„დედა რომ გარდამეცვალა, ილიას პუბლიცისტიკას ვკითხულობდი“…
თბილისის ლამაზ უბანში გაიარა მისმა ბავშვობამ… მამა 1937 წელს დახვრიტეს და დედამ ორი შვილი მარტო გაზარდა. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილების მედალოსნების კონკურსის გავლის შემდეგ კი სტუდენტი გახდა.
უნივერსიტეტიდან მრავალი დასამახსოვრებელი წუთი ახსოვს… გამორჩეული ლექტორები ასწავლიდნენ. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველი ასპირანტი იყო. დისერტაცია ჟურნალ „კრებულზე“ დაიცვა, რომელსაც ნიკო ნიკოლაძე რედაქტორობდა. ამბობს, რომ ნიკოლაძემ ისე გაიტაცა, დღემდე იკვლევს მის ცხოვრება-მოღვაწეობას.
48 წლის განმავლობაში ასწავლიდა უნივერსიტეტში ქართული ჟურნალისტიკის ისტორიას. შემდეგ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში განაგრძო მოღვაწეობა.
მისი სახელი და გვარი შესულია ამერიკის ბიოგრაფიის ლექსიკონში. არის ნიკო ნიკოლაძის პრემიის ლაურეატი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი. – ქართული ჟურნალისტიკის ისტორიის მკვლევრისა და პროფესორის, დალი ჩიკვილაძის პერსონა.
– დედა მარიამ ალექსის ასული ხუჭუა, მამა შალვა ერმილეს ძე ჩიკვილაძე იყო. დედა რკინიგზის სამმართველოში მუშაობდა, ეს მაშინ ძალიან პრესტიჟული იყო. როცა მამა 1937 წელს დაგვიხვრიტეს, მან ორი შვილი მარტომ გაგვზარდა, მაშინ 2 წლის და 4 თვის ვიყავი, ჩემი ძმა – ჯუნი კი 5 თვის იყო.
1938 წლის იანვარში მამა წაიყვანეს, ოჯახი ენგელსის ქუჩიდან გამოგვასახლეს.
დაპატიმრებამდე მამა წითელწყაროს ემტეესის დირექტორად მუშაობდა. ის იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტის პირველი კურსდამთავრებული. უკვე ასპირანტმა დაიცვა დისერტაცია ტრაქტორის ძრავის გაუმჯობესებაზე. თან სასოფლოში ლექციებს კითხულობდა.
მამა გლეხებთან ერთად ათენდებდა და აღამებდა, რომ ერთობლივად ებრძოლათ ხარისხიანი მოსავლისათვის. დინჯი რაჭველი იყო, რომელიც ძალიან კარგად მღეროდა, ცეკვავდა, უკრავდა. გლეხები პატივს სცემდნენ. მაგრამ მოადგილეს, რომელსაც ძალიან უნდოდა დირექტორობა (ინტრიგა კი ქართველებს, მოგეხსენებათ, კარგად გვეხერხება), „ანონიმკა“ დაუწერია შალვა ჩიკვილაძეზე, ჩამოვიდა და გლეხებთან დროს ატარებს, არაფერს აკეთებს და სულ მღერის, ძირს უთხრის საბჭოთა წყობასო. ამის გამო მამაჩემი დაიჭირეს.
კარგა ხანი შვილებმა არაფერი ვიცოდით, რა დაემართა მამას 37-იან წლებში… ამაზე ოჯახში ისეთი სიჩუმე იყო ჩამოვარდნილი, სიტყვას არ ამბობდნენ. სკოლაში რომ შევედი, 1942 წელი იყო. შავებით დადიოდნენ იმ ბავშვების დედები, რომელთაც მამა აღარ ჰყავდათ. მეოთხე კლასში რომ გადავედი, ვკითხე, დედა, სულ შავებში რატომ ხარ, არ შეიძლება, ცოტა ფერადიც გეცვას- მეთქი? დედაც არ გვპასუხობდა, თითქოს ჯარში დაიღუპა მამაჩემი. პატარა ოთახში ვცხოვრობდით, მაგრამ უფლის მადლობელი ვარ, რომ ეს მაინც შერჩა დედას და ორი შვილი გაგვზარდა.
ბავშვობიდან რა დამამახსოვრდა? – არაჩვეულებრივი დედის არაჩვეულებრივი ფრაზა, მე და ჩემი ძმა რამეს რომ დავაშავებდით, მშვიდად გვეტყოდა, მამათქვენი რომ ცოცხალი იყოს, ამას ხომ არ გაბედავდითო. ამ ფრაზით გავიზარდეთ დიდუბეში, სადაც ომიანობის პერიოდში თითქმის ყველა სახლი ტყდებოდა, ჩემი ძმა პატარა იყო, ფეხბურთზე გადაყოლილი და გზას არ ასცდენია.
მახსოვს მე-12 ვაჟთა სკოლაში (დღესაც მე-18 საშუალო სკოლა ჰქვია) რომ შევიდა (დირექტორი განათლების ყოფილი მინისტრის ალეკო კარტოზიას ბაბუა იყო), ხშირად ამტვრევდა ფანჯრებს. ჩატეხა ერთხელ, მეორედ… ჩასვა დედამ ფანჯრები… და შეწუხებულს უკითხავს დირექტორისთვის, ამისგან კაცი თუ დადგება, ეგ მითხარითო. ეგ უკვე კაციაო, ალექსანდრე კარტოზიას უთქვამს. მთელი ჯგუფის ამბებს მაგას ვავალებ და აწესრიგებს, აბა, ტეხოს ეს ფანჯრები, მე ჩავსვამ იმ ფანჯრებს, არ ინაღვლოთო.
მახსოვს ჩემი დირექტორი ალექსანდრა ხუსკივაძეც. მათემატიკოსი იყო, მე მე-13 ქალთა სკოლაში ვსწავლობდი, რომელმაც 1937 წელს მოსკოვში საქართველოს დეკადაზე წაიყვანა პირველკლასელი ფრიადოსანი მოსწავლე გვანცელაძე. მისთვის, როგორც საუკეთესო პედაგოგისთვის და სკოლის დირექტორისთვის სტალინს ოქროს საათი უჩუქებია.
ძალიან კარგი კლასი გვქონდა, 24-ნი ვიყავით და 14-მა ოქროს მედალზე დავამთავრეთ.
ჩემი ქართულის მასწავლებელი თამარ ყიფშიძე უნდა გამოვყო, რომელიც მე-5-დან მე-11- ს ჩათვლით მასწავლიდა, ასევე – მათემატიკის მასწავლებელი, პეტერბურგის უნივერსიტეტდამთავრებული ნიკო კურდღელაშვილი, რუსულის მასწავლებელი ლუდმილა ცინცაძე. ამ 14-დან ყველა მეცნიერებათა კანდიდატი გახდა, 3 კი – დოქტორი, ყველას თავისი წილი ქართული საქმის კეთება მოუწია. ახლა მათგან ბევრი ცოცხალი აღარ არის, შემოვრჩით 5-ნი.
– ჟურნალისტიკა რატომ აირჩიეთ?
– ძალიან კარგი ვიყავი მათემატიკაში და თავიდანვე გეოლოგიურზე მინდოდა ჩაბარება. მე-10 კლასში რომ გადავედი, რატომღაც ხელოვნებამ დამაინტერესა და ხელოვნების ისტორიის სპეციალობაზე შესვლა მოვინდომე. დედას კი სურდა, სამედიცინო ინსტიტუტში შემეტანა საბუთები. მედალოსანი ვიყავი და მაშინ მედალოსნები გამოცდებს არ აბარებდნენ.
წავედი უნივერსიტეტში, პირველ კორპუსში იყო განლაგებული ფილოლოგების, ბიოლოგების, მათემატიკოსების, ისტორიკოსების… სამდივნოები. რექტორის კაბინეტამდე სამდივნოების რიგი გრძელდებოდა.
გეოლოგებთან მითხრეს, რომ მედალოსნების ადგილი უკვე შევსებული იყო. გული დამწყდა, ისტორიკოსებთანაც, აგრეთვე, შევსებული აღმოჩნდა ადგილები.
ჟურნალისტიკის სამდივნოსთან გავჩერდი და გავიგე, რომ მედალოსნების კონკურსი იმართებოდა. 28 მედალოსანი იყო სიაში, ავდექი და მეც შევიტანე, 29-ე ვიყავი. 14 უნდა ჩაერიცხათ. წერითი და ზეპირი გასაუბრება ჩავაბარე. აღმოჩნდა, რომ გავიმარჯვე და ჩავირიცხე 14 მედალოსანს შორის.
ეს იყო ფილოლოგიის ფაკულტეტის განყოფილება, მე მეხუთე მიღება ვიყავი. 1958 წელს დავამთავრე, არ მინანია. წითელ დიპლომზე დავამთავრე უნივერსიტეტი და ჩემი სურათი 5 წლის მანძილზე ფრიადოსნების საჩვენებელ დაფაზე იყო გამოკრული.
– რა დაგამახსოვრდათ სტუდენტობიდნ და ვინ დატოვა განსაკუთრებული კვალი თქვენს ცხოვრებაში?
– უპირველეს ყოვლისა, გავიხსენებ ჩვენი კათედრის გამგეს, გიორგი ჯიბლაძეს, მაშინ ის განათლების მინისტრიც ბრძანდებოდა. ლამაზი და არტისტიზმით სავსე ბატონი გიორგის ლექციების მოსმენა, მისი ამაღლებული მეტყველება ძალიან მოგვწონდა… ის ძველი თაობიდან დარჩენილ „ცისფერყანწელებთან“ მეგობრობდა.
ვერ დავივიწყებ ლეო მენაბდეს, რომელიც ძველ მწერლობას გვასწავლიდა და რომელსაც ხშირად ესწრებოდა ბატონი კორნელი კეკელიძე. სტუდენტებს გვეგონა, რომ ჩვენ გვამოწმებდა, მაგრამ თურმე ბატონ ლეოს ამოწმებდა, მისი დოქტორანტი ყოფილა და პასუხისმგებლობას გრძნობდა, როგორ ატარებდა ლექციას მისი ყოფილი დოქტორანტი.
ვერ დავივიწყებ ნოდარ ჩხეიძეს, რომელიც ნარკვევს გვიკითხავდა, როგორც საგანს. პირველად ნარკვევის დასაწერად სოსო გრიშაშვილთან გამაგზავნა, რომელიც მაშინ ძველი ვერის ბაზრის პირდაპირ ცხოვრობდა და ბელინსკის ქუჩაზე გადიოდა მისი ფანჯრები. კარგი ნარკვევი გამოვიდა, თვითონ სოსოსაც მოეწონა. მაშინ ხელით ვწერდით ყველაფერს, კედლის გაზეთსაც კი.
– ნოდარ ჩხეიძე პროფესიონალიზმითა და პრინციპულობით გამორჩეული კრიტიკოსი იყო…
– ნოდარმა უამრავი წიგნი წამაკითხა. მოაზროვნეებად გვზრდიდა. კრიტიკოსები არ გამოვსულვართ, მაგრამ აზროვნება გვასწავლა. ერთხელ გურამ რჩეულიშვილის ხელნაწერი მოთხრობები ლექციაზე შემოგვიტანა, მე და ლია გოგიშვილს გვითხრა, წაიკითხეთ და დღეს მწერალთა წრეზე განხილვას აუცილებლად დაესწრებითო. მე „ნელი ტანგოს“ ხელნაწერი შემხვდა. ასევე შემოგვიტანა გურამ გეგეშიძის მოთხრობები. ვკითხულობდით, ვმსჯელობდით, ვიხილავდით… ეტყობა ისიც ხედავდა ჩვენში ინტერესს.
ერთ მშვენიერ დღეს გამოგვიცხადა, ყველანი კინოში მივდივართ და ლექციას იქ ჩავატარებთო, ტარკოვსკის „სტალკერი“ უნდა გვენახა. ყველა წაგვიყვანა კინოში და მერე განხილვა მოვაწყეთ. „სტალკერი“ მაშინ იდევნებოდა. არასოდეს დამავიწყდება ეს ფილმი და არც მისი განხილვა. ფოიეში ყველას ჩვენს აზრს გვეკითხებოდა.
– კიდევ ვის გაიხსენებთ უნივერსიტეტიდან?
– იოსებ ბოცვაძე – სრულიად განსხვავებული იყო, მას ჰქონდა მეგობრული და ძმაკაცური დამოკიდებულება სტუდენტებთან. ლექციაზე შიგადაშიგ რაღაც პიკანტურ ისტორიებს გვიყვებოდა დიდ მოღვაწეებზე… დავშოშმინდებოდით და მერე განაგრძობდა ისევ ლექციის თემას. იგი პედაგოგ ლუარსაბ ბოცვაძის შვილი იყო, რომელმაც ჩრდილო ოსეთში, ვლადიკავკაზში ქართული სკოლის არსებობისთვის დიდი შრომა გასწია. რამდენიმე წლის განმავლობაში სკოლის დირექტორი იყო. ლუარსაბის მეუღლე, ბაქრაძის ქალი, ცნობილი პედაგოგი იყო, რომელმაც დასთან ერთად, სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ აღადგინა. ეს ამ ოჯახის დამსახურება იყო. ბატონ სოსოს ტრადიცია ჰქონდა, ყველგან მოგვყვებოდა ექსკურსიაზე. ბიჭებთან კი მათი თანატოლი ხდებოდა. უნივერსიტეტიდან პირველად სოსო ბოცვაძემ წაგვიყვანა მთაწმინდაზე. არც ამის დავიწყება შემიძლია. მაშინ მეორე კურსზე ვიყავი.
ალბათ არ დავივიწყებ იმ ჩემს პირველ საჯარო ლექციას, ურომლისოდაც უნივერსიტეტის თანამშრომლად არ მიმიღებდნენ. პირველი ლექცია საბჭოს წინაშე უნდა წაგეკითხა. 1963 წლის 10 სექტებერს წავიკითხე და 17 სექტებერს დაიწერა ბრძანება, რომ ჟურნალისტიკის განყოფილების უფროსი მასწავლებელი გავხდი.
„სამი დასის“ არსებობის თეორიაზე ვისაუბრე. ვუპასუხე შეკითხვებსაც. საინტრესო გამოვიდა… ამ მხრივ ხომ დღესაც საკმათოა ბევრი რამ.
ლექციას ესწრებოდა პროკლე კეკელიძე, რომელიც მე-19 საუკუნის ქართული მწერლობის სპეციალისტი იყო, რა შეკითხვებიც მომცა, ყველაფერს ვუპასუხე. გრიშა კიკნაძე გამოვიდა სიტყვით. დიდ პატივს ვცემდი მას, ვაჟას მკვლევარს, რომელმაც ვაჟას კაბინეტი დააარსა და 4 ტომი გამოსცა. მან თქვა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბევრი ფაქტი, რომელსაც ჩვენ ნაკლებად ვაქცევდით ყურადღებას, ამ ნიჭიერმა ახალგაზრდამ ისეთი ფერადოვნებით წარმოგვიდგინა, რომ უნდა ვენდოთ, აუდიტორიაში შევუშვათ და ზოგჯერ მოვუსმინოთ კიდეცო.
ამ პირველმა ლექციამ ძალიან დიდი ძალა მომცა.
დაუვიწყარი იყო შუა აზიაში ვახტანგ მეექვსის საფლავის სანახავად მოწყობილი ექსკურსია. ბატონმა ლევან მენაბდემ წაგვიყვანა ასტრახანში. შორეული ციმბირიდან ასტრახანში ჩამოასახლეს ჩერნიშევსკების ოჯახი. ვეძებე და ვიპოვე ის ორსართულიანი სახლი. პირველ სართულზე აბრა იყო გაკრული, რომ აქ ცხოვრობდა და გარდაიცვალა ჩერნიშევსკიო. იქ გარდაიცვალა, მაგრამ პეტერბურგში წაასვენეს.
– სტუდენტობის დასრულების შემდეგ ასპირანტურაში სწავლობდით…
– უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ძალიან უცნაურ გარემოში აღმოვჩნდი. არც ასპირანტურა იყო და არც შანსი, რომ კათედრაზე დავრჩენილიყავი. თუ ასპირანტურა გავლილი არ გქონდა, პედაგოგად არავინ შეგიშვებდა. მაშინ ასეთი წესი იყო.
არც განაწილება არ იყო, სულ ორი გაზეთი არსებობდა – „კომუნისტი“ და „ახალგაზრდა კომუნისტი“. მესამე „ლიტერატურული გაზეთი“, რომელიც მწერალთა კავშირს ეკუთვნოდა.
ასეთ სიტუაციაში ვერავინ გაგვანაწილებდა.
ერთ დღესაც მითხრეს, რომ თენგიზ ბუაჩიძე მიბარებდა და აუცილებლად უნდა დამერეკა. დავურეკე და აღმოჩნდა, რომ რუსული ენის მცოდნე სჭირდებოდათ ცეკაში. კარგი ანაზღაურებით… დედას ვეტყვი-მეთქი, ასე ვუთხარი. ჩვენ მშობლებზე დამოკიდებული თაობა ვიყავით… გაგიკვირდებათ და, მე ახლაც დედას ვეკითხები, როცა რჩევა მჭირდება: ვაიმე, მარო მიშველე-მეთქი… სიზმრები საერთოდ, არ ვიცი… იმ ღამეს კი დამესიზმრა მამაჩემი, ეტლით მოდიოდა და მითხრა, ამ გზით იარეო… თითქოს ეს გზა ჩიტაძის ქუჩის ასასვლელი იყო, გათხოვების წინაც მან მიმანიშნა, ვისაც უნდა გავყოლოდი…
ჰოდა, შევავსე ანკეტა და ბაკურიანში წავედი… არსად არ ვამბობდი, რომ მამაჩემი დაჭერილი და მერე 1956-ში რეაბილიტირებული იყო, მაგრამ ცეკაში როგორ არ ნახავდნენ ჩემს საბუთებს… ეტყობა, როცა კარგად დაათვალიერეს საბუთები, დამიბარეს…
თენგიზ ბუაჩიძე გკითხულობსო, ისევ მითხრეს… ასე დავიწყე ცეკაში მთარგმნელად მუშაობა.
ამასობაში დავით გამეზარდაშვილმაც დამიბარა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ასპირანტურის დასწრებულ განყოფილებაზე ჩავაბარე. მე და ნიკო ლეონიძე პირველი ასპირანტები ვიყავით. მეორე კურსზე რომ ვიყავი, წამოვედი ცეკადან.
უნივერსიტეტიდან ბევრი კარგი მახსოვს, რადგან ჩვენი დროის, 1950-ანი წლების ბოლო პერიოდის უნივერსიტეტი მეგობრული იყო.
არ დამავიწყდება მარქსიზმ-ლენინიზმის არაჩვეულებრივი ლექტორი ოთარ ნიორაძე, ისე კითხულობდა, ყური რომ არ დაგეგდო, არ შეიძლებოდა, გამუდმებით სტალინისა და ლენინის შრომებზე მუშაობდა, წიგნები გახაზული ჰქონდა… ჩვენ სულ ვეკამათებოდით. გულით უცებ გარდაიცვალა…
– დისერტაცია ჟურნალ „კრებულზე“ დაიცავით, რომლის რედაქტორი ნიკო ნიკოლაძე იყო… იმ დღიდან ნიკო ნიკოლაძეს იკვლევთ…
– დავიცავი დისერტაცია ჟურნალ „კრებულზე“. ეს პირველი დისერტაცია იყო, რომ ჟურნალის პუბლიცისტური ხედვა გამოსახულიყო, დაარსების ისტორიაც პირველად შევისწავლე. ეს იყო პირველი და ერთადერთი ქართული ჟურნალი, რომლის ფაქტობრივი რედაქტორი ნიკო ნიკოლაძე იყო. ამიტომ დამჭირდა თავად ნიკოლაძის პიროვნებისა და მოაზროვნის შესწავლა. იგი თანამედროვეა, 21-ე საუკუნის მოაზროვნეა. 60-ანი წლების ბოლოს რომ ჩავეყუდე ნიკოლაძეში, დღევანდლამდე ჩაყუდებული ვარ.
წელს, 5 აპრილს, გადის მისი გარდაცვალებიდან 90 წელი და სექტემბერში დაბადებიდან 175 წელი სრულდება.
ნიკო ნიკოლაძე მრავალმხრივი მოღვაწეა. ეკონომისტია, იურისტია, საქართველოში მრეწველობის ერთ-ერთი პირველი დამნერგავია, ბანკირია, ჰიგიენისტია, თბილისის წყალკანალიზაციის გეგმა პირველად მან შეადგინა. გეოლოგიც არის. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაჭრილიყო ტრანსკავკასიის რკინიგზა. ეს მან დაასაბუთა. მან ბაქოდან ბათუმამდე ნავთის გადატანის პროგრამა შექმნა და გაითვალისწინა, რომ ეს მილით კი არ უნდა წასულიყო, არამედ ვაგონებით. იმ რკინიგზისთვის, რომელიც გაიჭრა ხაშურიდან წიფის გავლით, რიონამდე, მან მოიპოვა თანხა რუსეთის ხელმწიფისგან, ქართველებს კაპიკი არ დაჯდომიათ. რკინიგზა საქართველოში ფოთიდან თბილისამდე მან გაიყვანა… ფოთში ნახევარკაპიკიანი გადასახადი შემოიღო, ეს არის პირველი გადასახადი ფოთში პორტის მშენებლობის დასამთავრებლად. რომელი ერთი ჩამოვთვალო…
ფოთის პორტიც დაასრულა, ქალაქიც ააშენა, პირველად ელევატორი იქ აშენდა. რაც მთავარია, ენგურზე ჰიდროელექტროსადგურის აშენების იდეა მისი იყო და პროექტიც თავად შეიმუშავა.
რასაც ნახავდა საზღვარგარეთ, ყველაფერი უნდოდა, რომ თავის ქვეყანაში ჩამოეტანა. კორპის ხე იტალიიდან ჩამოიტანა, კორპი მსუბუქია და ეს დასჭირდება გემთმშენებლობასო. დიდ ჯიხაიშში, თავის ეზოში ახლაც დგას ეს კორპის ხე.
ბამბუკი ჩამოიტანა და თავის მამულში ბამბუკის ტყე გააშენა. სარეცხი მანქანა ჩამოიტანა.
როცა ფოთის მერი იყო, ყველაზე კარგი შენობა ააშენა პოლიციისთვის -აქ უნდა განაჩენი გამოიტანონ, ყველაზე კარგი და განათლებული ადამიანი პოლიციაში უნდა მუშაობდესო. ახლაც დგას ის შენობა. გააშენა ევკალიპტი, რადგან მიწიდან იღებს ძალიან ბევრ ნამს. ფოთი ჭაობიანი ადგილი იყო და არხი გაუკეთა მთელ ქალაქს, რომ ჭაობის წყალი ზღვაში ჩასულიყო. პირველი ველოსიპედიც და პირველი ფოტოაპარატი მან ჩამოიტანა გიორგისთვის,…
– თქვენი მოღვაწეობის მანძილზე მრავალი საინტერესო კრებული და სახელმძღვანელო გამოეცით…
– „კრებული – 1871-1873“, ეს ჩემი დისერტაციაა. მერე გამოვეცი „დროს გასწრებული მამულიშვილი“, რომელიც ნიკო ნიკოლაძეს ეხება, პირადი მიმოწერაა, მისი პირადი წერილებიც არის…
გამოვიდა პუბლიცისტიკის ქრესტომათიის ორი წიგნი. პირველი ნაწილი მე-19 საუკუნეს მოიცავს, მეორე ნაწილი – მე-20 საუკუნეს.
კრებული „დაუვიწყარი პერსონალიები“ სხვადასხვა მოღვაწეზეა.
2015 წელს გამოვიდა „ნიკო ნიკოლაძის ეპისტოლარული მემკვიდრეობიდან“, ფაქტობრივად ამ წიგნს დიდი ცხოვრების დაღმართი, გარდასული ჟამი ჰქვია. აქ არის მეოცე საუკუნის ოციანი წლების მთელი ეპოქა. ნიკო, როგორც პარლამენტის წევრი, გააგზავნეს ჭითურის მარგანეცის ინგლისელ მეპატრონეებთან მოსალაპარაკებლად და ეკონომიკური კავშირების დასამყარებლად. მარგანეცი ისე გაჰქონდათ, რომ ბაჟს არ ტოვებდნენ და ეს უნდა მოეწესრიგებინა. ამასობაში, 1921 წლის თებერვალში ჟორდანიას მთავრობამ დატოვა საქართველო, ნიკო რჩება ლონდონში სრულიად გაურკვევლად. ნიკო ნიკოლაძის ქალიშვილმა ნინო ნიკოლაძე-ზურაბიშვილმა მეუღლით და ვაჟიშვილებით სტამბოლს შეაფარეს თავი. ეს არის სალომე ზურაბიშვილის დიდი ბებია.
ეს წერილები ნინოსადმი და მისი შვილიშვილებისადმი არის მიწერილი.
სამი ვაჟი ჰყავდათ ზურაბიშვილებს და ერთ-ერთი ლევანი, სალომე ზურაბიშვილის მამაა. დანარჩენი ორის შთამომავლებიდან ერთ-ერთი ქალბატონი დღეს ძალიან ასაკოვანია. დღესაც არის პარიზში აკადემიის სწავლული მდივანი. პირველი შემთხვევაა, რომ ქალი აირჩიეს სწავლულ მდივნად, ეს გახლავთ ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილი.
– გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში მოღვაწეობთ. პარალელი გაავლეთ დღევანდელ სტუდენტებთან?
– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1963 წლიდან, თითქმის 48 წლის განმავლობაში ვასწავლიდი.
ვერ გეტყვი, რომ თაობათა მიმართება ყოველთვის ერთნაირი იყო. როცა ახალგაზრდა ვიყავი, თითქმის მაგათი ტოლი, ვისთანაც ლექციაზე შევდიოდი, პირველი სტუდენტები თამაზ წივწივაძის ჯგუფი იყო. კარგი ჯგუფი იყო… ვასწავლიდი თემურ მეტრეველს, პაატა ნაცვლიშვილს, ნატო ონიანს, კახა სიხარულიძეს…
სხვანაირები იყვნენ, უნდოდათ და სწავლობდნენ, შეეძლოთ და წერდნენ, დროსთან ერთად იწრთობოდნენ… დროის შეცნობა რომ შეგიძლია, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც იმ დროს სჭირდება, იმგვარად აზროვნებ. ვამბობ დროს, და არა – ხელისუფლებას, მერე იკლო ინტერესმა ჟურნალისტიკის მიმართ… იცი რატომ? სკოლამ გვიმტყუნა უმაღლეს სასწავლებლებს, სკოლაში არ აძლევენ იმ განათლებას, რაც ბავშვს სჭირდება. ამას უარყოფითი შედეგი ის მოყვა… მე კიდევ უცოდინრებისთვის ნიშნის წერა ვერაფრით ვერ ვისწავლე.
მერე ისიცაა, ჟურნალისტიკაში თუ მოდიოდა ნიჭიერი ადამიანი, დღეს ეს ნიჭიერი მიდის ეკონომიკის შესასწავლად, ან ბიზნესში, ბანკში საქმდება… აქ რჩებიან ისეთები, რომლებმაც, სამწუხაროდ, წერა-კითხვაც არ იციან. მე მაინც იმედს არ ვკარგავ…
ჟურნალისტიკის ისტორიას ვუკითხავ ბაკალავრებს, მაგისტრატურაში ქართული პუბლიცისტიკის ისტორიას ვკითხულობ მე-20 საუკუნის 20-ანი წლების ჩათვლით.
ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი მაინც სხვაა, ძალიან სხვაა, თუმცა იქიდან მე ჩემი სურვილით წამოვედი….
თაობებზე შემეკითხეთ. მინდა ვთქვა, რომ ცოდნა, განათლება თავის გზაკვალს დატოვებს. ქართველი გენეტიკურად ნიჭიერია, ნიჭიერი გენის პატრონია და ამის გადაშენება შეუძლებელია. რამდენჯერ წაგვაცალეს თავი თუნდაც მეოცე საუკუნეში – 1921, 1924, 1937 წელს… 1942 წელს ყველაზე მეტი ქართველი იმ ომში დაიღუპა… მაინც აღვსდექით.
ახლა შეიძლება დროა ისეთი, რომ ხელისუფლების მიერ რაღაც აქცენტები სწორად არ კეთდება, განსაკუთრებით განათლების კუთხით. რუსული კულტურის ხელაღებით უგულებელყოფა და ამერიკულის, ინგლისურის წინ წამოწევა, სწორი არ მგონია. ყველა კულტურა შესაცნობი და გაათვალისწინებელია, რადგან ჩვენი ხალხი ყოველთვის სულით ევროპული იყო, ზოგადად, განათლებისკენ ისწრაფოდა. განათლებული ადამიანი კი ყოველთვის მდიდარია. ახლა მართალია ყველაფერი ფულია, მაგრამ მარტო ფული განათლების გარეშე ტალახია და მეტი არაფერი. ამიტომ იმედი მაქვს, რომ გონიერი თაობა გაიზრდება…
ცოდნა ფულის და ყველაფრის საფუძველი არის. ასე მგონია.
– ოჯახი…
– ძალიან კარგი მეუღლე მყავდა, ვალენტინ თავზარაშვილი, გულიას ვეძახდით სახლში. დედისერთა იყო. თბილისში დაბადებული და გაზრდილი… 10 წლით ჩემზე უფროსი იყო. სკოლიდანვე ძალიან კარგად თმაშობდა ფეხბურთს. სასოფლო დაამთავრა და იქაც სასოფლოს გუნდის კაპიტანი იყო.
უნარიანი ხელმძღვანელი იყო, ბოლოს ცეკაში ინსტრუქტორად მუშაობდა. მჟავანაძის თანაშემწე იყო სოფლის მეურნეობის დარგში, მერე სახალხო კონტროლის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მუშაობდა.
მე რომ მივედი ცეკაში სამუშაოდ, მაშინ გავიცანი. ექსკურსია იყო სოხუმში სამსახურიდან და ზღვაზე მიიქცია ჩემი ყურადღება. ჭაბუკიანის აღნაგობა ჰქონდა.
აღფრთოვანებული ვიყავი ჭაბუკიანით, ყველა მის ბალეტზე ნამყოფი ვარ, „ოტელო“ 25-ჯერ ვნახე, ასევე – „გორდა“, ჭაბუკიანი მართლა მოვლენა იყო.
მე და ლაურა გრიგორაშვილი ერთად დავდიოდით ოპერაში. ვიცოდით მისი სკამი ლოჟის ქვემოთ, სადაც იჯდა ხოლმე. როცა ცეკვავდა, იქ, თავის სკამზე ვუტოვებდით ყვავილებს, მიხაკებს, მერე ვურეკავდით, ორივე ველაპარაკებოდთ ხოლმე, ისე რომ პირადად არ ვიცნობდით. როცა კი პრემიერა იდგმებოდა, ორ ბილეთს გვიტოვებდა სალაროში.
და, საერთოდ, ცეკვა მიყვარს, მე თვითონ ერთ დროს კარგად ვცეკვავდი. მყავს სამი ქალიშვილი. ლელა თავზარაშვილი ექიმი – ნევროპათოლოგია. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, შემდეგ – სამედიცინო წარმატებით, მესამე კურსზე უკვე მორიგე ექთნად მუშაობდა. გათხოვდა ირაკლი კოპაძეზე. მყავს შვილიშვილები – სალომე და მარიამი, მარიამი შვილის დედაა, 5 წლის გახდება შვილთაშვილი, დემეტრე.
მყავს ქალიშვილები – მაკა და ნინო თავზარაშვილები, ჩემი არა მხოლოდ შვილები, კარგი მეგობრებიც არიან. მაკა ტელევიზიაში დიქტორად მუშაობდა, სამწუხაროდ, აღარ არის ცოცხალი.
– ჰობი?
– ჰობი ორი მაქვს. ერთი არის მხატვრობა, სიამოვნებით ვიქნებოდი ხელოვნებათმცოდნე. მაშინ ჩვენთან არ იყო ეს ფაკულტეტი. სადაც ჩავდივარ, პირველად ვკითხულობ, სად მდებარეობს ხელოვნების მუზეუმი.
მეორე ჰობი – პუბლიცისტურ წერილებზე უზომოდ ვარ შეყვარებული. როცა ყველაზე ცუდი პერიოდი მქონია, თუნდაც მაშინ, დედა რომ გარდამეცვალა, მე ილიას პუბლიცისტიკას ვკითხულობდი. სინათლე, გათბობა არ გვქონდა, არაფერი არ იყო, პლედმოხურული ვკანკალებდი, მეჭირა ბატარეა და ისე ვკითხულობდი ტექსტებს… იცი რა შვებას ვგრძნობ ამ დროს? როგორც შენთვის ლექსია წამალი, ჩემთვის პუბლიცისტური სიტყვაა წამალი, დღევანდელობის გასაღებს აქ ვნახულობ და კავშირებსაც ვპოულობ…
თამარ შაიშმელაშვილი