მხატვარი, რომელმაც ლიმფომა დაამარცხა…

გვანცა აფხაიძე მამასთან ერთად

დაიბადა ქუთაისში, როდესაც ,,ტკბილი და თბილი 90-იანები“ ,,ანათებდა“ ჩაბნელებულ ქალაქს. გვანცა აფხაიძის ბავშვობა საყვარელ ქალაქთან, დიდ სამეგობრო წრესთან, უამრავ ტკბილ მოგონებასთან, თეთრ ხიდთან და ბაგრატის ტაძართან ასოცირდება. გვანცა ერთი ჩვეულებრივი გოგონა იქნებოდა. თუმცა, 20 წლის ასაკში, ის უმძიმეს განსაცდელს – ლიმფომას შეეჩეხა და დაიწყო ბრძოლა გადარჩენისთვის.

დაამთავრა ქუთაისის პირველი კლასიკური გიმნაზია. სკოლაში, განსაკუთრებით, უყვარდა ქიმია, ბიოლოგია და ფიზიკა. თუმცა, დედის დაჟინებული თხოვნით, სკოლის დამთავრებისთანავე, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა და თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. სწავლის დაწყებიდან ორ წელიწადში, დაუსვეს სისხლის სიმსივნის დიაგნოზი – ლიმფომა. ვიდრე ჯანმრთელობა აძლევდა საშუალებას, სწავლისათვის თავი არ დაუნებებია, თუმცა ავადმყოფობის გართულებასთან ერთად იძულებული გახდა, სწავლა შეეწყვიტა.
მშობლები, ბუნებრივია, ძალიან ღელავდნენ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ გვანცა სიტყვებით ვერ გადმოსცემს, რას გრძნობდა იმ მომენტში, როდესაც დიაგნოზი დაუსვეს.
ირველი, რაც დიაგნოზის შეტყობისთანავე გააკეთა, გამოიყენა ,,გუგლი“, რომ ზუსტად გაეგო, რა ხდებოდა მის თავს. ლიმფომა არ ჟღერდა საშიშ სიტყვად, რომ ისევე ენერვიულა, როგორც – მის მშობლებს. ინტერნეტიდან ამოიკითხა ინფორმაცია დაავადების შესახებ. გაიგო, რომ ლიმფომა განკურნებადია, თუმცა ქიმიოთერაპია აუცილებელია და, თანაც, რაც შეიძლება მალე.
„დავიწყე მკურნალობა. ყოველთვის ერთსა და იმავე გზას გავდიოდი – ჯერ სანაპიროს გავივლიდი. მტკვრიდან თევზების სუნი ფილტვებს წამში ედებოდა, რაც გულს მირევდა. მერე დახურულ გვირაბში იმ იმედით შევდიოდი, რომ ბოლოს სინათლე აუცილებლად გამოჩნდებოდა. როცა ამ გზით მივდიოდი, ფიქრები შორს მიტაცებდა. ვცდილობდი წარმომედგინა, თითქოს, გრძელი თმები  მქონდა, რომელსაც ჰაერის შეუჩერებელი ნაკადი მანქანის უკანა სავარძლებზე შლიდა. ამ ფიქრებში გართული, როდესაც სარკეში, თითქმის ,თმაგაცვენილ გვანცას მოვკრავდი თვალს, საკუთარ თავს ვაჯერებდი, რომ მე ასეთი მომწონდა საკუთარი თავი.“

„გზა საავადმყოფომდე, ნელ-ნელა, მოკლდებოდა და ნანემსარების ტკივილი თავს მახსენებდა. ვიცოდი, რომ წინ ქიმიოთერაპიის გადასხმის დამღლელი სამი საათი მელოდა. დერეფანში, ჩუმი და ნელი სვლით მივიწევდი ოთახისკენ, სადაც მოღიმარე ნათია ექთანი მელოდა. მივდიოდი ჩემი ფეხით და თან სიამაყის ხურჯინი მქონდა ზურგზე მოკიდებული, რომ, საკუთარი თავის გარდა, არავის იმედი მქონდა და მარტოობა უფრო ძლიერ ადამიანად მაგრძნობინებდა თავს.“

გვანცა აფხაიძე: ,,მინდოდა, ქიმიის მძაფრი, რთული და მტკივნეული პროცესი ტილოზე გადმომეტანა და ასეც მოვიქეცი. გამოვსახე ჩემი ემოციები და გრძნობები, რასაც იმ მომენტში განვიცდიდი”.
ქიმიოთერაპიის მერვე გადასხმისთვის საკუთარ, ბევრად გასუქებულ სხეულსაც მიეჩვია და იმასაც, რომ აღარ ჰგავდა ძველ გვანცას. მკურნალობა იმაზე მტანჯველი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა.
,,ღმერთო, შეგეკითხო, სად გაქვს სამართალი? თუ მკრეხელობა იქნება?! “ – კითხვა, რომელიც, მკურნალობის განმავლობაში, მას არ ასვენებდა, დღემდე პასუხგაუცემელია. დაავადებასთან გაუთავებელმა ბრძოლამ გვანცას ფარული ნიჭი გაუღვიძა და ხატვა დააწყებინა. თავდაპირველად, ხატვა ჩუმად დაიწყო, ნახატებს არავის ანახებდა. დაფიქრდა და მიხვდა, რომ ადამიანს, რაც ყველაზე უკეთ გამოსდის და უყვარს, ის უნდა იყოს მისი პროფესია.
ავად გახდომამდე ვერ წარმოედგინა, ხატვა თუ შეეძლო, რადგან, მამამისის ფონზე, რომელიც ბაგრატის ტაძრისთვის ხატებს წერდა, თავად ხატვის დაწყება წარმოუდგენლად მიაჩნდა. თუმცა, ცხოვრებას თავისი დღის წესრიგი აქვს და დღეს გვანცა მხატვარია. მისმა ცხოვრებამ ნელ-ნელა გაფერადება დაიწყო  ჩვილი ბავშვივით, ფეხი ხელმეორედ აიდგა. მკურნალობის პერიოდში, გაურბოდა ხალხთან ურთიერთობას, გამოჯანმრთელების შემდგომ კი განაახლა მათთან კომუნიკაცია.
გვანცას თქმით, განწყობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ცხოვრებაში. ადამიანები განსაცდელს მხოლოდ იმიტომ ეჩეხებიან, რო,მ შემდგომ, განგების მშვილდ-ისარმა ყველა სიკეთე მათკენ მომართოს. გონებაში წამითაც არ უფიქრია, რომ ვერ გადაიტანდა მის ცხოვრებაში  შემოჭრის ტკივილს, მაგრამ მან ეს შეძლო, მოიკრიბა რწმენის ძალა და სძლია მძიმე სენს.
2018 წლის ნოემბერში ახალგაზრდა მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო. გამოფენას მისი ერთ-ერთი ნამუშევრის, ,,ჯადოსნური ამბების“ სახელი დაარქვა.
,,ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა უდიდეს ემოციებთანაა დაკავშირებული. გამოფენამ, როგორც მხატვარს, თვითშეფასება ამიმაღლა, ბევრად თავდაჯერებული გავხდი. საოცარი შეგრძნება იყო, როდესაც სრულიად უცხო ადამიანები მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ლამაზი ნამუშევრები მაქვს. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, როდესაც ნახატებზე მესაუბრებიან და მეუბნებიან, რომ მოსწონთ ჩემი შემოქმედება, შემიძლია, უსასრულოდ, უკიდეგანოდ გავუბა მათ დიალოგი იმიტომ, რომ მხატვრობა ჩემთვის ყველაფერია“.
გვანცა აფხაიძის ნამუშევრები ერთმანეთისგან განსხვავდება. მხატვარი ფიქრობს, რომ მისი ყოველი ახალი ნახატი უფრო დახვეწილია, ვიდრე – წინა. ხელოვანის ნახატები დატვირთულია სიმბოლოებით, რომლებშიც სხვადასხვა აზრია გადმოცემული.

გვანცა აფხაიძე: ,,ამ ფოტოზე ჩემი სულიერი მდგომარეობაა გადმოცემული. ეს მანდალა მზეა, რომლისგანაც ენერგია მომაქვს და ღამეს სასურველ ფერს ვაძლევ. ბევრი რამის თქმა მინდოდა ამ ნახატით. ინი და იანი – სიკეთე და ბოროტება, ქალი და მამაკაცი – გაერთიანება, მწვანე თევზები – სიცოცხლის ფერია.
ჩემი ნახატები ყველა ადამიანს განსხვავებულად ესაუბრება. მე სიყვარულზე, დადებით ემოციებსა და ჯადოსნურ სამყაროზე მესაუბრებიან, რადგანაც თითოეული ჩვენგანი ინდივიდუალურია, სხვადასხვაგვარად შეგვიძლია აღვიქვათ ჩემი ფსიქოდელიური ჟანრის ნახატები“.

სამომავლოდ, უამრავი გეგმა აქვს. სურს, შეისწავლოს გრაფიკული დიზაინი, რადგან მიიჩნევს, რომ ხატვისას გამორჩეულ დეტალებსა და შტრიხებს თავად ითვისებს და სწორედ ამიტომაც უწოდებს თავს თვითნასწავლ მხატვარს.
უყვარს სიმშვიდე, ბუნება, მცენარეები და ცხოველები. ნებისმიერი ცოცხალი არსების მიმართ დადებითადაა განწყობილი. წლების შემდეგ, როდესაც ყველა იმ ოცნებას აიხდენს, რომელიც, ამ ეტაპზე, ჩაფიქრებული აქვს,  სოფელში წავა საცხოვრებლად, რადგან მისთვის წყნარი ცხოვრება და ბუნებასთან ურთიერთობა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე – ქალაქის მტვერის სუნთქვა.

ფიქრობს, რომ სენი დასძლია, ანუ ,,გადაცურა ზღვა“. თუმცა, ყველაფერი აქ არ მთავრდება. წინ ბედნიერების ოკეანე და წარმატებული მომავალი ელის.

ნათია კოსტავა

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები