რას აცხადებს თვითმხილველი, რომელიც გუდაურში, საბაგიროს გაჩერებისას, 9 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა

ერთ-ერთი დამსვენებელი, რომელიც გუდაურში, საბაგიროს გაჩერებისას, ღია ტიპის სავარძელზე იმყოფებოდა, „კვირასთან“ მომხდარის დეტალებზე საუბრობს.

როგორც ის აცხადებს, საბაგირო დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში გაჩერებული იყო, რის შემდეგაც, უკუსვლით ამოძრავდა და მასზე მყოფმა ადამიანებმა გადმოხტომა დაიწყეს.

„დაახლოებით 2 წუთი ვიყავით გაჩერებულები, უცებ საბაგირომ უკან დაიწყო მოძრაობა, ყვირილის და მტვრევის ხმა რომ გავიგე, გადმოვხტი, ალბათ, 8-9 მეტრის სიმაღლიდან. სასწრაფო მალე მოვიდა, პანიკა იყო. რატომ გაჩერდა საბაგირო, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. ცუდ ამინდში გაჩერებულია ხოლმე. გუშინაც გაჩერებული იყო, დღეს რა მოხდა, არ ვიცი“, -განუცხადა „კვირას“ ერთ-ერთმა თვითმხილველმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა, დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა.

ერთ-ერთი ვერსიით, გუდაურში, ძაბვის ვარდნის შედეგად, ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საპირისპირო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა.
მეორე ვერსიით, კი საბაგირო მწყობრიდან მუხრუჭების დაზიანების გამო გამოვიდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები