„ამ ბოლო დროს ანგელოზებს ვხატავ“…  

 მისი წარმომავლობის ადგილი ხევია, დაიბად ყაზბეგში, სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, შემდეგ  თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიუტის ხატწერაკედლის მხატვრობის ფაკულტეტზე, სადაც შეიქმნა სადიპლომო ნაშრომი – მათეს სახარების გადაწერასა და მინიატურებით შემკობაშიგამორჩეული ხანა იყო სამების საკათედრო ტაძრის სახარების მოხატვაში მონაწილეობა პატრიარქის ლოცვაკურთხევით. მისი დაწერილი ხატები საქართველოს სხვადასხვა მხარეში არის დაბრძნებული. ხატების გარდა 300მდე მინიატურა შექმნა.მხატვრისა და ხატმწერი, ლიზი ჩქარეულის პერსონა.

– დავიბადე ყაზბეგში, საოცარი ბავშვობა მქონდა –  თბილი, საინტერესო, მისი სურნელი არ ძნელდება… მშობლები სიყვარულით სავსე სტუმართმოყვარე ადამიანები იყვნენ,  ყველას გვერდში დგომა იცოდნენ, ისინი ადრე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, თუმცა დიდი ძალა დატოვეს ჩვენში, სიყვარული, სითბო და რაღაც ამოუცნობი ენერგია, რომელიც არ ილევა, სამშობლო, ხევი, კლდე და საერთოდ მშვენიერების აღქმა თუ გამაჩნია, ეს მათი  დამსახურებაა. მამა ნიკოლოზ ჩქარეული, დედა მერი ღუდუშაური, უსასრულობა… და მამიდა ერთგული, სიკეთით და სიყვარული სავსე ადამიანი… თამარ ქალი, – ასე ვეძახდით… არ შემიძლია, არ დავწერო მასზე, ისიც ჩვენი გამზრდელი იყო…

დასთან – მარინასთან  ერთად

ბავშვობიდან ხატავდით…
– 3-4 წლიდან ვხატავდი, მოჰქონდათ სახატავები ფანქრები და მიხაროდა. სკოლის მასწავლებელმა ელგუჯა ღუდუშაურმა უთხრა ჩემს მშობლებს, რომ გავყოლოდი ხატვას, რაც ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა.
ოჯახი, მშობლები, უსაყვარლესი და მარინა – ბუნების დიდი ქომაგი და მრავალმხრივი უნარით დაჯილდოებული ადამიანია, საოცრებაა ჩემთვის… ჩვენ ერთად ბევრი სიძნელე გადავლახეთ…
სკოლის შემდეგ იყო იაკობ ნიკოლაძის სასწავლებელი და ომი, ტკივილი, განსაცდელი. ასე იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენი სტუდენტობა მძიმე პერიოდს დაემთხვა, სიცივის მიუხედავად,  მაინც ვხატავდით, უშუქობაც ხელს არ გვიშლიდა, მაინც ვკითხულობდით, მაინც ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი…
კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში ხატწერაკედლის მხატვრობის ფაკულტეტზე სწავლობდით...
– თბილად მახსენდება კულტურის ინსტიტუტი და ქალბატონ დეა ჯაბუას სახელოსნოში გატარებული პერიოდი, უსაყვარლესი ჯგუფელები და მეგობრები, ხატწერა, კედლის მხატვრობა, შრომა, ექსპერიმენტები…
 სადიპლომო ნაშრმი მათეს სახარების გადაწერა და მინიატურებით შემკობა იყო. როგორ აირჩიეთ ეს თემა და როგორ მუშაობდით? რით იყო საინტერესო ეს პროცესი?
– ტაძარი, სახარება ბავშვობიდან იყო ჩემს ცნობიერებაში, თუმცა უფრო ახლოს მომიხდა შეხება უფლის მადლით… პირველი მინიატურები, ხელნაწერზე და კალიგრაფიაზე მუშაობა, ხელნაწერთა ინსტიტუტი, სადიპლომოზე მუშაობა… დეა მასწავლებელმა მომცა დავალება, ზაფხულის არდადეგებზე მესწავლა ხუცური წერა და სახარება გადამეწერა, მაშინ ამას ვერ ვაცნობიერებდი, უზარმაზარი პასუხისმგებლობა რომ იყო….
მეუფე ეგუდიელს ვთხოვე, ხუცური ესწავლებინა, მომცა კურთხევა, „მამაო ჩვენო“  ხუცურად იმდენჯერ გადამეწერა, ვიდრე კარგად არ ვისწავლიდი ხუცურად წერას…. შემდეგ დიდხანს ვფიქრობდი, რა მასალაზე უნდა გადაწერილიყო, შევარჩიე მაღალი ხარისხის ფურცელი, რომელიც ჩაის ნაყენით შევღებე… მე და დედა ვღებავდით, ვაშრობდით და ვასწორებდით ფურცლებს სათითაოდ..
სამების საკათედრო ტაძარის სახარება პატრიარქის ლოცვაკურთხევით მოხატეთ
– დაიწყო სახარების გადაწერის პროცესი, ხელნაწერთა ინსტიტუტში ქალბატონმა ელენე მაჭავარიანმა მომცა მოქვის ოთხთავის ასლი და ამის მიხედვით დავიწყე მათეს სახარების გადაწერა და მოხატვა… ეს იყო სადიპლომო ნამუშევარი… შემდეგ მთლიანი სახარების გადაწერა გავაგრძელე. აქ უკვე  ჩემმა მარინამაც ისწავლა ხუცური კალიგრაფია და ერთად გადავწერეთ მთლიანი სახარება… უწმინდესისგან კურთხევა გვქონდა… რომ დავასრულეთ, ჩვენი ნამუშევრები  პატრიარქს ვაჩვენეთ. მაშინ უწმინდესმა გვაჩვენა ხბოს ტყავზე გადაწერილი სახარება, ყველაზე დიდი წიგნი და გვითხრა, აი ჩვენ ამას ვაკეთებთო… მომცეს ტყავის პატარა ნაჭრები და მითხრეს, გააკეთე რომელიმე მინიატურა, გვაჩვენე, თუ მოგვეწონება, შენც მოხატეო… ნათლისღების სცენა გავაკეთე და უწმინდესს ვაჩვენე, ამის შემდეგ, სხვა მხატვრებთან ერთად, დავიწყე დიდ სახარებაზე მუშაობა. მე მარკოზის სახარებას ვხატავდი, რუსუდან ფეტვიაშვილი მათეს სახარებას, თამარ გურაშვილმა იოანეს სახარება მოხატა…
არ მინდა გამომრჩეს რომელიმე მხატვარი, ლუკას სახარებას რამდენიმე მხატვარი ერთად ასურათებდა, 4 წელიწადი ვმუშაობდი სახარების მოხატვაზე… ღვთის მადლი და დიდი წყალობაა ასეთ დიდ და საპასუხისმგებლო საქმეს რომ შეუდგები, უწმინდესის გვერდზე გატარებული პერიოდი, მოკრძალება, ლოცვა – კურთხევა პატრიარქისგან… მადლობა უფალს ყველაფრისათვის და მის უწმინდესობას, რომ მე მომეცა ამის უფლება…
სახარებაზე მუშაობის პარალელურად, ხატებსაც ვწერდი, იცით ხატწერა და მინიატურა, კალიგრაფია, – მუდმივი ზრდისა და სწავლის პროცესია, მადლი, ნიჭი, რაც გეძლევა უფლისგან, ის ყოველთვის უნდა ასაზრდოო და ამდიდრო ლოცვით, შრომით და შემეცნებით, მასალა, ფერი, სტრუქტურა, ყოველი ახალი ხატის დაწყების წინ ამაზე ვფიქრობ, ლოცვასა და სიმშვიდეზე…
ხატის წერას დიდი სულიერი შემზადება სჭირდება

სოფ. ფხელის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის კანკელი

– ხატის წერა სულიერი მდგომარეობის გაძლიერება სჭირდება, მადლი მოდის და წერ ხატს, უფლის მადლით შემსრულებელი ხარ, საჭიროა კონცენტრაცია, სიმშვიდე… „ყოველივე ნიჭი ზეგარდამო არს უფლისგან”, ნიჭს რეალიზება და გამრავლება, მუდმივი ძიება და შრომა ესაჭიროება… დიდი სიყვარული, გახსნილობა და არა ჩაკეტილობა, არ შეიძლება, სიმძიმეს დაატარებდე და თან ხატს წერდე…
ლოცვა, გული სიმშვიდეში და სიყვარულში, ღვთის წყალობით და მადლით იქმნება ხატი… ხილვა არ ვიცი, მაგრამ რაღაც ამოუცნობი გრძნობა სულ გაქვს…
 სად არიან  ხატები დაბრძანებულნი?
– საქართველოს სხვადასხვა მხარეში არის დაბრძანებული ჩემი დაწერილი ხატები, დიდი ნაწილი ყაზბეგშია, მინიატურას რაც შეეხება, 300-მდე მინიატურა შევქმენი…
– თქვენ მიერ დაწერილ ხატებს მირონი სდიოდათ…
– მოკრძალებით გეტყვით, რომ სამეგრელოში 4 კანკელის ხატს სდიოდა მირონი, ესენია: ღვთისმშობლის, მაცხოვრის, იოანე ნათლისმცემლის, ღვთისმშობლის მიძინების ხატები, ასევე ყაზბეგში, სოფ. გარბნის წმ. გიორგის სახელობის მე- 10 საუკუნის ეკლესიაში ღვთისმშობლის კანკელის ხატს და მაცხოვრის ხატსაც სდიოდა მირონი.  შარშან შევნიშნე მირონი წმ. ქეთევან დედოფლის ხატსაც, რომელიც ჩემს ოჯახშია დაბრძანებული…
რამდენ ხანს მუშაობთ ხატის დაწერაზე და რომელ ხატზე მუშაობას გამოარჩევდით?
– ხატზე მუშაობის პროცესი იდუმალი და ინდივიდუალურია, ვერ მიხვდები, რა დრო დაგჭირდება, გარემო, შინაგანი მდგომარეობა, ან გიწყობს ხელს ან გიშლის, მადლი კი უნდა შეინარჩუნო, თუ მოიპოვებ… გამოვარჩევდი პერიოდს, როდესაც სოფ. ფხელის ტაძრის კანკელს ვხატავდი, შემოდგომის ნაადრევი თოვლი იდუმალებით და სისუფთავით სავსე გარემოს ქმნიდა, თავისუფლების, სიყვარულის უზომო განცდას ვგრძნობდი, წინაპრებზე იმდენი არასოდეს მიფიქრია, რამდენიც მაშინ ვიფიქრე… ძალიან მყარად ვიდექი დიდრონ კლდეებზე….
– ოჯახი…
– მყავს მეუღლე – ზურა ავსაჯანიშვილი და ქალიშვილი – მარიამი… საოცრად თბილი და მოსიყვარულეა ზურა… ვცდილობთ, საინტერესო და ლამაზი ცხოვრება შევქმნათ… ოჯახიც უფლის დიდი წყალობაა…
ბედნიერება?
– ბედნიერებაა, როცა იცი, როგორ უნდა იყო თავის უფალი… ყველაფერს გაძლევს ღმერთი,  რომ ბედნიერი იყო… ბედნიერებაა, როცა ირგვლივ მრავალ გაღიმებულ ადამიანს ხედავ, როცა ნაკლებია ავადმყოფობა და გაჭირვება… ბედნიერებაა ნაკლებად აგრესიულ გარემოში ცხოვრება… ბედნიერებაა, გქონდეს სიყვარულის შეგრძნება უფლის მიერ შექმნილი სამყაროსადმი…
რაში გეხმარებათ თქვენი პროფესია?
– შემოქმედებითი ნიჭი თუ გაქვს, პროფესია უფლის საჩუქარია. ვცდილობ ახალი, ლაღი, სიცოცხლით სავსე გარემოს შექმნას, ვცდილობ ჩემი შვილისთვის დიდი დრო დავხარჯო, ვფიქრობ, ბავშვებს დიდი ყურადღება და თანადგომა სჭირდებათ, კიდევ იმას ვიტყვი, რომ ჩემი პროფესია საკუთარი თავის პოვნაში მეხმარება, ადამიანი უფლის ხატებაა, არ მინდა მექანიკურად ვაკეთებდე რამეს, სიმტკიცეს და მყარად დგომას მასწავლის და სულ მახსენებს….
რა არის თქვენი, როგორც ხატმწერის პრობლემა?
ხატწერა, ვფიქრობ, მთელი ცხოვრების შრომა და ძიებაა, ნიჭთან ერთად… ეს იხვეწება და ლაგდება შინაგან მდგომარეობასთან ერთად, ბევრი ხარვეზი მაქვს, ბევრიც შეცდომა, მერე ამ ყველაფერს შორიდან შეხედავ და ხედავ სიმართლეს, ბევრია სასწავლი, დასახვეწი…
– რაზე მუშაობთ?
– ახლა რამდენიმე ხატი დავიწყე, პერიოდულად ვმუშაობ… ამ ბოლო დროს ანგელოზებს ვხატავ… რატომ? მინდა, რომ მრავალი მფარველი ანგელოზი გვყავდეს ჩვენ ირგვლივ არსებული ბრაზისა და აგრესიის გასაფანტავად…
ამ ბოლო დროს გარკვეული გარემოების გამო ვეღარ ვახერხებ საზოგადოებრივ საქმიანობას, მაგრამ სამომავლოდ ძალიან საინტერესო გეგმები მაქვს, რომელიც ღმერთის წყალობით მალე დასრულდება და აუცილებლად შეგატყობინებთ… ამჯერად კი თავს შევიკავებ მათზე საუბრისგან…

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები