვილი