„მამის ნაჩუქარ „ეტიუდნიკს“ განსაკუთრებულად ვუფრთხილდები“ – ქეთი პოლიკაშვილის ულამაზესი ხელნაკეთი აქსესუარები

ხატვის ნიჭი მამისგან დაჰყვა. მამა სამხედრო პირი იყო და ხშირად უწევდა ადგილის შეცვლა. ბოლოს მშობლიურ დედოფლისწყაროში გადაიყვანეს. იქ დაამთავრა სამხატვრო სკოლა. შემდეგ სულხან- საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში სახვითი ხელოვნების განხრით სწავლობდა. სტუდენტური წლები 90-იანი წლების ურთულეს პერიოდს დაემთხვა, გაყინული ხელებით ხატვა მაინც კარგად ახსენდება. პირველი წარმატება ბატიკის ტექნიკით შექნილმა შვიდმა პანომ მოუტანა, ამ სადიპლომო ნამუშევარმა საგამოცდო კომისიის დიდი მოწონება დაიმსახურა.
ბატიკის ტექნიკით აბრეშუმის შარფები მოხატა,  მუშაობდი თექის შარფებზეც. ერთ დროს ხეზე ჭრასაც სწავლობდა… ამ ბოლო დროს, ძირითადად,  ნახევრად ძვირფასი ქვების იმიტირებული დეტალებით სამკაულებს ქმნის,  ულამაზეს ყვავილებს ამზადებს… ფერად ფაქიზ ყვავილებს უმალ იცნობთ ხელწერით… საკუთარ სტუდია-სახელოსნოზე ოცნებობს – პედაგოგის და ხელოვანის – ქეთი პოლიკაშვილის პერსონა.

– დაბადებით თბილისში დავიბადე, მაგრამ ბავშვობა საქართველოს სამ რაიონში გავატარე. მამა სამხედრო პირი იყო და სამსახურის გამო უწევდა სხვადასხვა რაიონში მსახური, ოჯახიც თან დაჰყავდა და სკოლის გამოცვლაც სამჯერ მომიწია. ქალაქ ხონში 5 წლის ვიყავი, როცა ძილის წინ ფარდაზე არეკლილ შუქ-ჩრდილში გარკვეული მოძრავი ფიგურები შევნიშნე, კინოკადრივით მოძრაობდა სხვადასხვა პერსონაჟი გამჭვირვალე ფარდის ქსოვილზე. ეს იმდენად შთამბეჭდავი და ამაღელვებელი იყო, სიხარულით ვუხმე ოჯახის წევრებს, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, ვერავინ ვერაფერი დაინახა და მაშინ მივხვდი, არსებობდა სამყარო, რომელიც მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში იყო.
ბავშვობა ლაღი და უდარდელი მქონდა. ორი და მყავს, თითო წელია ჩვენს შორის სხვაობა და თანატოლებად გავიზარდეთ. ერთად ვთამაშობდით, ერთად ვსწავლობდით და ერთად შევიცნობდით სამყაროს. მშობლები მკაცრად არ გვექცეოდნენ. უბრალოდ, ვიცოდით რომ კარგად უნდა გვესწავლა და ვსწავლობდით. ოჯახში სითბო, სიყვარული და ურთიერთპატივისცემა სუფევდა. წესრიგს, სტუმართმოყვარეობას, შრომისმოყვარეობას მშობლების მაგალითით ვითვისებდით.
ხელსაქმე ადრეული ასაკიდან ბებომ შემასწავლა. თვითონ არაჩვეულებრივად კერავდა, ქსოვდა, ქარგავდა და შვილიშვილებსაც გვასწავლა. საკმაოდ კარგად გამოგვდიოდა თოჯინების ტანსაცმლის კონსტრუირება, თარგების შედგენა და კერვა. შემდეგ უკვე მოზრდილობაში ჩვენ თვითონ ვიკერავდით და ვიქსოვდით ჩვენთვის და მეგობრებისთვის ტანსაცმელს.
ხატვის ნიჭი მამაჩემისგან გამომყვა. ახლგაზრდობაში მამა ხატავდა. სამწუხაროდ, მისი მხოლოდ ერთი ნახატი შემოგვრჩა. უხაროდა ჩემი ხატვისადმი დაინტერესება და ხელს მიწყობდა: მამარაგებდა წიგნებით, ფუნჯებით, საღებავებით. ერთხელ, მივლინებიდან ჩამოსულმა მხარზე გადაკიდებული მხატვრის საველე ჩანთა, ეგრეთ წოდებული, „ეტიუდნიკი“ ჩამომიტანა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მას მერე არ მომიშორებია და ახლაც განსაკუთრებულად ვუფრთხილდები, როგორც ძვირფას რელიკვიას.
სამხატვრო სკოლაში სწავლობდითბავშვობიდან გიზიდავდათ ხელოვნებაპირველი ზიარება ფერწერასთან
– სამხატვრო სკოლაში 6 წლის ასაკში შემიყვანეს ქალაქ ხონში. ის სუნი, რომელიც ასდიოდა საბავშვო აკვარელს, დღემდე მახსოვს და ჩემი პირველი მასწავლებელი მანანა მორჩილაძე ჩემს მეხსიერებას ხელოვნების ჯადოსნური სამყაროს ფერიად შემორჩა. შემდეგ იყო ლაგოდეხი და ხელოვნების არაჩვეულებრივი პედაგოგი მაყვალა ქოროღლიშვილი, რომელმაც პირველად გამიყვანა პლენერზე სამუშაოდ და ლაგოდეხის ულამაზესი ბუნების წიაღში ფერწერის საფუძვლებს მაზიარა. ამ დროისთვის უკვე მშობლიურ რაიონში – დედოფლისწყაროში გადაიყვანეს მამა და მეც იქ არსებულ სამხატვრო სკოლაში შემიყვანეს, რომელსაც ხელმძღვანელობდა და დღემდე ხელმძღვანელობს არაჩვეულებრივი პიროვნება და მოქანდაკე, ჩემი საყვარელი მეგობარი აკაკი მერაბიშვილი.
სულხან საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტი ზოგადი ტექნიკისა და სახვითი ხელოვნების განხრით დაამთავრეთსადიპლომო ნამუშევარმაბატიკით შექნილმა შვიდმა პანომ დიდი მოწონება დაიმსახურა
– პროფესია ხელოვნების სიყვარულს დავუკავშირე და ჩავაბარე და დავამთავრე სულხან- საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტი ზოგადი ტექნიკისა და სახვითი ხელოვნების განხრით.
სტუდენტური წლები 90-იანი წლების ურთულეს პერიოდს დაემთხვა. სამოქალაქო ომი, კომენდანტის საათი და საყოველთაო გაჭირვება. თუმცა, შავთელის ქუჩაზე ჩემი უნივერსიტეტის სახელოსნოში საყვარელი პედაგოგის თამარ ცაგარელის ხელმძღვანელობით გაყინული ხელებით ხატვა მაინც ტკბილად მახსენდება. სადიპლომო ნამუშევრის შექმნისას სრული თავისუფლება მოგვცეს. ბევრი არ მიფიქრია, ქსოვილთან მუშაობის სიყვარულმა განაპირობა სადიპლომო ნამუშევრების თემა – ბატიკის ტექნიკით შევქმენი შვიდი პანო, რომელმაც საგამოცდო კომისიის დიდი მოწონება დაიმსახურა.
ბატიკა, თექა, შარფები, ხეზე ჭრაბოლოს რომელს მიეცით უპირატესობა?
– ამ მასალას მოგვიანებით ისევ მივუბრუნდი და აბრეშუმის შარფები მოვხატე ბატიკის ტექნიკით. ასევე ვმუშაობდი თექის შარფებზე. ერთ დროს ხეზე ჭრასაც ვსწავლობდი ჩემი მეგობრის ხეზე ჭრის ოსტატის, თემურ მალხაზიშვილის დახმარებით.
ხატავთ, კერავთ, ქსოვთამზადებთ სხვადასხვა ხელნაკეთ აქსესუარსუკვე შვილებთან ერთად
– ოჯახის შექმნის შემდეგ თავისუფალ დროს ისევ ვუბრუნდებოდი ჩემს საყვარელ საქმიანობას. სხვადასხვა დროს ისევ ვხატავდი, ვკერავდი, ვქსოვდი, ვამზადებდი უკვე შვილებთან ერთად სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს.
ნახევრად ძვირფასი ქვების იმიტირებული დეტალებით სამკაულებს ქმნითასე რომ, საიუვილერო საქმეც დაიწყეთ
– ყოველთვის ძალიან მომწონდა საიუველირო საქმე, მაგრამ ტექნიკური სირთულის გამო ვერ ვბედავდი წამოწყებას. სამიოდე წლის წინ აღმოვაჩინე უნიკალური მასალა- პოლიმერული თიხა, რომლის სათანადო დამუშავების შედეგად შესაძლებელია, შექმნა სხვადასხვა მასალის იმიტაცია. ასე დავიწყე ნახევრად ძვირფასი ქვების იმიტირებული დეტალებით სამკაულების შექმნა. ამან ისე გამიტაცა, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა დამიგროვდა და ახლობელ-მეგობრებში საჩუქრებად დავარიგე.
პოლიმერული თიხისგან ამზადებთ სხვადასხვა სამკაულსდა ინსპირაციის წყაროდ წლების წინ საქართველოში პირველად შემოსული ROBERTO BRAVO- კოლექციის ხილვა იქცა
– შემდეგ ისევ ახლიდან და ახლიდან ვუბრუნდებოდი ამ მასალას და თანდათან უხეში ქვები სიფრიფანა ყვავილის ფურცლებად გარდაიქმნა, რომლის ინსპირაციის წყაროდ წლების წინ საქართველოში პირველად შემოსული ROBERTO BRAVO-ს კოლექციის ხილვა იქცა.
პოლიმერული თიხისგან დამზადებული ეს ყვავილები ულამაზესია. და მაინც, როგორ ახერხებთ უხეში მასალის სიფრიფანა ყვავილებად გადაქცევას? ალბათ ძალიან დიდ შრომას მოითხოვს
– თიხით უნაზესი ყვავილების დამზადება რთული ტექნოლოგიური პროცესია, მაგრამ, საქვეყნოდ ცნობილია, როცა შენი საქმე გიყვარს, სირთულეები და მათთან შეჭიდება სიმოვნებას გგვრის ადამიანს. ყოველი ეტაპი ყვავილების შექმნისა, თითოეული მტვრიანას, ყვავილის ფურცლის და სხვა მინიატურული დეტალების დამზადება, რაც უფრო მეტ ტექნიკურ სირთულესთანაა დაკავშირებული, მით უფრო საინტერესოა ჩემთვის. ეს არის საქმიანობა, სადაც მთლიანად, მთელი არსებით ვიძირები. ახალ ნამუშევრებს ჯერ ოჯახის წევრებს ვაჩვენებ, შემდეგ ჩემს მოსწავლეებს, მათი აღტაცება, კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს მუშაობისთვის.
გამოფენები
–  საქართველოში ხელნაკეთი ნივთებით დაინტერესება სულ უფრო და უფრო იზრდება. თბილისის მერიის ინიციატივით ახალ აღმაშენებელზე ტრადიციული სამოსის ზეიმი გაიმართა. პირველად იქ მივიღე მონაწილეობა, გამოიფინა სხვადასხვა ავტორის ხელნაკეთი ნივთები.
ახლახან კი გახლდით „ხელოვნების მეჯლისზე“ მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრში „მუზა“, რომლის ორგანიზატორი მშვენიერი ქალბატონი ირინა ცერცვაძე იყო. ასეთი გამოფენები კარგი შესაძლებლობაა ხელოვანთათვის, გააცნონ საზოგადოებას თავიანთი შემოქმედება, აგრეთვე – ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება.
ჰობი
– ჰობი ეს ჩემი შემოქმედებითი საქმიანობაა, ხოლო ძირითადი საქმიანობა პედაგოგობაა, რომელიც არანაკლებ სიამოვნებას მანიჭებს. აბიტურიენტებს და ყველა მსურველს ვასწავლი ხატვისა და ხაზვის საფუძვლებს. ნიჭიერ და მოტივირებულ ახალგაზრდებთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა.
სამომავლო გეგმები
– ჩემი უდიდესი სურვილია, მქონდეს საკუთარი სტუდია-სახელოსნო, სადაც უფრო მეტ მსურველს, ყველა ასაკის ხელოვნებით დაინტერესებულ პირს მოვწყვეტ გაჯეტებს და მივცემ შესაძლებლობას, ეზიარონ ხელოვნების ჯადოსნურ სამყაროს.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები