რევოლუცია თუ ბოიკოტი – რაზე იდგება გრიგოლ ვაშაძის იმიჯი და რეიტინგი
“რევოლუცია თუ ბოიკოტი – რაზე იდგება გრიგოლ ვაშაძის იმიჯი და რეიტინგი”,– ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი “პრაიმტაიმი” დღევანდელ ნომერში.
“მისგან თუ რევოლუციონერი არ გამოვა, პოლიტიკური მაგნიტი მაინც უნდა გამოვიდეს. მოკლედ, ან დიდი ტალღა უნდა შექმნას და ხელისუფლება თამაშგარე დატოვოს, ან ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ყველა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფი თავისკენ მიიზიდოს და პარტია „ქართული ოცნება“ გაამინუსოს. ჰო, საუბარია გრიგოლ ვაშაძეზე, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატზე, რომლის შანსები მეორე ტურში კვლავაც მაღალი რჩება. მას მოვლენების განვითარების ორი ვარიანტი აქვს უკვე დაანონსებული, ერთი ეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა და მეორე ეროვნული თანხმობის საბჭოს შექმნა. ერთი მეორეს თითქმის გამორიცხავს. როგორც ჩანს, ექსპერტების მსგავსად, “ნაციონალებიც” მიიჩნევენ, რომ ქუჩაში პოლიტიკური პროცესების გადატანა და რევოლუცია თითქმის გამორიცხულია”,- წერს გამოცემა.
ექსპერტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ საქმე რიცხვებში არ არის:
„გასაგებია, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ ერთად 750 ათასი ხმა აქვთ აღებული, თუმცა, მათი ელექტორატი დღეს ქუჩაში არ გამოვა რევოლუციის მოსაწყობად, ეს არ არის დღეს მათი ინტერესი და ამოცანა. ამას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს და მათ შორის არის იმის განცდაც, რომ ამ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზითაც შეიძლება“.
ასე რომ, ვადამდელ არჩევნებამდე საქმე შეიძლება არც მივიდეს, უბრალოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური პროცესი ქუჩაში არ გადაინაცვლებს.
თუმცა, ქუჩის სცენარი მაინც არსებობს, ქართული პოლიტიკა ხომ, როგორც თავადვე აფასებენ, საკმაოდ არაპროგნოზირებადია. გერმანული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში გრიგოლ ვაშაძემ თქვა:
„ვერავინ ამიკრძალავს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას. ვისურვებდი, მენახა ნებისმიერი მთავრობა, როცა მოვუწოდებ 50 ან 100 000 თანამოქალაქეს ქუჩაში გამოვიდეს და ჩემს პროტესტს შეუერთდეს. ვინ შეძლებს ამის შეჩერებას? მხოლოდ წარმოიდგინეთ. მაგრამ თუ ქუჩა არ გორდება, მას რევოლუციონერის გარდა. სხვა მისიაც სჭირდება. როლი, რომელიც მას მუდმივად ამყოფებს რეიტინგების სათავეში და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სოლიდურად მოამზადებს „ნაციონალურ მოძრაობას“.
ასეთი მისიაც უკვე მოიძებნა:
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გადაცემა „არჩევანში“ საუბრისას განაცხადა, რომ მეორე ტურში მისი გამარჯვების შემთხვევაში შეიქმნება გაფართოებული პლატფორმა, რომელშიც პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობოები გაერთიანდებიან.
„პირველი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ მეორე ტურის მოგების შემდეგ, ეს არის კიდევ უფრო გაფართოებული პლატფორმა, სადაც იქნება ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს წონა და პოლიტიკური ავტორიტეტი საქართველოში, რომელსაც ერქმევა ეროვნული თანხმობის საბჭო, რაზეც მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და რისი კოორდინაციაც მე ვთხოვე ბატონ პაატა დავითაიას. ეს საბჭო დაკავდება იმ თემატური მიმართულებებით, იმ რეფორმებით, რომლებზეც ჩვენ ვლაპარაკობთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
საბჭო ინტერპარტიულია. ეს ფორმატი ქართული პოლიტიკისთვის უცხო სულაც არ არის. ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს არსებობდა, „რვიანად“ წოდებული ცნობილი პოლიტიკური გაერთიანებაც, სადაც თავის დროზე ალასანია, რესპუბლიკელები და სხვა ოპოზიციონერები შედიოდნენ, სწორედ ინტერპარტიული ჯგუფის ფარგლებში მოქმედებდა.
ეს ჯგუფი დღემდე არსებობს და აქ ეგრეთ წოდებული პროდასავლური და პრორუსული პოლიტიკური ძალები ერთ მაგიდასთან სხედან. ინტერპარტიული ჯგუფი ახლაც არსებობს.
თუმცა, ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში ის სტატუსში უფრო „ამაღლდება“. პრეზიდენტთან არსებული იქნება და პროცესსაც, გამარჯვების შემთხვევაში, პრეზიდენტი ჩაუდგება სათავეში.
თემა, რის გარშემოც საბჭოში პოლიტიკური პარტიები გაწევრიანდებიან, საარჩევნო კოდექსია. თუმცა, ამ თემაზე მეტად მათი ინტერესის სფერო, რა თქმა უნდა, პრეზიდენტთან ძლიერი პოლიტიკური ცენტრის შექმნაა. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრი სწორედ პრეზიდენტის სასახლე იყოს და არა პარლამენტი. ამ როლზე თავის დროზე გიორგი მარგველაშვილსაც ამზადებდნენ, თუმცა, მის ფილოსოფიურ მიდგომებსა და ხედვებს ქართველმა პოლიტიკოსებმა ვერაფერი გაუგეს.
მარგველაშვილმა თითქოს ამ როლის შესაბამისი ნაბიჯები გადადგა კიდეც. მაშინ დღის წესრიგში საკონსტიტუციო ცვლილებები იდგა. თითქოს სერიოზული ოპოზიციური მოძრაობაც შეიქმნა, პრეზიდენტმა პარლამენტში შექმნილ კომისიას ბოიკოტი გამოუცხადა, ბევრი იყვირა, სკანდალური განცხადებებიც გააკეთა, თუმცა, კულმინაციის დროს უკან დაიხია და კონსტიტუციას, რომელიც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ანგრევს და ასუსტებს სახელმწიფოს, ხელი მოაწერა.
„ერთი წლის წინათ დაიწყო კონსტიტუციის ცვლილებებზე მუშაობა. პირველივე დღიდან ჩემთვის ნათელი იყო, რომ მმართველი გუნდი ერთპარტიული კონსტიტუციის მისაღებად ემზადებოდა. სწორედ ამიტომ, და საზოგადოებამ ეს კარგად იცის, ვიყავი პირველი, ვინც ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების პერსპექტივაზე ვსაუბრობდი და შესაბამისად, ვდგამდი ნაბიჯებს.
მე და ჩემი გუნდი მთელი წლის განმავლობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ვაფიქსირებდით ერთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ კონსტიტუცია ყველასია და ვცდილობდით, რომ ქვეყანას მიეღო თანხმობაზე დაფუძნებული დოკუმენტი. ბოლოს ამ მიზნით გამოვიყენე ვეტოს უფლებაც.
სამწუხაროდ, ამ საკითხში, ისევე როგორც ბევრ სხვა საკითხში, „ქართული ოცნება“ ვერ გასცდა იმ ტრადიციას, რომელიც ერთპარტიულ კონსტიტუციას იღებდა ხოლმე საქართველოში და პარლამენტმა მიიღო ის, რაც აქამდეც მომხდარა – ერთპარტიული კონსტიტუცია.
სწორედ ამიტომ ჩემთვის უაღრესად ძნელია ამ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა და მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, გამომდინარე იქიდან, რომ უნდა ყველანაირი ნაბიჯი გადავდგათ, რათა თავიდან იყოს აცილებული შესაძლო დესტაბილიზაციის მიზეზები, მე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და კონსტიტუციის გარანტი, ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს“.
მოელიან, რომ გიორგი მარგველაშვილისგან განსხვავებით, გრიგოლ ვაშაძე უკან არ დაიხევს, ფილოსოფიური მიდგომები არ ექნება და პარლამენტს მაქსიმალურად განდევნის პოლიტიკური პროცესებიდან.
ვაშაძის მთავარი როლი “ნაციონალების” სცენარში ბუნტარის იმიჯი და ბოიკოტირების გზით სვლაა მხოლოდ.
მით უფრო, რომ საბჭომ შესაძლოა, მხოლოდ საარჩევნო კოდექსზე კი არ იმუშაოს, არამედ გააფართოოს თავისი არეალი და იგივე საკონსტიტუციო ცვლილებებიც მოითხოვოს პარლამენტისგან. მაგალითად, შევიდეს შესწორება და პრეზიდენტი ყოველთვის ხალხმა აირჩიოს; მაგალითად, შევიდეს შესწორება და პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს ყოლის უფლება დაუბრუნდეს; მაგალითად, გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა და არჩევნები პროპორციულად ჩატარდეს უკვე 2020 წლისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია პრეზიდენტს პარტიის წევრობას უკრძალავს, როგორც განმარტავენ, ამით ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის უფლებას სულაც არ უზღუდავს. გრიგოლ ვაშაძემ უკვე დაადასტურა, რომ ის აქტიურად იქნება პოლიტიკურ პროცესებში ჩართული.
ასე რომ, გრიგოლ ვაშაძე ჯერ გამარჯვებისთვის ემზადება, შემდეგ კი პოლიტიკური მაგნიტის როლისთვის. შედგება თუ არა მისგან ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე, ამას ვნახავთ. თუმცა, ვნახავთ იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნები მოიგო.
საარჩევნო კოდექსსა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ფორმულაზე პარლამენტში მუშაობა უკვე მიდის. დაფინანსების ფორმულაზე „ქართული ოცნება“, მათ შორის, „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად მუშაობდა, “ნაციონალები” ამ პროცესში ჩართული არ იყვნენ.
და უკვე როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, პოლიტიკური ამინდი უკვე აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც 2012 წელს იყო, ან ისეთი, როგორიც თუნდაც 2010 წელს.
წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”