,,იქნებ შეგივსოთ სულ პაწია სიცარიელე“ –  ეკა ოთარაშვილის „თელავური გულით“ გამოგზავნილი სიყვარული იტალიიდან…  

კახეთის ისტორიულ სოფელ კისისხევში დაიბადა. ბედნიერი მოსწავლეობის პერიოდის შემდეგ, 25 წლის განმავლობაში მედდად მუშაობდა. ამბობს, რომ გაუმართლა პროფესიის არჩევაში… მაგრამ, მრავალი ქართული ოჯახის მსგავსად, ვერც ის ასცდა ემიგრაციის ძნელადსავალ გზას. ოთხი წელია  იტალიიდან ეფერება სამშობლოს, წერს ლექსებს, მოთხრობებს, მონაწილეობს კონკურს „ემიგრანტის წერილში“… ორჯერ მისი მოთხრობები ფინალში მოხვდა…
არის ლექსების კრებულის – ,,იქნებ შეგივსოთ სულ პაწია სიცარიელე“ ავტორი. სამკაულებს აკეთებ მხოლოდ ნატურალური ქვებით. იღებს ფოტოებს და გამოფენაზე ოცნებობს…
ამბობს, რომ მთავარია სიყვარულიგვიყვარდეს და ვუყვარდეთ. – ეკა ოთარაშვილის პერსონა.

 – დავიბადე კახეთის ულამაზეს ისტორიულ სოფელ კისისხევში. ჩემს ცნობიერებაში მშობლიური სოფელი შემოვიდა დიდი ბებოს მონაყოლით, რომელიც მის წარმომავლობაზე და ისტორიაზე ხშირად მიყვებოდა.
ბავშვობა ლამაზ ზღაპარს ჰგავდა. სამი ძმის პირველი შვილი ვიყავი და ვიზრდებოდი მათ საოცარ სითბოსა და სიყვარულში. სწორედ აქედან – ოჯახიდან აღმოცენდა სულში ადამიანებთან ურთიერთობის დიდი სურვილი და სიყვარული.
ბავშვობის გახსენებისას, უამრავი კადრი მახსენდება, მაგრამ ახლა ერთი ამბავი ამოტივტივდა ჩემს გონებაში. ექვის წლის ვიყავი, ჩემი მამა და ბიძები ვაზის ნამყენს რგავდნენ დამუშავებულ მიწაში. მომცეს მინის წყლის ჭურჭელი და მთხოვეს, წყაროდან წყალი მომეტანა. თვალწინ მიდგას ჩემი ცეცხლისფერი კაბა და ახალი ფეხსაცმელი, რომელიც ღილით იკვრებოდა. წყაროს ირგვლივ სველი, სლიპინა ქვები იყო შემორიგებული. გულში ჩავიხუტე მინის წყლის ჭურჭელი და ფრთხილად დავადგი ფეხი სველ ქვას. სიფრთხილემ შედეგი არ გამოიღო, დავეცი და ხელში ჩამემტვრა…. პასუხისმგებლობამ ტკივილი დამავიწყა. გადასერილი ხელი კაბის ჯიბეში ჩავმალე და ასე იმედგაცრულებული გავბრუნდი უწყლოდ. დღესაც მახსოვს, რა განცდით გავიარე უკან წასასვლელი ბილიკი შეუსრულებელი დავალების გამო. დღესაც ძალიან მიყვარს ის პატარა გოგო, ჯიბეში დამალული გასისხლიანებული ხელით, თავჩაღუნული რომ მიდიოდა.
სკოლის პერიოდი
– ჩემი თაობის სკოლის პერიოდი ძალიან ჰგავდა უღრუბლო ზეცას. ეს იყო ულამაზესი სამყარო ყოველგვარი ლაქებისა და ჩრდილების გარეშე. ჩვენი კლასი ერთ დიდ ოჯახს წარმოადგენდა, თბილი და საყვარელი მშობელ-მასწავლებლების ფრთის ქვეშ შეფარებულნი ვეწაფებოდით პირველ გაკვეთილს. მასწავლებელი ხატი იყო ჩვენთვის და დღესაც მათი სახეები ასე დარჩა ჩემს გულში.
სამედიცინო სასწავლებელში განაგრძეთ სწავლა…
– ერთ დღეს მეზობლად მცხოვრები ექთნის და დედის დიალოგს მოვკარი ყური, მამის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. ყოველ დღეს ესაჭიროება ინექციები და უკეთ გახდებაო. მახსოვს, ყველა დღე, როგორ ველოდი მის გამოჩენას, რომ მამა უკეთ ყოფილიყო. ექთანი რომ წავიდოდა, ავუწევდი მაისურს, ვუკეთებდი ინექციის იმიტაციას და ვეუბნებოდი – „ნემსი უნდა გაგიკეთო და კარგად გახდები“…. ასე ჩამესახა სიყვარული ამ პროფესიისადმი.
ოცდახუთი წელი ანესთეზიოლოგიის მედდად მუშაობდით... გაგიმართლათ პროფესიამ?
– ამ პერიოდს, ყველა დანარჩენთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში. ეს ისაა, როცა ადამიანი განდობს თავის სიცოცხლეს. ამ დროს მთელი პასუხისმგებლობა გადადის დიდ მზრუნველობაში, სიყვარულში. არ არსებობს ღალატი. ღმერთთან ახლოს ხარ და ბედნიერი ყველა გადარჩენილი სიცოცხლის გახანგრძლივებით. მეტად გაზრდილი და ამაყი დააბიჯებ ყოველი გამარჯვებული დღის შემდეგ. ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა სწორად არჩეულმა პროფესიამ.
პირველი ლექსები
– ზამთარი იყო. სკოლაში, ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე, ფანჯრიდან ვუყურებდი ფანტელების ნარნარით ცვენას. ამ განცდით დაიწერა პირველი ლექსი.
რატომ წახვედით ემიგრაციაში?
– ოჯახში მარტო მე ვმუშაობდი. ჩემი შვილი ერთხელ უკვე იმყოფებოდა ემიგრაციაში. მისმა წასვლამ ოჯახზე ძალიან იმოქმედა ცოლზე და პატარა შვილზე. ამას მეტად ვეღარ დავუშვებდი. ის თავის ლამაზ ოჯახთან უნდა დარჩენილიყო. ჩვენ სამი წელი გავყურებდით მის გზას. სახლის კარი სულ ღია იყო მის მოლოდინში. ლომის ძალა მომეცა და ვაჯობე ჩემი შვილის წინააღმდეგობას. დღეს ემიგრაციაში ვარ და ბედნიერი ვარ, ჩემი შვილის ოჯახი კი ერთადაა.
2010 წელს დაიბეჭდა პირველი კრებული ,,იქნებ შეგივსოთ თუნდ პაწია სიცარიელე“…
– ავთანდილ ყამბარაშვილის სახელობის კლინიკის სპონსორობით დაიბეჭდა ჩემი ლექსების პირველი კრებული – ,,იქნებ შეგივსოთ სულ პაწია სიცარიელე“. ვფიქრობ, მკითხველს  მართლაც შევუვსე პაწია სიცარიელე, რაც მე უფრო მაბედნიერებს.
კონკურსში ,,ემიგრანტის წერილი ორჯერ მოხვდა ფინალში თქვენი მოთხრობა...
– ,,ემიგრანტის წერილი“.. – ეს კონკურსი დამეხმარა ჩემი სულის რეალიზაციაში. ორივე მოთხრობა ,,გაქცევით შეჩერებულები“ და  ,,ნაბიჯი სიმძიმიდან“ ემიგრანტის ცხოვრების ამსახველია. მტკივნეული და მართალი.
,,შეიძლება წახვიდეთ ათასობით კილომეტრის დაშორებით, ისწავლოთ უამრავი რამ, მოისმინოს უამრავი ფრაზა და ვერ აღმოაჩინოთ ის, რასაც ეძებთ. მაგრამ ყოველგვარი გაცნობიერების გარეშე დაკარგოთ ის, რაც გაგაჩნიათ. შემოგვხედეთ და გვნახავთ – გაქცევით შეჩერებულებს“…
მოთხრობა ,,ბერწი ზამთარი კისისხევზეა. კისისხევი, ქრისტეს საფლავის მიწას ნიშნავს. რას გვეტყვით სოფელზე და იქ გატარებულ დღეებზე?
– ჩემს ცნობიერებაში სოფლის ისტორია შემოვიდა დიდი ბებიის მონაყოლით. ეს სოფელი მეოთხე საუკუნეშია მოხსენიებული. როგორც ამბობენ, სოფელი იერუსალიმს ეკუთვნოდა.
ირწმუნებიან, რომ წარმართულ პერიოდში რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა. სოფელში ასზე მეტი ძეგლია, ციხეკოშკები, ციხეწისქვილები, გამოქვაბულები. ეს სოფელი მზეში ამოვლებულ სამკაულს ჰგავს. იქ გატარებული ყველა დღე ლამაზია თავისი საინტერესო მოგონებით. ეს ისაა, რომელიც არსად და არავისთან განმეორდება.

შვილი და რძალი

როგორია შორიდან დანახული საქართველო,  მშობლიური თელავი?
– შორიდან დანახული ჩემი საქართველო ასეთია – ჯერ კიდევ ქართულ სიწმინდე შენარჩუნებული გენი და ჯიში, გადასული ტრადიციაში რომ ებრძვის რეალობას. ის მთებზე მიჯაჭვულ ამირანს ჰგავს, გასხვისებული ყოველი მიწის გოჯი რომ სტკივა და იბრძვის დანარჩენის შესანარჩუნებლად, მარტო უფლის იმედად დარჩენილა. თავის გაშლილ მკერდზე დაუდის მოკეთე და მტერი. გასხვისებულ შვილებს, მსოფლიოში გაბნეულთ რომ იტკიებს და გამზრდელი მშობლის ტკივილი აქვს. ამ სიშორიდან მინდა გაშლილ ხელებში მოვიქციო ჩემი საქართველო, ჩავიხუტო და დავუამო იარები. აქედან უფრო ძალიან მტკივა და მეშინია იქნებ გარდაუვალი ასფიქსიის?..  ასე მგონია, ჩემს საქართველოს ყვავ-ყორანი თავს დასტრიალებს…
ჩემი თელავი  – ბადაგში ამოვლებული და დაშაქრული ქალაქი, საოცარი, მოსიყვარულე და გულმართალი ადამიანებით. ზოგჯერ ემიგრანტები ვახერხებთ და საქართველოში დარჩენილებს ვეხმარებით. ერთმა მადლიანმა მომწერა: -,,ქალბატონო ეკა, გენაცვალეთ თელავურ გულშიო“… ვამაყობ თელავით და თელაველებით, იმ დიდი მეფის ისტორიით, რომელსაც ,,პატარა კახით“ მოიხსენიებენ.

 ულამაზეს სამკაულებს აკეთებთროდის იცლით ხელსაქმისთვის?
– დიდი ხანია სამკაულებს ვაკეთებ, მხოლოდ ნატურალური ქვებით. ისინი სხვადასხვა მინერალისაგან შედგებიან, რომლებიც მარტო ესთეტიკურ- საიუველირო დანიშნულების არაა. სპეციალისტების აზრით, ისინი ავი თვალისაგან და უარყოფითი ენერგიისაგან გვიცავენ, კურნავენ სხვადასხვა დაავადებისგან, მოაქვთ სულიერი სიმშვიდე. ამიტომ ბუნებრივი ქვების სამკაულებს შერჩევა უნდა. ამის დროს მაინც ვპოულობ ამ უდროობაში. რაც ძალიან გინდა, მას აუცილებლად აღწევ.
გამიტაცა აგრეთვე ფოტოხელოვნებამ. საკმაოდ საინტერესო ფოტოების კოლექცია გამომივიდა. ალბათ ერთხელ მოვაწყობ სამკაულების და ფოტოების გამოფენას. ეს ოცნება საქართველოს უკავშირდება.
 თქვენი ლექსები დაიბეჭდა ამერიკასა და საბერძნეთში გამოცემულ ემიგრანტთა ჟურნალებში. თემაემიგრაცია. რას ეტყოდით ქართველ ემიგრანტებს?
– ჩემო ძვირფასო ქართველო ემიგრანტებო, ძალიან მიყვარხართ!.. ჩვენ, ერთი დიდი გაერთიანებული სული ვართ სხვადასხვა გვარ-სახელით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტულნი. ჩვენ უნდა გავძლიერდეთ უფრო მეტად და გამოვნახოთ გამოსავალი ჩვენი და ჩვენი საქართველოს გადასარჩენად. ჩვენ აქ, საქართველოს სახეს წარმოვადგენთ, ამიტომ უნდა წარმოვაჩინოთ საქართველო მთელი თავისი ღირსებებით, კულტურით, ტრადიციებით, ისტორიით. ამაში ძალიან გვეხმარება იტალიელი მწერალი ფრანჩესკო ტრეჩი, რომელმაც უკვე ორი წიგნი დაწერა და გამოაქვეყნა საქართველოს ისტორიაზე იტალიურ ენაზე. ბრძოლა გადარჩენისთვის…
 ჰობი
– ჩემი ჰობი, სამკაულების კეთება, ფოტოხელოვნება, ქარგვა. სიყვარული… გვიყვარდეს და ვუყვარდეთ. მთვარიან ღამეს, გაშლილ ხელებით ავხედავ ზეცას და დავიყვირებ ისე, რომ ჩემმა ხმის ექომ გადაიროს მთები, ზღვები, ოკეანეები და გადაეფინოს ყველას და ყველაფერს. ადამიანებო, მიყვარხართ, მე ურთიერთობის გარეშე სულიდან და სისხლისგან დაცლილი ვარ. თქვენ, ყველა ერთად, ჩემში მონატრებული საქართველო ხართ.

შვილიშვილი ბესო გოძიაშვილი

– ოჯახი… შვილიშვილი მოთხრობებს წერს…
–  მყავს ძალიან ლამაზი ოჯახი, სადაც სულიერება უმაღლეს მწერვალზეა. შვილი, რომელიც დედის სულში აღწევს, უსიტყვოდ ესმის მისი და განიცდის, რომელიც დღემდე ვერ ეგუება დედის ემიგრანტობას. რძალი, რომელიც მხოლოდ მე არ მოვავლინე ქვეყანას, ის ჩემი შვილია. შვილიშვილი ბესო გოძიაშვილი, რომელიც 14 წლიდან მუშაობს საბავშვო ცენტრ ,,ბუბუ ტა“- ში.  წერს მოთხრობებს, საკმაოდ ღრმად და საინტერესოდ (ეს კომპეტენტური პირების აზრია). გვაქვს შემოქმედებითი აზრთა გაცვლა- გამოცვლა. ის ახლა 17 წლისაა.
მომავალი გეგმები
– ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, სამშობლოში,  ჯანსაღ, გაძლიერებულ საქართველოში დაბრუნებაა. თუკი გადარჩება ჩვენში ჩვენი ღმერთი, ძველ ნასახლარზე ია ისევ ამოვა. რწმენა გადაგვარჩენს. ამინ!
 ერთი ლექსი….

ჩემი სულის წილ

პური მემართა სულისა, პეშვით მარილი ვაწილე,                        
შავღვინით ლუკმას ვალბობდი, დღეები დავყავ საწილეთ.
მადლიდან მზე მკერდს მითბობდა, სიტყვის შენდობა მეწადა,
ცოტა თუ თაფლივით იყო, ბევრი ბალღამით მემწარა.
სანთელ-საკმეველს გზად ვდიე, ვალიც თავისას მეძახდა,
ჩამოვლელს ხელს წყალი ვუსხი, ვაი და ზოგჯერ მეზარა.
რა ვქნა და თვალს ვერ ვაბავდი, სიბრიყვე როცა დიოდა,
ობლის კვერიდან ნამცვრევად, თვალთა სიმლაშე მდიოდა.
გზებმა ერთურთში ნამწყემსმა, ჩქარი ნაბიჯით მატარა,
სადაც საქმენი არ ვქენი, სინდისმა ბორბალს მატანა.
გზად მგზავრს ჭილოფი დავუგე, ზედაშე ლოცვით მივართვი,
ხან ვდიე, ხანაც მან მდია, ვაპკურეთ ირგვლივ ინანთი.
სახლის საძირკველს ვაფინე, თვალ-მარგალიტი მადლისა,
ქვა ქვაზე დავადებინე, მარჯვენას ალალ კაცისას.
სახურავს ჩემივ ხელებით, ცა ვარსკვლავებით გავაკარ,
ჭერზე მზე, მთვარე დავჭედე, თონეში პური დავაკარ.
სული, სიცოცხლე, სამყარო, წლები ხელიდან დაცლილი,
ღმერთო, არავის გამყარო, არ შემომყარო მაცილი.
რაც უნდა მექნა, თუ ვერ ვქენ, თუ ვერ წავედი გულის წინ,
კარგი ვთესე თუ ცუდი ვწან, მისავალ ჩემი სულის წილ.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები