“ნაცმოძრაობის” დეპუტატი ლიეჟში “შატალოზეა”- ცხვიტარია, სააკაშვილთან შეხვედრაზე ისე წავიდა საკრებულოს ადმინისტრაციამ არაფერი იცოდა
ფოთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დარეჯან ცხვიტარია, ბელგიის ქალაქ ლიეჟში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამართულ შეხვედრას დაესწრო, თუმცა – ის ემიგრანტი არასდროს ყოფილა. ამასთან, მან საქართველო ისე დატოვა, საკრებულოს ადმინისტრაციისთვის ოფიციალური განცხადებით არ მიუმართავს. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი სამსახურში არ ცხადდება და, ამ დრომდე, საზღვარგარეთ იმყოფება.
როგორც „კვირამ“ გაარკვია, ფოთის საკრებულოს წევრს ადმინისტრაციისთვის არც განცხადებით მიუმართავს და არც კუთვნილ შვებულებაში იმყოფება. უფრო მეტიც, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გია დარჯანიამ, უმცირესობის დეპუტატი, დარეჯან ცხვიტარია, ტელეეკრანიდან „ამოიცნო”:
„დარეჯან ცხვიტარიას პარასკევს, სხდომაზე შევხდი. მივესალმე, მოვიკითხე, მაგრამ ჩემთვის არ უთქვამს – მიემგზავრებოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად. მას არც განცხადებით მოუმართავს და არც კუთვნილი შვებულება მოუთხოვია. ეს საკითხი აპარატის უფროსთანაც გადავამოწმე, მაგრამ განცხადება არც იქ აღმოჩნდა. თუ ამ დღეებში არ გამოჩნდა, დარეჯან ცხვიტარიას მიმართ დისციპლინარულ გადაცდომაზე ვისაუბრებთ“, – აღნიშნა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გია დარჯანიამ, რომელიც ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი კაკულიას კუთვნილი შვებულების გამო, მის მოვალეობას ასრულებს:
„მეც ტელევიზიით ვნახე დარეჯან ცხვიტარია, რომელიც ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებულ შეხვედრას ესწრებოდა. მასთან ერთად, სხვა ფოთელებიც ვიხილე. ქალბატონ დარეჯანისთვის მიხეილ სააკაშვილი არის ამომავალი მზე და ის „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა შეკრებას ესწრება. აგრეთვე, ის ესწრებოდა საპროტესტო აქციას კახეთში, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს. მისი შეხედულებები „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ყველასთვის ცნობილია. დღეს შევიტყე, რომ თანამშრომლებთან საუბრობდა ლიეჟში გამგზავრების საკითხზეც, თუმცა მას ამის ფინანსური საშუალება არ ჰქონდა. ვინ დააფინსა მისი მგზავრობა საქართველოდან ბელგიამდე, ჩემთვის უცნობია“, -განაცხადა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გია დარჯანიამ, „კვირასთან“ საუბრისას.
ცნობისათვის, ბელგიის ქალაქ ლიეჟში საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ემიგრანტებს შეხვდა. შეხვედრის ორგანიზატორი გიორგი სიგუა იყო, რომლის სახელიც ანაკლიაში გამართულ ელექტრონულ მუსიკის ფესტივალს უკავშირდება, რომელიც „ჯემ ფესტივალის“ სახელითაა ცნობილი. მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს პროგრამა „ერთად სახლში“ ფარგლებში ხვდება. მანამდე, ის ამერიკაში მყოფ ქართველებსაც შეხვდა. 10 თებერვალს კი, ქალაქ ლიეჟში, ამავე ფორმატით, ევროპაში მყოფ ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრა გამართა. ამ შეხვედრას ფოთის საკრებულოს დეპუტატი, დარეჯან ცხვიტარიაც ესწრებოდა.
„პატრიოტული სული ჩქეფს აქ. როგორც რომისკენ მიდის ყველა გზა, ისე თავისუფლების, ფასეულობებისა და ღირებულების, ქვეყნის გადარჩენისა და ჭაობიდან ამოყვანის გზა არის მიხეილ სააკაშვილი. ალტერნატიული მთავრობის შექმნას რამდენად ვიზიარებთ? იმდენად, რომ ვენდობით მიხეილ სააკაშვილს და მან იცის, რასაც აკეთებს. თუ მის გზას გავყვებით, ამ მთავრობას დავამარცხებთ“, – განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.