პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოს ისტორიაში და პირველი ქალი პრეზიდენტი რეგიონში
რა უფლებებში დარჩება მეხუთე პრეზიდენტი
შედეგად პრეზიდენტს აღარ ეყოლება უშიშროების საბჭო, რომელიც პირველად კონსტიტუციაში 1995 წელს გაჩნდა, როგორც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო. მეხუთე პრეზიდენტი იქნება პირველი, ვინც ამით არ ისარგებლებს. ომის დროს იქმნება თავდაცვის საბჭო, რომელსაც უხელმძღვანელებს პრეზიდენტი.
შეწყალება რჩება პრეზიდენტის ერთადერთ შეუზღუდავ უფლებად. 1995 წლიდან მოყოლებული ამ ნაწილში არაფერი შეცვლილა.
მოქალაქეობის მინიჭების უფლება რჩება, თუმცა კანონი მას არეგულირებს.
კონსტიტუციის ახალი რედაქცია ძალაში 2013 წელს, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ შევიდა. პრეზიდენტს ჩამოშორდა აღმასრულებელი ხელისუფლება. ეს ნორმა კონსტიტუციაში 1995 წელს გაჩნდა. ძლიერი საპრეზიდენტო მოდელი ამერიკულის მსგავსი გახლდათ, სადაც პრეზიდენტი ყველა შტოსთან შედარებით ძლიერია.
აღმასრულებელი ხელისუფლების ჩამოშორებით საქართველოს კონსტიტუცია, საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მოდელისკენ გადაიხარა.
მთავარსარდალი პრეზიდენტი ისევ იქნება თუმცა, მას შეეზღუდება სამხედრო ძალების გამოყენება. მშვიდობის დროს სამხედრო ძალებს თავდაცვის მინისტრი განაგებს, ომის დროს კი – პრემიერ-მინისტრი.
ევროპული სტილი
მისი პოლიტიკური ოპონენტებიც კი აღიარებენ, რომ ის საკმაოდ დახვეწილი და ევროპული სტილის პოლიტიკური ფიგურაა საინტერესო ბიოგრაფიითაა და კიდევ უფრო საინტერესო დიპლომატიური გამოცდილებით.
მაგრამ იქნება კი ქართული წარმოშობის ევროპელი დიპლომატის არჩევა საქართველოსთვის ახალი მომავლის დასაწყისი? ახლა ეს, ჩემი აზრით, ყველაზე აქტუალური კითხვაა. შეძლებს ქართული პოლიტიკა, გახდეს უფრო თანამედროვე და უპასუხოს, რაც შეიძლება ბევრი ადამიანის გამოწვევას?
საბჭოთა კავშირი დაინგრა, თუმცა, საზოგადოებაში ის მაინც იგრძნობა თუნდაც მენტალობის დონეზე, 90-იანი წლებიც გავიარეთ, თუმცა, პოლიტიკაში ჯერ კიდევ მოდაშია რადიკალური და აგრესიული მართვის სტილი.
ამიტომაც მნიშვნელოვანია, რა აქცენტებს გააკეთებს ევროპული სტილისა და გარეგნობის ქალი პრეზიდენტი პოლიტიკაში. რამდენად შეძლებს ის, გაუმკლავდეს ამ საკმაოდ ჭრელ და რთულ გამოწვევებს. განსხვავებული შეხედულებების, გემოვნებისა და ღირებულებების მიუხედავად, ერთი რამ საერთო ამ საზოგადოებას მაინც აქვს და ეს უკეთესი მომავლის შექმნაა.
შესაბამისად, რა როლს ითამაშებს სალომე ზურაბიშვილი „უკეთესი მომავლის“ პოლიტიკის გატარებაში, ამაზე იქნება დამოკიდებული, როგორ ვისაუბრებთ მასზე თუნდაც, ერთი წლის შემდეგ – დარჩება ის ერთ-ერთ რიგით ქალ პოლიტიკოსად თუ აქტიურად ჩაერთვება თანამედროვე პოლიტიკის დიზაინის შექმნაში.
მთავარი გამოწვევები
სალომე ზურაბიშვილის მთავარი გამოწვევაა უკვე დღეს პოლარიზებული საზოგადოება ქვეყნის შიგნით, რუსეთის აგრესია რეგიონში და საქართველოს მეტი ინტეგრაცია დასავლეთში.
ჯერ კიდევ არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილმა „პრაიმტაიმთან“ საუბარში განაცხადა:
„დიახ, პირველი სწორედ ეს იქნება, ეს პრიორიტეტულია. ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, თუ სულ ერთმანეთთან დაპირისპირებულები ვიქნებით. ორგანიზმი, რომელიც მუდამ საკუთარ თავს ჭამს, არც ვითარდება, არც გამთლიანდება. ეს არის მთავარი ბერკეტი მტრისთვის. ვინ აღვივებს ამას, ხომ უნდა დავფიქრდეთ? ამ სიძულვილის გაღვივება იმპერიული გეგმაა – „დაშალე და იბატონეს“ ემსახურება. ეს არის ყველა იმპერიისთვის დამახასიათებელი მეთოდი, მაგრამ რუსეთმა ეს ზენიტში აიყვანა. თუ არ გავაცნობიერეთ, რომ ეს არის ჩვენი მთავარი სისუსტე, მუდმივად ვიდგებით ერთ ადგილას, ერთ წრეზე ვიტრიალებთ.
ქვაფენილის დაგება-არდაგების თემა ავიღოთ. ხომ გახსოვთ, რა ხდებოდა, როგორი ტალღა აგორდა ერთმანეთის დაგმობის? ერთმანეთს ეუბნებოდნენ, – შენ მოღალატე ხარ ქვეყნის თუ ქალაქის… იგივეა, ფაქტობრივად, უბრალოდ მასშტაბია სხვადასხვა…
ჩვენ მენტალურად უნდა გადავიდეთ 21-ე საუკუნეში. ეს ბევრი კუთხით ცვლილებას ნიშნავს. და პრეზიდენტს ამ ყველაფერზე შეუძლია, გავლენა იქონიოს. ჩვენ რეალისტური პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ. ჩვენს სახელმწიფოს იდეოლოგია სჭირდება, ევროკავშირი დღეს და ხვალ არ მიგვიღებს, თუმცა, პერსპექტივა არსებობს და ბევრი რამ თვითონ ევროკავშირის შიგნითაც შეიცვლება. შეიძლება უფრო სწრაფადაც შევიდეთ, მაგრამ სხვანაირ ევროკავშირში, ყველაფერი იცვლება. მიმაჩნია, რომ ბრექსიტი შეიძლება გამოვიყენოთ, მეუბნებიან, – შეგიძლიათო… მანამდე კი სხვა რაღაცები უნდა მოვითხოვოთ“.
მეორე ტურის შემდეგ კი უკვე პრეზიდენტის რანგში მან, ასევე, აღნიშნა, რომ პოლარიზებული საზოგადოების გაერთიანება მისი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება.
Euronews და BBC-თვის მიცემულ ინტერვიუებში მან ისაუბრა საზოგადოების გამთლიანებისა და შერიგების აუცილებლობაზე.
BBC:
„გარდა ამისა, ძალიან ბევრი საქმეა ქვეყნის შიგნით. ჩვენ გვაქვს ევროასოციაცია, მზადდება კანონმდებლობა და ამავე მიმართულებით უნდა შეიცვალოს ჩვენი მენტალიტეტიც.
მე ევროპაში გავიზარდე, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფრანგი დიპლომატი გახლდით. ვიცი, რაც არის ევროპული საზოგადოება, როგორ მივუახლოვდეთ მას, როგორ გავაერთიანოთ ერი.
მოსახლეობის გაერთიანებისკენ უნდა ვიმოძრაოთ, რადგან, თუკი ჩვენ ქვეყნის შიგნით არ გავერთიანდებით, ვერ მოვახერხებთ ტერიტორიების რეინტეგრაციას, იმ ტერიტორიებისა, რომლებიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. და ეს, ამ ეტაპზე, შესაძლოა, საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი იყოს.
თუმცა, რა კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული ამ მიზნის მისაღწევად, ზურაბიშვილს ჯერ არ დაუკონკრეტებია. საარჩევნო მარათონზე სიძულვილის ენა და შავი პიარი ზოგჯერ ისეთ მასშტაბებს აღწევდა, რომ რამდენჯერმე დამოუკიდებელმა კანდიდატმა ისიც კი განაცხადა, რომ „უჭირს იმის წარმოდგენა, რამდენად შესაძლებელია ოპოზიციასთან თანამშრომლობა“.
რუსეთი
რეგიონში სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი მთავარი და რთული გამოწვევა რუსეთი იქნება. შემთხვევითი არ იყო, რომ მან საკუთარი საპრეზიდენტო მარათონი გორის საოკუპაციო ხაზიდან დაიწყო და ენგურზე დაასრულა.
BBC: „ვიდრე რუსეთი ისე იქცევა, როგორც ახლა, არ მგონია, ჩვენ შეგვეძლოს პირდაპირ თანამშრომლობაზე გადასვლა… იმის გათვალისწინებით, რა ხდება ოკუპაციის ხაზზე, სადაც ხალხს იტაცებენ და ეს ხაზი ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში გადმოდის, იმის გათვალისწინებით, როგორ იქცევა რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში, არ მგონია, რომ ყველაფერი ეს იმას ნიშნავდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია, პირდაპირ ახლა თანამშრომლობაზე გადავიდეთ…
BBC: რამდენჯერმე ახსენეთ ვლადიმირ პუტინი. ვინ არის იგი თქვენთვის?
სალომე ზურაბიშვილი: როდესაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი მის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით, ეს, შესაძლო, სხვა ვლადიმირ პუტინი იყო, რადგან მაშინ რუსეთი საქართველოს ტერიტორიებიდან სამხედროების გაყვანაზე დაგვთანხმდა.
არ მგონია, რომ ეს ახლაც ასე იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ისევ იმავე დიპლომატიურ შესაძლებლობებს ვფლობ. ვფიქრობ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ის ფაქტი, რომ რუსეთი ორ ოკუპირებულ ტერიტორიას დამოუკიდებლად მიიჩნევს, რუსეთთან ნებისმიერი დიალოგის საშუალებას ბლოკავს.
სამომავლოდ რაიმე მსგავსისთვის ზუსტად ისეთივე კონფიგურაცია გვჭირდება, რაც მაშინ გვქონდა, როდესაც მე ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი, კონკრეტულად კი, გვჭირდება ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერა და მათთან ძალიან მჭიდრო მუშაობა.
კონფიგურაციაში, რომელიც ჩვენ ახლა გვაქვს და რუსეთის აგრესიული განწყობის ფონზე, ჩვენი მარტო დარჩენა არ შეიძლება. ამიტომ ჩვენ ახლოს უნდა ვიყოთ ჩვენს პარტნიორებთან, ისინი ახლოს, ზურგსუკან უნდა ვიყოლიოთ.
BBC: რუსეთთან მოლაპარაკების გარეშე კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია…
სალომე ზურაბიშვილი: სამომავლოდ დიალოგი გვჭირდება, მაგრამ ეს მარტოებმა არ უნდა გავაკეთოთ, ეს საერთო დიალოგის ნაწილი უნდა იყოს. თუკი ეს მოხდება, ეს უნდა მოხდეს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით.
მოლაპარაკებების დროს, რომელსაც რუსეთთან ვაწარმოებდი, ყოველ სესიამდე და ყოველი სესიის დასრულების შემდეგ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და ამერიკის ელჩებთან გავდიოდი ხოლმე კონსულტაციებს. მოლაპარაკების მეორე მხარემ იცოდა ეს და მისთვის მისაღები იყო ეს სიტუაცია.
ეს საქართველოს ნათელი პოზიციაა: ჩვენ ვერ გაგვასულელებენ და მე არ ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც თავს გაისულელებს.
ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და შევათანხმოთ ის ევროპელ პარტნიორებთან და თუ ისინი რუსეთთან დიალოგის მიმართულებით წავლენ, დარწმუნებით უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველო გვერდით არ დატოვეს, რომ საქართველოს პრინციპები – სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა – ეს მოლაპარაკებების ნაწილია და რომ ისინი დაცულია“.
საგარეო პოლიტიკა
რაც შეეხება საერთაშორისო არენას, აქ სალომე ზურაბიშვილი უფრო დამაჯერებელი და პრინციპული ჩანს. ამბობს, რომ ის საკუთარ გამოცდილებას სრულად გამოიყენებს დასავლეთთან ინტეგრაციისთვის.
Euronews:
„ჩემი პრიორიტეტია საქართველოს ევროპაში შეყვანა. მე საქართველოში ევროპიდან ამ მიზნით ჩამოვედი. ამირჩია საზოგადოებამ, რომელსაც საქართველოში მეტი ევროპა სურს და ასევე, უნდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. ეს ექვსი წელი ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ყოფილი ევროპელი და ფრანგი დიპლომატი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამოვიყენებ ჩემს გამოცდილებასა და კონტაქტებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ევროკავშირში. მიმაჩნია, რომ შევძლებ, ხელი შევუწყო საქართველოს სვლას ევროკავშირისა და ნატოსკენ და მის დასავლურ მომავალს“.
BBC:
„ორი მიმართულებაა, რა მხრივაც პრეზიდენტს შეუძლია, ძალიან აქტიური იყოს. პირველი – ეს არის საერთაშორისო პოლიტიკა, ეს კონსტიტუციაში არის გაწერილი. ეს 6 წელი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. საქართველო კი მიიწევს ევროპაში, ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისკენ.
ამ დროის განმავლობაში ჩვენ იმდენად უნდა მივუახლოვდეთ ამ მიზანს, რამდენადაც შეგვიძლია, ან სრული ინტეგრაცია უნდა მოვახდინოთ. ამ პროცესში კი მე ყველაზე აქტიური პრეზიდენტი ვიქნები. მე მახსოვს, რომ ქალბატონმა ვიკე-ფრეიბერგმა (ლატვიის პრეზიდენტი 1999-დან 2007 წლამდე) მოახერხა თავისი ქვეყნის ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება. ეს ჩემი მიზანიც არის.
და, რა თქმა უნდა, საქართველო ძალიან ბევრ ასპექტში უნდა გავხადოთ უფრო მეტად ცნობილი მსოფლიო რუკაზე. მთელ მსოფლიოს უნდა ვანახოთ, რას წარმოადგენს საქართველო, ძალიან ბევრმა უცხოელმა ეს არ იცის. სადღაც მსოფლიო რუკაზე კი მოუკრავთ ჩვენი ქვეყნისთვის თვალი, მაგრამ სინამდვილეში არ იცნობენ საქართველოს“.
გენდერული სტერეოტიპები
საქართველომ დაამტკიცა, რომ ის გენდერული სტერეოტიპებისგან თავისუფალია და შეუძლია, ქალიც აირჩიოს პრეზიდენტად. სხვათა შორის, შანსი ადრეც იყო და ეს შანსი ნინო ბურჯანაძესაც ჰქონდა, თუმცა, სხვადასხვა ფაქტორების გამო ბურჯანაძემ პრეზიდენტის ტიტული ვერ მოიპოვა.
სხვათა შორის, ამ თემით BBC დაინტერესდა და სალომე ზურაბიშვილთან საუბარში ჟურნალისტმა თქვა:
„მაგრამ საქართველო ხშირად ასოცირდება ძლიერი მამაკაცის სახესთან…“
„არა, ეს, რა თქმა უნდა, ფეიკ ნიუსი არ არის, მაგრამ ეს არასწორი წარმოდგენაა ჩვენს ქვეყანაზე. საქართველოს ისტორიასა და კულტურაში იყო ბევრი ძლიერი ქალი. ჩვენი ქვეყანა მონათლა ქალმა და ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე კარგ დროში საქართველოს ხელმძღვანელობდა ქალი, რომელსაც მეფეს ეძახდნენ, რადგან ძლიერი იყო.
ასე რომ, არავითარი წინააღმდეგობა არაა იმასთან დაკავშირებით, რომ იყოს ქალი პრეზიდენტი. მე ვფიქრობ, რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიო არენაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს ძლიერი სიგნალია მსოფლიოსთვის, ისევე როგორც ქალებისთვის საქართველოში. ვფიქრობ, რომ გამოვიყენებ იმ გამოცდილებას სოლიდარობისა, რომელიც ქალ ლიდერებს შორის არის ქვეყანაში”.
ასე რომ, ახლა სალომე ზურაბიშვილი მეთორმეტე ქალია მსოფლიოში, ვინც პრეზიდენტის ტიტულს ატარებს. იმედია, ის გავლენებითა და წარმატებებით მსოფლიო ყველაზე გავლენიანი ქალების ხუთეულშიც გადაინაცვლებს.
წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”