“სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემული პრემიები აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო“

სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემული პრემიები აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა. სუბარის თქმით, მის მსგავსად მაღალ პრემებთან დაკავშირებით მთავრობის ვერც ერთი წევრი და ვერც პრემიერი გამართლებას ვერ ხედავს.
“ზოგადად სასჯელაღსრულების დეპარტამენტი არის საქვეუწყებო დაწესებულება, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს დამოუკიდებელი ბიუჯეტი და დეპარტამენტის თავმჯდომარე თვითონ გასცემს ამ პრემიებს, თუმცა, ზოგადად გაუმართლებელია მინისტრთან შეთანხმების გარეშე მსგავსი რამ. ამას ითვალისწინებს კიდეც შიდა რეგულაციები და არა კანონი. მეორეც, შეთანხმება რომც არ სჭირდებოდეს ეს არის ყოვლად გაუმართლებელი. ამაზე გვქონდა ძალიან მკაცრი რეაგირება მაშინვე და ძალიან მკაცრად მოვთხოვე პასუხი. მისი მოტივაცია იყო, რომ წლის ბოლოა, ფულია დარჩენილი და გაანაწილეს იმიტომ, რომ ურთულესი დეპარტამენტი ჩაიბარეს და ურთულეს პირობებში უხდებოდათ მუშაობა, თუმცა ვიმეორებ, მე ამის გამართებას ვერ ვხედავ. ვერ ხედავს გამართლებას მთავრობის ვერც ერთი წევრი და ვერც პრემიერი”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
როგორც ცნობილია, ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთდა განცხადებები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზოგიერთ თანამშრომელზე მაღალი პრემიების გაცემის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები