„მამა ანდრიას და იური ანუას აღსასრული აღიქმება არა მარტო ქრისტეს მოწამეობად, არამედ ეროვნულ გმირობადაც“…
მისი ბავშვობის მდინარე ბაღათშია, ხანისწყალი… ოჯახში რვა შვილი, ცხოვრების დიდ ასპარეზზე გამოსვლამდე, ამ მდინარის ნაპირებზე გაკაჟდა… რვა შვილიდან ხუთმა სასულიერო ცხოვრება აირჩია, მათ შორის იყო მღვდელმონაზონი მამა ანდრია ყურაშვილი, რომელიც აფხაზეთში, კომანში მოწამებრივად აღესრულა ომის დროს… მანამდე კი, ხანისწყლის ტალღებში მამა ანდრიას, ყმაწვილობისას პაატას, მრავალი ბავშვი თურმე გადაურჩენია დახრჩობას…
ძმის – მამა ანდრიას ბავშვობის, მისი ცხოვრების ანარეკლებით, თუ გამოძახილით აღსავსეა ცირა ყურაშვილის შემოქმედება, მათ შორის პროზაულ ნაწარმოებთა კრებული: „ხიზნები კომანის მონასტერთან“ მამა ანდრიას მიეძღვნა…
ლექსების გარდა წერს მოთხრობებს, პუბლიცისტურ წერილებს, საბავშვო ლექსებს და ზღაპრებს. ამბობს, რომ სულით მაინც პოეტია…
განსაკუთრებულად არაფერს გეგმავს, უნდა, რომ შვილებს, შვილიშვილებს მიწის მოვლისა და სიყვარულის მაგალითი მისცეს, წეროს კიდეც და მამის მიერ ბაღდათში შექმნილ მხარეთმცოდნეობის მუზეუმსაც სათანადოდ გაუძღვეს. – მწერალ ცირა ყურაშვილის პერსონა.
– გასახსენებელი ბევრია… მოზრდილი გოგონა ვიყავი, მამამ ეზოში მიგვიხმო შვილები და მწვანე, ზურმუხტისფერი, კრიალა ქიტინიანი ხოჭო გვაჩვენა. მაშინ კომუნისტები კრძალავდნენ, ღმერთს არ ახსენებდნენ, ხალხი მას ,,განგებას“ ეძახდა, ან ,,ბუნებას“ და გვითხრა, ნახეთ, განგებას ეს რა საოცრება შეუქმნიაო. ასეთი განცდა ღვთის ქმნილებებით გაკვირვების და დაფიქრების შემდეგ მეც ბევრჯერ გამიჩნდა. ერთხელაც, როცა საზამთროს ბაღში ორი პაწია, ახლად გამოკვირტული ზოლიანი საზამთრო ვნახე, კატის კნუტებივით ერთად ჩაყუჟული. საერთოდ, ღვთის ყოველგვარი ქმნილება მაკვირვებს, აღმაფრთოვანებს და ამაში მამამაც შეგვიწყო ხელი.
ჩემი ბავშვობის მდინარე ბაღდათში, ხანისწყალი, ადგილი, რომელსაც ხალხმა „ყურაშვილების საბანაო“ შეარქვა, რადგან აქ ერთად ჩამოვდიოდით რვა დედმამიშვილი, აქ ვცურავდით, აქ ვთევზაობდით, აქ გაგვყავდა ჩვენი ბავშვობის საინტერესო დღეები, სანამ ცხოვრების გზას დავადგებოდით, სანამ რვა შვილიდან ხუთი სასულიერო ცხოვრებას აირჩევდა, თან იმგვარ ცხოვრებას, ძალების დიდ დატვირთვას რომ მოითხოვს. სანახევროდ ამ მდინარემ აღგვზარდა, გაგვაკაჟა. მის ტალღებში მამა ანდრიას, ყმაწვილობისას პაატას, მრავალი ბავშვი გადაურჩენია დახრჩობას, აქედან ეზიდებოდა ის შეჭამანდისთვის ჯირკებს, ჩვენ ფარჩხს ვაგროვებდით, შინ მიგვქონდა წყაროს წყალი, დაჭერილი თევზი, ეს არ იყო მხოლოდ გართობა, მზადებაც იყო ცხოვრებისათვის. ამ ყველაფერს მდინარეზეც, ჩვენზე ვწერ ნოველების წიგნში – ,,ჟამსა თამაშობისასა“, თუმც ბევრი რამ ჯერ კიდევ დაუწერელი მრჩება.
– ოცწლიანი პედაგოგიური გამოცდილება გაქვთ. რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ბავშვის სრულფასოვანი აღზრდა?
– სკოლის პერიოდიდან ყველაზე მტკივნეულად მოსწავლეების მიერ მასწავლებლის დაჩაგვრა მახსოვს, რაც მასწავლებლისადმი თანაგრძნობით განმაწყობდა. საერთოდ, მე არ მჯერა ბავშვის სწორხაზოვნად ანგელოზურობის, თითქმის ოცწლიანმა პედაგოგიურმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ვერც მხოლოდ ოჯახი და ვერც სკოლის ვერანაირი პედაგოგიური მეთოდი ვერ გახდება ბავშვის აღზრდის სრულფასოვანი გარანტი, თუ მასში ღვთის მადლიც არ ამოქმედდა. მწერლებიდან ყველაზე სანდო მოკავშირე ჩემთვის ამ აზრის დასაბუთებისთვის პოლონელი მწერალი იანუშ კორჩაკია, სწორედ ის წერდა თავის საბავშვო მოთხრობებში და ინტერესდებოდა ბავშვების მიერ აგრესიის გამოვლინებებზე თანატოლთა, თუ უფროსთა მიმართ.
ის ამბავი კი ასე იყო. გეოგრაფიას გვასწავლიდა კეთილი, ბუთხუზა, წითურად თმაშეღებილი, ლამაზად მოვლილი დაუოჯახებელი ქალი. რომელიც სკოლასთან ახლოს განსაკუთრებული არქიტექტურით ნაგებ სახლში ცხოვრობდა, სახლს წინ მაღალი პალმა ედგა, ვრცელი ეზოს ბოლოში კი – დიდი მუხა (სხვისთვის უმნიშვნელო ეს დეტალები ჩემთვის განსაკუთრებულ წონას იძენდა). ჩვენს გაკვეთილზე მსოფლიო რუკა შემოჰქონდა და გაჰქონდა, გრძელი საჩვენებელი ჯოხი ეჭირა, რომელსაც თითას ვეძახდით. დაიწყებდა საინტერესო გაკვეთილის ახსნას, ახმაურდებოდნენ ბავშვები, რომ ვერაფრით დააწყნარებდა – ერთხელ, ორჯერ – გაბრაზებული დაანარცხებდა ამ ჯოხს ძირს და ახსნას შეწყვეტდა. ძალიან განვიცდიდი, როცა ვატყობდი, რომ მოსწავლეები საგანგებოდაც ცდილობდნენ, მიეყვანათ მასწავლებელი იმ ზომამდე, რომ ჯოხი ძირს დაენარცხებინა და გაკვეთილის ახსნა შეეწყვიტა. თითქოს ეს რაღაც შინაგან, ენით უთქმელ კმაყოფილებას ანიჭებდათ… თანაგრძნობა შემნიშნა, თუ რა იყო, არ ვიცი, შემდეგ ჩემს მშობლებს სთხოვა, მივეშვილებინე მისთვის.
ბავშვობიდან მივეჩვიე, განსხვავება დიდსა და პატარას შორის არ არსებობს, დაჩაგრული დაჩაგრულია, მხოლოდ უფროსმა უმცროსი არა, უმცროსმაც შეიძლება დაჩაგროს უფროსი.
– ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდით. რა დაგამახსოვრდათ იმ წლებიდან?
– სტუდენტობა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში… პოეზიის საღამო ტარდებოდა, პირველ, ან მეორე კურსზე ვიყავი, ნათლიის ნაჩუქარი ბეწვის მშვენიერი უსახელო ქურთუკი მეცვა. მრავალი გამომსვლელი იყო, მეც მათ შორის, მაგრამ რა წავიკითხე, არ მახსოვს, მხოლოდ შერმადინ ქალდანის სახელი დამამახსოვრდა და ერთი სტრიქონი მისი ლექსიდან, რომელიც მგონი ვიტრინაში მდგარ მანეკენს ეძღვნებოდა – ,,ო, დედოფალო ვრცელი მინდვრების…“ და ლექსის ამ ამაღლებულ, განსაკუთრებულ განწყობისას ნაცნობი პოეტი მამაკაცის ჩურჩულით შეკითხვა – თქვენ თქვენი ხელით ირეცხავთ სარეცხს?
მკითხველი რომ არ დავაბნიო, დავამატებ, როგორც ახლა ფემინისტობით თავმოწონება და მეორე უკიდურესობაში გადავარდნა, მაშინაც სოციუმის ნაწილი, რომელსაც ახალგაზრდა ქალები შეადგენდნენ, თავს იწონებდა უსაქმურობით. ანუ შენ არ უნდა გაგერეცხა (მაშინ ის საბჭოური გრუხუნა სარეცხი მანქანები ჯერ კიდევ არ იდგა ყველა ოჯახში), სხვას უნდა გაემზადებინა შენთვის ყველაფერი და ეს კარგ ტონად ითვლებოდა… არ ვაჭარბებ, ასე იყო სოციალისტური ეპოქის 80-იანი წლების ნოყიერ და მატერიალური კმაყოფილების მომგვრელ ეპოქაში.
– რატომ ფილოლოგობა?
– რატომ ფილოლოგობა? მაშინ ეს კარგად გაცნობიერებული არ მქონდა, მაგრამ ეტყობა, გუმანით ვგრძნობდი, დადგებოდა ჩემს ცხოვრებაში ისეთი დრო, როდესაც მშობლიურ ენას, როგორც ღმერთს, ლოგოსს, შემქმნელს და შემოქმედს, ისე აღვიქვამდი.
– პირველი ლექსები…
– პირველი ლექსი? მესამე კლასში დავწერე თაგვსა და კატაზე და სხვა ლექსებისგან განსხვავებით ყოველთვის უშეცდომოდ მახსოვს:
საიდანღაც წრუწუნა
სახლში შემოცუნცულდა,
შიშით თვალებს აცეცებს
ეძებს პურის ნამცეცებს
ფისომ თვალი დაადგა
უცებ წვერებცანცარა
უცხო სტუმარს ეძგერა
ჭამა როდი აცალა
ოჰ, შე ბრიყვო წრუწუნა
გეცოცხლა, ვერ შეძელი
სხვასთან საზრდოს მძებნელი
ვერ იქნება დღეგრძელი.
ახლა რომ ვიხსენებ ამ ლექსს, მაცბუნებს მისი დიდაქტიკური პათოსი.
– წერთ მოთხრობებსაც… რომელს ანიჭებთ უპირატესობას?
– ლექსების გარდა ვწერ მოთხრობებს, პუბლიცისტურ წერილებს, საბავშვო ლექსებს და ზღაპრებს, მაგრამ სულით მაინც პოეტი ვარ, წამიერ შთაბეჭდილებათა, თუ გარდასულ სურათ-ხატთა შემნახველი და გამცოცხლებელი, ეს გვიანდელ ნოველათა კრებულში – ,,ჟამსა თამაშობისასა“, კარგად გამოჩნდა, სადაც ჩემი პოეტური ენერგია თავის სამფლობელოს ითხოვს და ის ემეტება პროზაიკოსის მშვიდ, ანალიტიკურ თხრობას…
– თქვენი ძმა იყო მღვდელმონაზონი ანდრია ყურაშვილი, ვინც 1993 წლის 5 ივლისს მოწამებრივად აღესრულა კომანის მონასტერში… მისი განსასვენებელი იქვეა… მას შემდეგ 25 წელი გავიდა… დროის გადასახედიდან, რას იტყვით მამა ანდრიას გმირობაზე? ჰქონდა თუ არა წინათგრძნობა მას?
– ჩემი ძმა, მღვდელ-მონაზონი მამა ანდრია მოწამეობრივად აღესრულა. 1993 წლის 5 ივლისს დახვრიტეს აფხაზეთში, კომანში და მისი განსასვენებელი დღემდე იქვეა, რაც კარგია. ის ტაძრიდან გაიყვანეს, მისგან განცალკევებით აწამეს და მოკლეს დიდი აფხაზი ქველმოქმედი, დიდი ქართველი, ტაძრის იპოდიაკვანი იური (გიორგი) ანუა. მამა ანდრიას ტაძარი არ დაუტოვებია, სოფელზე თავდასხმისას იქ შეიფარა მოხუცები და ინვალიდები, ჩაიბარა მათგან აღსარებები, აზიარა და მასზე მინდობილ სულებს კიდეც გაუძღვა ზეციურ ბილიკებზე. მას შემდეგ 25 წელი გავიდა.
დიახ, მას არათუ ჰქონდა ეს წინათგრძნობა, არამედ ილტვოდა კიდეც იქითკენ. ამ ნათქვამის არსს პრაგმატული ბუნების ადამიანები ვერ ჩაწვდებიან. ქრისტეს მოწამეთა მთელი პლეადა, მათი ცხოვრება და აღსასრული კი სწორედ იმ აზრს ნათელყოფს, რომ მართალია, ადამიანური შიშით, მაგრამ სულიერი სიხარულითაც ეგებებიან ისინი მიწიერი ცხოვრების დატოვებას და მაღალი, ღვთაებრივი ცივილიზაციის კარის შეხსნას.
ამ მოვლენას კი, რასაც მამა ანდრიას და იური ანუას აღსასრული ჰქვია, ამგვარი ორბუნებოვნება ახასიათებს, იგი აღიქმება არა მარტო ქრისტეს მოწამეობად, არამედ ეროვნულ გმირობადაც, რასაც ადასტურებს მამა ანდრიას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჯარისკაცებისადმი, მათი გამხნევება და მის მიერ ნათქვამი, ბერი რომ არ ვიყო, იარაღით დავიცავდი ჩემს ქვეყანასო… ასევე ის მორალური ზეწოლა და ბოლოს მხეცური მკვლელობა, რაც იური ანუას მიმართ ჩაიდინეს…
– 2012 წელს გამოიცა მოთხრობების კრებული – „ხიზნები კომანის მონასტერთან“. როგორ უნდა აღდგეს ხიდი აფხაზებთან?
– რაც შეეხება ჩემს პოეტურ, თუ პროზაულ კრებულებს… მამა ანდრიას ბავშვობის, მისი ცხოვრების ანარეკლებით, თუ გამოძახილით აღსავსეა ჩემი შემოქმედება, მათ შორის პროზაულ ნაწარმოებთა კრებული: ,,ხიზნები კომანის მონასტერთან“, რომელიც მამა ანდრიას მიეძღვნა. უშუალოდ ამ ამბავს და ეპოქას კი აღწერს მწერალ შორენა ლებანიძის მხატვრულ-დოკუმენტური რომანი: ,,მანანა ანუა-ტყვეობის 52 დღე“.
ამის გამო ჩვენ, კიდევ ერთი მეგობრის, ნინო ჩეხოშვილის ხელშეწყობით არაერთ სკოლას, უნივერსიტეტს ვესტუმრეთ და მამა ანდრიას ბავშვობისა და ამ მოვლენების შესახებ ვესაუბრეთ მოსწავლეებს, სტუდენტებს, ვაჩვენეთ ფილმი ,,ხიდი“, რომელიც აფხაზეთის თემას ძალზე მკაფიოდ და ემოციურად წარმოაჩენს…
ხიდის აღდგენის საშუალება კი მანამ იქნება, სანამ მამა ანდრიას და იური ანუას მსგავსი, მათი სულიერი იგივეობის მქონე ადამიანები იარსებებენ, იმეგობრებენ, ასეთი თაობები გაიზრდებიან ჩვენს ქვეყანაში…
– 2013 წელს გამოვიდა ლექსების კრებული „სამოთხის სარკმელი“, 2006 წელს – „ანბანური პერიოდი“. მანამდე – „ასფალტის ყვავილები“. რა განცდაა კრებულიდან კრებულამდე?
-კრებულები ერთმანეთს ცვლიან, ვცვლი ჟანრებსაც, მაგრამ სათქმელი ჯერ ვერ ამოვწურე, დროდადრო ვისვენებ, ვფიქრობ, მოქალაქეობრივ თემებს ვგულშემატკივრობ… როგორც კი ჩემს სათქმელს ისე სრულყოფილად ვიტყვი, როგორც მინდა და ამის შესაძლებლობაც მაქვს, შევწყვეტ მხატვრული ნაწარმოებების წერას…
– „მე ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას”-განაცხადა 8 მარტს საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა ილია მეორემ ფსიქოლოგებთან და სასულიერო პირებთან შეხვედრისას. მან ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა შეადარა მთიდან დაგორებულ ლოდს, რომელსაც ვეღარ გააჩერებ!“ – და მაინც, რატომ განაცხადა ასეთი სასოწარკვეთილი სიტყვები პატრიარქმა?
– ეს სიტყვები ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო, თუმცა მანამდეც მოვლენების ანალიზი, რისი გაკეთებაც ნებისმიერ გონიერ ადამიანს შეუძლია, არ იძლეოდა თვითდამშვიდების უფლებას.
დღეს, მსოფლიო დაძაბულობის ამ ერთ-ერთ განსაკუთრებულ დროში, ჩვენი ქვეყნის სიახლოვეს შექმნილი დაძაბულობის და ომის ფონზე, მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტის გასაჭირი, მისი უმძიმესი ეკონომიური მდგომარეობა ერთ-ერთი გამოხატულებაა იმისა, უწინ გასაჭენ-გამოსაჭენებელ საზღვრებში მოქცეული ქვეყანა რომ დღითიდღე იმცრობა და კნინდება. ქართველები მალე როგორ მოვექცევით უმცირესობაში, შვილიშვილები კი უმცირესობაშიც ვეღარ მოხვდებიან, რადგან ფიზიკურად აღარ რჩებათ სამშობლო, ქვეყნის ტერიტორიული შევიწროების, თუ ლანშაფტის განადგურების, მოსახლეობის შემცირების, თუ მოსახლეობის განადგურების, ასევე თვითგანადგურების ისეთი მექანიზმებია ჩართული. სათითაოდ შეიძლება ამ ყველაფერზე საუბარი, მაგრამ ეს ფორმატი ამას ვერ დაიტევს… ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, ვგრძნობ განუსაზღვრელ პასუხისმგებლობას, მაგრამ გადარჩენის ინსტინქტები მაიძულებს, თვალები არ ავიხვიო და ბაგეც არ დავიდუმო…
ვწუხვარ, რომ ჩვენ საფრთხეები წინ გვისწრებს, ალღო გვღალატობს, საფრთხეზე განგაში და ქმედება ხშირად უკან მიდევნებული ლამპარივით დაგვიანებული და უშედეგოა… დროულად ისაუბრო საფრთხეებზე, – კი ნიშნავს გამოაფხიზლო ადამიანები, მათ მცდელობათა უნარები-გაუმკლავდნენ და თავიდან აირიდონ გასაჭირი. ეს ცოდნა, რა თქმა უნდა, ადამიანში ძალების სრულ მობილიზებამდე ნერვული წონასწორობის დარღვევას, უმართავ ქმედებებსაც იწვევს, რაც სულიერი თვალსაზრისით არასასურველია და სულიერი წინამძღოლნი ყოველთვის ერიდებიან ამას, მაგრამ, აბა, ჩვენ, მოსახლეობას რა გვიჯობს, ჭაობში ხელგაუნძრევლად ამოხრჩობა, თუ ყოველმხრივი მცდელობები, გადავირჩინოთ საკუთარი ოჯახები და ქვეყანა?
ამ მოვლენას მეორე, თუმც უმთავრესი, ირაციონალური მხარე აქვს – შესაძლებელია არა იმდენად ფიზიკურ ძალისხმევაზე, არამედ ჩვენი გონების განწყობაზე უფრო იყოს დამოკიდებული ქვეყნის მომავალი. ეს თანამედროვე მეცნიერთა, კერძოდ, ნეიროფიზიოლოგთა ბოლოდროინდელი კვლევებითაც დასტურდება, რაც ნიშნავს შემდეგს – ტვინის ნეიროქსელი კარნახობს გარესამყაროს და მისთვის სასურველ მოვლენას გამოიწვევს.
ტვინი სტატიკური არ არის, ის არამარტო წინაპართა ნეიროქსელის (ჩვენს შემთხვევაში ბევრ საგმირო და სასახელო, ასევე უამრავ მტკივნეულ და აპათიურ) გამოცდილებას ინახავს, არამედ ეს ნეიროქსელი იშლება გაუაქტიურებლობის შემთხვევაში და იცვლება ყოველი ახალი გამოცდილების კვალობაზე… რაკი ქსელისთვის ერთნაირად აღიქმება ფიზიკური საგნებიც და აზრებით შექმნილი წარმოსახვაც, წარმოსახვით ხშირად გამოწვეულ მძიმე, უსიამო, ამორალურ შეგრძნებებს შეუძლიათ ფსიქიკა დაუზიანონ ერთ ადამიანს, ხოლო ადამიანთა სიმრავლის შემთხვევაში, მომავალი დაუხშონ, დაუმახინჯონ ქვეყანას. ისევე, როგორც ნათელმა აზრებმა ნათელი მომავალი შეუძლიათ მოიზიდონ. ამდენად, არა მხოლოდ ტვინზე მოქმედებს მატერიალური სამყარო, არამედ ტვინის ნეიროქსელიც კარნახობს გარემომცველ სამყაროს და ცვლის მას თავისი გამოცდილებით უკეთესობისკენ, ან უარესობისკენ… ამ კვლევათა შედეგები თანხვდება მართლმადიდებლურ სარწმუნოებრივ სწავლებებს, მათგან რამდენიმეს დავასახელებთ, იოანე კლემაქსის ,,კიბე“, რომელიც სულიერი წინსვლის საფეხურებს გვაცნობს და არქიმანდრიტ იეროთეოს ვლახოსის ,,მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია“, რომელიც ასევე სულის კურნების გამოცდილებას გვიზიარებს.
ამდენად, თუ გადარჩენა გვსურს, მაშინ მოდურ, სულის დამმახინჯებელ და ამაო სწავლებებს უნდა გავემიჯნოთ, ნინევიელებივით (იონა წინასწარმეტყველის ქადაგების მსმენელნი) ვიბრუნოთ პირი ღვთისკენ, ყველა ჩვენი ქმედება სახარებისეულ სიბრძნეს დავუმორჩილოთ, გარეგნული სარწმუნოებრიობა შინაგანით შევცვალოთ და ღმერთიც გადარჩენის ძალას მოგვცემს!
– რას შეცვლიდით ქუთაისში, თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული?
– ქუთაისში, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, პირველ რიგში პარტიული ნიშნით კი არა, გონებრივი და შემოქმედებითი თვალსაზრისით გამორჩეულ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს შემოვიკრებდი და ყველა საკითხს მათი აზროვნების ერთობლივ ცხრილში გავატარებდი, ასეთი მიმართებით ურთიერთგამომრიცხველი აზრებიც კი მოვლენის ნათელ სურათს ქმნის… ახალი საქმეების დასაწყებად გონიერ, უნარიან და რისკიან ადამიანებს ავირჩევდი, რადგან სათანადო საფუძვლის შემთხვევაში და ნებისყოფის გამჟღავნებისას რისკი ამართლებს…
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმები არ არის გრანდიოზული: მინდა ჩემი ოჯახის სამეურნეო ნაკვეთები შემოვღობო და პირუტყვისგან დავიცვა, მოსავალი მოვიწიო, რომ არსებობა შევძლო, შვილებს, შვილიშვილებს მიწის მოვლისა და სიყვარულის მაგალითი მივცე, ვწერო კიდეც და მამის მიერ ბაღდათში შექმნილ მხარეთმცოდნეობის მუზეუმსაც სათანადოდ გავუძღვე.
– ჰობი…
– ჰობი… დაძაბული ცხოვრება ცოტა დროს გვიტოვებს, ღვთისგან შექმნილი სამყაროს მშვენიერებით, ბუნების სურათებით, ჩიტების ხმიანობით დატკბობის საშუალებას არ გვაძლევს. როცა ვიგრძნობ, რომ ცხოვრება ყელში მწვდება, სურს მის ჭკუაზე მატრიალოს, ცოტა ხნით ველოსიპედი გამყავს და ქარს ვუშვერ შუბლს…
თამარ შაიშმელაშვილი