„ვინ მოგცა უფლება, რომ ქვეყნის ისტორია გაანადგურო?“ – სახელოვანი ოპერატორი, რომელმაც გოდერძი ჩოხელის დაკარგულ კინოფირებს მიაკვლია…
კინოში შემთხვევითობის წყალობით მოხვდა. კინოსტუდიაში ერთხელ სტუმრობას ვეღარ შეელია და მას მერე მისი კარი აღარ გამოუხურავს…
მხატვრულ კინოშიც იყო და დოკუმენტურშიც. ბოლოს დოკუმენტურმა გადაძლია, 80-მდე ფილმი გადაიღო. ამბობს, რომ ძალიან საინტერესო ფილმების ოპერატორი იყო საინტერესო რეჟისორების გვერდით. 1969 წლიდან არის კინოში, ოპერატორობა 1977 წლიდან დაიწყო. პირველად სსრკ-ში მისი გადაღებული ფილმი ობერჰაუზენის მთავარი პრიზით დაჯილდოვდა… მას მერეც უამრავი პრიზი და ჯილდო მიუღია.
2008 წლიდან საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანეს“ ხელმძღვანელობს… უანგაროდ და დაუფინანსებლად იღვწის, გადაარჩინოს მეოცე საუკუნის დასაწყისიდან გაფანტული, გადაყრილი, საქართველოს მემკვიდრეობის უნიკალური ისტორიულ– დოკუმენტური მასალა, ასევე ჩვენი ქვეყნის კულტურის ისტორიის ამსახველი ფირები, რომლის ღირებულება შეუფასებელია. – ოპერატორ რევაზ მახათაძის პერსონა.
– ყოველთვის ექსტრემალურ პირობებში ყოფნა მაინტერესებდა. კინოში კი ასე მოვედი, მეზობელი მუშაობდა კინოსტუდიაში, ერთხელ წამიყვანა და ჩავრჩი იქ. ერთი ონკანი იყო, თუ ამ წყალს დალევ, აქედან ვეღარ წახვალო, ამბობდნენ… და მართლაც ასე მომიწია, კინოსტუდიაში შევრჩი.
ორმა მიზეზმა განაპირობა – სხვანაირი ოპერატორების გუნდი იყო, გამორჩეული ხედვა ჰქონდათ, და მეორე – ისედაც მაინტერესებდა ფოტოგრაფია, ბავშვობაში ფოტოებს ხშირად ვიღებდი…
მოვხვდი კინოში და მერე ასისტენტად გადამიყვანეს, მხატვრულ კინოშიც ვიყავი და დოკუმენტურ კინოში. გადაღებებზე ვხედავდი, რომ ოპერატორი დოკუმენტურ კინოში დამოუკიდებელი. ლიდერი იყო. ამიტომ ავირჩიე ეს პროფესია.
პირველი ორი კადრის გადაღების მერე… საკმაოდ ბევრი 80-მდე ფილმი გადავიღე. ძალიან საინტერესო ფილმების ოპერატორი ვიყავი საინტერესო რეჟისორებთან, პარალელურად ვსწავლობდი…
ეს ის პროფესიაა, თუ ჩახვალ, უნდა ჩახვიდე ბოლომდე, თუ არადა, დაანებო თავი.
– როგორ ფიქრობთ, ჩახვედით ბოლომდე?
– ჩავედი. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მოსკოვმა უმაღლესი კატეგორიის ოპერატორის წოდება რომ მომენიჭა.
– ალბათ საინტერესო იყო მაშინ კინოში მუშაობა…
– მაშინ კინოში ძალიან საინტერესო ხალხიც მუშაობდა. მიმუშავია გივი მონავარდიშვილთან, დათო ადამიასთან, უამრავი ფილმი გადავიღე ლეო ბაქრაძესთან. ასევე მიხეილ სალუქვაძესთან, ოთარ გურგენიძესთან გადავიღე ფილმი…. არ ეწყინოს ვინმეს, მაგრამ ვისთან მემუშავა, რეჟისორს ვარჩევდი. ბევრს უარს ვეუბნებოდი… ეს ალბათ ამბიციაა, მაგრამ მინდოდა მერჩია ძლიერ რეჟისორთან მემუშავა და გავზრდილიყავი, ახალგაზრდა ვიყავი.
მახსოვს ოთარ გურგენიძე იღებდა ფილმს… სახალინზე ვართ, საშინლად ცივა და პეიზაჟები გვაქვს გადასაღები. მანქანიდან გადავედი, დავდგი კამერა. გადავიღე, შემოვედი და მითხრა, კომპოზიცია არ მომწონს, წადი, შენებურად გადაიღეო. როგორია, ამ ყინვაში ისევ გადასვლა და გადაღება…
აპარატი იყინებოდა, ასე ტანსაცმელში გახვეული გავედი, აპარატი მივიტანე, დავდგი და ისე გადავიღე. რომ ნახა ოთარმა, მითხრა, შეადარე, ის კადრები ასეთი იყოო? შევხედე და მართლა გახალტურებული იყო… ესაა რა, კინო ერთი კაცის არ არის. რამდენიმე პროფესიის სინთეზური ხელოვნებაა.
რამდენიმე ფილმი გია ჭუბაბრიასთან გადავიღე, მრავალი პრიზიც ავიღეთ.
– რამდენი წელია კინოში ხართ?
– 90-იანი წლებში, იცით, რა დრო იყო, სხვადასხვა ადგილას მომიწია მუშაობა, 1969 წლიდან ვარ კინოში, ოპერატორობა 1977 წლიდან დავიწყე, მანამდე ასისტენტიც და გამნათებელიც ვიყავი. ყველაფერს ვაკეთებდი, კინოში ვტრიალებდი. პროფესიული სკოლა სრულად გავიარე. ასეთი იყო კინოსტუდია. ყველაზე დიდი აკადემია. როცა შენ გვერდით რეზო თაბუკაშვილი, ვახტანგ მიქელაძე, ლეო ბაქრაძე და ძალიან ბევრი განათლებული ხალხი მუშაობს, ბევრს ნიშნავს, ყოველდღე ახალ-ახალს იძენ.
მაშინ ფილმი რომ შეიქმნებოდა, მას აფასებდა კინოსტუდია, კინოკომიტეტი, ამიტომ სულ ფორმაში იყავი, რომ შეცდომა არ დაგეშვა და არ გაგეხალტურებინა.
არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ახლაც კი, ტელევიზიებში ფოტოგრაფიის ელემენტარული ანბანი, რა არის კომპოზიცია, საერთოდ, როგორ ხდება ფოტოს გადაღება, და ან გნებავთ როგორია ფირის შემადგენლობა, არ იციან… აპარატი ცოცხივით არ უნდა იხმარო, რაც მოყვება შიგ, ყველაფერი გადაიღო… პროფესიონალის გადაღებული კადრი უნდა
– საქართველოს სამეცნიერო პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანეს“ ხელმძღვანელობთ…
– 1969 წლიდან „მემატიანეში“ ვმუშაობ, ჩვენი დირექტორი 7-8 წლის მანძილზე ჭაბუა ამირეჯიბი იყო. ძალიან რთულ რაღაცაზე დამიძახებდა ხოლმე და მეტყოდა, აბა, რეზო, შენ იციო… მსიამოვნებდა, რომ ასეთი პიროვნება ჩვენი დირექტორი იყო, ეს სერიოზული სკოლა იყო. ხშირად უფროსი თაობის წარმომადგენლები სადმე რომ მიდიოდნენ, თუნდაც რეზო თაბუკაშვილი, მათ გვერდით ყოფნა მიხდებოდა გადაღებებზეც და სუფრაზეც, რაც აკადემია იყო.
მახსოვს, საფრანგეთში ქართველ ლეგიონერ დიმიტრი ამილახვარზე ფილმს ვიღებდით, სამხედრო აკადემიაში მიგვიწვიეს სუფრასთან, იქ ისხდნენ როგორც გენერლები და ოფიცრობა, ისე იყო აკადემიის ახალი კურსდამთავრებულებიც. სამაგალითო იყო საზოგადოებაში მოქცევის წესები, დიპლომატია, ურთიერთობების სკოლა… ჩვენთან, სამწუხაროდ, თანამდებობის პირებსა და სხვა ხალხს შორის ბარიერია აღმართული…
ბედნიერება მქონდა, რომ ამ ხალხთან ერთად მიწევდა ყოფნა. კინოში ეს ბარიერი არ იყო და ურთიერთობის სკოლას კარგად გადიოდი.
– სერგეი ბონდარჩუკი იყო თქვენ მიერ გადაღებული ფილმის დიქტორი…
– მიხეილ სალუქვაძის ფილმს ვიღებდი „დღე და საუკუნე“, „მოსფილმში“ ვიყავით გახმოვანებაზე. ამ დროს შემოდის დისპეტჩერი და გვეუბნება, სერგეი ბონდარჩუკია და შემოსვლა უნდაო. ვიფიქრე, მომესმა- მეთქი, მაშინ „მოსფილმის“ დირექტორი იყო ბონდარჩუკი. მიშა არ დაიბნა და მობრძანდესო, – უთხრა.
შემოვიდა ბონდარჩუკი, ისე მიყვარს ქართული კინო, მაინტერესებს, რა ფილმს იღებთო. უყურა ფილმს და აი ჩემი ასისტენტები, ამათ ტელეფონებს მოგცემთ, მინდა, რომ თქვენი ფილმის დიქტორი ვიყოო. მეგონა სიზმარში მოვხვდი… არადა, ფილმი გავიხმოვანა რუსულად. მოსკოვში რომ მივდიოდით, „გრუზინი პრიეხალის“ ძახილით, კარი მუდამ ღია იყო ჩვენთვის… ორი დღე ჩვენთან ერთად იმუშავა ბონდარჩუკმა, ფილმი ბოლომდე გაახმოვანა, მერე წარდგენილნი ვიყავით სახელმწიფო პრემიაზე, მაგრამ იქ ალბათ მიყოლა უნდოდა, ჩვენ არ მიგვიღია სახელმწიფო პრემია…
ის, რომ ბონდარჩუკი იყო ჩვენი ფილმის დიქტორი, ეგ რაღაცას ნიშნავს.
მაშინ 28-29 წლის ვიყავი და რამდენჯერმე ვიყავი წარდგენილი სახელმწიფო პრემიაზე.
კიდევ ერთ კარგ კაცთან ვიმუშავე თემო დოლიძესთან. საოცარი რეჟისორი იყო, დიდი გულის კაცი. დიდი პროფესიონალი. მეგობრული, მაღალი დიაპაზონის პიროვნება. ჩემიანი იყო. ბედნიერი ვიყავი, რომ ასეთი კარგი ადამიანების გვერდით ვმუშაობდი და ჩვენი ქვეყნის ერთ ფურცელს, ერთ დღეს ვუნახავდით ქვეყანას.
– საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანე“ ფირების ისტორია… სწორედ ამ კინოკადრებს ოჯახ-ოჯახ დადიოდით და აგროვებდით. ინახავდით და აღადგენდით მრავალ ასეულ კინომასალას, რომლის ღირებულება შეუფასებელია.…
– ქართული კინოს ნგრევა 25 წლის წინ დაიწყო, გასხვისდა უამრავი შენობა-ნაგებობა, დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანე” დატოვეს უშენობოდ, მისი ქონება – 25 000 ყუთი კინოფირი (დღევანდელი აღრიცხვით) აღმოჩნდა ჰაერში. მისი საცავები განადგურდა. 25 წლის მანძილზე პროტესტი არავის გამოუთქვამს ქონების განიავებაზე. ფირების 60 პროცენტია დარჩენილი, ამ ფირებმა ისეთი მძიმე ისტორია გადაიტანა, როგორ გადარჩა რამე, გასაკვირია.
ეს იყო 20-40-იანი წლების შავთეთრი მასალები. გაიხსნა საამქროები, საცხობები, ტემპერატურამ რომ აიწია, მერე მოიმიზეზეს, რომ ფირები ვითომ გახმა და ის ფირებიც გადმოყარეს, ერთი ყუთი შავ-თეთრი ფირი სამ ლარად მიჰქონდათ ვერცხლზე გასადნობად… ასე ანადგურეს და ანადგურეს. ბუნებრივია, უცხო არავინ მივიდოდა.
ასე სამ ლარად გაჰქონდათ ქვეყნის ისტორია… არის ორ-სამწუთიანი საოცარი კადრები, რომელიც მთელ ეპოქას ასახავს, სად მიგაქვს, ვინ მოგცა მაგის უფლება, რომ მუცლის გულისთვის ქვეყნის ისტორია გაანადგურო?
გარკვეულ დროში მივბრუნდი „მემატიანეში“, პლეხანოვზე… ადრევე ვჩხუბობდი, ვიბრძოდი, რომ ეპატრონათ. ბოლოს ჩემს ხელში გადმოვიდა და ფირებს არავის აღარ ვაკარებდი, უნდოდათ, რომ „მემატიანე“ გაეკოტრებინათ. მე წინააღმდეგი ვიყავი, გაკოტრება იმას ნიშნავდა, რომ ეს ფირები სულ უპატრონოდ დარჩებოდა. ფირები ჩავკეტე. კინოცენტრს ვეხვეწე თანხებზე. მერე „ქართუ ფონდმა“ მომცა გარკვეული თანხა და დავიწყე ფირების დალაგება – გაწმენდა…
ბევრ ყუთს „გაურკვეველი“ აწერია, სანამ ეკრანზე არ გავუშვებთ, ვერ გავიგებთ, რა არის. ნეგატივს კი ეკრანზე ვერ ვუშვებთ. სკანერი სჭირდება.
„ქართულ ფილმს“ აქვს სკანერი, მაგრამ მოძველებულია, უჭირს მუშაობა. ეროვნული არქივი იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარება, მას შეუძინეს ერთი სკანერი. მაგრამ იქ ხომ ვერ დავასკანერებთ? ათასობით ფირია. სკანერი რომ გვქონდეს, ერთ-ორ წელიწადში კი მოვრჩებოდით.
– „მემატიანეს“ თავისი ფართი ჰქონდა კინოსტუდიაში…
– 1/3 ჩვენი იყო, სულ ჩამოგვართვეს. ახლა შეიძლება ითქვას, რომ ცაში ვართ გამოკიდებული… ის ვალები, რაც იყო, ყველაფერი გავუსწორე სახელმწიფოს, ვერ გამაკოტრეს. „მემატიანე“, როგორც ასი წლის ორგანიზაცია, გადარჩა, არსებობს. მაგრამ ფართიც წაგვართვეს. აქ დიღომში, შემოხიზნული ვართ, „ქართული ფილმის“ შვილობილი კომპანია ვართ და კეთილი ინებონ, გვიპატრონონ. მოგვცენ საჭირო ფართი და ჩვენ ვიარსებებთ.
– შარშან გოდერძი ჩოხელის გადაღებული მასალები იპოვეთ. გოდერძი კინოფილმ „მგელზე“ მუშაობდა…
– 20 წელი ეძებდნენ ამ მასალებს… ფირი რომ შემხვდა, თავიდან ვიფიქრე, რაღაც ხომ არ მეშლება- მეთქი. მაგრამ მოვძებნე, მოვძებნე და დავურეკე გოდერძის მეუღლეს -ნინოს, მგონი, გული წაუვიდა სიხარულისგან. მოცვივდნენ გახარებულები, ფეისბუქზეც გამოვაქვეყნე ეს ინფორმაცია…
აღმოჩნდა, რომ სოსო ჯაჭვლიანის ძმა ყოფილა გადაღებული, სოსოც მოვიდა, ირაკლი ტრიპოლსკიც და იყო ერთი ამბავი…
– აფხაზეთში გადაღებული მასალებიც იპოვეთ…
– სამაჩაბლოსა და აფხაზეთში კინოფირზე მე ვიღებდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ის მასალებიც წაღებულია. თუმცა, სასიხარულოა, რომ გულიკო გოდოლაძის და ვახტანგ ეზუგბაიას მიერ გადაღებული კადრები ვიპოვეთ. აფხაზეთში ომის დროს 12 კაცი ბომბზე აფეთქდა და დაიღუპა გადაღების დროს.
მასალები ჯერ დასამუშავებელია და ეკრანზეა სანახავი. გია ყარყარაშვილი, თამაზ ნადარეიშვილია… ჩაწერილი, უნიკალური კადრებია.
ვეტერანთა კავშირმა მთხოვა, პრეზენტაცია მოვაწყოთო. მაგრამ აქ საპოვნელია როგორც ხმა, ასევე ნეგატივი. ეს კატეგორიებად უნდა დალაგდეს, მეტრაჟი გაიზომოს, ამას გადავიტან ციფრულ მატარებელზე, მერე პრეზენტაციის მოწყობაც და ჩვენებაც უკვე შეიძლება.
– და მაინც, ძირითადად, რომელი ფირებია დაკარგული?
– გამქრალია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის კადრები, სპორტია წაღებული. ვისაც მაშინ საცავის გასაღები ჰქონდა, კეთილი უნდა ენება და გაფრთხილებოდა საცავს.
როგორ გადარჩა გულიკოს გოდოლაძის მასალები, მიკვირს, ან ღირებულად ვერ ჩათვალეს, ან გულიკოს ჰქომდა ისე დაწყობილი, რომ ვერ იპოვეს.
ასევე დაკარგული იყო ფილმი „ზვარაკი“, რომელსაც იური კვაჭაძე ეძებდა, ზაურ კალანდიას სცენარით, ეს ფილმი რომ ვიპოვე, იური სამი თუ 4 დღის გარდაცვლილი იყო. ვე გაიგო, რომ ვიპოვე. ეს ფილმი ტელევიზიებს შევთავაზე და არავის უნდა დატრიალება.
სამწუხაროდ, ვანდალიზმსაც ჰქონდა ადგილი. ტელევიზიები მოდიოდნენ, წაიღებდნენ, ამოჭრიდნენ, რაც უნდოდათ და ამოჭრილ ფირებს აბრუნებდნენ. კაპიკებზე წყდებოდა ყველაფერი…
– ფირები ოჯახებშიც ინახება… თქვენ დაიწყეთ ამ ფირების დაბრუნების პროცესიც…
– უამრავი ფილმია, რომელიც ოჯახებში ინახება. დოკუმენტური კინოს და ცოტა მხატვრული კინოს დაახლოებით 3 ათას ყუთი სწორედ გარედან შემოვიტანე. მოვუწოდე, ყველას, ვისაც ჰქონდა ფირები, დაებრუნებინათ. მერე მირეკავდნენ, მეგობრების წრიდან მოჰქონდათ და მაბარებდნენ ფირებს. „ქართული ფილმის“ საცავიც მე მაბარია. თემურ ბაბლუანმა შემოიტანა თავისი ფილმების მასალები, გიზო გაბესკირიამ ფილმ „ბალანჩინი-ბალანჩივაძის“ მასალები.
ვისაც რამე აქვს და მოიტანს, ციფრულ მატარებელზე გადავუწერთ. თუ მას საავტორო უფლება სჭირდება, მაგის პირობასაც ვაძლევ, რომ უმისოდ მასალებს არსად გავუშვებ.
ამას წინათ, ეროვნულ არქივში გაიხსენეს ფარაჯანოვი. სანამ ცოცხალი იყო, სომხებს არ გახსენებიათ. გარდაცვალების შემდეგ კი ყველაფერი წაიღეს.
ჩვენ არავის დავუპატიჟივართ, არც ოპერატორი. არადა ფილმი „არაბესკები ფიროსმანის თემაზე“ ჩვენს სტუდიაშია გადაღებული, ოპერატორი ნოდარ ფალიაშვილი ცოცხალია.
ამაზე ხმამაღლა უნდა ითქვას. რატომღაც ყოველთვის ვპატიობთ ყველას, არავითარ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვიდგეთ სწორ პოზიციაზე და ვიცავდეთ ჩვენს ინტერესებს.
მეორე მომენტია, ჩემს უნებართვოდ ფარაჯანოვის ფილმების გამოყენების უფლება არ აქვთ. საავტორო უფლებას ითხოვენ, ჩვენების უფლება მივეცი, გამოყენების არ აქვთ, ვუთხარი, ჯერ ურთიერთობა დავამყაროთ, მერე მოგცემთ-მეთქი.
– რამდენი ფირი დარჩა გასაშიფრი?
– 10-12 ათასი ყუთია დარჩენილი, რომელიც უნდა გაიშიფროს. ერთ ადგილზე გადაყრილი მასალები აწყვია და ყველას ვეუბნები, რომ ერთი ყუთი არ მოაკლდეს, სანამ არ გადავარჩევ, არ მინდა, რომ „ქართული კინოს“ უნიკალური მასალები დაიკარგოს.
– გოდერძი ჩოხელზე რას გაიხსენებთ?…
– ვმეგობრობდი, ცუდად რომ იყო, ღამის 1, 2 საათზე დამირეკავდა, დავჯდებოდი მანქანაზე და მივიდოდი მასთან, მოხვედი, ბიჭო, რა კარგი კაცი ხარო, – ასე იცოდა თქმა…
მახსოვს ნოველა „არჩევნები სასაფლაოზე“ წაიკითხა რადიოში, მეორე გამოუშვეს რადიოდან. მე ვუთხარი, რამ წაგაკითხა, გოდერძი? ცოტა ხანი მოგეთმინა და მერე წაგეკითხა-მეთქი. რა ვქნაო, მე ასე ვხედავო და არ უნდა მეთქვაო? შევარდნაძის პერიოდი იყო. საფლავზე შეგროვილი ქალები გარდაცვლილს საფლავზე პრეზიდენტის წერილს უკითხავენ, რომელიც მის სახელზე მისულა ჩოხში… წერილს მკვდარ სულებს უკითხავენ ქალები, მიეცით შავეთის ხმა შევარდნაძეს, თორემ მოვა და ამოგთხრითო. ბერლინის კედელი დაანგრია და თქვენ რას გიზამთო?
როგორც ყვარყვარე შეიძლება მოარგო ყველა მთავრობას, ისე გოდერძის „არჩევნები სასაფლაოზე“ მოერგება ყველა არჩევნებს.
ეს ნოველა დიდი კრიტიკა იყო მაშინ. შეიძლება შევარდნაძემ არაფერი თქვა, მაგრამ მლიქვნელები უფრო საშიში ხალხი იყო. მლიქვნელი უფრო საფრთხეა, ვიდრე პირველი პირი.
ერთხელ ჩოხში გოდერძის სახლში ვცხოვრობდი, ფუტკარი მყავდა აყვანილი და გოდერძის ეზოში მეყენა…. თვალი მომტაცა ჩოხის ბუნებამ. ერთი ლამაზი ადგილი ვიპოვე და გოდერძის დავურეკე… რა ადგილზეო, მკითხა. აი ბურსაჭირისკენ რომ მივდივართ, არაგვის მარცხენა მხარეს-მეთქი. ეგ ჩემი საყვარელი ადგილია, მანდ ვზივარ ხოლმეო… მარჯვენა მხარეს ჩანდა მყინვარები, ბურსაჭრის მხარესაც მყინვარი ჩანდა. ისეთი სიწყნარე იყო, საოცარი…
ერთ ამბავსაც გიამბობთ… გოდერძის 09 „ჟიგული“ ჰყავდა… კარები არ უმუშავებდა, ამიტომ მხოლოდ ერთ კარს არ კეტავდა, რომ შესულიყო მანქანაში… ერთ რამედ ღირდა თავად გოდერძის მიერ მოყოლილის მოსმენა. ერთხელაც ვიღაც „გაიშნიკმა“ გააჩერა და ეუბნება, გინდა თუ არა ნასვამი ხარო. ერთი „გაიშნიკი“ გზის აქეთ დგას, მეორე იქითო. ვეუბნები, არა ვარ ნასვამი, აბა ჩაისუნთქეო, მეუბნება, ჩასასუნთქი აპარატი უჭირავს… ბოლოს, რომ აღარ მომეშვაო, მეორემ დაუძახა, აბა რა ხდებაო? უფროსო, ნასვამი დავიჭირე და არ აღიარებსო. თან მევაჭრება, ფული გადამიხადე და გაგიშვებო. არც ფული მაქვსო, იმან დაუძახა, გადმოიყვანეო… ჰოდა, ამ ღია კარს ჰკრა ხელი „გაიშნიკმა“ და მიეკეტა კარი გოდერძის…. სამი კარი დაკეტილია, მეოთხეც მიუკეტა.
მეორესთან გადავედით, შემხედა იმ მეორემ და მოუტრიალდა მეწყვილეს, დეგენერატი ხარ, წიგნს შენ არ კითხულობ, ტელევიზორს არ უყურებ, გოდერძია ჩოხელიო. ის დაიბნა, ბატონო გოდერძი, ბოდიშს ვიხდითო, არა უშავსო, ყველა რომ მიცნობდეს, ეგრე სად არიო. ვაჟას ვერა სცნობენო. გოდერძი ამ ღადაობაშია, გადმოიყვანა ამ „გაიშნიკმა“ ისევ აქეთ, უნდა ჩაჯდეს მანქანაში, და ოთხივე კარი დაკეტილია… გააღო გოდერძიმ უკანა საბარგული და იქიდან შედის… უფროსო, ხო გითხარი, ნასვამია, ნახე, საიდან შედისო. ისიც არ იცის, საიდან უნდა ჩაჯდეს მანქანაშიო….
ასე ყვებოდა ხოლმე გოდერძი…
– გოდერძის თქვენთან ერთად დოკუმენტური ფილმის გადაღება უნდოდა…
– გოდერძის ჰქონდა სამი ნოველა და დოკუმენტური ფილმის გადაღება უნდოდა, სადაც ოპერატორი მე უნდა ვყოფილიყავი. მაგრამ ვერ მოასწრო…
– 2010 წელს ჰოლივუდში იმყოფებოდით…
– 2010 წელს ამერიკის მთავრობის მიწვევით ერთი თვით ვიმყოფებოდით სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელები, ჰოლივუდის საცავი მოგვატარეს, დაგვათვალიერებინეს, კონსულტაციები ჩაგვიტარეს. ჰოლივუდის ყველა საცავი მოვიარეთ.
– პირველად სსრკ-ში ობერჰაუზენის მთავარი პრიზით დაგვაჯილდოვეს…
– ეს იყო ფილმი „სიყვარული“, რომლის რეჟისორია ლეო ბაქრაძე…
– თქვენი ნაამბობი იმედს იძლევა, რომ მწვანე შუქი ანთებულია და შეიძლება გადარჩეს უნიკალური კინოფირები…
– ნამდვილად საიმედოა დასაწყისია, „ქართუ ფონდმა“ კომპიუტერი და ვიდეოკამერა გვიყიდა, დაგვიფინანსა მომსახურების ხელფასიც.
5 ათასამდე ყუთი გავწმინდეთ, 18 ათასი ფირი დავამუშავეთ. კულტურის სამინისტროს და კინოცენტრის მადლობელი ვარ, დიდად დაგვეხმარნენ ნანა დოლიძე და ზურა მაღალაშვილი. მათი თანადგომით დაიძრა საქმე. სამინისტრომ გამოყო პირველი გრანტი. წელსაც გრძელდება ეს პროცესი, დაიწყება 1 თებერვლიდან და ბოლომდე ჩავალთ. ასე მივდივართ წინ.
წესით, ყველა ფირი, რაც არსებობს საქართველოში, ერთი პატრონის ხელში უნდა იყოს. დალაგებული, შედარებული, გარჩეული თავისი ანოტაციებით.
ჩვენ, რაც შეგვიძლია, ელემენტარულს ვაკეთებთ. სამომავლოდ, საიტზე დავდებთ მასალებს და უკვე მყიდველი გვეყოლება. ტელევიზიებს, ჟურნალისტებს, მეცნიერებს ეს მასალა გამოადგებათ. ჩვენ კი ჩვენი ფინანსებით არსებობის საშუალება გვექნება.
თამარ შაიშმელაშვილი