„თოჯინებს ჩემი ფანტაზიით ვქსოვ“…
თოჯინები ბავშვობიდან უყვარდა… სამხატვრო სკოლის დასრულების შემდეგ გობელენების ქსოვის ხელოვნებას დაეუფლა, თექის შემსწავლელი კურსებიც გაიარა. ჩააბარა „დეკორატიულ–გამოყენებით ხელოვნებაზე“…
თავისი ფანტაზიით ქსოვს ულამაზეს თოჯინებს, ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ გაურკვეველი წარმოშობისა და გამოსახულების სათამაშოები ქართული ხელნაკეთი და რაც მთავარია, უსაფრთხო სათამაშოებით ჩანაცვლდება. – ქეთი მურველაშვილის პერსონა.
– ჩემი ბავშვობა 90-იან წლებში მიმდინარეობდა, ჩვეულებრივ, არაფრით განსხვავდებოდა სხვებისაგან. დედაც მუშაობდა, მამაც, მაგრამ როგორც უმეტეს ოჯახებს, ჩვენც საკმაოდ გვიჭირდა. ბავშვობიდან მიყვარდა თოჯინები, განსაკუთრებით ბარბი მომწონდა და ჩემი საყვარელი გასართობი მათთვის კაბების შეკერა იყო.
– როდის დაიწყეთ ხელსაქმე?
– ყოველთვის მქონდა სწრაფვა ხელოვნებისაკენ, ალბათ იმიტომ, რომ მომწონდა, როგორი სიყვარულით ქმნიდა დედა სხვადასხვა კომპოზიციას ბუმბულებითა თუ გამხმარი ყვავილებით, დედას მეგობარი ქარგავდა და მეც მინდოდა რამე ლამაზის შექმნა. დავამთავრე სამხატვრო სკოლა, შემდეგ დავდიოდი გობელენის შესასწავლად. სკოლის დასრულების შემდეგ, ჩავაბარე „დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებაზე“ და პარალელურად დავდიოდი თექის შემსწავლელ კურსებზე. გავიარე „ვიზაჟის“ კურსებიც, მუდამ ძიების პროცესში ვიყავი. შემდეგ გავთხოვდი და რამდენიმე წელი აღარ მიფიქრია ხელსაქმეზე.
– პირველი ნამუშევრები…
– პირველი ნამუშევრები იყო თმის სამაგრები, რომლებსაც აბრეშუმის ლენტებისაგან ვამზადებდი. საკმაოდ ორიგინალური და კარგი სამაგრები გამოვიდა.
– ამიგურუმი – ყაისნაღით მოქსოვილი თოჯინა… ფანტაზია?
– ქსოვის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარული მქონდა, ვქსოვდი ჩხირებით, გამორჩეული არაფერი მომიქსოვია, მაგრამ საოცრად მამშვიდებდა. ყაისნაღი პირველად 2018 წლის ზაფხულის დასაწყისში დავიჭირე. დედამ ძაფები მომიტანა, რომ ჩემი პატარებისთვის რამე მომექსოვა და მაშინ დამებადა თოჯინების შექმნის იდეა.
ლამაზი თოჯინების შექმნაზე ყოველთვის ვოცნებობდი, ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ დღეს ლამაზი თოჯინების არცთუ ისე დიდი არჩევანია. თავიდან სქემებით დავიწყე ქსოვა, თუმცა სულ ვცვლიდი ფერებს, ახლა უმეტესად ჩემი ფანტაზიით ვქსოვ, ვცდილობ, ყველაფერი ვქსოვო, მაგრამ ძირითადად მაინც თოჯინები მიზიდავს.
– რომელი ზღაპრის გმირების მოქსოვა გიყვართ?
– ზღაპრის გმირებს არ ვქსოვ, ყაისნაღით ყველა სათამაშო არ გამოდის ლამაზი, ვცდილობ ისეთები მოვქსოვო, რომელიც სასიამოვნოდ გამოიყურება. ზოგს ვარქმევ სახელებს, მაგალითად, მყავდა ბეჰემოთები – ბეგი და ბუგი.
– საბავშვო სათამაშოების, რომლებიც დღეს იყიდება, ალბათ არ არის ეკოლოგიურად უსაფრთხო…
– სამწუხაროდ, ძალიან რთულია შეარჩიო ბავშვისთვის უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა და თან ლამაზი სათამაშო, დიდი სურვილი მაქვს, შევცვალოთ გაურკვეველი წარმოშობისა და გამოსახულების სათამაშოები ჩვენი, ქართული, ხელნაკეთი და რაც მთავარია, უსაფრთხო სათამაშოებით და ამაში ჩემი წვლილიც იყოს.
– თქვენი შვილები ალბათ თქვენი სათამაშოებით ერთობიან… და მოსწონთ…
– მყავს 4 წლის გოგონა და წლინახევრის ბიჭი, რომლებსაც ძალიან მოსწონთ ჩემ მიერ მოქსოვლი სათამაშოები. მიისაკუთრეს ბაჭია და პატარა დათუნია, სიამოვნებით თამაშობენ.
– ბუნებრივია, მყიდველი ეყოლება თქვენს სათამაშოებს…
– დიახ, რამდენიმე გავყიდე, ჯერჯერობით არ ვჩქარობ. მინდა შევაგროვო გამოფენისთვის.
– თოჯინების გარდა, კიდევ რას მოიცავს თქვენი ხელსაქმე?
– ამჟამად მხოლოდ თოჯინებს ვქსოვ…
– გვიამბეთ ოჯახზე…
– ალბათ ყველაზე მდიდარი და ბედნიერი ადამიანი ვარ, დიდი, თბილი და ძალიან ლამაზი ოჯახი რომ მარგუნა ბედმა, დედა – მარიამ კოზმანიშვილი – უნიჭიერესი პოეტი, უთბილესი, ძალიან მეგობრული და მზრუნველია. მამა – უაღრესად პატიოსანი და მშრომელი ადამიანი. სამი ყველაზე საიმედო, ყველაზე პატიოსანი ძმა. ორი უსაყვარლესი რძალი. ოთხი ულამაზესი ძმისშვილი. მეუღლე და ორი პატარა, რომლებიც სამყაროს მილამაზებენ.
– სამომავლო გეგმები…
– როგორც ვთქვი, მთელი ცხოვრება ძების პროცესში ვარ და ჯერ კიდევ ვეძებ მასალას და ხერხს, როგორ შევქმნა ულამაზესი თოჯინები, დარწმუნებული ვარ, ვიპოვი გზას. მომავალში არ გამოვრიცხავ ახალ გატაცებებს ხელოვნებაში.
– ჰობი…
– ისევ და ისევ ქსოვა… ჯერჯერობით…
თამარ შაიშმელაშვილი