საპატრიარქო კატეგორიულად უარყოფს ბაგრატიონებისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას

„საპატრიარქოს არასოდეს ჩაუტარებია დნმ-ის ანალიზი და ეს საკითხი არ არის საპატრიაქოს მიმართულება“, – ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს საპატრიარქოს პროტოპრესსპიკერმა, გიორგი ზვიადაძემ განუცხადა.
ამასთან, მამა გიორგი ზვიადაძემ კატეგორიულად უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს, ბუგზარ ბაგრატიონს, საპატრიარქოს მოთხოვნით, დნმ-ის ანალიზი ჩაუტარდა.
„საპატრიარქოს არასოდეს ჩაუტარებია ბაგრატიონის მიმართ დნმ-ის ანალიზი. ჩვენ ამ კუთხით არასოდეს შეხება არ გვქონია არავისთან. ეს არ არის საპატრიარქოს მიმართულება. მსგავსი მოთხოვნა ჩვენგან არასოდეს ყოფილა და არასდროს ჩატარებულა ანალიზი. არც არასოდეს ყოფილა დღის წესრიგში ეს საკითხი“, – განუცხადა „კვირას“ საპატრიარქოს პროტოპრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო ოჯახის დავის განხილვა სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთაზე მიმდინარეობს.
სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია გადაწყვეტს, რომელი შტოა ნამდვილად მეფური წარმომავლობის. როგორც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე აცხადებს, საპატრიარქოს ინიციატივით ჩატარებული დნმ-კვლევის თანახმად, ნუგზარ ბაგრატიონი სიხარულიძეა.
“სანდო წყაროთი ვიცი, რომ საპატრიარქომ დნმ-კვლევა ჩაატარა და ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი, ის არის სიხარულიძე და იბრალებს გვარს. ეს შედეგები არ არის საჯარო და ახლა წავიდნენ და მიჩივლონ, თუ არ არის სიხარულიძე მომიტანოს დნმ-ის ანალიზის დასკვნა. თვითონ დაადასტუროს, რომ ბაგრატიონია”, – აღნიშნა ლევან ჩხეიძემ.
დღეს მოსარჩელე მხარეს სასამართლოში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი წარმოადგენდა. როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, მთავარი მოთხოვნაა, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო სახლის სახელით სარგებლობა აეკრძალოს.
„მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს აეკრძალოს საქართველოს სამეფო სახლის სახელით სარგებლობა“, – ამბობს ადვოკატი ლევან გორელაშვილი.
ცნობისთვის, ანა ბაგრატიონ გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ მუხრანელის სამეფო ქორწილი, პატრიარქის ინიციატივით, 2009 წელს სამებაში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები