“ხელყუმბარაზე მაჩალიკაშვილის დნმ-ის კვალი აღმოჩნდა”

გიდასტურებთ, რომ აჰმედ ჩატაევი და თემირლან მაჩალიკაშვილი არა მხოლოდ ნაცნობობა­ აკავშირებდათ, თემირლანის დედა და ჩატაევის მეუღლე ნათესავები არიან , – ამის შესახებ კონტრდაზვერვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიმაკაძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
ჩიმაკაძის თქმით, აღდგენილ სატელეფონო საუბარში, ნათლად ჩანს, თუ როგორ თანაუგრძნობს მაჩალიკაშვილი თვითმკვლელ ტერორისტებს.
“ერთი თვის განმავლობაში, უამრავი მტკიცებულება შევაგროვეთ, რომ ეს პირები დაგვეკავებინა. საფუძვლიანი მტკიცებულებები რომ არ გვქონოდა, სასამართლო არ მიიღებდა ბინების ჩხრეკის განჩინებას. მტკიცებულებების განსაზღვრულ ნაწილზე უკვე ვისაუბრე, და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იყო მაჩალიკაშვილის სახელზე გამოგზავნილი ფულადი გზავნილები, მობილური ტელეფონის საგარანტიო ფურცლები, ასევე ჩატაევის მიერ მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებულ ნომერზე განხორციელებული ზარი. ასევე კოლეგების დახმარებით, მოვახერხეთ სატელეფონო მიმოწერის აღდგენა, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ თანაუგრძნობს მაჩალიკაშვილი თვითმკვლელ ტერორისტებს და თითქოს, ისიც მზად არის გარკვეულ ეტაპზე მსგავსი ქმედება თავადაც ჩაიდინოს. დღესაც ვმუშაობთ. საქმე დახურული არ არის, აგვისტოში ჩვენ ჩატაევის ჯგუფის კიდევ ერთი წევრი დავაკავეთ, რუსლან შავაძე. სპეცოპერაციის შემდეგ ის ტყეში იმალებოდა და როგორც კი გამოვიდა, იმ დღესვე დავაკავეთ”, – განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ აღმოჩნდა მაჩალიკაშვილის თითის ანაბეჭდები ხელყუმბარაზე, – ჩიმაკაძემ უპასუხა:
“ხელყუმბარაზე ნანახი თითის ანაბეჭდი მართლაც არ იყო საკმარისი პირის იდენტიფიცირებისთვის, თუმცა იმავე ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ხელყუმბარაზე აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა, რომელიც მაჩალიკაშვილის იდენტურია. ხელყუმბარაზე დაფიქსირებულია მაჩალიკაშვილის დნმ-ის კვალი. როგორც უკვე გითხარით, გამოძიება დასრულებული არ არის და ამიტომ საქმესთან დაკავშირებით, კითხვას ვერ ვუპასუხებ.
მისივე თქმით, მაჩალიკაშვილს გარდაცვალების შემდეგ ბრალს ვერ წაუყენებდნენ.
“როდესაც პირს ბრალს წაუყენებენ, ის უნდა აცნობიერებდეს და საღ გონებაზე იყოს. თემირლან მაჩალიკაშვილი სასამართლოს განჩინებით დააკავეს. ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენა და გაცნობა მაშინ შეიძლება, როცა დაკავებული პირი აღიქვამს და აცნობიერებს ბრალდებას, ასევე იცის ის უფლებები, რომლებიც ბრალდებულს აქვს. აქედან გამომდინარე, თუკი ადამიანი უგონოდ არის, ფაქტობრივად, ბრალს ვერ წაუყენებ, ასევე ვერ წაუყენებდნენ ბრალს გარდაცვალების შემდგომ, ვინაიდან ეს გარემოება უკვე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია”,- აღნიშნა ცენტრის ხელმძღვანელმა.
ჩიმეკიძე თემირლანისა და ჩატაევის ნათესაურ კავშირსაც ადასტურებს: “ნახავდით პრესაშიც და მეც გიდასტურებთ, რომ არა მხოლოდ ნაცნობობა­ აკავშირებდათ, თემირლანის დედა და ჩატაევის მეუღლე ნათესავები არიან “.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები