თბილისში, ლეღვის ნახარშით ახალგაზრდა მამაკაცმა და ქალმა დამწვრობა მიიღეს
ლეღვის ფოთლის ნახარშით მიღებული სხეულის დამწვრობის პირველი შემთხვევა ივლისში დაფიქსირდა.
დღეს, დამწვრობის ცენტრს, ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვარმა ორმა პაციენტმა მიმართა. მათ შორის ერთ-ერთი 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცია, მეორე კი – 26 წლის გოგო. ორივე შემთხვევა თბილისში მოხდა.
როგორც „კვირას“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, ორივე პაციენტს ლეღვის ნახარშით მიღებული აქვს მე-2- მე-3 ხარისხის დამწვრობა.
„როგორც პაციენტები აცხადებენ, ლეღვის ფოთლის ნახარშის საფენები სხეულზე წაისვეს და ირუჯებოდნენ, რის შედეგედაც მათ სახის, გულ-მკერდის, ზედა და ქვედა კიდურების დამწვრობა მიიღეს. მათ სხეულის მე-2 და მე-3 ხარისხის დამწვრობა აქვთ მიღებული. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მკურნალობს, რაც შეეხება, 26 წლის გოგოს, მან სტაციონარულ მკურნალობაზე უარი განაცხადა, სახლში ხელწერილის საფუძველზე გაეწერა“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
ამასთან, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი საზოგადოებას მოუწოდებს და აფრთხილებს:
„მინდა ყველას შევახსენო, რომ ლეღვის ფოთლის ნახარშს არანაირი სამკურნალო დანიშნულება არ აქვს, გარდა იმისა, რომ იწვევს ქიმიურ დამწვრობას“, – აცხადებს გუგა ქაშიბაძე.
იზა შაქარაშვილი