„საყვარელი საქმის კეთება დიდი ბედნიერებაა, რომელიც ჩემთვის შვილის სიყვარულს უთანაბრდება“
იმერეთში, პედაგოგთა ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. თბილისის სასულიერო აკადემია – სემინარიასთან არსებული ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა. სწავლის პარალელურად ყოველთვის აინტერესებდა ხელსაქმე, ქარგვა, ქართული ორნამენტის მრავალფეროვნება…
გააკეთა მრავალი ნივთი: შესამოსელი, აქსესუარი, ჩანთა, სამკაული…
საქართველოს საპატრიარქოს ხელსაქმის განყოფილებაში ელისო არაბულის ხელმძღვანელობით ამზადებდა სუვენირებს: ქუდებს, ჩანთებს, სამაჯურებს… რომელთაც პატრიარქი საჩუქრებად გადასცემდა თავის სტუმრებს.
მონაწილეობს ყოველწლიურად მოწყობილ საქართველოს კათოლიკოს –პატრიარქის, ილია მეორეს ინტრონიზაციისადმი მიძღვნილ საუბილეო გამოფენებში.
არის ტრადიციული რეწვის ასოციაციის წევრი და ცდილობს, ძველი ქართული ორნამენტის დეტალები თანამედროვე შესამოსელშიც გადმოიტანოს.
5 შვილის დედა და დიდი ოჯახის დიასახლისია. – ხელოვნებათმცოდნე ეკა მაღლაკელიძე-გუგუშვილის პერსონა.
– მე, ეკა მაღლაკელიძე, რომელიც ქორწინების შემდეგ ვატარებ გვარ გუგუშვილს, დავიბადე იმერეთის პატარა ქალაქ ვანში, პედაგოგთა ოჯახში, მყავს ერთი ძმა. 13 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა, დედამ დიდი შრომითა და წვალებით ღირსეულად გაგვზარდა.
– ხელოვნებათმცოდნე და ღვთისმეტყველების პედაგოგი ხართ. რატომ გადაწყვიტეთ ამ პროფესიების არჩევა?
– პეტრე – პავლეს ტაძარში დავდიოდი, მოძღვარ დეკანოზ არჩილ მინდიაშვილთან. შემდეგ დავამთავრე თბილისის სასულიერო აკადემია სემინარიასთან არსებული ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. შევისწავლე საერო და სასულიერო ხელოვნების მიმართულებები. ასევე გავიარე ღვთისმეტყველების სრული კურსი.
ვარ ხელოვნებათმცოდნე, ასევე ღვთისმეტყველების პედაგოგი. ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტზე ვასწავლიდი სტუდენტებს. ასევე რამდენიმე კერძო სკოლის მიწვევით ხელსაქმეს ვასწავლიდი მოსწავლეებს.
– სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს დაინტერესდით ხელსაქმით… შეისწავლეთ საეკლესიო და სასულიერო ნაქარგობა… მოგვიყევით ამ პერიოდზე… რატომ ძველი ქართული შესამოსელი და ორნამენტები?
– ყოველთვის მაინტერესებდა ხელსაქმე, ჩემით ვცდილობდი შემესწავლა. უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დროს თეორიულ საგნებთან ერთად გავდიოდი პრაქტიკულ მეცადინეობებს. მივიღე დაწყებითი განათლება გალობის, ხატწერისა და ქარგვის კუთხით.
დავინტერესდი ქარგვით. ძალიან მომწონდა ქართული ორნამენტის მრავალფეროვნება.
ჩემი პედაგოგი იყო ქალბატონი ეთერ უროტაძე, შემდგომ მონაზვნად აღკვეცილი დედა თამარი. მან პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით შეისწავლა ეს საქმე, მისი მეოხებით სასულიერო აკადემიაში შეიქმნა ქარგვის სახელოსნო, სადაც აღადგინეს არაერთი საეკლესიო ნივთი, რომლებიც გამოიყენება ღვთისმსახურების დროს, ასევე სასულიერო მაღალი წოდების პირთა შესამოსელად.
ეთერი დეიდა ყოველთვის გვეუბნება, რომ ქარგვა შრომატევადია, გონების, თვალების დატვირთვას მოითხოვს და ძველ დროში მხოლოდ დედოფლების საქმედ ითვლებოდა.
შევისწავლე ქარგვის სხვადასხვა ტექნიკა. საფუძვლიანად გამოვიკვლიე ხევსურული ორნამენტი, ტალავარის შემადგენლობა, ჩაცმის ტრადიციები, ორნამენტის განლაგება, ფერთა შეხამება.
დავიწყე ორნამენტთა შეგროვება, თეორიულად ვსწავლობდი მათ ზნე-ჩვეულებებს, დიდ დროს ვატარებდი ბიბლიოთეკაში. ასევე ვაგროვებდი ორნამენტებს ძველი ხევსურული ტალავარიდან.
– თანამედროვე ტანსაცმელსა და აქსესუარებში ქართული ტრადიციული ნაქარგობის გადმოტანას ცდილობთ… რას გეგმავთ სამომავლოდ ამ თვალსაზრისით?
– საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისაგან მოგვეცა კურთხევა სტუდენტებს, ძველი ქართული ორნამენტის დეტალები გადმოგვეტანა თანამედროვე შესამოსელში.
ეს მიმართულება ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. გავაკეთე არაერთი ნივთი: შესამოსელი, აქსესუარი, ჩანთა, სამკაული…
დღემდე ვცდილობ, შევინარჩუნო ორნამენტში ტრადიციულად ცივი და თბილი ფერების განლაგება, მრავალფეროვნებას ტონალობათა ცვლით ვაღწევ.
მოვიძიე მუზეუმში ძველი ყაბალახები, სადაც ინახება უამრავი საინტერესო მასალა. ამოვიღე და აღვადგინე პირვანდელი თარგი, შეძლებისდაგვარად, ორნამენტი. თავადაც ყოფა- ცხოვრებაში ვცდილობ, ვატარო ყაბალახი, გათანამედროებული, როგორც აქსესუარი მოსასხამი.
ვაგრძელებ იგივე მიმართულებით მუშაობას, ვნახოთ, სამომავლოდ რა შედეგს მივიღებ.
ვმუშაობდი საქართველოს საპატრიარქოს ხელსაქმის განყოფილებაში ქალბატონი ელისო არაბულის ხელმძღვანელობით ვამზადებდით სუვენირებს: ქუდებს, ჩანთებს, სამაჯურებს, რომელთაც ვამშვენებდით ქართული ორნამენტით.
შემდგომ პატრიარქი საჩუქრებად გადასცემდა თავის სტუმრებს.
– მრავალშვილიანი დედა ხართ, 5 შვილი გყავთ. მეუღლე – სასულიერო პირია, ისტორიისა და ღვთისმეტყველების დოქტორი, პროფესორი დეკანოზი გიორგი გუგუშვილი… გვიამბეთ ოჯახზე, მეუღლეზე, შვილებზე…
– ჩემი მეუღლე სასულიერო პირი, დეკანოზი გიორგი გუგუშვილია, მსახურობს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ლურჯ მონასტერში. ასევე არის ისტორიისა და ღვთისმეტყველების დოქტორი, სრული პროფესორი, სასულიერო აკადემია სემინარიის ბიბლიისტიკის კათედრის გამგე.
ვზრდით ხუთ შვილს, ვცდილობთ აღვზარდოთ ღვთის სიყვარულით და მივცეთ სათანადო განათლება.
მეუღლე წარმოშობით რაჭიდანაა, ბავშვების არდადეგებს რაჭაში ვატარებთ, მათ განსაკუთრებული სიყვარული აქვთ მშობლიური, ულამაზესი კუთხის.
– 5 შვილის დედა როგორ უთავსებთ ერთმანეთს ხელსაქმეს და ოჯახის საქმეებს…
– ვცდილობ შევუთავსო დიდ ოჯახს ხელსაქმე, თავისუფალი დრო, თუ ეს არსებობს, ნაყოფიერად გამოვიყენო.
– როგორ გადმოსცემთ სიტყვებით ქართულ ორნამენტზე მუშაობის პროცესს, რომელსაც თავისი ფერთა შეხამება აქვს და ბუნებრივი ფერების გამოყენებას მოითხოვს…
– მინდა გულწრფელად ვთქვა, ძალიან საინტერესოა ორნამენტზე მუშაობა, მისი გამოყვანის პროცესი, ტრადიციული ფერების მიუხედავად, ფერთა ტონალობის შერჩევა და შეხამება.
როცა ნამუშევრები მომიგროვდება, ზოგჯერ მეც მიკვირს, როდის გამოვძებნე დრო ასეთი შრომატევადი საქმისთვის, მაგრამ ეს არის საყვარელი საქმის კეთების დიდი სურვილი და დიდი ბედნიერებაა, რომელიც ჩემთვის შვილის სიყვარულს უთანაბრდება.
– დიპლომი სასულიერო პირთა შესამოსელზე დაიცავით… რა არ მოგწონთ მათ შესამოსელში და როგორი უნდა იყოს ეს სამოსი?
– დიპლომი დავიცავი ,,სასულიერო პირთა შესამოსელზე”. გავეცანი თვითოეული შესამოსელის დეტალის სიმბოლურ დატვირთვას, შესაბამისად, სასულიერო პირი შემოსვისას კითხულობს ლოცვებს…
ჩემთვის ნათელი გახდა, რატომ არიან სასულიერო პირები ამრიგად შემოსილები, რა განსხვავებაა იერარქიის მიხედვით და ვინ რას რის გამო ატარებს.
– გვიამბეთ გამოფენებზე… პერსონალური გამოფენა თუ გქონიათ?
– სტუდენტობიდან ვმონაწილეობ გამოფენებში, ვთანამშრომლობ ქართული ხელოვნების ცენტრთან, რომლებიც დიდი დღესასწაულების შესაბამისად აწყობდნენ თემატურ გამოფენებს.
ვარ ტრადიციული რეწვის ასოციაციის წევრი, სადაც არაერთი გამოფენა ეწყობა.
ვმონაწილეობ ყოველ წელს მოწყობილ საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის, ილია მეორეს ინტრონიზაციისადმი მიძღვნილ საუბილეო გამოფენებში.
ვთანამშრომლობდი რამდენიმე დიზაინერთან, რომელთაც გამოიყენეს ჩემი შესრულებული ნაქარგი თავიანთ ნამუშევრებში.
სამწუხაროდ, პერსონალური გამოფენა არ მქონია, თუ ვინმე გამოთქვამს ფინანსურ მხარდაჭერას სიამოვნებით მოვაწყობდი.
– ჰობი…
– ჰობი ჩემი დიდი ოჯახის შემდეგ ჩემი ხელსაქმეა.
– სამომავლოდ…
– მე სულ ვმუშაობ, ქარგვის გარდა ვცდილობ უფრო საინტერესო გავხადო ჩემი შემოქმედება და ვეუფლები სხვადასხვა მიმართულებებს.
მაქვს ნამუშევრები ,,სითვის” ტექნიკით შესრულებული. ასევე შევისწავლე ლენტებით ქარგვა და გარკვეული კომპოზიციები ავაგე. ვცადე, ქვილთის ტექნიკა და პრაქტიკულად მაქვს ნამუშევრები. ვცდილობ, ჩემი შრომა საინტერესო და სახალისო იყოს.
მადლობა უფალს, რომ წილად მხვდა ვიყო დიდი ოჯახის დიასახლისი და ამავე დროს მქონდეს ჩემი საყვარელი საქმე, რითაც ვემსახურები ტრადიციულ ქართულ ხელოვნებას.
თამარ შაიშმელაშვილი