„მე მდიდარი ვარ საინტერესო, კეთილი და სიყვარულით სავსე ადამიანებით“ – რუსკა თევზაძის წარმატების ფორმულა  

ეფექტური, ლამაზი ქალბატონი, რომელიც მის ირგვლივ ყველაფერს ალამაზებს და საინტერესოს ხდის. ცდილობს არ შეიმჩნიოს, მაგრამ ბავშვივით უხარია, როდესაც საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მსახიობ ქალთან, კირა ანდრონიკაშვილთან მის საოცარ ვიზუალურ მსგავსებას  უსვამენ ხაზს. კომუნიკაბელური და მრავალმხრივი, მეტად მიზანსწრაფული და მხოლოდ წარმატებაზე ორიენტირებული. ეკონომიკის დოქტორი, განათლების ექსპერტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, სამოქალაქო განათლების ასოციაციის პრეზიდენტი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი, ეს მისი რეგალიების არასრული ჩამონათვალია, თუმცა, თავის ყველაზე დიდ მიღწევად და ბედნიერებად ორი ხელოვანი ქალიშვილის დედობას მიიჩნევს.
ძალიან ხშირად, წარმატებულ ადამიანებზე, საზოგადოება მხოლოდ გარეგნულად, ზედაპირულად მსჯელობს. როგორც წესი, კადრს მიღმა რჩება ის განცდები, ემოციები, უძილო ღამეები, თავდაუზოგავი შრომა და საოცარი რწმენა, რაც ყველანაირი წარმატების საწინდარია. წარმატებული ადამიანის – რუსკა თევზაძის პერსონა.

– თბილისში დავიბადე. დედა, ნანა სამხარაძე ინჟინერია, ამჟამად პროფესიით არ მუშაობს.  თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან აქტიური ადამიანია და ზოგადად გამოირჩევა მენეჯერული თვისებებით, ბალეტზე უზომოდ შეყვარებულმა,   განახორციელა  დიდი ხნის ჩანაფიქრი და საჩხერეში ჩამოაყალიბა „მაკა მახარაძის საბალეტო სტუდია“.
მამა, დავით თევზაძე, პროფესიით მშენებელ-ინჟინერი გახლდათ. თუმცა განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მისი სპორტისადმი დამოკიდებულება, იყო  მოფარიკავე,  არაჩვეულებრივად თამაშობდა პროფესიულ ბილიარდს და მსაჯობდა კიდეც. გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ მეტად კეთილშობილი ადამიანი იყო, 10 წელია რაც გარდაიცვალა.  მყავს და, რომელიც ცხოვრობს გერმანიაში, იგი ძალიან საინტერესო მხატვარია.
– რას გაიხსენებთ ბავშვობიდან?
– ცხადია, ბევრია მოსაყოლი, თუმცა ამ დროს, ემოციურად ყველაზე მეტად რაც ჩაიბეჭდა მეხსიერებაში, ის გახსენდება. ამგვარი, ჩემი მოსკოვში დაკარგვის ფაქტია, რაც დღეს ღიმილით მახსენდება, თუმცა მაშინ იგივე რეაქცია ნამდვილად არ მქონდა. ვიქნებოდი ასე მესამე კლასში, როცა ატროპინჩაწვეთებულს, მოსკოვის ფართო ქუჩებში მორიგი გასეირნების დროს,  მხედველობამ მიმტყუნა და დედის მაგივრად, უცხო ქალბატონს ავედევნე უკან. საბოლოოდ, აღმოვჩდი  მარტო, სრულიად უცხო გარემოში, უზარმაზარი შენობების წინ (ეს ემოცია და შეგრძნება ალბათ არც არასოდეს არ დამავიწყდება). ასე, ცრემლიანი და სასოწარკვეთილობაში მყოფი, ვიღაც ღვთისნიერმა კაცმა შემამჩნია, გამესაუბრა  და ერთ-ერთი დიდი მაღაზიის ბავშვთა ოთახში ჩამაბარა, სადაც პერიოდულად აცხადებდნენ ჩემნაირი დაკარგული ბავშვების შესახებ ინფორმაციას. როგორც ხვდებით, ეს ისტორია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ბედნიერად დასრულდა და დედამ, როგორც იქნა, მიპოვა. თუმცა, მიღებული სტრესისგან ერთი კვირა ხმას ვერ ვიღებდი.
რატომ გადაწყვიტეთ სკოლის შემდგომ საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით სწავლის გაგრძელება, ეს შემთხვევამ განაპირობა, თუ შეგნებული არჩევანი იყო?
– ნამდვილად შემთხვევითობამ განაპირობა ჩემ მიერ პროფესიის არჩევა. მოგეხსენებათ, ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, არსებული გარემოებების გამო, რთული იყო გააზრებული პროფესიული არჩევანის გაკეთება. ერთი რამ მკაფიოდ ვიცოდი, რომ მომავალში რაღაც ისეთი უნდა მეკეთებინა, რაც სრულად მოახდენდა ჩემი ინტერესების რეალიზებას და საზოგადოებასთან მჭიდრო კონტაქტის საშუალებას მომცემდა.
გადამწყვეტი როლი მამიდამ შეასრულა, რომლის რჩევითაც ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე ეკონომიკურ-სოციალური გეოგრაფიის განხრით, რომელიც დღეს საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების სახელწოდებით ფუნქციონირებს.
მიუხედავად იმ დროს არსებული ურთულესი პოლიტიკური სიტუაციისა, სწავლის პერიოდი ძალიან საინტერესო გამოდგა, რაც მთელი რიგი არაჩვეულებრივი ლექტორების დამსახურებაა. შედეგად, მივიღე მრავალმხრივი, კვალიფიციური ცოდნა, რამაც შემდგომში საშუალება მომცა, დამეცვა სადოქტორო დისერტაცია ეკონომიკის მიმართულებით,  ბიზნეს-ინჟინერინგის გრიფით.
როგორც ჩემთვისაა ცნობილი, თქვენი საქმიანობის სფერო მრავალფეროვანია, გვიამბეთ…
– მართლაც, ასე გამოვიდა. ვმუშაობდი პედაგოგად სკოლაში, უნივერსიტეტში, გეოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად,  საქართველოს განათლების სამინისტროში, კერძოდ ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში საზოგადოებრივი მეცნიერებების ექსპერტად. იქ მუშაობის პერიოდი მეტად დატვირთული გახლდათ. უშუალო მონაწილე ვარ ბევრი საინტერესო და არსებითად მნიშვნელოვანი ინიციატივებისა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ახალი საგნის – „მე და საზოგადოების“ სტანდარტის თანაავტორობა, რომლის მიხედვით დღეს უკვე საქართველოს სკოლებში ისწავლება ეს საგანი და დარწმუნებული ვარ, იგი კარგ სააღმზრდელო როლს შეასრულებს მოსწავლეებისთვის.
მახსენდება სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსების  შექმნა, რომელთა ავტორი ან  თანაავტორი გახლავართ. ამ პერიოდის უმნიშვნელოვანეს მიღწევად ვთვლი, სკოლებში პროექტის „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება“ განხორციელებას.
ეს იყო ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომლის ფარგლებში ამ მიმართულებით განხორციელდა არაერთი აქტივობა და  შეიქმნა სხვადასხვა  საგანმანათლებლო რესურსი.
და რა ხდება დღეს თქვენს საქმიანობაში?
– ამ  დროისთვის ვარ საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი, ასევე გახლავართ კონრად ადენაუერის ფონდის სამოქალაქო განათლების ტრენერ-ექსპერტი და ფონდის ქოლგის ქვეშ დაარსებული, სამოქალაქო განათლების ასოციაციის პრეზიდენტი. ფონდიც და ასოციაციაც ემსახურება ქვეყანაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას ყველა მიზნობრივ ჯგუფში, ვგულისხმობ, როგორც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, ისე მშობლებსაც.
– როგორც ვიცი, ლექციებსაც კითხულობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს რეგიონული განვითარების ეკონომიკურ და დემოგრაფიულ ასპექტებზე. ორივე საკითხი აქტუალურია, როგორ ხედავთ პრობლემის მოგვარების გზას?
– დიახ, ვკითხულობ ლექციებს მაგისტრატურაში. ჩემთვის, პიროვნულად, მართლაც უდიდესი სიამოვნებაა ახალგაზრდა თაობასთან ურთიერთობა. სიმართლე გითხრათ, რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, მათთან ურთიერთობისას ვისვენებ და ახალი ენერგიით ვივსები. სწორად აღნიშნეთ, რომ საგანი აქტუალურია. რაც მთავარია, ის  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დემოგრაფიულ მიმართულებას ემსახურება.  ეკონომიკისა და დემოგრაფიის როგორც დამოუკიდებელი მეცნიერებების შედარებითი ანალიზი არსებითად მნიშნელოვანია, რათა  დასაბუთებული და უტყუარი პასუხი მივიღოთ დღეს საქართველოში არსებული დემოგრაფიული კრიზისის გამომწვევი მიზეზების შესახებ.
ბოლომდე ვერ დავეთანხმები, სტერეოტიპად ჩამოყალიბებულ მოსაზრებას, რომ ეკონომიკური მდგომარეობა განსაზღვრავს და ქმნის დემოგრაფიულ სურათს, რამეთუ, ის ერთ-ერთი კომპონენტია და არა ერთადერთი. არსებობს სხვა მრავალი თვისობრივი თუ ტექნიკური მახასიათებელი, რომლის სრულყოფილება უზრუნველყოფს დემოგრაფიული მდგომარეობის  პოზიტიური მიმართულებით  ცვლილებების დაწყებას.  ამოსავალი სახელმწიფობრიობაზე ორიენტირებული დემოგრაფიული პოლიტიკაა და ყველა დანარჩენი მისი განხორციელების მექანიზმებს წარმოადგენენ.
– თუ შეიძლება უფრო მეტი გავიგოთ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის და თქვენი დამოკიდებულების შესახებ მის მიმართ?
– უნივერსიტეტის კანცლერობა უმნიშვნელოვანესი და საინტერესო გამოწვევა იყო ჩემთვის. ამდენად, კონკურსში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება მარტივად და სწრაფად მივიღე. ეს ის პოზიციაა, სადაც მომეცა შესაძლებლობა, განვლილი წლების განმავლობაში, სხვადასხვა მიმართულებით დაგროვებული პრაქტიკული თუ თეორიული ცოდნისა და  გამოცდილების რეალიზება მომეხდინა, ზოგადად  უნივერსიტეტისა და სტუდენტების განვითარების მიზნით. ვფიქრობ ამ წელიწადნახევრის განმავლობაში მნიშვნელოვანი შედეგებს მივაღწიეთ, როგორც თვისობრივი, ასევე ტექნიკური განვითარების მიმართულებით, რასაც ადასტურებს გასულ წელს წარმატებით გავლილი უპირობო ავტორიზაცია. ცხადია, ეს ყველაფერი გუნდურ პრინციპზე დაფუძნებული თანამშრომლობით იქნა მიღწეული, რისთვისაც უდიდესი მადლობა ამ გუნდის თითოეულ წევრს.
– თავადაც დავრწმუნდი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში სტუმრობისას და გავეცანი ერთ-ერთ სტატიასაც, სადაც საუბარია, რომ ამ უნივერსიტეტმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ნამდვილი რენესანსი განიცადა.  რა არის თქვენი, როგორც ამ სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციის უფროსის  საქმიანობის  წარმატების საიდუმლო?
– ეს ის შეკითხვაა, რომელიც ზედმიწევნით ობიექტურ პასუხს მოითხოვს. ჩემი აზრით, ეს, უპირველეს ყოვლისა, განათლების სფეროს სიყვარულია,  მეორე, მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილება, რომელიც მაძლევს საშულებას, სხვადასხვა რაკურსით ვხედავდე პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს.

ანა ლეჟავა

ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება განათლებას შემიძლია გავაანალიზო: მასწავლებლის, ლექტორის, მეცნიერის, საჯარო მოხელის, არასამთავრობო სექტორში მომუშავე პირის პოზიციიდან, რაც ვფიქრობ, გარკვეული რისკების და საფრთხეების შემცირების წინაპირობაა; მესამე-მართვის ჩემეული, ინდივიდზე ორიენტირებული სტილი, რომელმაც ამ ეტაპზე საბედნიეროდ გაამართლა და ეს მიღებულ შედეგებზეც თვალნათლივ აისახა.
– ცალკე თემაა თქვენი ქალიშვილები, რომლებიც ვიცი, რომ თავიანთ ასაკში უკვე წარმატებულნი და რეალიზებულნი არიან. თუ შეიძლება უკეთ გაგვაცანით ისინი.
– მყავს ორი ქალიშვილი,  26 წლის  ანა და 20 წლის სოფო ლეჟავები. ანა უკვე წლებია ცხოვრობს ნიუ-იორკში. იგი გახლავთ პროფესიონალი ბალერინა-ქორეოგრაფი, რომელმაც დაამთავრა ვაშინგტონის კიროვის სახელობის ბალეტის აკადემია.  ცეკვავდა ამერიკის სხვადასხვა საბალეტო დასში. ასევე დაამთავრა ალაბამაში, ბირმინგემის უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. მუშაობდა გაეროს ოფისში, გახლდათ ამერიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი. ელჩობის პერიოდში საფუძველი ჩაუყარა და განახორციელა ძალიან საინტერესო ინიციატივები ბალეტთან დაკავშირებით. ანა არის ქუთაისში დაფუძნებული ბალანჩინის საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის წევრი.

სოფო ლეჟავა

ანას, ამერიკაში აქვს საკუთარი საბალეტო კომპანია, სადაც ის ახდენს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხების, სხეულის ენით გადმოცემას. რეალურად მან თავისი ორი პროფესია ამ ფორმით გააერთიანა. მეტად აზარტული ადამიანია, სულ მოძრაობაშია და ახლის ძიებაში. ბაბუის დამსახურებით, ძალიან კარგად თამაშობს ბილიარდს და სწორედ დღეს გახდა ცნობილი, რომ ანა გახდა ნიუ-იორკის პროფესიული ბილიარდის ლიგის წევრი.  ზოგადადაც, ძალიან  საინტერესო ადამიანია, რომელთანაც ნამდვილად ვერ მოიწყენ.
უმცროსი სოფოც ხელოვნებას ემსახურება. იგი პროფესიონალი პიანისტია, მართავს კონცერტებს, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ამ მხრივ ძალიან დატვირთული იყო 2018 წელი. ამ დროისთვის სოფო სწავლობს თეატრალურ უნივერსიტეტში დრამის მსახიობის მიმართულებით. სოფო არაჩვეულებრივად მღერის და ცეკვავს. ზოგადად ძალიან ნიჭიერი ადამიანია და პრაქტიკულად ყველაფერი ეხერხება სპორტის ჩათვლით. განსაკუთრებით, თხილამურებით  სრიალი ეხერხება და უყვარს.
ანაზეც და სოფოზეც ნამდვილად დაუსრულებლად შემიძლია საუბარი და მოსაყოლიც კიდევ ბევრია, თუმცა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ისინი ინდივიდუალურები და დამოუკიდებელი პიროვნებები არიან, რომელთაც ძალიან უყვართ თავისი ოჯახი და სამშობლო.
– თქვენი ჰობი…

სოფო ლეჟავა

– მე წლების განმავლობაში ვცეკვავდი პროფესიულ ქართულ ცეკვებს და აქედან გამომდინარე, ესაა ჩემი ჰობი. ქართული ცეკვა მე მიქმნის განწყობას, ქართული ცეკვით მე ყოველთვის გამოვხატავდი ჩემს განცდებსა და ემოციებს.
– ახლა ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ და ვიცი, რომ თქვენთვის მეტად სასიამოვნო საკითხს მინდა შევეხო. ხშირად გეუბნებიან რიმ კირა ანდრონიკაშვილს გავხართ.. რა განცდაა?
– კი, ნამდვილად ასეა. ეს ამბავი გუშინ და დღეს ნამდვილად არ დაწყებულა. სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა ერთ-ერთმა პედაგოგმა პირველად მითხრა ამ ყველასთვის საყვარელ მსახიობთან ჩემი მსგავსების შესახებ. შემდეგ, ცხოვრების ყველა ეტაპზე  მადარებდნენ, თუმცა, ამ ბოლო პერიოდში, ბევრად ინტენსიური გახდა მსგავსი კომპლიმენტები. დიახ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი კომპლიმენტია, თავისდაუნებურად მიხარია და ვამაყობ კიდეც ამით. განცდა? ცხადია სასიამოვნოა. მინდა გითხრათ, რომ ხშირად ვუყურებ მის ფოტოებს, ვაკვირდები და ნამდვილად ვხედავ მსგავსებას ჩვენს შორის.
– როგორ მიგაჩნიათ, გაგიმართლათ ადამიანებში, ვისთანაც ურთიერთობა გქონიათ და გაქვთ?
– ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა. ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე, ყველა მიმართულებით, პირადი თუ საქმიანი თვალსაზრისით, ნამდვილად გამიმართლა და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ალბათ დამეთანხმებით, რომ დღევანდელ რეალობაში ეს დიდი ფუფუნებაა და მე ეს წილად მერგო. ეს საუკეთესო მოცემულობაა, რომელიც გიქმნის ცხოვრებისა და საქმიანობის პროცესში კომფორტს. მიუხედავად იმისა რომ, იყო რიგი იმედგაცრუებებიც, მასაც კი თავისი კონკრეტული შედეგი მოჰყოლია და ძალიან არსებითიც. ნიშანდობლივი ისაა, რომ მე მდიდარი ვარ საინტერესო, კეთილი და სიყვარულით სავსე ადამიანებით.
– თქვენნაირ წარმატებულ და მიზანდასახულ ადამიანს პოლიტიკაზე თუ გიფიქრიათ და მასში თქვენ ადგილზე?
– არ დავმალავ და მიფიქრია, ვინაიდან მცირე საექსპერტო შეხება მქონია განათლებასთან დაკავშირებით. არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა ეს არაა იდეაფიქსი და უმთავრესი რამ.
ამ ეტაპზე, ჩემი მიზანია მაქსიმალურად გავამართლო თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მოლოდინები და თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე, ვაკეთო მისთვის სასიკეთო საქმეები. რთული გამოდგა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტის სახელის მოპოვება, მაგრამ ვიცი, რომ ამ მაღალი თამასის შენარჩუნება, კიდევ უფრო რთული იქნება.
– რას ინატრებდით?
– რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, მე, როგორც წარმოშობით გურული ადამიანი, მშვიდობას ვინატრებდი ჩვენს ოჯახებში, ჩვენს ქვეყანაში და მთლიანად, ყველგან. მშვიდობა ხომ ყველა დანარჩენი სიკეთის წინაპირობაა.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები