რომელი სურვილი ვერ შეუსრულა ემზარ კვიტაიშვილმა ლევან გოთუას…
თბილისში, ექიმების ოჯახში დაიბადა. ბავშვობა გურიის ლამაზ სოფელში გაატარა, მაგრამ მამის დაპატიმრების გამო ეს პერიოდი მუქ ფერებში დაამახსოვრდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსზე სწავლობდა, მამა რომ დაბრუნდა ვორკუტის თავისუფალი გადასახლებიდან.
მამის წყალობით, ლევან გოთუას დაუახლოვდა და მისგან არაერთი რჩევა მიუღია. ყველაზე შთამბეჭდავად მაინც ჟურნალ „ცისკრის“ რედაქციაში მუშაობა ახსენდება, სადაც ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის კარი მუდამ ღია იყო…
ლექსების 20-მდე კრებულისა და უამრავი ლიტერატურული წერილის ავტორია. ახლახან მისი ლექსების მინიატურული კრებული მზადდება გამოსაცემად. ასევე აპირებს დღიურების ორტომეულის გამოცემას… ამბობს, რომ პოეზიის რჩეულის შედგენასაც გეგმავს, ოღონდ აუცილებად 1000 ლექსი უნდა დაიბეჭდოს. – პოეტ ემზარ კვიტაიშვილის პერსონა.
– ჩემი დედ-მამა, სადაც ახლა თქვენ იმყოფებით, აქ, ახვლედიანის ქუჩაზე ცხოვრობდა… მამაჩემს უთქვამს, ბავშვები სოფელში უნდა გაიზარდონ, რომ სოფლის მადლი დაჰყვეთო. ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნათლისმცემელში გადავედით თბილისიდან. ამ სოფელს მერე ბოლშევიკებმა აგარაკი დაარქვეს. აქ 5 წლამდე ვიზრდებოდი. ლანჩხუთის რაიონში მამიდაჩემთან და თავის დედასთან გაგვაგზავნა მამამ. მზრდიდა მამიდა, რომელიც არ გათხოვილა ჩემი და ჩემი ძმის ხათრით და ბებია, რომელიც ადრე დაქვრივდა.
დიდი გაჭირვება იყო. კარგად მახსოვს 1942 წელი, 7 წლის ვიყავი, სადგურიდან ფოსტის თანამშრომელი ამოვიდა და მამიდაჩემთან ამბავი მოიტანა, დავითი, ანუ მამაჩემი დაპატიმრებულიაო. თავიდან დახვრეტა მიუსაჯეს მამაჩემს, 45 დღე იჯდა დასახვრეტ კამერაში, მერე 10 წელი მისცეს. ბიძაჩემთან, დედის ძმასთან – კაკო იმნაძესთან ერთად დააპატიმრეს. ბიძა იყო ფეხბურთელი და ინჟინერი, ბორის პაიჭაძის მეგობარი, სტადიონის გახსნაზე დიდებული სიტყვით გამოვიდა. ეს გამჩხრეკნი, „კაგებეს“ ხალხი სცემა. დაიჭირეს და 8 წელი მისცეს.
სადაც ის იყო, ქურდები ვერ გაჭაჭანდებოდნენ და პოლიტპატიმრებს ვერაფერს დაუშავებდნენ. ციხეშიც გალახა რამდენიმე ქურდი, ჯერ თბილისში იყო დაპატიმრებული, მერე ნოვოსიბირსკში გადაასახლეს, სადაც გერმანელი ქალი ითხოვა, 4 შვილი ჰყავდა და გვიან დაბრუნდა საქართველოში.
მამა ჯერ ორთაჭალის ციხეში იჯდა. სტალინის 70 წლისთავთან დაკავშირებით ამნისტიას ელოდნენ. ამნისტიის ნაცვლად, ყველა გადაასახლეს. 1949 წელს გრიგოლ კოსტავა და მამაჩემი ორთაჭალის ციხიდან ვორკუტის გზას გაუყენეს.
12 წლის ვიყავი, მე-5 კლასელი, დედაჩემმა თბილისში წამომიყვანა და მე-8 ვაჟთა სკოლაში მიმიყვანა. სკოლა ვერის ბაღს ესაზღვრებოდა. „დობრი მიშკას“ აკადემიას ეძახდნენ, რადგან მიშა სიხარულიძე იყო დირექტორი. კეთილშობილებით გამოირჩეოდა და ყოველთვის დიდი სიყვარულით ვიგონებთ. 1954 წელს დავამთავრე სკოლა. მამაჩემისგან გასხვავებით, მედიცინა არ მინდოდა, ლიტერატურა მომწონდა. ამიტომ უნივერსიტეტის კარი შევაღე, ზურაბ ჭუმბურიძე და ტარიელ კვანჭილაშვილი ჩემზე მეურვეობდნენ უნივერსიტეტში. რეზო ჭეიშვილი რამდენიმე წლით უფროსი იყო, მაგრამ ერთად ვაბარებდით.
მამაჩემი – დავით კვიტაიშვილი გადასახლებიდან 1956 წელს დაბრუნდა. მესამე კურსზე ვიყავი და მერე, როგორც შეეძლო, ყველანაირად მიპატრონა. მამაჩემი ღვთაებრივი კაცი იყო, მას ვერცერთი ვერ შევედრებით. თბილისის ექიმების თაობებმა მის ხელში გაიარა. ბოლოს პედიატრიის ინსტიტუტში მუშაობდა.
დედა ნინო იმნაძეც, მეორენაირად გუგულის ეძახდნენ, ექიმი იყო, გინეკოლოგი. საშინლად გაამწარა ცხოვრებამ. 2 შვილი, მე და ჩემი ძმა მარტომ გაგვზარდა.
– წიგნად გამოეცით თავად გვანჯი ჩიქოვანის ცხოვრება, იგი მამათქვენთან ერთად მოხვდა პატიმრობაში…
– მამაჩემმა გვანჯი ჩიქოვანის ცხოვრება ციხეში ჩაიწერა და მერე მე გამოვეცი წიგნად. გვანჯი დიდებული პიროვნება, მთელი სამეგრელოს სიამაყე იყო. კომუნისტებმა რამდენჯერმე დააპატიმრეს, ერთ-ერთი დაპატიმრების დროს კი მამაჩემთან მოხვდა, მას სანიტარულ ნაწილში ოთახი ჰქონდა და იქ ჩაიწერა მამამ მისი ნაამბობი. ეს ჩანაწერები მოგვიანებით ლიტერატურის მუზეუმს ჩავაბარე, თუმცა გავშიფრე და გამოვეცი. საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. გვანჯი ჩიქოვანის ნაამბობი და მუშნი დადიანის დღიურები ერთად არის ამ წიგნში.
მუშნი და ოთარ დადიანები, ნესტორ გარდაფხაძესთან ერთად, 1924 წელს კომუნისტებმა დახვრიტეს. ჩანაწერების მოპოვებაში დიდად დამეხმარა ჩემი მეგობარი, პროფესორი პაატა ქურდოვანიძე. პაატამ ხელი შემიწყო და დღიურები მომაპოვებინა. მუშნი დადიანი და გვანჯი ჩიქოვანი ერთმანეთის ნათესავები იყვნენ. ამიტომ ერთმანეთს დავუკავშირე…
– უნივერსიტეტში სტუდენტობა საინტერესო პერიოდს დაემთხვა… იმ დროს სამწერლო ასპარეზზე გამორჩეული თაობა გამოჩნდა…
– ერთიმეორეზე უკეთესი პედაგოგები მასწავლიდნენ. გრიგოლ კიკნაძე, ალექსანდრე ბარამიძე, დიდებული ლეო მენაბდე. ლეომ მთელი საქართველო მოგვატარა. გრამატიკა მაშინ მაღალ დონეზე ისწავლებოდა… ერთად გვიკითხავდნენ: ივანე გიგინეიშვილი, ივანე ქავთარაძე და ივანე იმნაიშვილი. სამი ივანედან ყველა ახლოს იცნობდა მამაჩემს. შვილიშვილებს ასინჯებდნენ მამა… ლექციაზე რომ მივიდოდი, მეტყოდნენ ხოლმე, დავითის შვილს 4-იანს როგორ ვაკადრებთო და, გამწურავდნენ ხოლმე…
პირველ კურსზე რომ ვიყავით, ჯანსუღ ჩარკვიანის ჯგუფი მაშინ ამთავრებდა. ძალიან ძლიერი ჯგუფი ჰქონდათ – თამაზ ბიბილური, ტარიელ ჭანტურია, ოთარ ჭილაძე, ზაურ ბოლქვაძე… ყველანი ერთად იყვნენ…
უნივერსიტეტს ჩვენს თეთრ სახლს ვეძახდით და უზომოდ გვიყვარდა. მერე იცით, რაც დააწიეს, რა არარაობად აქციეს უნივერსიტეტი…
– ჟურნალ „ცისკარში“ იმ დროს მოგიწიათ მუშაობამ, როცა რედაქტორად ჯანსუღ ჩარკვიანი იყო და გაბედული სტრიქონებით გამოირჩეოდა… მრავალი საინტერესო ნაწარმოები გამოქვეყნდა მაშინ…
– კონსტანტინე ლორთქიფანიძისა და მერე ხუტა ბერულავას მერე რედაქტორად ჯანსუღი მოვიდა. 10 წელი ვმუშაობდით ერთად. მე და ჯანსუღმა ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგი წლები ერთად გავატარეთ. მე პროზის განყოფილება მებარა.
თუ როგორი რედაქტორი იყო ჯანსუღი, სპეციალურად წერილი დავბეჭდე, მაგრამ კიდევ ვიტყვი: არაფრის წინაშე არ იხევდა უკან, გამუდმებით გვეკითხებოდა, ვინმე ნიჭიერი არ გამოჩნდა? რამე არ გამოგეპაროთო. გაბედული რომანები დაბეჭდა ჯანსუღმა, თუნდაც ჭაბუას რომანი, გურამ ფანჯიკიძის რომანები… რეზო ინანიშვილის არაჩვეულებრივი პროზა. გურამ დოჩანაშვილს ხშირად ვბეჭდავდით, რევაზ ჯაფარიძის, არჩილ სულაკაურის, თამაზ ჭილაძის, ოთარ ჭილაძის, გურამ გეგეშიძის, თამაზ ბიბილურის, ვაჟა გიგაშვილის ნაწარმოებები. ვაჟას პუბლიკაცია „ჩანაწერები ჩონტაში“ ჩემს ხელში მოხვდა… დასანანია, რომ გარდაიცვალა.
ჩემი მეგობრის გურამ სხირტლაძის მამა იყო – გიორგი სხირტლაძე, „კაგებეს“ ყოფილი გენერალი, სტალინის დაცვაში მუშაობდა, მე მითხრა, რომ დავალებული მქონდა ლევან გოთუას თვალთვალიო…
სტალინი რომ მოკვდა, მოსკოვში პროტესტი გამოუთქვამს და ცოტა ხნით ეს კაცი დაუკავებიათ. მამისგან განსხვავებით, მისი შვილი გურამი ნამდვილი დისიდენტი იყო. პასკვილი დაწერა „უცხო ქალაქში“, სადაც ლენინ-სტალინი გამაიმუნებულია. ძალიან საშიში მოთხრობა იყო. ლენინი გამოყვანილია ილუზიონისტად… პასკვილი „ცისკარში“ დავბეჭდეთ. და სამ ადგილზე ვიქეიფეთ, რომ ამხელა რისკი გავწიეთ. ჯანსუღი ძალიან გაბედული რედაქტორი იყო. ჭაბუას რომანი „დათა თუთაშხია“ ასე ადვილად დასაბეჭდი არ იყო…
აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და დანანებით ვიტყვი, რომ მწერალთა კავშირის ბიბლიოთეკაში „ცისკრის“ მთელი კომპლექტი ინახებოდა და სააკაშვილის დროს, არეულობისას, საშინელება მოხდა – მთელი ეს პრესა, პერიოდიკა დაყარეს მიწაზე და გაანადგურეს… მათ შორის, ძველი რუსული რარიტეტული გამოცემები…
– რევაზ ინანიშვილი ახსენეთ…
– ჩემს დროს დაიბეჭდა მისი ყველაზე კარგი წიგნი – „საღამოხანის ჩანაწერები“. მე პროზის განყოფილება მებარა, გივი გეგეჭკორი პოეზიის გამგე იყო და მასზე უკეთესს ვის ვიპოვიდით, რომ რეზოს მოთხრობები მოგვეპოვებინა. გივის შეხსენება არ სჭირდებოდა, პირველი ის კითხულობდა „კარის მეზობლის“ ნახელავს და მეორე დღესვე გახარებული გამოაქანებდა რედაქციაში. „ცისკრის“ ნომრებში თანამიმდევრობით დაიბეჭდა – „დათია და გოგია“, „განთავისუფლებული წყალი“, „ჩვენო ფურდედო მაისო“, „დედა მარიამი“, „შორი თეთრი მწვერვალი“, „შავი ალაყაფი“, „სიკვდილი ბარბალე ბადიაურისა“, „ჯარგვალე“, „ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი“… რომელი ერთი ჩამოვთვალო. მალე წიგნად შეიკრა მთელი ციკლი, სათაურიც შესაფერისი შეურჩია ავტორმა („საღამოხანის ჩანაწერები“)…
რეზომ ჩემი თხოვნით პოეზიაზე წერილი დაწერა.
– ლევან გოთუას კარგად იცნობდით, მამათქვენთან ერთად ვორკუტის ბანაკში ჯოჯოხეთური გზა განვლო… ბევრი გაქვთ გასახსენებელი…
– მამაჩემი და ლევანი ჩრდილოეთში ერთად მოხვდნენ… ლევანი ახალგაზრდობიდან ეროვნული სულისკვეთებისა და სამშობლოს სიყვარულის გამო რამდენჯერმე დააპატიმრეს. ერთ-ერთი ბოლო დაპატიმრების დრო მამაჩემთან ერთად მოხვდა ვორკუტაში, თავისუფალ გადასახლებაში.
გადასახლებული ქართველები ცნობილ მწერალს, ლევან გოთუას ყველანაირ პირობას უქმნიდნენ, რომ შედარებით იოლი სამუშაო შეესრულებინა და შემოქმედებითად ემუშავა. ასე დაწერა თავისი „გმირთა ვარამი“. პატიმრებს დანიშნული ვაგონეტებით მისი ხელნაწერები გამოჰქონდათ. იქ მუშაობდა ქართველი ქალი თამარ ჯაფარიძე, რომელიც პატიმრებს ძალიან სწყალობდა. სხვათა შორის, ლევანის პირველი წიგნი „გმირთა ვარამი“ გადასახლებიდან ჩემმა გამზრდელმა მამიდამ ჩამოიტანა, რომელიც მამაჩემთან ჩავიდა. ასე მოხვდა პირველად ჩემს ხელში ბატონი ლევანის რომანი. შიგ ლექსებიც იყო ჩართული.
ვორკუტის დიდი აჯანყების დროს ლევან გოთუა მოვლენების შუაგულში ტრიალებდა. ნომრები ჰქონდათ გვარების ნაცვლად პატიმრებს და ამაზე აჯანყდნენ. ტყვია დაუშინეს პატიმრებს, და, მგონი, ერთ-ერთი თავზე მდგომი მოკლეს კიდეც. ბატონმა ლევანმა თავის დროზე მიამბო, ჩემი ხელით გამოვიყვანე მრავალი დაჭრილიო. ამ ამბების მერე რეჟიმი ცოტა შერბილდაო.
ბატონი ლევანი მამაჩემზე ერთი წლით ადრე, 1955 წლის გაზაფხულზე გამოვიდა ვორკუტიდან, გზიდან ღია ბარათი გაუგზავნა მამაჩემს, უკვე საქართველოს მიწა-წყალზე ვარო. გულისხმობდა აფხაზეთში შესვლას. იქიდან გაუგზავნა ღია ბარათი მამაჩემს, როსტომ ჩხეიძესთან, როგორც პატიმრების ქომაგთან ინახება ეს ბარათი… მერე, როცა ჩამოვიდა თბილისში, ყოფილი ენგელსის ქუჩაზე დამიბარა ბატონმა ლევანმა, მამაჩემმაც შემომითვალა, მივსულიყავი… უკვე სტუდენტი ვიყავი… მისი ღრმად მოხუცებული დედა ცოცხალი იყო… ასევე შინ დამხვდა მისი სამი და – თამარი, მზია და თინა. ძმას – ბატონ სანდროს ცალკე ჰქონდა ოჯახი… დებმა ლევანს ყველანაირი პირობები შეუქმნეს, დიდი, არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა ჰქონდათ… ლევანმა მთხოვა, შენი ნაწერები მაჩვენეო. ძალიან კარგი რჩევები მომცა.
ლექსს და ჩანახატს ფორმა სჭირდებაო, წარმოიდგინე ქალი, რომელიც უნდა შეიმოსოს და 10 სამოსელი აქვს, რომელიც უფრო მოერგება და მოუხდება, იმას აირჩევს, ასეა ლექსიცო. პლასტიკას მიაქციე ყურადღება, ცარიელი სიტყვები არ არის საჭიროო…
ხშირად დავდიოდი მასთან, არაჩვეულებრივი ინტერესების კაცი იყო, სულ მოგზაურობა უნდოდა…
მახსოვს, ერთხელ ბირთვისში წავედით და ძალიან ნასიამოვნები დავბრუნდით. ერთად ვიყავით – ჯანსუღ ჩარკვიანი, ოთარ ჭილაძე, გივი სამსონაძე, დოდო ჭიჭინაძე, რომელიც ბატონი ლევანის პიესებში თამაშობდა. იქ ცოტა მიუვალი ადგილები, ღრანტეებია, ბატონი ლევანი ყველაფერს ითვალისწინებდა, ბაწარი ჰქონდა შემოხვეული და ბაწრით გადავდიოდით ძნელადსავალ ადგილებზე. ჯანსუღმა უთხრა ხუმრობით, მარტო პატრიოტი კი არ ხარ, ბაწრიოტიც ხარო… ჩვენთან იყო აკაკი ბელიაშვილი, აკაკი და მისი მეუღლე ბატონ ლევანთან მეგობრობდნენ… არაჩვეულებრივად მღეროდნენ ჯანსუღი და სხვებიც, აიყოლიეს აკაკი, აკაკის დიდი ცხვირი ჰქონდა და სიმღერა-სიმღერაში ლევანმა უთხრა, აკაკი, შენ პიროვნებაზე უფრო მეტად ცხვიროვნება ხარო…
ვორკუტიდან და ინტადან დაბრუნებულები თბილისში მართავდნენ სერობებს, სადაც უამრავი – ასამდე ადამიანი მაინც იყრიდა თავს.
პირველად იმათ სახელზე ასწევდნენ ჭიქას, რომელთაც საქართველოში აღარ ეღირსათ დაბრუნება და ყინულეთში, ტუნდრაში ჩასტოვეს ძვლები.
აქ ხშირად ვხედავდი საშა – ალექსანდრე პაპავას, დიდებულ პიროვნებას, ეკონომისტს, ასევე – ზურაბ მიქელაძეს, დიდებულ ფილოსოფოსს, უნიჭიერეს პიროვნებას… ჭაბუა ამირეჯიბიც მათ წრეში იყო…
თუ სამეგობროდან ვინმე გარდაიცვლებოდა, სიებს ადგენდნენ და მის ცოლ-შვილს ეხმარებოდნენ. ლევანთან სახლში მივდიოდი ხოლმე, ძალიან კეთილი იყო, შემოწირულობას არასოდეს იშურებდა ვინმეს დასახმარებლად.
იგი ყველას უყვარდა. ლევანის არსიყვარული არ შეიძლებოდა. რეზო ჭეიშვილი იყო ხშირად მის გვერდით, ასევე – რევაზ ინანიშვილი, მედეა კახიძეს განსაკუთრებით უყვარდა. ერთხელ, მორიგი მოგზაურობის დროს, მახსოვს, მედეამ გადასწია ტოტი და თვალებში მოხვდა… ვაი, დავბრმავდიო… – წამოიძახა მედეამ. შეწუხდა ბატონი ლევანი, სანამ არ მოასულიერა, გზა არ გაგვიგრძელებია…
კარგი მეუღლე ჰყავს, ქალბატონი ციცო, რომელიც ყველანაირად უწყობდა ხელს. წიგნი თუ გამოვიდოდა, დიდებული წარწერით ჩვენს ოჯახს უძღვნიდა ხოლმე.
ბოლოს „მითრიდატეზე“ მუშაობდა. ასეთი თვისება ჰქონდა, როცა რამეზე მუშაობდა, აუცილებლად გადაატრიალებდა წყაროებს, ყველაფერს, რაც თემას უკავშირდებოდა. ოთახი სავსე იყო ფურცლებით და წიგნებით.
უთხრეს, რუსთაველის იუბილეა და რამე პიესა დაგვიწერეო. ხალხი რომ ჩამოვა, რუსთაველზე დავახვედროთ სპექტაკლიო. ერთი წელი იმუშავა. გვერდზე გადადო ყველაფერი… მე არ მინახავს მისი პიესა, მაგრამ როცა ჩააბარა, მერე პიესის დადგმაზე უარი მიიღო, პროვინციულობაში ჩამოგვართმევენო… უხერხულად კი გამოუვიდათ…
არმაზში ხშირად დავდიოდით, ჩამოდიოდნენ გადანასახლები მეგობრები უკრაინიდან, ყველას ძალიან უყვარდა, არაჩვეულებრივი დახვედრა იცოდა.
– არმაზში ხშირად ადიოდა მისი უმცროსი მეგობარი, ფოტოხელოვანი გურამ თიკანაძეც, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა და რომელსაც მწერალმა წერილი- ჩანახატი „ირმის კვალი“ მიუძღვნა…
– რამდენიმე ხნის წინ ანატოლი ქავთარაძემ, რომელიც გურამ თიკანაძესთან და გურამ რჩეულიშვილთან ერთად მთაში დადიოდა, წიგნი გამომიგზავნა უნიკალური ფოტოებით… გურამ რჩეულიშვილის დაღუპვა დოკუმენტურად აღწერა. მისი ვერსია ყველაზე სანდოა. სამწუხაროა, რომ ორივე გურამი ტრაგიკულად დაიღუპა, ორივე ჩვენი მეგობარი იყო.
არმაზში არ შევხვედრივარ გურამ თიკანაძეს, მაგრამ ისე ხშირად ვხედავდი, „ცისკარში“ მოდიოდა. სურათი უნდა გადაგიღო და
შენი პორტრეტი უნდა გავაკეთოო, მითხრა… ეს პორტრეტი მას აღარ დასცალდა.
არმაზი მისი გეგმით იყო აშენებული, ბაღიც სხვანაირი, ორიგინალური ჰქონდა, სახლს მდინარე ჩამოუდიოდა, ნავიც იყო. არმაზში, ტყეში ბიბლიოთეკის გამოჭრა უნდოდა, წყაროსთან ნუშის დარგვაზე ოცნებობდა, ნუშის წყარო უნდა დაერქვასო, ამბობდა… არმაზის სასაფლაოზე გასეირნება უყვარდა. ერთხელ რეზო ჭეიშვილი და მე არმაზის სასაფლაოზე, პიტიახშების სამარხებთან წაგვიყვანა, იქ იყო მოხუცებული დარაჯი – ზალიკო ქიქოძის მამა. იმან ყველაფერი აგვიხსნა, სად რა სამარხი იყო… ჭურები, აბანო გვაჩვენა… სერაფიტას საფლავის ქვაყუთი გვაჩვენა…
ლევანმა საქართველოს თითოეული გოჯი იცოდა, ყველაფერში სილამაზეს ხედავდა. არ დასცალდა, თავს არ მოუარა, დიაბეტი ჰქონდა. არც ისე ხნიერი იყო, 70 წლისაც არ იყო, რომ ინსულტით გარდაიცვალა… დაგვირეკეს და რომ მივედით, მამაჩემმა თქვა, არავითარი იმედი აღარ არისო. საშინლად იყო დამწუხრებული…
– რას გაიხსენებთ ლევან გოთუასთან ურთიერთობიდან?
– არაჩვეულებრივი მიძღვნები ჰქონდა… „სარკის მერცხალა“ – წერილი, რომელიც ახალგაზრდა მწერლებს მიუძღვნა, მე დავაწერინე. ვურჩიე, წიგნზე საკუთარი აზრი გამოეთქვა. ყოველთვის მეტაფორულად წერდა. არის წიგნები, რომლებსაც სალაშქრო ჩექმებივით არა აქვთ სახე. უცხვირპირო მუნჯი წიგნები არიან, ყველა ერთმანეთს ჰგავსო… „უნიჭობაში ყოველთვის უფრო არის მსგავსებაო“…
ტყის გადარჩენაზე რამდენს ზრუნავდა. ბუნების დიდი ქომაგი იყო… „ნისლი ნახატარის ტყეში“, „მგზავრული კრიალოსანი“ ამის დასტურია… დღეს რომ ბატონი ლევანი ცოცხალი იყოს, გადაირეოდა. შეესივნენ რაჭას, გურიას, სვანეთს, უნიკალური ტყეები გაჩეხეს, თურქეთში და სად აღარ გაიტანეს. იმიტომ არის სვანეთსა და აჭარაში ამდენი მეწყერი.
დიდი მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე მისი ნათესავი იყო, იაშას ეძახდა. ერთხელ იმ კურიოზზე მიამბო, რომელიც იაკობს შეემთხვა. იაკობს მარმარილოს მასალა არ ჰყოფნიდა, ამიტომ კუკიის სასაფლაოზე მიდიოდა ხოლმე დიდი შავი ჩანთით და მონარჩენი მარმარილოები მოჰქონდა, რომელთაც პატარა ფორმებისთვის იყენებდაო. მოგეხსენებათ, როგორი მძიმე იქნებოდა ასეთი ჩანთის ტარება. ერთხელაც შეუსვენია და ჩანთა დაუდვია. ვიღაც უცნობს ვითომ შემთხვევით ჩანთისთვის ფეხი წამოუკრავს… ასე იცოდნენ ქურდებმა, წამოკრავდნენ ფეხს, წინ გაიგდებდნენ ჩანთას, რომ გაეტაცათო… წარმოიდგინე, მარმარილოს რომ ფეხს ამოარტყამ… ტკივილისგან ყვირილი დაუწყია ქურდს და დაცემულა. იაკობს შესცოდებია, აუყენებია ქურდი, უპატიებია…
– „მითრიდატეზე“ მუშაობის დროს ლევან გოთუამ მწერლებთან ერთად ყირიმში იმოგზაურა… თქვენც ახლდით ამ მოგზაურობაში…
– გემით რუმინეთსა და ბულგარეთში ვიმოგზაურეთ. მანამდე – ბათუმიდან ოდესაში… მითრიდატეს ადგილები მაინტერესებსო და ხერსონაში ტაქსით წაგვიყვანა. მთელი დღე დავყავით იქ. დაგვათვალიერებინა, ყველაფერი აგვიხსნა. აღფრთოვანებული იყო. მითრიდატეს ლაშქარს ვხედავო, – ამბობდა. მერე შემომჩივლა, მინდა ყველაფერი მოვინახულო, რაც კი მითრიდატეს უკავშირდება, თუნდაც საბერძნეთში, მაგრამ ეს მთავრობა არსად მიშვებსო…
დაღუპვამდე რამდენიმე დღით ადრე დამირეკა, დავით გარეჯაში ვაპირებ წასვლას და ძალიან მინდა, წამომყვეო. მე ვუთხარი, ტანსაცმელი არ მაქვს-მეთქი, ჩემს ტანსაცმელს, ბათინკებს – ყველაფერს გამოგინახავ, თავად აგარჩევინებო… რატომღაც ვერ წავედი და ვნანობ, რომ ბატონ ლევანს გული დავწყვიტე.
– მამისგან გეცოდინებათ, როგორ იწერებოდა ვორკუტაში „გმირთა ვარამი“…
– მორებით გამოტანილ ხელნაწერებს თამარ ჯაფარიძე მანქანაზე ბეჭდავდა. სწორედ მანქანაზე ნაბეჭდი ლურჯ ყდაში ჩასმული ჩამოვიდა სამშობლოში. საოცარი და ენერგიული ქალი იყო… მთავარ ინჟინრად მუშაობდა მაღაროში და თავისუფლად დადიოდა, ქართველებს ეხმარებოდა…. ლევანი რომ მორიგეობდა, ეტყობა იქ ტელეფონი იყო, თამარმა დაარეკინა მამიდაჩემთან და ლევანი დაელაპარაკა. ლევანი გადაირიაო, ვორკუტაში ქართველი ქალის ხმა მესმის… ამას რას მოვესწარიო.
იმ დიდი საძმოდან აღარავინ არის დარჩენილი. ჭაბუა იყო და ისიც წავიდა…
– მუდამ ლიტერატურული პროცესების შუაგულში ტრიალებდით… 1972 წლიდან დღემდე შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის ახალი ქართული ლიტერატურის განყოფილების მეცნიერი მუშაკი ხართ…
– არ მომწონს, რომ მწერლობა ცალკეულ ჯგუფებად დაიყო… გაუქმებულია „მნათობი“, „ცისკარიც“ სულს ღაფავს… ჯილდოებზე არ შემიძლია არ ვთქვა ორიოდე სიტყვა – ერთმანეთს აჯილდოვებს ეს ხალხი, 4-ჯერ, 5-ჯერ… და არის ერთი ამბავი, ძალიან სკეპტიკურად ვარ მათ მიმართ განწყობილი.
არც მოძალებული თავისუფალი ლექსი მომწონს, რომელიც უკვე უნიჭობის თავშესაფრად იქცა. ერთხელ მოვიცლი ალბათ და დავბეჭდავ ამაზე წერილს. თავისუფალ ლექსს უდიდესი გემოვნება და გამოცდილება უნდა. მავანთ კი გაიიოლეს გზა…
ერთ ჟურნალში ვნახე 4 გვერდი მხოლოდ ძახილის ნიშნებს ეთმობოდა. ჩემი ტექსტიო, ავტორი წერდა. საინტერესოა, სასვენი ნიშნები ტექსტი როდის გახდა? მეტი დაფიქრება, სერიოზულობა და მეტი ნაკითხობაც არ აწყენდათ ზოგიერთებს.
მწერალთა კავშირიც ვერ ფუნქციონირებს… იქნებ 30-მდე ახალგაზრდა შეიკრას ბირთვად. რაღაც ითავონ, გემოვნებიანმა და განათლებულმა ხალხმა ერთმანეთი მოძებნონ. მაინცდამაინც მომავალი მთლად კარგ ფერებში არ მესახება, თვითონ საქართველოც განახევრებულია, შთაბეჭდილება მრჩება, ხელისუფლებასაც არ აინტერესებს, რომ ლიტერატურამ წამოიწიოს. ჟურნალი „კრიტიკა“ წელიწადში მხოლოდ ერთი ნომერი რომ გამოვა, განა ეს შეიძლება? 6 ნომერი მაინც უნდა გამოდიოდეს…
– მრავალი წერილის ავტორი ხართ… „სხვა საუკუნე გალაკტიონი“ მრავალმხრივ საინტერესო ესეისტური გამოკვლევაა. ეს არის მწერლის დაწერილი წერილი გენიალურ პოეტზე… და მაინც, რომელ პოეტს გამოარჩევთ?
– ქართულ პოეზიაში ჩემი საყვარელი ლექსია გიორგი ლეონიძის „ოლე“. წერილიც დავწერე, იქ საქართველოზე უზარმაზარი წუხილია, ლიახვის პირას მდგარი ოლე დამწუხრებულია, რადგან წართმეულია ყველაფერი. ეს ტრაგედიაა ამ ლექსში გადმოცემული…
გალაკტიონი მიყვარს. მაგრამ მიმაჩნია, რომ მისი კრებული, მას რომ შეეფერება, ჯერ კიდევ არ გამოცემულა… რამდენიმე კაცის ერთად დაჯდომა და შეჯერება უნდა. არც გიორგი ლეონიძის სრულყოფილი რვეული გამოცემულა… გიორგი ლეონიძის გაფართოებული მინიატურული გამოცემა მალე გამოვა და „მყვირალობა“ ერქმევა. შევეცადე, მისი ლირიკა რაც შეიძლება კარგად წარმოდგენილი ყოფილიყო. მიყვარს ხალხური პოეზიაც…
– თქვენთან შემოსვლისას ფისო შემომეგება, ეტყობა ცხოველები გიყვართ… ფისოს რა ჰქვია?
– ბუბუ, ბუბუსია… ფისოებზე უზარმაზარი ჩანაწერები მაქვს. ერთი დამეღუპა მუნანო ერქვა და შავს ნიშნავს. 9 წლის მომიკვდა, საავადმყოფოში ვიყავი და თურმე 10 დღე არაფერი ჭამა, რომ მოვედი, გარდაიცვალა. ეს ფისო კი რძალმა მომიყვანა, 500 დოლარია გადახდილი.
70 რვეული მაქვს, ფისოებზე უამრავი ლექსი და ჩანაწერი. თუ ოდესმე შევკრიბე, ძალიან საინტერესო წიგნი გამოვა.
ამას წინათ, ბაჭია – ნიო-ნიო დაეღუპა ჩემს მეგობარს და ელეგია დავწერე.
– ლექსების 20-მდე კრებულის ავტორი ხართ… ლექსების წერა როდის დაიწყეთ?
– ბავშვობაში დავიწყე, მაგრამ ძალიან სუსტი ვიყავი. ერთხელაც პიონერთა სასახლეში მივედი, დათო წერედიანმა გამიყოლა. იქ არაჩვეულებრივი ქალბატონი ქეთევან ანანიაშვილი დამხვდა, თავიდან ლექსების წერის მხოლოდ სურვილი მქონდა… 16 წლისა უკვე, ასე ვთქვათ, გონზე მოვედი… თუმცა საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ვარ…
შარშან გამოვეცი წიგნი – „წელიწადის დროთა ტყვეობაში“, მანამდე – „შემოდგომის ხიზანი“. ახლა გამოდის ჩემი ლექსების მინიატურული წიგნი, რომელიც გოგი წერეთელმა გააფორმა.
– სამომავლოდ…
– ახლა მე ჩემი დღიურების ორ წიგნად გამოცემა მინდა. გამომცემლობა „ბაკმი“ უფასოდ მიბეჭდავს ხოლმე. ზაფხულისთვის მინდა, რომ ავაწყო და ჩავაბარო.
რჩეულის გამოცემაც მინდა, ოღონდ აუცილებად 1000 ლექსი უნდა იყოს და სუსტი – არცერთი… ასეთი ჩანაფიქრი მაქვს. ეს მთლად ილუზია არ არის, ამას რეალური საფუძველი აქვს.
გთავაზობთ ემზარ კვიტაიშვილის ლექსს, რომელიც მამას ეძღვნება:
ოღონდ
სადმე დავითი დამანახა –
უღვთოდ ნატანჯი მამაჩემი,
ტყვიას აევსოს, დამდნარს, ხახა
თუ რამ ვინატრო დანარჩენი.
სამარედ ჩემდა – დღისით, მზისით –
ჩემივე ხელით გავთხრი სოროს,
ოღონდ შემეხოს შუბლი მისი,
გულში ჩამიკრას, მეამბოროს.
თამარ შაიშმელაშვილი