რატომ ითხოვდა ლევან ტაბიძე 100 ათას ლარს და ოქრუაშვილზე ინფორმაციებს?

შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ლევან ტაბიძე 100 ათასი ლარის გადახდას და ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ ინფორმაციებს მთხოვდა, – ამის შესახებ „კვირას“, ექსკლუზიურად, ბელგიაში მყოფმა სამხედრო – საზღვაო ძალების სარდლის ყოფილმა პირველმა მოადგილემ ვიქტორ ჭელიძემ განუცხადა. როგორც „კვირასთან“ ჭელიძე აცხადებს, მასსა და ლევან ტაბიძეს შორის ელექტრონული ფოსტით მიმოწერა 2007 წელს შედგა. მისი თქმით, მას შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი საპროცესო გარიგებას 100 ათასი ლარის სანაცვლოდ სთხოვდა. ამასთანავე, ჭელიძის განცხადებით, მას ლევან ტაბიძისთვის ირაკლი ოქრუაშვილისა და იგორ გიორგაძის შეხვედრის დეტალებზე ინფორმაციაც უნდა მიეწოდებინა.
„2007 წელს, 20 წელი რომ მომისაჯეს, მე არაფერი ვიცოდი, რას მედავებოდნენ, ან რა უნდოდათ ჩემთან. თუნდაც იმიტომ, რომ რაიმე სახის დანაშაული უნდა გქონდეს ჩადენილი, რომ მერე თავად გაანალიზო, რას გედავებიან. წარმოდგენაც კი არ მქონდა, რას მედავებოდნენ, ჩემი მეგობრის დახმარებით დამიკავშირდა ლევან ტაბიძე და ელექტრონულ ფოსტაზე წერილებს მწერდა. მომწერა, რომ 100 ათასი გადამეხადა, და მერე ტეტია ოქრუაშვილის დაჭერას მთხოვდა. ჩემთან ასეთი საუბარი რომ არ უნდა დაეწყო, არ იცოდა?
მივატოვე და მივაგდე ეგ ვირთხა – ლევან ტაბიძე. 5 თუ 6 ბრალდება წამიყენეს. საერთო ჯამში, 20 წელი მომისაჯეს, მაგრამ მე საერთოდ არ ვცნობ ამ ბრალდებებს. დანაშაულებრივი ფაქტი არ არის და მე დანაშაული არ მიმიძღვის. არარსებულ თანამდებობაზე უფლებამოსილების გადამეტების გამო მაქვს ბრალდება წაყენებული“, – აცხადებს ვიქტორ ჭელიძე.
ოლკოვნიკმა „კვირას“ სწორედ ის წერილი გადმოსცა, სადაც 2007 წელს მასსა და ლევან ტაბიძის შორის ელექტრონული ფოსტით მიმოწერა დასტურდება. ლევან ტაბიძის მიერ ვიქტორ ჭელიძესთან გაგზავნილი წერილი: “გამარჯობა ვიქტორ, შენ ძიება გედავება დაახლოებით 62 000 ლარის გაფლანგვას და რაღაც წვრილ-წვრილ დანაშაულებებს. სასამართლოს დადგენილებაში წერია, რომ მოგესაჯა 20 წელი და 5 ათასი ლარის ჯარიმა. შესაძლებელია საპროცესო გარიგების გაკეთება, თუ დაფარავ 100 ათას ლარს, მაგრამ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის… ჩვენ კონკრეტულად გვაინტერესებს იგორას და ოქროს სამხრეთ ოსეთში შეხვედრის შესახებ თუ გაქვს კონკრეტული ინფორმაცია? სად, როგორ, როდის შეხვდნენ ერთმანეთს, ვინ გაუკეთა ორგანიზება და თუ არის საქართველოში ვინმე, ვინც ესწრებოდა ამ შეკრებას და შეუძლია დამატებითი ინფორმაცია მოგვცეს? ჩვენი მხრიდან რაიმე დახმარებაზე საუბარი შეიძლება მხოლოდ იმის მერე, თუ შენც შეძლებ დახმარებას – ოღონდ კონკრეტული და ზუსტი ინფორმაციით. ოჯახის გაყვანას რაც შეეხება, თუ შენი სურვილი იქნება შეგიძლია წაიყვანო, ხელს არავინ შეგიშლის, მაგრამ ჩვენი მხრიდან ვიზების გადაკეთებაში ვერაფრით დაგეხმარებით. ველი კონკრეტულ პასუხს.“
ჭელიძემ ტაბიძის მოთხოვნა არ შეასრულა და მაშინ წერილი უპაუხოდ დატოვა. აღსანიშნავია, რომ სამხედრო – საზღვაო ძალების სარდლის ყოფილი პირველი მოადგილე ვიქტორ ჭელიძე საქართველოდან 2006 წელს წავიდა და პოლიტიკური თავშესაფარი ბელგიაში ითხოვა. თუმცა, მეუღლე და შვილი სამშობლოში დატოვა. ვიქტორ ჭელიძეს, გამოძიებამ საბოოლოდ რამდენიმე ბრალდება წაუყენა, 2007 წელს კი, სასამართლომ 20- წლიანი თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
ცნობისათვის, ვიქტორ ჭელიძემ 2014 წლის 31 იანვარს „კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს რუსეთთან თანამშრომლობასა და ჯაშუშობაში დასდო ბრალი. ჭელიძის თქმით, საქართველოს წინა ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა რუსეთთან ომი და იმისათვის, რომ რუსეთი საქართველოში შემოსულიყო, ხელისუფლება 2 წელი ინტენსიურად ემზადებოდა. მისივე თქმით, მან რუსეთთან ოქრუაშვილის თანამშრომლობის შესახებ წინა ხელისუფლება საქმის კურსში ჩააყენა, თუმცა ამის საპასუხოდ ჭელიძეზე მე-4 მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და 20 წელი მიუსაჯეს. ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ ჭელიძე წინა ხელისუფლების კონტრადაზვერვის სამსახურის მაღალჩინოსნებს ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა, მან ლევან ტაბიძესთან ელექტრონული მიმოწერა არ გააგრძელა, თუნდაც იმ მიზნით, რომ მას მაშინ გარანტიებს არავინ აძლევდა.

10342645_746059232083239_291058140_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები