„ნაქარგების მსგავსად, ბუებსაც თავისი ისტორია აქვთ“… – რა არის ცირა პიტიურიშვილის საუკეთესო სამკაული
ბავშვობა თელავში გაატარა. იქიდან ალაზნის ველის საოცარი გადასახედისა და კავკასიონის სილამაზე გამოჰყვა. სკოლაში წერდა ჩანახატებს, ლექსებს… უყვარდა ქსოვაც.
პარალელურად ხატვის სკოლაც დაამთავრა, მაგრამ მომავალი პროფესია რატომღაც სპონტანურად აირჩია – პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამედიცინო აპარატურის განხრით ჩააბარა. აქვს მეორე პროფესიაც – ინგლისური ტექნიკური თარგმნის სპეციალისტია. მაგრამ ბოლო 20 წელია, ქარგვაც გაიხსენა და უამრავი ნაქარგი შექმნა… ზოგ სურათში 100-ზე მეტ ფერსაც კი იყენებს.
გამოფენა ჯერჯერობით არ ჰქონია, მაგრამ არ გამორიცხავს გამოფენებში მონაწილეობის მიღებას.
აქვს კიდევ ჰობი – ბუების კოლექცია და უმდიდრესი ბიბლიოთეკა სახლში. – ცირა პიტიურიშვილის პერსონა.
– თელავში დავიბადე, გავიზარდე და ეს ქალაქი დღემდე N1 ქალაქად რჩება. დედა მასწავლებელია, ღირსების ორდენოსანი, ნახევარ საუკუნეზე მეტხანს ასწავლიდა ქიმიას სკოლაში. მამა – ნიადაგთმცოდნე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ნიადაგთმცოდნეობის განყოფილებას ერთ-ერთ ორგანიზაციაში. მყავს უფროსი და, ისიც ქიმიკოსი, წარმატებული მასწავლებელი.
ბავშვობა ლაღი და უზრუნველი მქონდა და დღემდე ყველაზე მეტად რაც მენატრება, ეს ჩემი ბავშვობაა. მახსოვს ჩვენი ლამაზი და მყუდრო ეზო ცაცხვის, არყის, ჭადრის, ალვის ხეებით… მახსოვს, როგორ მიყვარდა ფოთლებზე დაცემული წვიმის ხმის მოსმენა, მახსოვს მუხლამდე თოვლი ზამთარში და ყოჩივარდები ადრე გაზაფხულზე. კითხვა მიყვარდა, თუმცა არდადეგებზე გული მაინც ეზოსკენ და მოძრავი თამაშებისკენ მიმიწევდა.
დავდიოდი ბაღში, შემდეგ იყო სკოლა – თელავის პირველი საშუალო სკოლა -უძველესი საქართველოში, 1758 წელს ერეკლე მეორის და ანტონ I-ის ინიციატივით დაარსებული, სადაც დღემდე იმ შენობაში გრძელდება სწავლა, რომელიც ერეკლეს დროს აშენდა სასახლის ტერიტორიაზე, სადაც, როგორც გაიოზ რექტორმა ბრძანა: „სათნო კაცად აღიზრდებიან შვილნი და შვილიშვილნი თქვენნი და მომავალნი ნათესავნი“.
მყავდა არაჩვეულებრივი მასწავლებლები და დღემდე ბევრი რამ მახსოვს პროგეამულიც და არაპროგრამულიც. რასაც მაშინ გვასწალიდნენ, გვირჩევდნენ. შეიძლება რაღაც დარიგებები მაშინ არ მესმოდა ან არ ვაქცევდი ყურადღებას მაგრამ ბევრი რამ წლების მერე დამხვდა წინ და გამომადგა.
სკოლაზე უსასრულოდ შემიძლია საუბარი. საოცარი შეგრძნებაა, ყოველ დღე რომ შეაბიჯებ გალავანში, შედიხარ მემორიალური დაფებით დახუნძლულ შენობაში, ფანჯრიდან გადაჰყურებ ულამაზეს ალაზნის ველს და საოცარ კავკასიონს… აქ ყველგან ისტორიაა და შენც ამ ისტორიის ნაწილი ხდები. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ჩვენს სკოლაში უსწავლია და ამით არ ამაყობდეს.
სკოლაში კარგად ვსწავლობდი, დავდიოდი თითქმის ყველა წრეზე და ყველა სექციაში. დიდი გავლენა ჰქონდა ჩემზე ხატვის სკოლას, რომელიც საშუალო სკოლის პარალელურად დავამთავრე, ვმონაწილეობდი სხვადასხვა კონფერენციაში და ჯილდოებიც მაქვს აღებული, ძირითადად, შემოქმედებითი კუთხით – ჩანახატებს ვწერდი, მოგვიანებით – სტუდენტობისას და მერეც – ლექსებსაც.
– პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრომექანიკისა და ელექტრონიკის ფაკულტეტი დაამთავრე…
– პროფესია ძალიან სპონტანურად ავირჩიე და მე ვიტყოდი, დაუფიქრებლადაც, ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემი გადაწყვეტილება. პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩავაბარე ელექტრომექანიკისა და ელექტრონიკის ფაკულტეტზე სამედიცინო აპარატურის განხრით. ეს იყო სრულიად ახალი სპეციალობა საქართველოში და ალბათ ამან მიმიზიდა. ვერ ვიტყვი, რომ მე სამედიცინო აპარატურის ინჟინრად გამოვდგები, მაგრამ დღესდღეობით ამ სფეროში ვმუშაობ, ვარ ოფის-მენეჯერი კომპანიაში „მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი“, რომელსაც სამედიცინო აპარატურა და სამედიცინო სახარჯი მასალები შემოაქვს, და რომელიც უდიდესია ამ ბაზარზე.
პარალელურად დავამთავრე მეორადი ფაკულტეტი ინგლისური ტექნიკური თარგმნის სპეციალობით და, როგორც აღმოჩნდა, ეს უფრო გამომადგა, ვიდრე ძირითადი სპეციალობა. „გეპეიმ“ მაჩუქა განუმეორებელი სტუდენტობის წლები და არაჩვეულებრივი მეგობრები. სტუდენტობიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ჩვენი ორთვიანი პრაქტიკა პეტერბურგში. დამამთავრებელი კურსი დაემთხვა ეროვნული მოძრაობის გააქტიურებას, დავდიოდით ნოემბრის მიტინგებზეც, 88-ში, და გაზაფხულზეც, 89-ში, გამოვიარეთ ყველა ის გზა და ეტაპი, რაც გაიარეს ჩვენი თაობის სხვა ადამიანებმა.
– ქარგვა… პირველი ნამუშევრები… როგორ უთავსებ ერთმანეთს ქარგვას და სამსახურს?
– ნამდვილად არ მახსოვს, როდის დავიჭირე ნემსი პირველად, ალბათ ძალიან პატარა ასაკში. ზოგადად, ხელსაქმე ბავშვობიდან მიყვარს, ქსოვა-კერვა დედასაც მშვენივრად გამოსდის და ბებიებიც არაჩვეულებრივად ქსოვდნენ.
ჩემ გარშემო ყველას ეხერხებოდა ხელსაქმე და ბავშვობაში ვერც კი წარმომედგინა, თუ რომელიმე ქალმა ნემსის და ჩხირის ხმარება არ იცოდა.
ქარგვით გატაცებული არ ვყოფილვარ, უფრო ქსოვა მიყვარდა. ქარგვა 90-იანებში გავიხსენე. ჯერ ხელსახოცებზე ყვავილების ქარგვა დავიწყე, მერე ამ ყველაფრის სურათად ქცევა მოვინდომე, ასე მოიქარგა პირველი სურათი – მარწყვები შავ ფონზე – რომელიც ჩარჩოში ჩავსვი და კედელზე დავკიდე. ეს იყო 1997-ში. ამის მერე უფრო ინტენსიურად დავიწყე ქარგვა, იმ წლებში ძაფების დეფიციტიც იყო და საქარგავი ქსოვილისაც. დიდი არჩევანი არ მქონდა, ვიყენებდი იმას, რის შოვნასაც ვახერხებდი.
– 20 წელზე მეტია ქარგავ და საკმაოდ რთულ სქემებს ირჩევ…
– თითოეულ ნაქარგს თავისი ისტორია აქვს, ყველას შექმნის პროცესი მახსოვს. ვქარგავ ჯვარედინი ქარგვით, სქემების მიხედვით. სქემებს ადრე ვყიდულობდი, ახლა ინტერნეტიდან გადმომაქვს. ბევრს ჰგონია, რომ ეს რთული პროცესია, მაგრამ მე არ მერთულება, პირიქით, ძალიან დიდ სიამოვნებას ვღებულობ. 20 წელზე მეტია ვქარგავ და ჯერ არ მომწყინდა. წლებთან ერთად ვირჩევდი უფრო რთულ სქემებს და, რა თქმა უნდა, ქარგვის ტექნიკაც ნელ-ნელა იხვეწებოდა.
სქემის სირთულეში ვგულისხმობ ფერების და ამოსაქარგი უჯრების რაოდენობას. მახსოვს, პირველად 27-ფერიანი სურათი რომ დავასრულე, გამარჯვებად მივიჩნიე ამდენი ფერი, ახლა ვქარგავ სურათებს, სადაც 70, 80 და ერთგან 100 ფერზე მეტიც კი არის… ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ 10-დან 6-მდე სამსახურში ვარ და მერე სახლიც თავისას მოითხოვს. სამაგიეროდ, შედეგი კარგი გამოდის. ამ გადმოსახედიდან პირველი ნამუშევრები პრიმიტიულად მეჩვენება, მაგრამ ისინიც ძვირფასია ჩემთვის.
როცა ჩემს ნამუშევრებს ნახულობენ, უმეტესობა მეკითხება – რა ნერვები გაქვსო, მე კი ვპასუხობ, რომ ნერვები კი არა, ამას დრო სჭირდება, რომელიც ნაკლებად მაქვს. ხშირად ყოფილა, ნახატი ჰგონებიათ და მე რომ შევუსწორებ – ნაქარგია-მეთქი, მერეღა ამოწმებენ ახლოდან.
მეორე კითხვა, რასაც მოაყოლებენ – არ ყიდი? და ჩემი პასუხი – არ ვყიდი. რამდენიმე ნამუშევარი გავაჩუქე, დანარჩენებს ვერ ვიმეტებ. არ ვიცი, რა ფასი უნდა შემომთავაზონ (მითუმეტეს, საქართველოში), რომ გავყიდო. ალბათ 30-ზე მეტი ნამუშევარი მექნება, ზუსტი რიცხვი არც ვიცი, ჩემი ბინის კედლებზე ჯერჯერობით ეტევა.
– ბუების კოლექცია… სხვადასხვა ქვეყნიდანაც კი გიგზავნიან ახლობლები… რატომ მაინცდამაინც ბუ?
– ბუების კოლექციას რაც შეეხება: ძალიან უბრალოდ დაიწყო. ჩემი შვილი, ბექა, უკვე ძალიან დიდი ხანია ინტელექტუალურ თამაშს – „რა, სად, როდის“ თამაშობს, ვინც თვალს ადევნებს ამ თამაშს, იცის, რომ მთავარი პრიზი არის ბუს, როგორც სიბრძნის სიმბოლოს ფიგურა.
ბექას სხვადასხვა დროს რამდენიმე მეგობარმა სუვენირი ბუ აჩუქა (ალბათ ამ თამაშებში მონაწილეობის გამო), ამ რამდენიმე ბუმ მიბიძგა, სხვებიც მიმემატებინა და კოლექციად მექცია. მერე ერთმა მეგობარმა მაჩუქა ბუ, მერე – მეორემ…
ჩემი ემოცია იმდენად დიდი იყო, რომ ფეისბუქგვერდზე დავდე, მერე სხვებმაც დაიწყეს ჩუქება, ყველა მათგანს ფბ-ზე ვდებდი და ასე მთელმა სამეგობრომ გაიგო ჩემი გატაცების შესახებ.
ნაქარგების მსგავსად, ყველა ბუს თავისი ისტორია აქვს, მითუმეტეს – ნაჩუქრებს. ბუებით ყველაზე მეტად თანამშრომლები მანებივრებენ, ხშირად ჩამოაქვთ სუვენირებად საზღვარგარეთიდან.
ასე მოიყარა თავი ჩემს კოლექციაში უამრავი ქვეყნის ბუმ. ყოფილა შემთხვევა, ისეთ ვინმეს უჩუქებია ბუ, სკოლის ან ინსტიტუტის მერე რომ არ მინახავს. ყოფილა ისეც, რომ თვითონ ვერ მოუხერხებიათ პირადად გადმოცემა და სხვებისთვის დაუტოვებიათ. ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს ჩემზე და უსაზღვრო ემოციით ვივსები.
ხანდახან მერიდება კიდეც მორიგი სუვენირის „გამომზეურება“ ფბ-ზე, მაგრამ არ შემიძლია ასეთი სახით არ გადავუხადო ხოლმე მადლობა ადამიანს, რომელმაც ჩემზე იფიქრა, რომელსაც გავახსენდი, და რომელმაც ჩემი გახარება გადაწყვიტა.
ყველა ისტორიას რომ სათითაოდ ჩამოვყვე, ეს ძალიან დიდ დროს წაიღებს, ალბათ 140-მდე ბუ მექნება – სუვენირების, მაგნიტების, ბრელოკების, გულსაკიდების, საყურეების, საათების, ჭიქების სახით, და აქედან ნახევარზე მეტი ნაჩუქარია. შეიძლება გადამეტებულ ნათქვამადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ საჩუქრებით თითოეული მჩუქებლის ნაწილი შემოდის ჩემს სახლში, და თითოეულ მათგანს ძალიან დიდი სითბოთ ივიხსენებ, ამიტომ ყველა ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ადრეც მქონდა ასეთი გატაცებები – რაღაცების შეგროვება, ყველაზე დიდხანს მაინც ფილატელიით ვიყავი გატაცებული და დღემდე მაქვს შემონახული მარკების საკმაოდ დიდი კოლექცია. მარკებს ახლაც ვაგროვებ, ოღონდ მხოლოდ ქართულს.
– მდიდარი ბიბლიოთეკა გაქვთ…
– კითხვა ბავშვობიდან მიყვარდა და ახლაც მიყვარს, არც მახსოვს, კითხვა როდის ვისწავლე, სკოლამდე ბევრად ადრე. ოჯახში საკმაოდ კარგი ბიბლიოთეკა გვქონდა, მერე მე თვითონაც დავიწყე წიგნების შეძენა და ახლა უკვე ჩემი შვილი ზრუნავს ჩვენს საოჯახო ბიბლიოთეკაზე, რომელიც საკმაოდ დიდია, ალბათ 1500-მდე წიგნს მოიცავს. მისაღები ოთახის ერთი დიდი კედელი მთლიანად წიგნის თაროებს უკავია და უკვე აღარ გვყოფნის. რა თქმა უნდა, ვერ ვახერხებ ისეთი ინტენსივობით კითხვას, როგორსაც ვისურვებდი, მაგრამ როგორც კი გამომიჩნდება ამისთვის დრო, ხელიდან არ ვუშვებ კითხვის შანსს.
– შვილები, მეუღლე…
– ინსტიტუტს ვამთავრებდი, ოჯახი რომ შევქმენი კობა ადამაშვილთან, ამ გაზაფხულზე 30 წელი ხდება.
მყავს 2 შვილი, ბექა და საბა, რძალი – საბას მეუღლე, არაჩვეულებრივი გოგონა მარიამ სინაძე, და ჩვენი ოჯახის მთავარი წევრი – შვილიშვილი ანასტასია, რომელიც აპრილში 3 წლის გახდება.
საოცრად ტკბილი განცდაა ბებიობა. მკაცრი არც შვილებთან ვყოფილვარ და მითუმეტეს, ვერც შვილიშვილთან ვიქნები, უბრალოდ, არ გამომივა.
– ბექა ადამაშვილის ახალი წიგნის – „ამ რომანში ყველა კვდება“ წარმატებული წარდგენა გაიმართა…
– სულ ახლახან სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა ბექას მეორე რომანი „ამ რომანში ყველა კვდება“, დეკემბრის ბოლოს იყო წარდგენა ილიაუნიში.
ბევრს ვერაფერს ვიტყვი, ზედმეტი ქება რომ არ გამომივიდეს. მინდა, რომ წარმატებული იყოს ეს წიგნი ისევე, როგორც თავის დროზე ბესტსელერად იქცა ბექას სადებიუტო რომანი „ბესტსელერი“. გამოსვლიდან ძალიან მალე უკვე აღარ იყო მაღაზიებში, და ახლა, პირველი გამოცემიდან 4 წლის შემდეგ ხელახლა დაბეჭდა სულაკაურის გამომცემლობამ. „ბესტსელერი“ ითარგმნა გერმანულადაც და საკმაო წარმატება ჰქონდა გერმანიაში, წარდგენილი იყო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და შემდეგ უკვე გერმანიის და შვეიცარიის რამდენიმე ქალაქში გაიმართა მისი პრეზენტაცია.
დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი რომანიც იგივე (ან უკეთეს) გზას გაივლის, მითუმეტეს, საკმაოდ ორიგინალური წიგნია და სახალისო საკითხავია. როგორც ვიცი, გერმანელი გამომცემლები უკვე დაინტერესდნენ ამ წიგნით.
– სამსახურში „წლის ღიმილი“ გახდით… დღეს იმდენი პრობლემაა ირგვლივ… ღიმილიც, სამწუხაროდ, გაიშვიათდა…
– სამსახურში წინასაახალწლოდ სახალისო გამოკითხვებს ვაწყობთ ხოლმე სხვადასხვა ნომინაციაში. წელს „წლის ღიმილი“ გავხდი, და მინდა აქედანაც უღრმესი მადლობა გადავუხადო თანამშრომლებს ამისთვის. სადღაც მაქვს წაკითხული – საუკეთესო სამკაული რაც შეიძლება ატარო, ეს ღიმილიაო.
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყოველთვის საღიმილოდ გვქონდეს საქმე, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, ჩემი შინაგანი ტკივილი, დარდი თუ უბრალოდ მოწყენილობა სხვებს არ მოვახვიო. ღიმილი შესანიშნავი საშუალებაა ამის შესანიღბად და, რა თქმა უნდა, დადებითი ემოციის გამოსახატავად, რომელიც, ვფიქრობ, არ უნდა დავმალოთ, პირიქით – რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოცია უნდა გამოვუშვათ გარეთ, პირველ რიგში, ღიმილის სახით.
მინდა რაც შეიძლება მეტი ღიმილიანი დღეები გვქონდეს. დღეს მე საკმაოდ მძიმე დღე მქონდა და უფრო მძიმე წინ მელოდება. ერთადერთი, რაც ახლა მინდა, არის ის, რომ დედა გამოჯანმრთელდეს და ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. შვილები ვეჩვევით მშობლების „მუდმივობას“, დარწმუნებულები ვართ, რომ მუდმივად შეგვეძლება ჩასვლა იქ, სადაც გველოდებიან, იქ, სადაც ჩვენ – უკვე შვილიშვილების პატრონები – ისევ ბავშვები ვხდებით, და ყველაზე ნაკლებად იმაზე ვფიქრობთ, რომ როდისმე რამე შეიცვლება ამ მხრივ. მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვნახოთ. დრო გვიჩვენებს.
– გამოფენები…
– არასდროს მქონია საჯაროდ გამოფენილი ჩემი ნაქარგები. ფბ-ზე რამდენიმე ჯგუფში ვარ გაწევრიანებული, მათ შორის ქარგვის მოყვარულთა ჯგუფებშიც. ერთ-ერთ მათგანში დაიგეგმა ჯგუფური გამოფენის მოწყობა, მეც დავინტერესდი, ვფიქრობ რამდენიმე ნამუშევრის გატანას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია.
ნებისმიერ შემთხვევაში, ყველას ვურჩევ, 2 და 3 თებერვალს, აღმაშენებლის 136-ში, ეწვიონ ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეას. დამიჯერეთ, ბევრ საინტერესო და ლამაზ ნამუშევარს იხილავთ.
თამარ შაიშმელაშვილი