რატომ არ ათავისუფლებენ სასიკვდილო მდგომარეობაში მყოფ პატიმარს, რომელმაც 12-წლიანი სასჯელიდან 10 წელი უკვე მოიხადა?

61 წლის თემურ ქებულაძე 10 წელზე მეტია, სასჯელს იხდის. თავის დროზე მას ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საპატიმროში ორ წელზე ნაკლები აქვს დარჩენილი, თუმცა არავინ იცის, ცოცხალი გამოაღწევს თუ არა. ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობის მქონე პატიმარი, შეიძლება ითქვას, ამ წუთებშიც სიკვდილს ებრძვის. ორივე ფეხით ამპუტირებულმა და ტვინის ინფარქტგადატანილმა პატიმარმა საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით 5-ჯერ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც 5-წლიანი პრეზიდენტობის ვადაში 4125 პატიმრის შეწყალება მოასწრო, მათ შორის ძალადობრივ დანაშაულში მხილებული საკუთარი ცოლის ძმის, ასევე, ნარკორეალიზაციის, განზრახ მკვლელობისა და  სხვა მძიმე დანაშაულებში მსჯავრდადებული პირების, რატომღაც განსაკუთრებულად მკაცრი აღმოჩნდა შშმ პირის, თემურ ქებულაძის მიმართ. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მსჯავრდადებულს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი უთხრა სასჯელაღსრულების უწყებამაც მაშინ, როდესაც ის სრულად აკმაყოფილებდა სასჯელისგან გათავისუფლების, ან როგორც მინიმუმ, სასჯელის გადავადების კრიტერიუმებს. საქართველოს კანონმდებლობით, მძიმე ავადმყოფობის შემთხვევაში, პატიმარს აქვს უფლება, ისარგებლოს სასჯელის გადავადების, ან საერთოდ გათავისუფლების მექანიზმით. მით უმეტეს, რომ მსჯავრდადებულ თემურ ქებულაძეს არათუ სასჯელის ვადის ნახევარი, არამედ მისჯილი 12 წლიდან, 10 წელზე მეტი უკვე მოხდილი აქვს.

ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც 2018 წლის 22 ოქტომბრით თარიღდება, შავით თეთრზე წერია, რომ „მსჯავრდადებული თემურ ქობულაძე მძიმე ავადმყოფია და ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არაკეთილსაიმედოა“.

ექსპერტიზის წინაშე დასმული იყო ორი კითხვა: 1. რა დაავადებები აღენიშნება ამჟამად მსჯავრდადებულ თემურ ქებულაძეს და 2. განეკუთვნება თუ არა მსჯავრდადებულ თემურ ქებულაძის ამჟამინდელი დაავადებები მძიმე კატეგორიას?

სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლითა და ექსპერტიზის ფარგლებში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა დიაგნოზი: „ათეროსკლეროზი. მუცლის აორტის ინფრარენული სეგმენტისა და ორივე თეძო-ბარძაყის სეგმენტის ოკლუზია. ორივე ქვემო კიდურის ამპუტაციის შემდგომი მდგომარეობა. მარცხენა ბარძაყის ტაკვის შეუხორცებელი პოსტოპერაციული ჭრილობა. თავის ტვინის გადატანილი იშემიური ინსულტი“.

გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მსჯავრდადებულის ადვოკატი დავით ჯაფარიძე ამბობს, რომ თემურ ქებულაძის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.

დავით ჯაფარიძე, მსჯავრდადებულის ადვოკატი:

– წინა ხელისუფლების დროს თემურ ქებულაძეს მოსთხოვეს მიწის ნაკვეთების დათმობა და როდესაც უარი განაცხადა, ჯერ სახლის სხვენში ჩაუდეს ერთი ცალი „კარაბინის“ ვაზნა. როდესაც ამანაც არ გაჭრა, მოხდა ნარკოტიკის ჩადება. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

– ამნისტია არ შეეხო 2012 წელს?

– ამნისტია მსჯავრდადებულის მიმართ სრულად ვერ იქნა გამოყენებული, რადგან ის გასამართლებული იყო როგორც ნარკოტიკზე, ისე იმ ერთი ვაზნის გამო, შესაბამისად, სასჯელი ამ ნაწილში შეუმცირდა, ნარკოტიკებთან დაკავშირებით კი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. როდესაც მისი ოჯახი დამიკავშირდა და უშუალოდ ჩავერთე საქმეში, უკვე გასული იყო უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების ვადები. ამ დროისთვის მას ერთი კიდური უკვე ამპუტირებული ჰქონდა, ასევე დაემართა ტვინის ინფარქტი, რის გამოც არაერთხელ მივწერე სასჯელაღსრულების მუდმივმოქმედ კომისიას მძიმე ავადმყოფი მსჯავრდადებულის გათავისუფლების მოთხოვნით. კომისიამ ორჯერ გვითხრა უარი ცალფეხა ადამიანის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე. ამასთანავე, შინაგანი ორგანოები განიცდიდა დეგრადაციას, ტვინში განვითარდა ინფარქტი, რაც დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნითაც.

– როგორც ვიცით, პატიმარს შეწყალებაზეც უარი ეთქვა…

– დიახ, არაერთხელ მივწერე საქართველოს პრეზიდენტს და მის კორუმპირებულ კომისიას მსჯავრდადებულის შეწყალების მოთხოვნით, თუმცა პასუხიც კი არ გვაღირსეს. ჩვენი ყველა განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით უგულებელყოფილი იქნა. ორი თვის წინ, მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ თემურ ქებულაძეს მოჰკვეთეს მეორე ფეხიც. ამჟამად ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს სრულად, საჯდომამდე. ვეღარ ამოძრავებს ზედა კიდურებსაც, ხელიდან უვარდება ნივთები. საკვირველია, ეს ადამიანი დღემდე როგორ ცოცხლობს, თუმცა უფრო საკვირველია, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე გამოკეტილი ჰყავთ საპყრობილეში ადამიანი, პრაქტიკულად ცოცხალი ცხედარი. მაინტერესებს, რა საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის, უმოქმედო მდგომარეობაში მყოფი ადამიანი? რა საფრთხე დაინახა მასში ან პრეზიდენტმა, ან მუდმივმოქმედმა კომისიამ? ერთადერთი ჩინოვნიკი, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა ამ ადამიანის მდგომარეობა, ეს არის სასჯელაღსრულების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი თამთა დემურიშვილი. მან სახელმწიფოს ხარჯზე დაუნიშნა თემურ ქებულაძეს ექსპერტიზა, სადაც პირდაპირ წერია, რომ მსჯავრდადებული არის უმძიმესი ავადმყოფი. ექსპერტები პროგნოზირებენ ლეტალურ შედეგს.

– ახლა რას აპირებთ? როგორ გეგმავთ ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრის ციხიდან დახსნას?

– გასულ კვირას შევიტანე შუამდგომლობა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მსჯავრდადებულის გათავისუფლების მოთხოვნით. მსჯავრდადებული არათუ ვერ დადის, არამედ ვერც კი ჯდება და შესაბამისად, მისი საკაცით მოყვანა გახდება საჭირო სასამართლოში. მე დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ სასამართლო მაინც აღმოჩნდება მოწოდების სიმაღლეზე. არანაირი ადამიანობა ამ კომისიებს არ გააჩნიათ. მწერდნენ, რომ ქებულაძე კიდევ იცოცხლებს და არაფერი საგანგაშო არ არისო. საუბარია ადამიანზე, რომელსაც შეხება არასდროს ჰქონია დანაშაულთან, სანამ არ „შეუკერეს“ საქმე და არ გადაეყარა წინა ხელისუფლების კრიმინალურ ჩინოსნებს.

P.S. „პრაიმტაიმი“ ამ საქმეზე სასჯელაღსრულების უწყებასაც დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ კანონით გაწერილი კრიტერიუმების გამო მსჯავრდადებულის სასჯელისგან გათავისუფლება ვერ მოხერხდა, თუმცა უწყებაში განგვიმარტეს, რომ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე პენიტენციარულმა სამსახურმა სასამართლოს მსჯავრდადებულ თ.ქ-ს გათავისუფლების მოთხოვნით თავადვე მიმართა და ამჟამად, სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები