„თოვლის პაპა სიბრძნის, ოჯახისა და  ქვეყნის ერთიანობის, მომავალი თაობის შემწეა, ერთგულებისა და ყოველივე სანუკვარის  სიმბოლოა“…  

თბილისში დაიბადა და გაიზარდა. წერა სკოლაში უყვარდა,  მაგრამ მომავალი პროფესიის არჩევა მაინც ოჯახურმა ტრადიციამ განაპირობა. სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი დაამთავრა. თუმცა, შემდეგ, ყოველთვის, პროფესიული საქმიანობის მიუხედავად, წერდა ყველაფერზე – ბუნებაზე, ცხოველებზე, ფრინველებზე…
პირველი პროზაული ნაწარმოებების კრებული „იყო… და იყო“;  შემდეგ-  „რიტმული პროზა“; „მოთხრობები/კვიპრიანე და იუსტინა“; „ჟამთგასაყარი“.
პროზის პარალელურად თარგმანებშიც სცადა ბედი. ასე გამოიცა ფრანსუა ბერნეს „უკანასკნელი პოლიტიკური გადატრიალების ისტორია დიდი მოგოლის სახელმწიფოში“.
უახლოეს ხანში, დღის სინათლეს  იხილავს მისი 4 წიგნი, ორი თარგმანი და ორიც მისი მოთხრობებისა და ნოველების კრებული.
ამბობს, რომ თოვლის პაპა  სიბრძნის, ოჯახის ერთიანობის, ქვეყნის ერთიანობის, მომავალი თაობის შემწეა  ერთგულების და ყოველივე სანუკვარის სიმბოლოა, ის უაღრესად ქართულია… ახალ წელს კი ისურვებდა, მომავალ თაობაში უფრო  მეტად  განმტკიცებულიყოს სულიერებას… – მწერალ გიორგი აღნიაშვილის პერსონა.

 –  მამა –  მერაბ აღნიაშვილი თელავის უნივერსიტეტის ლექტორი, მათემატიკოსი,  პროფესორი, ღირსების ორდენის კავალერია. დედა – ანელი ბაკურაძე ქიმიკოსია, ამჟამად დიასახლისი. ბავშვობიდან ჩემი და ჩემი ძმის აღზრდაზე, ძირითადად, დედა ზრუნავდა. მამა მუდმივად დაკავებული იყო და  მთელ დროს პედაგოგიური საქმიანობა  ართმევდა.
დედა პედაგოგის ოჯახში გაიზარდა და მას ბავშვებთან ურთიერთობა და  ბავშვის შეფასების უნარი ოჯახიდან მოჰყვებოდა, მისი დამოკიდებულება ჩემთან და ჩემს ძმასთან ყოველთვის გაწონასწორებული, ზედმიწევნით თბილი და სამართლიანი გახლდათ.
მამას, ბუნებრივია, აინტერესებდა ჩემი მოსწრება ტექნიკურ საგნებში, რადგან მას მიაჩნდა, რომ ტექნიკური საგნების დაუფლება ადამიანის გონებას აყალიბებს და უფრო რაციონალურს ხდის. მამა ყოველთვის ცდილობდა, თავისუფალი დროის შესაბამისად, ჩემთან ახლოს ყოფილიყო და „გვეძმაკაცა“, მე მგონი, ეს საქმე კარგად გამოგვდიოდა მამას და შვილს.
წერა სკოლიდან გიყვარდათ? მაგრამ მერე რატომღაც სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში  ჩააბარეთ
– სკოლაში თავისუფალი თემის დაწერა მიყვარდა, საკონტროლო წერის მოახლოებისას, მუდმივად „მეშლებოდა ნერვები“, რომ თემის ჩარჩოებში უნდა „ჩავმჯდარიყავი“. სკოლის პერიოდში საქართველოს ისტორიით ვიყავი გატაცებული. სკოლის პერიოდში წავიკითხე „დიდოსტატის მარჯვენა“, „გმირთა ვარამი“, „მძიმე ჯვარი“ და „უქარქაშო ხმლები“. ამ წიგნებმა განუმეორებელი და წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
მომავალი პროფესია კი ოჯახურმა ტრადიციამ გადაწყვიტა.
დედის მხრიდან ბაბუა იოველ ბაკურაძე აგრონომი გახლდათ, სოციალისტური შრომის გმირი. ამბროლაურის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი იყო წლების მანძილზე, ბებია კი – რესპუბლიკის დამსახურებული ზოოტექნიკოსი. მამის მხრიდან – პაპაჩემი რომან აღნიაშვილი წლების მანძილზე ჯერ კოლმეურნეობის თავმჯდომარე და მერე სკოლის დირექტორი იყო, ბებია კი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა.
ასე რომ, სოფლის მეურნეობასა და ტექნიკურ დარგებს შორის ჰიდრომელიორატორის პროფესია აღმოჩნდა და ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კი ენერგეტიკის სამეცნიერო – კვლევით ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა.
პირველი ნაწარმოებები
– პირველი ნაწარმოებები გულუბყვილო და მეოცნებე კაცის ფიქრები იყო. ვწერდი ყველაფერზე, ბუნებაზე, ცხოველებზე, ფრინველებზე. უფრო ალეგორიული ჟანრის მოთხრობები და ნოველების წერა მიტაცებდა. მათი „ენით“ ვამბობდი სათქმელს.
ჯერ ენერგეტიკის ინსტიტუტში, შემდეგ სხვადასხვა კომერციულ ორგანიზაციაში მუშაობდითროგორ უთავსებდით ასეთ არარომანტიკულ სამუშაოს წერასთან?
– ვერ ვიტყვი, რომ ჩემს საქმიანობაში არ იყო რომანტიკის „მარცვლები“. უამრავ ადამიანთან მიწევდა ურთიერთობა. ვისმენდი მათ აზრს, დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი და, საერთოდ, წმინდა ადამიანური თვალსაზრისით ეს ურთიერთობები მეც მიყალიბებდა ხასიათს, ვცდილობდი, ადამიანები დამენახა ისეთები, როგორებიც რეალურად არიან. ვხედავდი, როგორ იქცეოდნენ მოაზროვნე და ზნემაღალი ადამიანები, მეცნიერები, რომლებიც საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწეოდნენ,  მათი მოსაზრებები და საზოგადოების წინაშე  პასუხისმგებლობის გრძნობა  სკოლა იყო ჩვენთვის.
კომერციულ ორგანიზაციებში მუშაობამ ადამიანებთან დამოკიდებულების სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დამაყენა. ვხედავდი, სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი და ასევე, როგორ შეიძლება პიროვნული სიძლიერის, ნებისყოფისა და თავდაჯერებულობის შემთხვევაში იქცეს ნამდვილ ლიდერად და პროფესიონალად.
პირველი პროზაული ნაწარმოებების კრებულიიყოდა იყო“… როგორ დაიწერა პირველი წიგნი. და რა იყო ავტორის სათქმელი?
– ეს წიგნი ჩემი პირველი პროზაული ნაწარმოებების  კრებული იყო. ის ჩემი განვლილი ცხოვრების ერთგვარი რეზიუმე გახლავთ. ამ წიგნში ჩემი შეხედულებები, განცდები, ადამიანების ვერაგობის და სიყვარულის, სისპეტაკის, სიკეთისა და ბოროტების, ადამიანური ამბიციების და პიროვნული დეგრადაციის თემები გავაერთიანე. იმ დროის საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრის ჩემეული გარდასახვა და მსოფლმხედველობა დავუკავშირე ერთმანეთს და ისე დაიწერა ეს წიგნი. მან მცირედით, მაგრამ მაინც ცნობილი სახე გამხადა.
პირველს მოჰყვა მეორე, მესამე, მეოთხეკრებულები. მეორე და მესამე რიმული პროზაარატომ აირჩიეთ ეს სტილი?
– საკმაოდ საინტერესო სტილია, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, „რიტმული პროზა“, ძირითადად, სასულიერო ლიტერატურას ახასიათებს. თუმცა რომელმა რელიგიამ შვა ეს მიმდინარეობა, არ ვიცი. ისლამური და ქრისტიანული რელიგიური წიგნების ნაწილი ამ ჟანრშია დაწერილი.
კრებულიჟამთგასაყარი რით განსხვავდება წინა კრებულებისგან? თავად მოთხრობაზე გიწერია, რომ ფანტაზიის ნაყოფიადა მეორენაირად თავკვეთურობას ნიშნავს….
– „ჟამთგასაყარი“, ჩემი აზრით, საკმაოდ კარგი პროზაული კრებულია. მასში შესული ნოველები და მოთხრობები საქართველოს „საზღვრებს არ შორდება“. აქ ჩემი მოსაზრებებია, დამოკიდებულება ჩვენი საზოგადოების მიმართ, ღირსების და ზნედაცემულობის ჩემეული ხედვა, წმინდა ადამიანური სულიერებასა და ცრუ ფასეულობების ბრძოლა საზოგადოებრივ ასპარეზზე,  იმედგაცრუება ეროვნული ღირებულებების გადაფასებასთან დაკავშირებით… რაც შეეხება უშუალოდ „ჟამთგასაყარს“, ეს მოთხრობა… ჩემი სურვილია, უფრო მეტიც – ნატვრაა.
ძალიან მინდა დაწესდეს საქართველოში ქართველი ქრისტიანებისა და ქართველი მუსულმანების ერთობის დღე.
ნუ გამაკრიტიკებთ ამ სიტყვებისთვის, რადგან ეს ერთობა არა რელიგიური ერთობის, არამედ ეროვნული ერთობის დღე უნდა იყოს, რამეთუ ჩვენი მუსულმანი ქართველების წინაპრები თავკვეთურამ შეიწირა და მთელ თაობებს მოუსპო მამა-პაპის სათაყვანებელი ხატებისკენ მიმავალი გზა.
ჩვენი მუსულმანი ქართველები არავისზე ნაკლები პატრიოტები არ არიან, ისინი ერთგვარი „ფარები“ არიან მტრულად განწყობილი ისლამური სამყაროს წინაშე და მეტსაც ვიტყვი, ისტორია გვასწავლის და გვახსენებს ხიმშიაშვილებს, აბაშიძეებს და სხვა დიდ აჭარელ მამულიშვილებს. მსურს, ხმამაღლაც ვიყვირებ, რომ აუცილებელია, არსებობდეს ეროვნული ერთობის დღე და ეს დღე უნდა იყოს 22 ივნისს, ზაფხულის ბუნიობას, როცა დღე ყველაზე დიდია და ღამე ყველაზე პატარა. იცით, როგორ მინდა თქვენც დაგაჯეროთ იმაში, რისაც მე მწამს…
პროზაული თხზულებების გარდა თარგმანებიც გამოეცით...
– მე, ძირითადად, რუსული ენიდან ვთარგმნი. სხვა ენები არ ვიცი ისეთ დონეზე, რომ ხარისხიანი თარგმნა შევძლო.
ახლახან, პირველად ქართულ ენაზე ვთარგმნე ფრანსუა ბერნეს ისტორიულ-დოკუმენტური ჟანრის ნაწარმოები – „უკანასკნელი პოლიტიკური გადატრიალების ისტორია დიდი მოგოლის სახელმწიფოში“ .
ამ წიგნში ნაამბობია ქართველი ღულამების (რაჯპურების) შესახებ. მათ ინდოელ მამლუქებადაც მოიხსენიებენ და რაც მთავარია, ეს წიგნი გახლავთ პირდაპირი მტკიცებულება იმ „ჰიპოთეზის“, რომ ქართველები XIV-XVI საუკუნეებში ჭეშმარიტად იყვნენ სამად გაყოფილი ინდოეთის სამეფოს მეფეები და ქართველებმა სამეფო დინასტიებს დაუდეს საფუძველი. ამ საკითხებს ძალიან სერიოზული კვლევები უნდა მიუძღვნან ჩვენმა მეცნიერებმა, რადგან, როგორც ისტორიულად არის ცნობილი, ქართველი ღულამების კორპუსები იდგა დელის ჩრდილოეთით, აგრაში, ბანგლადეშში, გოლკონდაში, ირანის საზღვართან… ეს სერიოზული კვლევის საგანია. ეს თემა ერთ-ერთ უდიდესი გამოწევევად შეიძლება იქცეს საქართველოს ისტორიაში.
სოციალურ ქსელში პოპულარულია თქვენი გვერდიქართული ლიტერატურა და ხელოვნება“. რას ფიქრობთ თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებზე?
– უმძიმესი სიტუაცია დღეს ქართულ ლიტერატურაში. პირველ რიგში, არ არსებობს სახელმწიფო ნება, საკუთარი ეროვნული მწერლობა პატივისცემის ღირსი გახადოს. შეიხედეთ წიგნების მაღაზიებში და თავად დარწმუნდებით ჩემს სიტყვების სიმართლეში.
ქართული მწერლობა  ეროვნული ფასეულობების მეხოტბეა და არა ფსევდოპროგრესული იდეების გამზიარებელი. ყოველი თავმოყვარე ქვეყანა უფრთხილდება საკუთარ ინტელიგენციას, რადგან სწორედ ინტელიგენციაა ის ძალა, რომელსაც შესწევს ძალა, შექმნას ეროვნული, კულტურული თუ მატერიალური ფასეულობები, თუმცა ის, რაც შექმნილია, სამწუხაროდ, ძირითადად, სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება. ქართული პროგრესული ინტელიგენცია დააჩოქეს და საკუთარი ღირსების „დასაცავად“ სამოწყალოდ გააშვერინეს ხელი.  ჩვენ წაგვართვეს ეროვნული იდეოლოგია და ულტრალიბერალური დოგმები შემოგვაჩეჩეს. ქართული კულტურა მხოლოდ სანახაობების და შოუების ტყვეობაში ექცევა და იქაც პროდიუსერების და რეჟისორების ნებისად გარდაქმნიან ხოლმე.
გაქრა „ცისკარი“, „მნათობი“, „ლიტერატურული საქართველო“ თავის გადასარჩენად იბრძვის, გახსოვთ „სასიტყვეთი“, „პოეზიის ხუთი წუთი“,ან „თეატრალური ფოსტა“? სად გაქრა ლიტერატურული კრიტიკა და სად გაქრნენ კრიტიკოსები? სად გაქრა ეს ყველაფერი? ნუთუ ჩვენი მასმედია უფრო მნიშვნელოვანით არის დაკავებული, ვიდრე ქართული კულტურის პროპაგანდაა? ჭეშმარიტი ქართული მწერლობა ეროვნული სიამაყის და თავმოყვარეობის გრძნობას აღვივებს მომავალ თაობაში და ალბათ ამიტომაც არის „პროგრესულად“ მოაზროვნე ლაქიებისთვის მიუღებელი…
ჩვენს მწერლობას უფულობა სჭირს და „ბიძიებო დეიდებო“-ს  ძახილით მიიკვლევს გზას მკითხველამდე. თუმცა რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა ქართული მწერლობა საკუთარი „სახლიდან“ გამოაძევეს და ალტერნატიულ რეალობაში დაამკვიდრებინეს ბინა.
ალბათ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ეროვნული კულტურა ერის, სახელმწიფოს სახეა, მსოფლიოში აღიარებული ინსტიტუტის „სახალხო დიპლომატიის“ სტატუსით სარგებლობს და სახელმწიფო დიპლომატებს უზარმაზარ დახმარებას უწევს ქვეყნის საკეთილდღეოდ.
დიდხანს შემიძლია ვისაუბრო ამ თემაზე, მაგრამ ალბათ აჯობებს, ამ საკითხებზე ჩემზე ბევრად დიდმა შემოქმედებმა და საზოგადო მოღვაწეებმა ისაუბრონ. რაც შეეხება ჩემს გვერდს, ის ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის შეიქმნა და დღესაც წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას.
შილდაში თქვენი მეურნეობა გაქვთრა უნდა გაკეთდეს, რომ სოფელი აღორძინდეს?
– იცით, რა მიკვირს, ადამიანს სოფელში სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მინიმუმ ორი ჰექტარი მიწა რომ აქვს და თავს უმუშევრად მიიჩნევს, რამდენად ნორმალურად მიგაჩნიათ ეს ამბავი? ან კიდევ, სოფელში რომ ცხოვრობს კაცი და არც ქათამი, არც ძროხა, არც ღორი და საკუთარ ეზოში მოყვანილი მწვანილიც კი არ აქვს, ამაზე რას მეტყვთ? ინდოელებმა, თუ არ ვცდები, 2 ათასი ჰექტარი მიწა იყიდეს საქართველოში და აშენდნენ, შრომით იშოვნეს ფულიც და მდგომარეობაც მოიპოვეს. არის კიდევ უსერიოზულესი პრობლემა, ამას ჰქვია სოფლის მეურნეობის ეფექტიანად დაგეგმვისა და განვითარების პრიოტიტეტები. გლეხური მეურნეობა ჰაერზე ვერ განვითარდება, რადგან მას მუდმივად ესაჭიროვება დახმარებაც და სტიმულირებაც. სოფლის მეურნეობის მცოდნე კვალიფიციური კადრების პრაქტიკულად იგნორირება და პრაქტიკანტი უცხოელების შემოყვანა ჩვენს ქვეყანაში ექსპერტების სტატუსით.
იცით, რა მაინტერესებს, ჩვენ მევენახეობის ქვეყანა ვართ და მევენახეობის სამეცნიერო კადრები „გავაქრეთ“, ნიადაგმცოდნეობის და მევენახეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები გავაუქმეთ.
დალოცვილო, აგრარულ მეცნიერებათა ერთი კვლევითი ინსტიტუტი მაინც შევქმნათ, რომ ფერმერმა რეალურად შეძლოს პრობლემების შემთხვევაში კვალიფიცირებული რჩევა ან კონსულტაცია მიიღოს. ახლა ეროვნული ბაზრის დაცვის მექანიზმებს გადავხედოთ, კი მაგრამ არსებობს კი ეროვნული ბაზრის დაცვის რაიმე სისტემა? არ არსებობს…
ყოველ საქმეს მცოდნე კაცი ესაჭიროვება და არა ვაკანტური ადგილის დასაკავებლად მებრძოლი „კონსტიტუციონალისტი“, რომელიც კანონებს კარგად იცნობს და აგრონომიის არ გაეგება რა.
შეძლებს ასეთი კაცი, ფერმერს დაეხმაროს? სოფლები დაიცლება, თუ ადგილებზე ელემენტარული კულტურული და სოციალური ობიექტები არ ამოქმედება, დაიცლება, თუკი გლეხი საკუთარი შრომის შედეგს ვერ დაინახავს და ისევ დაქირავებული დღიური მუშის სტატუსით მოუწევს ცხოვრება. გლეხს დაფასება სჭირდება და არა „ჭკუის დარიგება“. გლეხს საკუთარი მეურნეობის გასავითარელად საბანკო კრედიტი ესაჭიროება და არა სამევახშეო ვექსილის ქვეშ ნახევრად მონურ მდგომარეობაში შრომა დავალიანების დასაფარად. სოფელს სუბსიდირება ესაჭიროება და არა სულის ამოხდა გაძვირებული საწვავის და შხამქიმიკატების შესაძენად თანხების მოსაძიებლად. სოფელს კულტურული ცხოვრება ესაჭიროება და ეს საქმე აუცილებლად უნდა დადგეს დღის წესრიგში. და კიდევ, საკუთარი ქვეყნისადმი პატრიოტიზმისა და მიწის სიყვარულის გაღვივება. სოფელი პესიმიზმში იხრჩობა და უიმედობა სტანჯავს გლეხკაცს. სოფელების დაცლა გაგრძელდება მანამ, სანამ სახელმწიფო არ მოიდომებს ამის შეჩერებას, დროული მოქმედებაა საჭირო, თორემ ქართული სოფელიც მითების და ლეგენდების საუფლოში დაიდებს ბინას.
ოჯახი, შვილები, მეუღლე
მყავს მეუღლე „თი-ბი-სი ბანკის“ თანამშრომელია. უფროსი ვაჟი პროგრამისტია, საკმაოდ ძლიერია თავის სპეციალობაში. ახლახან  დაოჯახდა და ჩემი რძალიც დედამთილის კოლეგაა. მეორე ვაჟი ჯერ სკოლის მოწაფეა. სწავლით მაინცადამაინც თავს არ „იკლავს“, მაგრამ მათემატიკას და ფიზიკას კარგად შეეწყო და ეს მახარებს. კითხვა უყვარს, მაგრამ ეს ოხერი კომპიუტერი და ტელეფონი იმდენ დროს „ართმევს“, რომ… ვცხოვრობთ საშუალო თბილისური ოჯახის დონეზე. ჩვენი დიდი ოჯახი ერთსულოვნებით ვცხოვრობთ, მე და ჩემი ძმა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენ შვილებს ერთმანეთის მონატრების წყურვილი გაუღვივოთ და ერთმანეთის გვერდში დგომის აუცილებლობა დღის წესრიგიდან არასდროს მოიხსნას.
ახალ წელზე ხშირად წერთეტყობა, ძალიან გიყვართდა მაინც, როგორი უნდა იყოს თოვლის პაპა? (და რატომ არა, სანტა?)
– თუ შეიძლება ციტატას მოვიტან ჩემი ნამუშევრიდან:
„თოვლის პაპა? თოვლის პაპა ოცნებაა, ფიქრი და სურვილია, რომელიც კაცის გულში იბადება და გონებაში „ღვინდება“, თოვლის პაპა სიკეთეა, სიყვარულია და დალოცვაა მოყვასისადმი მიძღვნილი… კიდევ სხვისი ბედნიერების დანახვით გამოწვეული სიხარულია და კიდევ უფლის ხატებაა, რომელსაც ადამიანები საკუთარ ბედნიერებას „ვაბრალებთ“… „პააა, რატომ არის თოვლის პაპა მოხუცი და რატომ ახლავს მას პატარა ბიჭი?
– მოხუცი სიბრძნეა შვილო და ბავშვი კი იმედი, ორივე ერთად კი რა იქნება?
– ბედნიერება პაპა, ბედნიერება…“
თოვლის პაპა სიბრძნის, ოჯახის ერთიანობის, ქვეყნის ერთიანობის, მომავალი თაობის შემწეს,  ერთგულების და ყოველივე სანუკვარის სიმბოლოა, ის უაღრესად ქართულია… სანტა კი ჩვენი არ არის, ის სხვა ცივილიზაციამ შექმნა და მათ საზოგადოების ნაწილია. ის ჩვენთვის უცხოა.
რას ელოდებით ახალი წლისგან? რას ეტყოდით ხალხს
– ეროვნულის მაძაგებლის მიმართ ჰუმანური დამოკიდებულება იდეოლოგიურ ანარქიას უწყობს ხელს და მომავალი კნინდება. იქნებ ყურად იღოთ მარტივი ჭეშმარიტება, რომ თუ ეროვნულ მწერლობას ასპარეზს წაართმევთ, ეროვნული თვითშეგნების ამოძირკვას შეუწყობთ ხელს, თუ რაიმე ფასეული შეუქმნია ქართველთ, უცხონი დაინაწილებენ და მიისაკუთრებენ, როგორც კუთვნილს. განა ახლა არ არის ამის მცდელობა?
დაეყრდენით  ეროვნულს და მრავალი საუკუნის მანძილზე ცეცხლში და ღველფში  გამობრძმედილ ქართულ მწერლობას და ქართულ კულტურას, რადგან მხოლოდ მას შესწევს ძალა, მხარი შეუდგეს წაბორძიკებულ ეროვნულ ინტელიგენციას და აბჯრით შემოსოს დედა-ეკლესია უხვსიტყვა დემაგოგთა ქილიკს ამოფარებული კარიერისტთა, რევანშისტთა და „არსს წართმეულთა“ ნასროლი ისრებისგან თავდასაცავად.
უფლისმიერი ქართული კულტურა ათეულობით საუკუნის მანძილზეა გამოცდილი და შემოთავაზებული „რევიზიონიზმი“ მხოლოდ ეროვნული საუნჯის დამხობა-გაქილიკებას და უცხო-მდაბალის გაბატონებას შეუწყობს ხელს. ნუ იმედჰყოფთ საკუთარ თავს, რომ დემაგოგები და კარიერისტები საკუთარ თვალში დირეგაყრილნი სხვის თვალში წამწამის ძებნაზე აიღებენ ხელს.
ჩემო ძვირფასებო, მშობლებო თავად ხედავთ, რომ შვილები ბეწვის ხიდზე შედგნენ და ყოველგვარი ჭეშმარიტის, უფლისმიერისგან განთავისუფლების მცდელობა აამსუბუქებს და უფსკრულში გადაჩეხავს მათ. ახლა „შვილო შემოგევლე“-ს დრო არ არის.
თაობა იღუპება ვირუსად  თავსმოხვეული იდეოლოგიების და ჩამოფასებული, გარყვნილი „ფასეულობების“ გამო, რომელსაც ისტორიულ სანაგვეზეც კი არ „ჩაიბარებენ“  უკიდურესი მავნებლობის გამო.
მშობლებო, თავსმოხვეული მოვლენები „მამების და შვილების დაპირისპირება“ არ არის, არც თაობათა შეხედულებების „ბრძოლაა“  წინა პლანზე, ახლა ეროვნული თვითშეგნების, ოჯახის ღირსების, სარწმუნოების სიწმინდის, სახელმწიფოებრივი სიამაყის შენარჩუნებისთვის მიმდინარეობს ბრძოლა. ნუ დაუშვებთ, რომ  თქვენი შვილები სხვათა პოლიტიკური ამბიციებისთვის და „საზოგადოებრივი ექსპერიმენტებისთვის“ საზარბაზნე ხორცად  გამოიყენონ ზნედაცემულთა ურდოებმა. ეს არის ჩემი სათქმელი, ახალი წლისგან კი ბედნიერებას ველი ჩვენი შვილებისთვის და ქვეყნისთვის.
გამოსაცემად კიდევ 4 წიგნი მზადდება
– ამ  წიგნებიდან ორი თარგმანია, ჯერჯერობით ვერ მოვრჩი ბოლომდე გადათარგმნას, გარკვეულმა ტექნიკურმა ხარვეზებმა თარგმანების ძალიან დიდი ნაწილი კომპიუტერში წამიშალა და ახლა თავიდან ვთარგმნი.
ეს წიგნები ვაჭარების და მოგზაურების მიერაა დაწერილი. მათ ნაშრომში ქართული კვალზეა საუბარი და მინდა, მსურს, რომ ჩვენს მკითხველს შევთავაზო. ჩემი აზრით, საკმაოდ ღირებულ ინფორმაციას მიაწვდის ისტორიით დაინტერესებულ ადამიანებს.
დანარჩენი ორი წიგნი კი მოთხრობების და ნოველების ნაკრებია. იმედი მაქვს, 2019 წელს ერთ თარგმანს და ერთ პროზაულ კრებულს შევთავაზებ მკითხველს. იმედი მაქვს, მკითხველები კმაყოფილები დარჩებიან ჩემი ნამუშევრებით.
ჰობი
– ისტორიული მნიშვნელობის წიგნების კითხვა, ბუნება, საკუთარი ხელით რაიმე „მნიშვნელოვანი“ ნივთის შექმნა, თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, ხეირიანი არ გამომდის ხოლმე. მაგრამ მაინც ვცდილობ… ძალიან მიყვარს მანქანის „ჩხიკინი“. ერთხელ ისე გავაფუჭე, რომ ხელოსნები კინაღამ საგონებელში ჩავყარე, არ იცოდნენ, რა ექნათ. მიყვარს რაგბი და ძიუდო. მე ყოფილი რაგბისტი ვარ და ერთი პერიოდი ძიუდოთი ვიყავი გატაცებული.
როგორ უნდა შეიყვაროს წიგნი ახალგაზრდობამ?
– გახსოვთ, გურამ დოჩანაშვილის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“? საოცარი ნაწარმოებია და არანაკლებ ბრწყინვალე სატელევიზიო სპექტაკლი, თანაც რა დიდებული სამსახიობო ჯგუფია ამ სპექტაკლში დაკავებული.
აი მანდ არის „წამლების“ მთელი კრებული, როგორ უნდა შეაყვარო ადამიანს ლიტერატურა. წიგნის სიყვარული ბავშვს სკოლიდან თუ არ ჩაუნერგე, დიდობაში ნებისმიერი მცდელობა ნაკლებშედეგიანი იქნება.
იქნებ დაგვენერგა სკოლებში კლასგარეშე ლიტერატურის გაკვეთილები? და იქნებ მასწავლებლებმა საკონტროლო წერები უმეტესად კლასგარეშე ლიტერატურაზე დაყრდნობით ჩაატარონ? ბავშვი ვაიძულოთ, წიგნამდე მივიდეს, იმდენად მაინც, რომ საკონტროლო წერა მაღალ ნიშანზე დაწეროს. სკოლებმა მიიწვიონ ჩვენი მწერლები, რომ უნდაც ერთი ლიტერატურული გაკვეთილი ჩაუტარონ ბავშვებს, სკოლებმა მიიწვიონ ჩვენი სასიქადულო მამულიშვილები, რომ მათგან გაიგოს მომავალმა თაობამ რაიმე მნიშვნელოვანი. იქნებ თეატრებმა თუნდაც თვეში ერთ სპექტაკლი „აჩუქონ“ უფასოდ მომავალ მაყურებლებს და თეატრის ქომაგებს, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მიეცით საშუალება ეკლესიას, სულიერება განამტკიცოს ბავშვებში, რადგან სულიერების გარეშე ადამიანი პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდება.
რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
– ჯერ მე შევიცვლებოდი და საკუთარ ნაკლის გამოსწორებას შევეცდებოდი. მერე კი ვნახოთ…

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები