„რუსთაველისა და სარგის თმოგველის, ოპიზრების სამშობლო ძირძველი მოსახლეობის დაცლისაგან უნდა გადავარჩინოთ“…
მისი ცხოვრება და მოღვაწეობა განუყრელია ასპინძისგან. მშობლიური მხარის სიყვარული ბავშვობიდან გულში ამოეტვიფრა.
მე-10 კლასის მოსწავლე აქტიურად მონაწილეობდა შოთა რუსთაველის 800 წლის საიუბილეო ღონისძიებაში. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ რესპუბლიკურ ოლიმპიადაში, სცენაზე ერეკლე მეფის როლიც შეასრულა, მხატვრულ კითხვაში საუკეთესო მოსწავლე ვარძიაში პირველ „შოთაობაზეც“ გამოვიდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. მესხეთში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2008 წლიდან, მისი ინიციატივით, აღდგა „პოეზიის სახალხო დღესასასწაული – „შოთაობა“, რომელიც 12 წელია იმართება სოფელ რუსთავსა და ვარძიაში. „შოთა რუსთაველის სახალხო მუზეუმის აღორძინების ფონდის“ გამგეობის თავმჯდომარე და გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია. „შოთაობის“ ჯილდო პოეზიაში ერთ-ერთი გამორჩეული და საპატიოა.
ასპინძაში რუსთაველის სახლის (მუზეუმის) მუზეუმის მშენებლობის დაწყების თაობაზე რამდენჯერმე დააყენა საკითხი, მაგრამ უშედეგოდ…
მისი უშუალო ინიციატივით გამოიცა ლექსების კრებული – „მესხეთი ქართულ პოეზიაში“, რომელიც ყველა იმ პოეტის შემოქმედებას აერთიანებს, ვისაც მესხეთზე ლექსი დაუწერია. გამოსაცემად მზად აქვს „მესხური ფოლკლორის“ II- III ტომები, ხოლო წლის ბოლომდე გამოვა თავად მისი ლექსების კრებული.
გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ 20 წლის იუბილე მისთვის ძვირფასი და საამაყოა. – პოეტისა და ისტორიკოსის, გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ მთავარი რედაქტორის – ავთანდილ ბერიძის პერსონა.
– დავიბადე 1950 წელს ასპინძაში. მამაჩემი ასპინძის ძირძველი მკვიდრი გახლდათ, ეს მაშინ, როდესაც აქ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეთნიკური თათრები და აზერბაიჯანელები წარმოადგენდნენ. მთელ რაიონში რამდენიმე ქართველს თუ ჰქონდა უმაღლესი განათლება, მათ შორის მამაჩემს. სამწუხაროდ, სულ არაფრის გამო, დაიჭირეს და თავისი აქტიურობით, ციხიდან თვითონვე მიაღწია თავის გამართლებას (1952 წ.), თუმცა, ცოცხალი ვეღარ დაუბრუნდა ოჯახს. მემკვიდრეობით მამისაგან არაფერი დაგვრჩენია, ვახტანგისეული „ვეფხისტყაოსნის“ პირველი გამოცემის გარდა, რომელიც, როგორც წარჩინებულ გიმნაზიელს, დირექტორმა აჩუქა და ისიც მოტყუებით წაიღეს ჩვენი ოჯახიდან.
დედაჩემმა, რომელსაც ორი კლასის განათლება ჰქონდა, ხუთი შვილი გაგვზარდა და ხუთივეს უმაღლესი განათლება მიგვაღებინა. იმ პერიოდში ეს ბევრ რამეს ნიშნავდა. უფროსმა ძმამ – გიორგიმ, მამობაც გაგვიწია და ძმობაც. პროფესიული განათლების გარდა, ოთხი ძმიდან, სამი მწერლობაშიც ვცდით კალამს. უფროსი ძმა მხატვრის ნიჭით იყო დაჯილდოებული, და კი ფიზიკოსი გახლავთ. მთელი ჩემი ცხოვრება ძმებთან ერთად ასპინძაში გავატარე. იმის მიუხედავად, რომ გვიჭირდა, ბავშვობის წლებს მაინც დიდი სიამოვნებით ვიგონებ, რადგან ის უბანი (ციხის უბანი), სადაც გავიზარდე, ყოველთვის გამოირჩეოდა სხვა უბნებისაგან – მოსახლეობის ძირითადი ნაწილი იქ ცხოვრობდა და გართობის მეტი საშუალება გვქონდა. თევზაობა კი თითოეული ჩვენგანისთვის ყველაფერი იყო. მთელ ზაფხულს მტკვარზე ვატარებდით. ხუთი წლისამ ცურვა ვისწავლე და ეს ძალიან მეამაყებოდა.
– სკოლის ხანა… ალბათ საინტერესო მოგონებებს ინახავს…
– პირველ რიგში, ერთმანეთის მიმართ დიდ სითბოს და სიყვარულს ვგრძნობდით, ჩვენი კლასი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და თანაკლასელებიც და-ძმებივით ვიყავით. კარგად მახსოვს, სასკოლო ოლიმპიადების პერიოდში როგორ ენთუზიაზმს ვამჟღავნებდით. კლასგარეშე ცხოვრება ძალზე ტკბილ მოგონებად დამრჩა. რადგან ერთ-ერთი აქტიური მოსწავლე ვიყავი, ხშირად ვმონაწილეობდი კულტმასობრივ ღონისძიებებში.
შოთა რუსთაველის 800 წლის საიუბილეო დღეებში, მე-10 კლასის მოსწავლე, აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა მასობრივ ღონისძიებაში. სწორედ ამ პერიოდში ვმონაწილეობდი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამართულ რესპუბლიკურ ოლიმპიადაში, სცენაზე ერეკლე მეფის როლიც შევასრულე, ხოლო, როგორც მხატვრულ კითხვაში საუკეთესომ, ვარძიაშიც მივიღე მონაწილეობა პირველ „შოთაობაზე“. „შოთაობის“ წინა დღეებში საქართველოს რადიოშიც მიმიწვიეს საიუბილეო გადაცემაში, რაც, როგორც მოსწავლისთვის, იშვიათი შემთხვევა იყო.
– თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდით. სტუდენტობის მოგონებები…
– როგორც გითხარით, ოთხი ძმა ვართ და აქედან სამმა თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტი დავამთავრეთ. ისტორიისადმი სიყვარული კი ჩემი მხარის გმირულმა ისტორიულმა წარსულმა განაპირობა. მესხეთი ხომ მუზეუმია ღია ცის ქვეშ. ყველგან, ყოველ ნაბიჯზე, ქვაში გაცოცხლებულ ისტორიას ვხედავდი და წარსულის შესწვალა ჩემი სანუკვარი ოცნება იყო.
სტუდენტობის პერიოდს რაც შეეხება, ვამაყობ იმით, რომ დედაუნივერსიტეტი დავამთავრე და ძალზე ახლო ურთიერთობა მქონდა ცნობილ მეცნიერებთან, განსაკუთრებით – აკადემიკოს ოთარ ჯაფარიძესთან, პროფესორ გია ავალიშვილთან და სხვებთან.
არასოდეს დამავიწყდება ერთი ეპიზოდი. გამოცდას ვაბარებ ერთ-ერთ პროფესორთან, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან. ჩემი სიყრმის მეგობარიც გვესწრება. იგი იმდენად მწვავე დისკუსიაში გადაიზარდა, რომ, ბოლოს, ჩემგან რომ თავი „დაეღწია“, გაბრაზებულმა პროფესორმა მატრიკული ხელიდან გამომგლიჯა, ხუთიანი ჩამიწერა, ხელი კარებისკენ გაიშვირა – აუდიტორია დატოვეო! – მომაძახა. ამის შემხედვარე, მეგობარი გაოგნებული დარჩა და მითხრა: ვერ გავიგე, შენ გცდიდა თუ შენ ცდიდიო! მერე მე და ის პროფესორი ბოლომდე მეგობრებად დავრჩით.
– ასპინძაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდით…
– როგორც იტყვიან, შრომითი ნათლობა სამშენებლო-სარემონტო კანტორიდან დავიწყე, ზეინკალიც ვიყავი და ტურბაზის ადმინისტრატორიც, ბიბლიოთეკარიც და გაზეთ „ასპინძის“ ლიტმუშაკიც, საქართველოს ალკკ ასპინძის რაიკომის პირველი მდივანიც და რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომრის პირველი მოადგილეც, პრეფექტურისა და გამგეობის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსიც, გასახსენებელი ყველგან ბევრი მაქვს.
კომკავშირულ საქმიანობას ზოგიერთები დღეს რომ მალავენ, მე ამ სფერომ ბევრი რამ მასწავლა, პირველ რიგში, შემძინა ნაცნობ-მეგობრები, გავიარე ჟიული შარტავას ე.წ. სკოლა.
დღეს რომ კრიტიკა მოდადაა ქცეული, იმხანად, ყველა დამეთანხმება, კრიტიკა, ისიც, მაღალი ტრიბუნიდან, დიდ რისკს მოითხოვდა. მე კი ეს შევძელი. სწორედ მაშინ, სულგანათლებული დიდი ადამიანისგან, ბატონ ჟიული შარტავასაგან, უდიდესი მხარდაჭერა ვიგრძენი, – მისგან არათუ საყვედური, ერთი გადაბრუნებული სიტყვაც არ მომისმენია, პირიქით კი მოხდა – ბატონ სოსო ორჯონიკიძესთან (ცეკას მაშინდელი მეორე მდივანი) ერთად მიიღო გადაწყვეტილება, გაეწია ჩვენი რაიონული ორგანიზაციისათვის ყველანაირი მატერიალური დახმარება და, პარალელურად, ტურისტული ჯგუფის ხელმძღვანელად გამაგზავნა გერმანიაში, ხოლო შემდეგ, მისივე რეკომენდაციით, დავწინაურდი, რამაც უდიდესი სტიმული მომცა და მეტ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობდი.
რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომრის მოადგილედ ჩემი მუშაობის პერიოდში, დიდი მესხის, ვახტანგ გურგენიძის თანადგომით, გადავწყვიტე ვარძიის ძეგლ-ნაკრძალის 800 წელთან დაკავშირებით, ასპინძაში გამეკეთებინა რუსთაველისადმი მიძღვნილი გამოფენის ნაცვლად – მუზეუმი.
მაშინ, პირადად, კულტურის მინისტრის – ვალერი ასათიანისგან უდიდესი მხარდაჭერა ვიგრძენი. მისივე უშუალო ჩარევით, რამდენჯერმე ერთობლივად დავაყენეთ საკითხი ზემდგომი ორგანოების წინაშე, რუსთაველის მუზეუმის მშენებლობის დაწყების თაობაზე, მაგრამ…
– სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხშირად გიწვევთ რეზიდენციაში…
– სწორედ ამ პერიოდში გავიცანი რესპუბლიკის არაერთი ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მაღალი იერარქიის სასულიერო პირი. ჩემდა საბედნიეროდ, მაშინ, როდესაც რეპრესიული აპარატი კვლავ მძვინვარებდა, ოჯახში რამდენჯერმე სტუმრად მყავდა დისიდენტები – ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და სხვ., რის გამოც დიდი წნეხის ქვეშ არაერთხელ აღმოვჩნდი (თუმცა ეს სხვა თემაა), ბედნიერად ვთვლი თავს, რომ არაერთხელ მიმიწვია პირადად უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მის საზაფხულო რეზიდენციაში – სნოსა და საპატრიარქოში. წილად მხვდა პატივი, მეგზურობაც გამეწია მისთვის ასპინძის რაიონში და, რაც მთავარია, ჩემი თხოვნით, უწმინდესმა, ასპინძაში, აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან ჩამოსახლებული ათამდე ჩვენი სისხლისმიერი ძმა გააქრისტიანა.
– 1998 წლიდან გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ხართ. დღეს ლიტერატურულ პერიოდიკას, დაუფინანსებლობის გამო, ძალიან უჭირს. ვინ არიან ის ადამიანები, ვინც გვერდით გიდგათ…
– ისეთ პატარა რაიონში, როგორიც ასპინძაა, სალიტერატურო გაზეთის დაფუძნება ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო, რადგან მაშინ დედაქალაქშიც ჭირდა მისი გამოცემა და, აქ, ამ მხარეში, ეთნიკურად ურთულეს რეგიონში, ცხადია, მართლაც ძნელი იყო. ჩვენმა სასიქადულო პოეტმა მურმან ლებანიძემ, რომელსაც ახლოს ვიცნობდი, რჩევა მომცა, ჩვენი სამწერლო ორგანიზაცია ქართლის რეგიონთან გაგვეერთიანებინა და მათ გამომცემებლობებთან გვეთანამშრომლა, რადგან, მწერალთა სიმცირის გამო, ეს იქნებოდა ყველაზე კარგი გამოსავალი.
თითოეული ქართველი ამაყობს სულმნათი რუსთაველით. სწორედ ამიტომ ვერ წარმომედგინა, რომ ამ მხარეში არ ყოფილიყო სალიტერატურო გაზეთი და არ გაგვეგრძელებინა ის დიდი ტრადიციები, რაც, ოდესღაც, ამ მხარეს ჰქონდა. იმის მიუხედავად, რომ მოქმედი მწერალი მხოლოდ ორად-ორი გვყავდა, – ელენე დიდიმამიშვილი და გიორგი ზედგინიძე, მათ გვერდით ისეთებიც იყვნენ, რომელთა შემოქმედება იშვითად თუ მოხვდებოდა სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთების ფორცლებზე და მათი ჩართვა ამ საქმეში ძალზე მეიმედებოდა.
ამასთან, თსუ-ს სამცხე-ჯავახეთის ფილიალის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ჩართვაც უდიდესი იმედის მომცემი იყო. მათი დიდი წვლილია, რომ 20 წელი გაზეთმა შეინარჩუნა თავისი სახე, განვითარდა, გაძლიერდა და ერთ-ერთ საუკეთესო სალიტერატურო გამოცემათა გვერდით დადგა და, ისიც კი შევძელით, მისი ტირაჟი 2500 ეგზემპლარამდე გაგვეზარდა, რაც იშვიათობაა დღევანდელ სიტუაციაში.
ვერავინ წარმოიდგენს, რომ თხუთმეტი წელი მშრალი ენთუზიაზმით გამოდიოდა გაზეთი, სასტამბო ხარჯების მოძიება ხომ უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა, მაშინ გაზეთი არათუ მუდმივი დამფინანსებლის, კანტიკუნტად გამოჩენილ მეოხთა ამარა იყო და 50-100 ლარიც უდიდესი თანხა იყო ჩვენთვის. გაზეთიდან მიღებული შემოსავალი ხომ სანახევროდაც ვერ წვდებოდა ამ ხარჯებს. აბა, წარმოიდგინეთ, – უნდა მოიძიო მაღალი დონის ლიტერატურული მასალა, პუბლიკაციები, მოიზიდო ფინანსები, გაზეთის გავრცელებაზე იზრუნო, ნაბეჭდი პროდუქცია ხელმომწერამდე მიიტანო, შეარჩიო მკითხველის გემოვნებაზე გათვლილი სტატიები და… შთაბერო გაზეთს სიცოცხლე, გზადაგზა კი არაერთი პრობლემა იჩენს ხოლმე თავს.
ჩვენდა საბედნიეროდ, დღეს გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ გავრცელების არეალი თითქმის მთელი საქართველოა. ძალასა და ენერგიას კი კმაყოფილი მკითხველი გვაძლევს, რომელიც მოუთმენლად ელის თითოეული ახალი ნომრის გამოსვლას. სიამოვნებას გვანიჭებს ისიც, რომ ბევრი სათუთად აგროვებს ჩვენი გაზეთის თითოეულ ნომერს და საგაზეთო არქივებსაც ქმნის. გაზეთის ავტორიტეტის, მისი პროფესიული დონის ამაღლების საქმეში, უპირველესად, იმ ადამიანებმა შეიტანეს განსაკუთრებული წვლილი, რომელთა ნაღვაწი მკითხველი საზოგადოების ინტერესს იწვევს.
აქვე არ შემიძლია, არ აღვნიშნო სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა აქტივობა, განსაკუთრებით მისი დამაარსებლის და პირველი რექტორის მერაბ ბერიძის, ამჟამინდელი რექტორის მაკა ბერიძის, პროფესორების – თინა იველაშვილის, ნესტან სულავას, უჩა ბლუაშვილის, ვახტანგ ინაურის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომლების, ჩვენი დიდი მეგობრების – ციური ლაფაჩის, ნატო ყრუაშვილის, გრიგოლ ჯვარიძის, ლევან ლაფაჩის, ახალციხელი კალმოსნების – რეზო ანდღულაძის, სოსო გიქოშვილის, ვაჟა სამსონიძის, ბორჯომელი შემოქმედების – ვალერიან ლომიძის, უშანგი ჯანგირაშვილის, თამაზ ჩიკვაიძის, თემურ ხუხუნაიშვილის, მწერლების – დურმიშხან და რობერტ ბერიძეების, ვლადიმერ ველიჯანაშვილის, ავთანდილ ივანიძის, ცნობილი მეცნიერებისა და პუბლიცისტების – ბონდო არველაძის, ჯაბა სამუშიას, მიხეილ ბახტაძის, კახაბერ ჯაყელის, თამარ ლომიძის, ვაჟა ოთარაშვილის, რეზო (ემელიანე) ადამიას, ნომადი ბართაიას, მურმან თავდიშვილის, გივი შაჰნაზარის, ტარიელ ფუტკარაძის, სხვათა და სხვათა (მომიტევოს ყველამ, ვის გვარებსაც ვერ ვთავაზობთ მკითხველს), თუმცა აქვე არ შეიძლება არ გავიხსენოთ ჩვენს გაზეთზე შეწირულების, ჩვენი დიდი მეგობრების და მოკალმეების – სერგო მელიქიძის, შალვა კეღოშვილის, ოთარ ოსაძის, გიორგი ივანიძის, ვალერი სილოგავას, ნიკოლოზ ალელიშვილის, გაზეთის ერთ-ერთი დამფუძნებლის მალხაზ სანდროშვილის სახელები, რომელთა გარეშე „ლიტერატურული მესხეთის“ არსებობა წარმოუდგენელია.
ყოველთვის განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ ნამდვილი ქართველი მანდილოსნის, ლიტერატურაზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანის, ბიზნესმენ ლიანა მანჩხაშვილის მიმართ, რომელსაც ხელფასების გაცემაც კი უჭირს თანამშრომლებზე, მაგრამ გაზეთის დახმარებისათვის კაპიკსაც არ იშურებს, ასევე მადლიერებას გამოვხატავ ბიზნესმენების – ნიკოლოზ კურტანიძის, ოთარ თათეშვილის, ნოდარ ინასარიძის, ავთანდილ გელაძის მიმართ.
– თქვენი ინიციატივით 2008 წლიდან აღდგა „პოეზიის სახალხო დღესასასწაული – „შოთაობა“, რომელიც 12 წელია იმართება სოფელ რუსთავსა და ვარძიაში. ხართ „შოთა რუსთაველის სახალხო მუზეუმის აღორძინების ფონდის“ გამგეობის თავმჯდომარე. შოთაობის ჯილდო პოეზიაში ერთ-ერთი გამორჩეული და საპატიოა. რას გვეტყვით დღესასწაულ „შოთაობის“ მნიშვნელობაზე და ვინ არიან ლაურეატები?
– „პოეზიის სახალხო დღესასწაული – შოთაობა“, უპირველესი სახალხო დღესასწაულია საქართველოში და მისი დაწესება შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლის იუბილეს უკავშირდება. როგორც ერთმა უცხოელმა ბრძანა – „საქართველოში ყველა პოეტია და ქართველი პოეტი ორმაგი პოეტიო“, – შემთხვევით არ უთქვამს. იყო დრო, როდესაც ქართული პოეზიით ცხოვრობდა ქვეყანა, მწერლები და პოეტები ყველაზე საყვარელ და გამორჩეულ ადამიანებად ითვლებოდნენ. ჩვენს ახალგაზრდებს უნდა ახსოვდეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე წიგნიერი ერი ვიყავით. ამას, რაც გინდათ, ის დაარქვით, – საქართველოში წიგნებზე ნადირობა მართლა იყო გამოცხადებული, ასიათასობით ტირაჟიანი წიგნები, რამდენიმე კვირაში აღარ ეწყო წიგნის მაღაზიების თაროებზე. ალბათ, დაუჯერებლიცაა, – ხშირად წიგნები ადგილობრივი ხელისუფლების განაწილებითაც კი იყიდებოდა. დღეს კი…
ვგონებ, ცოტა ავცდი სათქმელს.
გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან სახალხო დღესასწაულებმა თითქოს მეორე პლანზე გადაიწიეს. „შოთაობაც“ მხოლოდ რამდენჯერმე გაიმართა და, ბოლოს, სრულიად დაივიწყეს… კეთილი შურითაც მშურდა მაშინ, რომ ჩვენს სამეზობლოში, ტრადიციული ღონისძიებები, უპრობლემოდ ტარდებოდა. ამის თაობაზე ცენტრალურ პრესაშიც და ჩვენი გაზეთის მეშვეობითაც, არაერთხელ გავახმოვანე. ბოლოს, ჩვენდა საბედნიეროდ, ამ საქმეში გვერდში დაგვიდგა საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი… საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მთავარია, ნება იყოს და ყველაფერს ეშველება. გაზეთის ინიციატივით აღდგენილი ეს დღესასწაული იმითაც არის გამორჩეული, რომ ყოველწლიურად, ქართული ლიტერატურის განვითარების მიზნით, ვატარებთ ლიტერატურულ კონკურსს პოეზიაში და გვემაყება, რომ ამ კონკურსებში ჩვენი სახელოვანი პოეტები აქტიურად მონაწილეობენ.
„შოთაობის პრემიის“ 80-მდე ლაურეატი არცთუ ისე ცოტაა ჩვენი სინამდვილისათვის. ვფიქრობთ, მომავალში მისი მასშტაბები უფრო გაიზრდება.
– ბოლო დროს გამარჯვებულთა დაჯილდოება თბილისში იმართება…
– დიახ, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ თსუ-ს მორფოლოგიის ინსტიტუტის (ყოფ. რექტორი დიმიტრი კორძაია) მხარდაჭერით, პარტნიორული ურთიერთობა დავამყარეთ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი, „შოთაობის“ დღესასწაულზე მათი წარდგენის შემდეგ, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში იმართება. ეს კი დიდი იმედია – დედაქალაქის ჩართულობა ამ დღესასწაულში უფრო გაიზრდება.
დიდ სიამოვნებას მგვრის ისიც, რომ ჩვენი „შოთაობის პრემია“ პრესტიჟულ ჯილდოდაა მიჩნეული და არაერთი დიდი და გამოჩენილი ქართველი პოეტია მისი ლაურეატი. უფრო მეტიც, დაჯილდოებულთა შორის ზოგიერთმა ახალგაზრდა პოეტმა აღიარება ჩვენი ამ პრემიით დაჯილდოების შემდეგ მოიპოვა.
– გამორჩეულია თქვენი საზოგადოებრივ ასპარეზზე მოღვაწეობა. თქვენი ინიციატივით გასული საუკუნის 80-იან წლებში დაბა ასპინძაში გაიხსნა შოთა რუსთაველის მუზეუმი, რომელიც, სამწუხაროდ, 2005 წელს დაინგრა… თქვენ ახლაც იბრძვით შენობისთვის. რატომ ვერ მოხერხდა დღემდე მუზეუმის მშენებლობა?
– მართლაც, უცნაური ხალხი ვართ ქართველები. არაერთხელ თქმულა და კვლავ გავიმეორებ:
– ბევრ ქვეყანაში, ერის ინტერესებიდან გამომდინარე, არარსებულიდან, რაღაცას ქმნიან, აკოწიწებენ და უცხოელების თვალში თავიანთ კულტურას წარმოაჩენენ. ასეთ პატარა ერს გვყავდეს რუსთაველი და არ გვადარდებდეს მისი სიდიადის მსოფლიო არენაზე გატანა, პირდაპირ ვიტყვი, – ან უვიცობის, ან უპატივცემულობის ბრალია!
შოთა რუსთაველის 800 წლის იუბილეზე მსოფლიომ შეისისხლხორცა რუსთაველის სიდიადე, მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე ითარგმნა, მრავალი საერთაშორისო ღონისიძიება მიეძღვნა, ჩვენდა სავალალოდ, 850 წლის იუბილე რა მდარედ აღინიშნა, სასაუბროდაც არ ღირს…
პატრიოტობა მარტო გულზე მჯიღის კვრა არ არის, ტრაფარეტულად არც მტრის წარამარა გინება აგვიმაღლებს პატრიოტულ გრძნობებს. შენი კულტურა უნდა დაანახო უცხოელს, – ყურში ჩაუჭედო – ვინ ვიყავით, რანი ვართ, რომ ჩვენმა კორიფეებმა, გენიალურმა ადამიანებმა, მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს, ესაა მთავარი! არ ვართ ხელწამოსაკრავი ერი!
ქართველების გარეშე ბევრი რამ დააკლდებოდა კაცობრიობას, პოლიტიკური თვალსაზრისითაც კი. ერთი წუთით თვალი გადავავლოთ თურქეთის, ირანის, რუსეთის, ეგვიპტის, ერაყის ისტორიას, თუ რა წვლილი შეიტანეს ქართველებმა მათი განვითარების საქმეში. არ არსებობს მეორე ერი (ებრაელების გარდა), ამხელა დამსახურება ჰქონოდეს ამა თუ იმ ქვეყნის წინაშე, როგორც ქართველებს აქვთ. აბა, წარმოვიდგინოთ მსოფლიო შექსპირის, გოეთეს, პუშკინის, რუსთაველის გარეშე, რომლის თითოეული ფრაზა, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ – გენდერული თანასწორობაც არის, ხალხთა შორის მეგობრობაც, პატრიოტიზმიც, ვაჟკაცობაც და… ამ იდეალებზე აღზრდილი ერის შვილებს განა ყოველდღიურად ჩიჩინი სჭირდება, რა უნდა გავაკეთოთ, სად როგორ მოვიქცეთ?!…
რუსთაველის სახლის (მუზეუმის) მშენებლობის მთავარი მიზანიც ესაა. ამ მუზეუმმა უნდა გამოაჩინოს ქართული გენეტიკა, ქართველი კაცის ბუნება, მატერიალურად დავანახოთ უცხოელს, რომ ჩვენ რუსთაველის ქვეყანა ვართ და სულ ცოტა პატივისცემას მაინც ვიმსახურებთ. მაგრამ პრობლემა ხომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენშია, რომელიღაც უჩინარი დილეტანტის ნება-სურვილზეა დამოკიდებული… – განა ჩვენი მეზობლები ასე მოიქცევიან?
იმედი, ორიოდე წლის წინ, თითქოს გაჩნდა, როდესაც მთელი ქვეყნის გასაგონად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაგვაიმედა, რომ ყველაფერს გააკეთებდა ამ იდეის ხორცშესხმისათვის. მან, როგორც დიდმა მეცენატმა, უდიდესი და განუმეორებელი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის განვითარება-გადარჩენის საქმეში! მისთვის მსგავსი პროექტის განხორციელება არაფერს წარმოადგენს და, ვიმედოვნებთ, სიტყვას საქმედ აქცევს!..
– თბილისის მერიამ 2010 წელს დაგაჯილდოვათ „ქართული კულტურის დესპანის“ მედლით, ქართული მწერლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მოგენიჭათ „ქართული მწერლობის ამაგდარის“ და, ამავე დროს, „ქართული კულტურის რაინდის“ წოდებები… რომელი ჯილდოა თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
– ჯილდო, რომელიც არ უნდა იყოს, ყველა ძვირფასია, ყველა მათგანში ადამიანის შრომის ნაყოფია. როცა გაჯილდოებენ, ეს იმას ნიშნავს, – დაიმსახურე, შენში რაღაც კარგი საქმე დაინახეს. გახალისებენ იმისათვის, რომ კიდევ შექმნა რაღაცა, კიდევ მოუტანო სარგებელი შენს ხალხს. თუმცა ეს მაინც ავანსია. ასე ყოფილა ეს ცხოვრება და ასეც იქნება.
– გამოეცით წიგნები – „ვწერ ვინმე მესხი მელექსე“, „მესხური ფოლკლორის“ სამტომეულის პირველი ტომი (900 გვერდი), „მესხეთი ქართულ პოეზიაში“ (750-გვერდი) და სხვ…
წლებია აგროვებთ მესხური ფოლკლორის ნიმუშებს…
– ვფიქრობ, „მესხური ფოლკლორის“ გამოცემით, მართლაც კარგი საქმე გაკეთდა. არ მეგონა, ამხელა საგანძურის პატრონები თუ ვიყავით. მესხური ზეპირსიტყვიერება, თავისი სიბრძნით, თავისი მასშტაბებით, ყურადღების ღირსია, იგი მარტო იმადაც ღირს, რომ მასში თავმოყრილია აშუღური პოეზია, ხალხური ლექსები, ლეგენდები, თქმულებები, ზღაპრები, ანდაზები, წეს-ჩვეულებები, სპორტული თამაშები, გამოცანები, ეპიტაფიები… ეს ზღვა მასალაა, რომელიც ეგრერიგად სჭირდება ჩვენს ეროვნულ კულტურას. ძალიან ვნანობ, რომ ამ საქმეს უფრო ადრე არ მოვკიდე ხელი. თურმე, ათი-ოცი წლის წინ, რამდენი რამის გაკეთება შეგვეძლო… ჩვენმა სასიქადულო ადამიანებმა სამუდამოდ გაიყოლიეს ის ხელიხელსაგოგმანები მარგალიტები, რომელთა გადარჩენა, იმხანად, კიდევ შეიძლებოდა…
მიუხედავად ამისა, იმედი მაინც არ დაგვიკარგავს და დიდი ენთუზიაზმით კვლავ ძიებაში ვართ. ამ საქმეში გვერდში გვიდგანან ენთუზიასტები და მაქსიმალურად გვსურს, ამოვწუროთ მოსახლეობიდან ეს მარგალიტები. ამ იდეის ხორცშესხმა წარმოუდგენელია საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში დავანებული მესხური ფოლკლორის ნიმუშების მოძიების გარეშე, რაშიც მართლაც განსაკუთრებულ დახმარებას გვიწევენ მათი მესვეურები, უპირველესად, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო მუზეუმის თითოეული თანამშრომელი, ცალკეული ენთუზიასტები, რაზეც უსაზღვროდ მადლობელი და დავალებული ვარ. 2015 წლის ბოლოს სამტომეულის პირველი ნაწილი გამოვეცით, მომავალი თითოეული ტომიც ასეთივე მოცულობის იქნება. ახლა მთავარი ფინანსების მოძიებაა.
– ჰობი…
– ძალიან მიყვარს ჭადრაკი, წიგნების შეძენა…
– ოჯახი…
– ადამიანისათვის მთავარი ოჯახია. ურომლისოდაც არაფერს არ წარმოვადგენთ. ჩვენი თავი ოჯახს ეკუთვნის და, ოჯახურ სითბოს, ბედნიერებას, შვილებსა და შვილიშვილებში ვხედავთ. სახელმწიფოს სიძლიერეც მხოლოდ და მხოლოდ მტკიცე ოჯახებზეა დამყარებული.
მყავს მეუღლე, ურომლისოდაც ვერც ამ გაზეთს შევინარჩუნებდი და ვერც ამ წიგნებს გამოვცემდი. იგი პროფესიით ბიბლიოთეკათმცოდნე-ბიბლიოგრაფია და კარგად იცის გაზეთისა და წიგნის ფასი. სამი შვილის – ორი ვაჟის და ერთი ქალიშვილის მამა ვარ. ჩემი ცხოვრების აზრს მათსა და სამ შვილიშვილში ვხედავ.
– სამომავლო გეგმები…
– როგორც აღვნიშნე, მზად მაქვს „მესხური ფოლკლორის“ II-III ტომები, რომელთა გამოცემას უახლოეს მომავალში ვფიქრობ, ხოლო წლის ბოლომდე გამოვა ჩემი ლექსების კრებული, სადაც, ძირითადად, შევა ბოლო წლებში შექმნილი პოეზია.
– როგორც რუსთაველზე მოამაგე, რას იტყოდით, რამდენად დაფასებულია შოთა რუსთაველი?
– დღეს, ზოგისთვის, მხოლოდ სიტყვაა „რუსთაველი“. „საქართველო რომ რუსთაველია და რუსთაველი საქართველო“, – ეს მცნება ჯერ კიდევ ვერ გავითავისეთ. ვიდრე ასე გაგრძელდება ჩვენი ცხოვრება, ერი ძველებურად ვერ იდიდგულებს, ვერ იამაყებს, ვერ იქართველებს!.. რუსთაველს ისევ დრო დააფასებს და დამფასებელიც არ დააკლდება. უკვდავთა ხვედრიც ხომ ესაა!
დღევანდელი ქაოსური დრო წარმავალია. ყველა გარდამტეხ ეპოქას ახლავს მსგავსი სიტუაციები, ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფოც დაიხვეწება, ამ სახადსაც მოიხდის ქვეყანა და ქართველები კვლავაც იტყვიან თავის სიტყვას მსოფლიო ცივილიზაციაში.
– მესხეთის სატკივარი…
– მესხეთს ყოველთვის დიდი სატკივარი ჰქონდა, დრომ ვერა და ვერ განკურნა მისი ტკივილები. მწვავე დემოგრაფიული მდგომარეობის გამო, მესხ კაცს ცხოვრების ნორმალური პირობები სჭირდება. იმის მიუხედავად, რომ ბევრი რამ კეთდება სხვადასხვა მიმართულებით, ძირძველი მოსახლეობის დაცლისაგან უნდა გადავარჩინოთ რუსთაველისა და სარგის თმოგველის, ოპიზრების სამშობლო. ეს უნდა იყოს მთავარი საზუნავი იმათგან, ვისაც ეს ხელეწიფება.
თამარ შაიშმელაშვილი