„როცა უწმინდესი მაქებს, ჩემთვის უდიდესი მადლი და წყალობაა“… – მხატვარი, რომლის ნამუშევრებმაც მოხიბლა ალ პაჩინო და ვანესა რედგრეივი…
მისი ნახატები ნათელ მშვიდ ფერებს ასხივებს. ერთი შეხედვით მარტივი ფიგურების მიღმა, ფრესკული განწყობა და – „ფერი ფასკუნჯის, ფერი ქედნების“ – ერთდროულად იმალება…
ალბათ ამიტომ არის, რომ ამ ნახატების ხილვისას გაუცნობიერებლად გრძნობ შენეულს, ლამაზს, კეთილსულისმიერს… ამბობს, რომ ხატავს და მორჩა! – ესაა მისი სამყაროც და ცხოვრებაც… და კიდევ, მთავარია, მისმა ნახატებმა სიკეთე და სიხარული მოუტანოს ადამიანებს. – მხატვარ ზურაბ გომელაურის პერსონა.
– 5 წლიდან მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში – ხატვისა და ნორჩ შემოქმედთა სტუდიაში დავდიოდი. ხატვას ქალბატონი ციალა კანდელაკი მასწავლიდა. პირველი გამოფენა 12 წლის ასაკში მქონდა.
სკოლაში გაკვეთილებს შორის ხატვის დროს ყოველთვის გამოვნახავდი ხოლმე – ან გაცდებოდა გაკვეთილი, ან „შატალოზე“ მიდიოდა კლასი, ვიპარებოდი სკოლიდან, მალევე ვბრუნდებოდი შინ, რომ მეხატა.
– სტუდენტობა…
– სტუდენტობა ახლანდელ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (მაშინ პუშკინის ინსტიტუტი ერქვა) გავატარე. ოჯახის მეგობრის რჩევით, ახლად გახსნილ ხატვის, ქანდაკების, ხელოვნების ფაკულტეტზე ჩავაბარე. ძალიან ნაყოფიერი წლებად მიმაჩნია, განსაკუთრებით გოგი ხოშტარიას ლექციები.
პროფესიონალთა გუნდი გვასწავლიდა: ნუგზარ მეძმარიაშვილი, ცირა კალანდაძე, თემურ ქუთათელაძე…. ხატვის სიყვარულით ვცხოვრობდით. თავად როინ მეტრეველიც მხატვრობის დიდი მხარდამჭერი იყო, ჩვენთვის საღებავებს ყიდულობდა. ინსტიტუტში ერთი კედელი სტუდენტებს მოგვახატვინა. გამოფენებს გვიმართავდნენ, ყველანაირად ხელს გვიწყობდნენ, ოღონდ კარგად გვესწავლა. მახსოვს, ესტონეთში, ტალინშიც მოგვიწყეს გამოფენა. ძალიან მადლიერი ვარ იმ წლებისა. მხატვარ-პედაგოგის დიპლომი მოგვცეს.
– მოკრძალებულად ცხოვრობთ, მთელი ცხოვრება ხატვას შეალიეთ…
– რაც დავამთავრე, მას მერე სულ ვმუშაობ, ხატვის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ამას წინათ ახლობელს ვეუბნებოდი, თუ გინდა, რომ დამსაჯო, არ უნდა მახატინო-მეთქი.
– განსაკუთრებით გიყვართ სიღნაღის მონახულება…
– კახეთში სიღნაღში პატარა სახლი მაქვს, წმინდა გიორგის ეკლესიის წინ არის ჩემი სახლი, იმ ადგილას, რომელსაც ელენე ახვლედიანი ხშირად ხატავდა. ულამაზესი ხედი იშლება, სიმშვიდე და სიმყუდროვეა…
ჩემი წინაპარი გომელაურები სოფელ მირზანიდან არიან, იქ ჩასახლებულან ფშავ-ხევსურეთიდან…
– ანუ ფიროსმანის სოფელსაც უკავშირდებით…
– ახლოს არის მირზაანი სიღნაღთან… ბავშვობაში სად არ ვყოფილვარ, გრემიც ხომ თავისებურად ლამაზია, მაგრამ სიღნაღის გადასახედი საოცრებაა.
მახსოვს, ბავშვობაში, ძალიან დიდი წვიმა მოვიდა – გაზაფხულის თქეში, გავიხედე და… ალაზნის ველზე ცისარტყელა იყო დაშვებული! მას მერე სულ მინდოდა სახლი იმ ადგილას.
ყველამ იცოდა ჩემ გარშემო. ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდი იყო… დამირეკეს, გაზეთ „თბილისში“ განცხადებაა, სიღნაღში სახლი იყიდებაო. ტაქსით ჩავედი სიღნაღში, პატარა სახლი იყო, ინგრეოდა… უკან დაბრუნებისას, ქუჩაში გამოსულმა დედაოები დავინახე, ბოდბიდან სიღნაღში კალათებით იყვნენ გადმოსულნი… ამ სცენამ სულ გადამრია. როგორც კი ჩამოვედი თბილისში, დავურეკე პატრონს… მას მერე სიღნაღში ხშირად ვარ. ჩემი ეზოდან საოცარი ხედი იშლება ალაზნის ველზე, ირგვლივ სულ სხვანაირი, დადებითი აურა ტრიალებს… იქ რომ ვარ, უბედნიერესად ვგრძნობ თავს. ერთი დღითაც რომ წავიდე, მიმაქვს საღებავები და მთელ დღეს ვხატავ…
– სიღნაღის ხედი მრავალჯერ გექნებათ დახატული…
– ადრე დავხატე ის ხედი. ერთი ნამუშევარი დიდი რობიკო სტურუას ოჯახშია – ჩვენი რეჟისორის მამასთან. ბატონი რობერტი მხატვარი იყო და ჩვენი ოჯახის უახლოესი მეგობარი.
მახსოვს, ბავშვობისას ბატონ რობერტთან სტუმრად მივედით, ნახატები ვაჩვენეთ, მაშინ გრემიც და სიღნაღის წმინდა გიორგის ეკლესიაც დახატული მქონდა… ჩემდა გასაოცრად, მოხსნა კედლიდან თავისი ნახატი და ჩემი დაკიდა, რამაც დიდი სტიმული და სიხარული მომანიჭა.
– თქვენი სტილი პოსტმოდერნული და, ამავე დროს, უაღრესად ქართულია…
– ზოგს უთქვამს, პოსტმოდერნულიაო, ზოგი ნაივურ ხელოვნებად მიიჩნევს… ვფიქრობ, ხელოვანმა, რაც მოსწონს, ის უნდა აკეთოს… მე ქართული სიმბოლოები მომწონს, თან ნახატიდან რაც შეიძლება მეტი სიკეთე უნდა გადმოდიოდეს… ვცდილობ, კეთილი ნახატები იყოს, კეთილი გადმოვიდეს, რომ ვისთანაც მოხვდება, ისიც გაახაროს. კარგ გუნებაზე დააყენოს. ბოროტი არ მიყვარს.
მიყვარს ქართული სიმბოლოები მითოლოგიიდან, ორნამენტიკიდან… ხშირად ვხატავ ლურჯ ირმებს, ხარს, ლომს, დედაბოძებს, ვაზებს, ჩვენს ქართულ ბორჯღალს, რომელსაც სხვადასხვა ფორმა აქვს. ქართულ სიმბოლოებს ჩემეული ხედვით ვხატავ… ვცდილობ ქართული და ჩემეული იყოს ყველაფერი.
– ბროწეულიც მრავლადაა ნახატებში…
– ბროწეული სიცოცხლის ხეა. ვენახიც, ყურძენიც ჩვენია, ქართულია… თეთრ ვირსაც ვხატავ ხოლმე…
– თქვენი ნამუშევრები პატრიარქთან არის…
– ხსენებაზე უკვე ჟრუანტელმა დამიარა, უდიდესი წყალობაა პატრიარქთან საუბარი. ისე მოხდა, რომ იქ ხშირად ვარ. პატრიარქს ჩემი რამდენიმე ნამუშევარი აქვს, მათ შორის „თეთრი ლომი“, „ხარი“.
„ხარი“ რომ აჩუქეს, მაშინ ჯერ არ ვიცნობდი პატრიარქს. საპატრიარქოდან დამირეკეს, უწმინდესს უნდა დალაპარაკებაო. მივედი… აგურისფერი ხარი იყო, ზურგზე ლურჯი ხალიჩა ჰქონდა გადაფარებული, ვარსკვლავები და ყვავილები ეხატა… უწმინდესმა მკითხა, ლურჯი ხალიჩა რატომ აქვს გადაფარებულიო?
მან ძალიან საინტერესო კითხვების დასმა იცის, რომ გაოცდები, ისეთის. სიმართლე გითხრათ, არც მიფიქრია, რატომ გადავაფარე, წამიერად რაც გავიფიქრე, ის ვუთხარი – უწმინდესო, ცას დამორჩილებული ხარია-მეთქი. რა კარგად მითხარიო, გაუხარდა. როდესაც ნამუშევარი მიმაქვს, საგულდაგულოდ აკვირდება, როცა მაქებს, ჩემთვის უდიდესი მადლი და წყალობაა.
– პატრიარქს მოსწონს თქვენი თეთრი მტრედები…
– ამას წინათ, მეგობარმა ნუგზარ ბაგრატიონმა მითხრა, შენი ნამუშევარი გვაჩვენა უწმინდესმა – სიცოცხლის ხის დიდ თაიგულში თეთრი მტრედი იჯდაო. ასე გვითხრა შენზე, როცა თეთრ მტრედს ხატავს, ჩემთვის სულიწმინდააო. გამიხარდა… მას მერე ვცდილობ, ნამუშევრებში თეთრი მტრედი ხშირად გამოვიყენო.
– მრავალი ქართველი ხელოვანი უცხოეთში მოღვაწეობს. თქვენ არ გიცდიათ წასვლა?
– არა, არ მიცდია და არც მსურს… თორემ ახლა ადვილია კონტაქტების დამყარება და წასვლა. ერთხელ რამდენიმე გერმანელმა მეგობარმა იქ გამოფენა მომიწყო, პატარა ქალაქია, რუზელცსჰაიმში, 10 დღით ვიყავი, მაგრამ გული მისკდებოდა, მენატრებოდა თბილისი, ერთი სული მქონდა, დროზე გამოვქცეულიყავი თბილისში. ამას წინათ, ზაარბრიუკენის მერიამ მიმიწვია. მეუღლეც მახლდა, დიდებულად დაგვხვდნენ… პირველივე დღეს რას ვხედავ, მეუღლე ფანჯარასთან შეტრიალებული ტირის, რა იყო, ხომ მშვიდობაა-მეთქი?„ჩიტო გვრიტოს“ ვინ მიმღერებსო… გაიხსნა თუ არა გამოფენა, დახურვას არც დაველოდეთ, ავიღეთ ბილეთები და დავბრუნდით თბილისში. ნახევარ გამოფენაზე მეტი პირველ დღეს გაიყიდა. ასეთი რამ არ ხდება ხოლმეო, – უკვირდათ.
გამოფენა „შპიგელმა“ და სხვა ცნობილმა გერმანულმა გაზეთებმაც გააშუქეს. ზაარბრიუკენის მერის და ჩემი ინტერვიუები გამოქვეყნდა. მერე სურათებიც გადმოგვიგზავნეს…
– პერსონალურ გამოფენებს ხშირად აწყობთ…
– ვცდილობ, წელიწადში ერთხელ მქონდეს პერსონალური გამოფენა. შარშან ხელოვნების სასახლემ უმასპინძლა ჩემს ნახატებს, ახლახან კი თაკო დოლაბერიძის ორგანიზებით „ორანჟერეაში“ გამოიფინა. ერთდღიან გამოფენას „გამოფენა მეგობრებისთვის“ ერქვა. სიყვარულის თემაზე შექმნილმა 22-მა ნამუშევარმა დამთვალიერებელს ერთი საღამო გაულამაზა.
რაც მიყვარს, ყველაფერი გამოიფინა – ქორწინების, ნეფე-დედოფლის, შეყვარებულების, მეგობრობის თემაზე შექმნილი ნამუშევრები. ამის გარდა, გამოიფინა რამდენიმე ნატურმორტი, ორი სიუჟეტი სახარებიდან – „შობა“ და „ხარება“, ქართულ თემატიკაზე შექმნილი ლურჯი კომპოზიციები, აბსტრაქტული ხალიჩებივით აწყობილი რამდენიმე კომპოზიცია. ფერწერა, ზეთით, აკრილით და შერეული ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები.
მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მობრძანდა, და განსაკუთებით – თაკო დოლაბერიძის.
„ორანჟერეაში“ ღია სივრცეა, გამოფენას კარგი ამინდი დაემთხვა, დამთვალიერებელი კმაყოფილი დარჩა.
– თქვენი მრავალი ნამუშევარი ცნობილი პიროვნებების კოლექციაში ინახება… როგორც ქალბატონმა ქეთი დოლიძემ მითხრა, მან მრავალ ცნობილ პიროვნებას აჩუქა თქვენი ნამუშევრები, ესენი არიან: ვანესა რედგრეივი, პიტერ ბრუკი, პიტერ ბრუკის მეუღლე, ალ პაჩინო, რომელსაც ძალიან მოსწონებია… თქვენი 6 ნახატი ჰილარი ვუდსაც აქვს…
– ქალბატონი ქეთის წყალობით, ჩემი ნახატები ვანესა რედგრეივის, ალ პაჩინოს, ოლეგ ტაბაკოვის კოლექციაში მოხვდა, ასევე აქვს სლავა ზაიცევს… ნახატები არის იტალიაში, ლონდონში, ამერიკის შეერთებულ შტატებში… მილანიდან წერილებიც კი მომდის ხოლმე. ნიკიტა მიხალკოვის ოჯახში ჩემი 8 სურათია. 8 შვილიშვილი ჰყავთ და ამდენივე შეიძინეს.
ბატონ ბიძინა ივანიშვილთან 2 სურათია – თეთრი ხარი და წითელი ოქროს თევზი.
მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ჩემს ნახატს აკოცა. სტამბოლში აქედან სპეციალურად მის შესახვედრად ჩასულმა მრევლმა გადასცა, ანგელოზი დავხატე…
– ხელოვანების ოჯახი გაქვთ…
– მეუღლე მოქანდაკეა – თეა გომელაური, მერაბ ბერძენიშვილის მოსწავლე იყო, მეც მასწავლიდა ბატონი მერაბი და დიდი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში… შვილი – სალომე გომელაურიც ხელოვანია, მინანქრისგან ულამაზეს ნამუშევრებს ქმნის.
თამარ შაიშმელაშვილი