რატომ დაჭრა გორში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე – ინციდენტის დეტალებზე „კვირა“ შვილს ესაუბრა

  მე არასდროს ვაპატიებ მამას, რაც დედაჩემის მიმართ ჩაიდინა. დედაჩემი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია და ის წლების განმავლობაში ითმენდა მამის სისასტიკეს, – ამის შესახებ „კვირას“ ლიკა მარნიშვილმა განუცხადა. ლიკა თამარ თაბუკაშვილისა და ედუარდ მარნიშვილის უფროსი შვილია. ქ.გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“, 54 წლის ედუარდ მარნიშვილმა ყოფილი მეუღლე დანით დაჭრა. ლიკა მარნიშვილმა „კვირას“ მშობლების კონფლიქტის დეტალებზე და ინციდენტის მიზეზებზე უამბო.
„მამა ნასვამი იყო. დედას სამსახურში მიუვარდა. შერიგებას სთხოვდა, მაგრამ დედა წინააღმდეგი იყო. დედას სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ მაღაზია ჰქონდა. სამი კვირის წინ დაშორდნენ. მამა მარტო დარჩა. ჩემს ძმას თავისი ოჯახი აქვს. რადგან დედა წინააღმდეგი იყო შერიგების, მამა ეჩხუბებოდა. ამ დროს დანა ამოუღია, დედას ხელები გადაუგრიხა და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა“, – ამბობს ლიკა მარნიშვილი.
ინციდენტის შედეგად თამარ თაბუკაშვილმა ორი ჭრილობა გულ-მკერდის არეში, ხოლო 2 ჭრილობა ხელის მტევნებზე მიიღო. 52 წლის ქალს დაზიანებები სახის არეშიც აღენიშნება. ცხვირიც გატეხილი აქვს. ლიკა მარნიშვილის განცხადებით, დედა საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს და მკურნალობას სახლში აგრძელებს. ლიკა მარნიშვილი, რომელსაც უკვე საკუთარი ოჯახი აქვს, „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მას დღემდე ახსოვს ბავშვობაში მიღებული ოჯახური ძალადობის სტრესი.
„მამაჩემს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა. როცა დათვრებოდა, სახლში ყოველთვის ჩხუბობდა. დედას შეურაცხყოფას აყენებდა. დედა ყოველთვის ითმენდა. ჩვენს სახლში ოჯახური ძალადობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა. წლების განმავლობაში იმდენს სვამდა მამაჩემი, რომ ბოლო დროს მოჩვენებები დაეწყო, „თეთრი ცხელება“ დაემართა, დედაზე უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა. ალკოჰოლის ხშირმა მიღებამ მის ფსიქიკაზეც იმოქმედა.
რამდენიმე თვის წინ ფინანსური პრობლემების გამო სახლი გავყიდეთ და დედ-მამა ქირით ცხოვრობდა. თუმცა, მამაჩემი თავისას არ იშლიდა, დედაჩემისთვის ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. იძულებული იყო, მას გაშორებოდა. მამა მარტო დარჩა. იმ დღესაც ნასვამი მივიდა მაღაზიაში და დედა დანით დაჭრა. ვერასოდეს გავამართლებ მამაჩემს. ის ძალიან სასტიკად ექცეოდა დედას. ძალიან ბევრი სიმწარე მახსოვს. მამა უკვე დააკავეს და ციხეშია, არ ვიცი, როდესმე თუ შევხვდები, როგორ უნდა შევხედო“, – ამბობს ლიკა მარნიშვილი.
„კვირასთვის“ ცნობილი გახდა, დაჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, ნასვამი ედუარდ მარნიშვილი მეუღლეს სამსახურში მიუვარდა. მარნიშვილი ყოფილ მეუღლეს ემუქრებოდა და შერიგებას სთხოვდა. დაზარალებულმა თამარ თაბუკაშვილმა მოგვიანებით სამართალდამცავებს მიმართა და მეუღლის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა. თამარ თაბუკაშვილის დაჭრამდე მეუღლე სწორედ ამ საჩივრის გამოტანას სთხოვდა, რასაც თამარ თაბუკაშვილი არ დათანხმდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 120-ე მუხლებით. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი შემთხვევიდან სამ საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები