ვინ არის ქართველი ემიგრანტი, რომელიც იტალიაში, სან-ანტონიოს სანაპიროსთან, გარდაცვლილი იპოვეს
“კვირასთვის” ცნობილი გახდა იტალიაში, ბარიში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის ვინაობა. “კვირას” ინფორმაციით, გარდაცვლილი 31 წლის გიორგი ფერაძეა. ის წარმოშობით ქუთაისიდან არის, ბოლო დროს კი მისი ოჯახის წევრები საცხოვრებლად ბათუმში გადავიდნენ. გიორგი ფერაძე ბოლო წლების განმავლობაში, იტალიაში, ბარიში ცხოვრობდა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, 18 ოქტომბერს, 19 საათსა 45 წუთზე, სან-ანტონიოს სანაპიროსთან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს და პოლიცია გამოიძახეს. გაირკვა, რომ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა. საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ერთი-ერთი ვერსიით, იგი წყალში დაიხრჩო, თუმცა იტალიური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ქართველი ემიგრანტი, სავარაუდოდ, მოკლულია, რადგან სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს საკონსულო ადგილობრივ სამართალდამცავებთან მუდმივ კომუნიკაციაშია, ცხედარს ჩაუტარდება ექსპერტიზა.
დამატებითი დეტალები ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
იზა შაქარაშვილი