ქართველმა ექიმებმა სოხუმელი მამაკაცი ხელის ამპუტაციას გადაარჩინეს – რა მოხდა დამწვრობის ცენტრში
დე ფაქტო აფხაზეთის მკვიდრს, 32 წლის მამაკაცს, რომელსაც სოხუმის საავადმყოფოში მარჯვენა ზედა კიდურის ამპუტაცია ემუქრებოდა, თბილისში, ქართველმა ექიმებმა ხელი შეუნარჩუნეს.
სოხუმელის მკურნალობა ქართულმა მხარემ მთლიანად დაფარა. იგი ძმასთან ერთად აფხაზეთიდან გადმოვიდა და თბილისში დამწვრობის ცენტრში მკურნალობდა.
„კვირასთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ სოხუმის მკვიდრი, რომელსაც სხეულის მე-3 და მე-4 ხარისხის ღრმა დამწვრობა აღენიშნებოდა, დამწვრობის ცენტრში 3 კვირის განმავლობაში მკურნალობდა.
ახალგაზრდა მამაკაცმა სხეულის დამწვრობა სოხუმში მიიღო. ის ელექტროქურაზე წაიქცა და ალით დაიწვა. შემთხვევის შედეგად, მან მხრისა და წინა მხრის დამწვრობა მიიღო. იგი სხეულის დამწვრობით სოხუმის საავადმყოფოში ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა. მკურნალობის დროს საშიშროება შეიქმნა, პაციენტს ხელი დაეკარგა, მას ხელის ამპუტაცია ემუქრებოდა.
თუმცა, პაციენტმა საკუთარი სურვილით, სოხუმის საავადმყოფო დატოვა და მკურნალობა თბილისში, დამწვრობის ცენტრში გააგრძელა.
სამკვირიანი მკურნალობის შედეგად, ქართველმა ექიმებმა ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრ მამაკაცს მარჯვენა ხელი შეუნარჩუნეს. უფრო მეტიც, დამწვრობის ცენტრის მედიკოსების ძალისხმევით, კიდური ქმედითუნარიანი გახდა. ახალგაზრდა მამაკაცი კი, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.
„პაციენტს მხრისა და წინა მხრის ღრმა დამწვრობა ჰქონდა მიღებული. კლინიკაში შემოსვლისას ახალგაზრდა მამაკაცს მე-3 და მე-4 ხარისხის ღრმა დამწვრობა აღენიშნებოდა. სამკვირიანი მკურნალობის შედეგად, პაციენტს ხელი შეუნარჩუნდა და ქმედითუნარიანიც გახდა“, – განუცხადა „კვირას“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ.
იზა შაქარაშვილი